კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ობიექტივი“ პოლიტიკური
გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მომავალ არჩევნებში
ხელშემწყობი და სხვა პარტიების არჩევის ხელშემშლელი ვიდეორგოლების
გამო წერილობით გააფრთხილა.
„ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში მაუწყებელმა აღნიშნული ტიპის რეკლამები ეთერში მრავალჯერადად განათავსა. კერძოდ, ვიდეორგოლებში პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და სხვა პირები საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა პენსიები, უცხოელებზე მიწის მიყიდვა, ანაბრების დაბრუნება და ა.შ. ამასთან ერთად კი, გაკრიტიკებულია სხვა პარტიებისა თუ პოლიტიკური ძალების საქმიანობა“, - ვკითხულობთ მარეგულირებლის განცხადებაში.
აღნიშნული რეკლამები კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკურ რეკლამად შეაფასა და რადგან „ობიექტივი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, ComCom-მა ის წერილობით გააფრთხილა.
კომისიამ 15 აგვისტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენისა და „რუსულად" მოხსენიებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა ტელეკომპანია „მთავარი არხი“, პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის წერილობით გააფრთხილა POSTV-ი.
პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის 9 აგვისტოს დასანქცირდა „ალტ-ინფოც“.
არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის - რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ გააფრთხილა ივლისშიც.
ივნისის თვეში კი ComCom-მა არაწინასაარჩევნი პერიოდში პოლიტიკურ რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთარ წიგნზე საუბარი მიიჩნია და 4 ტელეკომპანია: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ ,„ფორმულა“ და „კავკასია“ დაასანქცირა.
ComCom-მა ყველა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის საფუძველზე მიიღო. მათი განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის მონიტორინგს კომისია წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან, წლის განმავლობაში რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე რეიტინგული, TOP 10 ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
რისთვის ასანქცირებს ComCom-ი ტელემედიის ნაწილს - ვრცლად გაეცანით „მედიაჩეკერის“ მიერ მომზადებული მასალას.