2024 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა
კომერციულმა სარეკლამო შემოსავლმა 20 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023
წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.7%-ით ნაკლებია. აქედან მხოლოდ
ტელევიზიებმა 17.9 მილიონი ლარი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით
14.8%-ით ნაკლებია.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2023 წლის იმავე
პერიოდთან შედარებით, 11.8%-ით გაიზარდა რადიომაუწყებლების სარეკლამო
შემოსავალი და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა.
კომუნიკაციების კომისიის
ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში ტელევიზიების
სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 67.6%-იანი წილი პირდაპირმა
რეკლამამ შეადგინა, 17.5% კი - პროდუქტის განთავსებამ.
„შესწავლის შედეგად, ტელემაუწყებლების კომერციული შემოსავლების კლება, სავარაუდოდ, მაუწყებლების და რეკლამის დამკვეთი კომპანიების ქცევის შეცვლამ გამოიწვია.
მოგეხსენებათ, რომ საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების საგანგებო რეჟიმში მუშაობამ სამაუწყებლო ბადე სრულად შეცვალა, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში მაუწყებლები უწყვეტი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. აღნიშნულმა გარემოებებმა გავლენა მოახდინა რეკლამის დამკვეთი კომპანიების გადაწყვეტილებებზეც - არ ჩაეშვათ ახალი სარეკლამო კამპანიები ამ პერიოდში", - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.
მიმდინარე წლის II კვარტალში სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 6 მილიონი ლარი კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.2 მილიონი ლარით შემცირდა.
- 2.8 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 0.5 მილიონი ლარით ნაკლებია.
- 0.1 მილიონი ლარით შემცირდა „მთავარი არხისა“ და „პოსტვ“-ის შემოსავლები. „მთავარმა არხმა“ 1.9 მილიონი ლარი მიიღო, „პოსტვ“-იმ კი - 1.4 მილიონი.
- 1.2 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „ფორმულამ“, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.2 მილიონი ლარით ნაკლებია.
- 0.4 მილიონი ლარით შემცირდა „ტელეკომპანია პირველის“ შემოსავალიც. "ტვ პირველმა" 2024 წლის II კვარტალში 1 მილიონი ლარი მიიღო.
- წინა წელთან შედარებით 0.1 მილიონით გაიზარდა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შემოსავალი და 0.6 მილიონი ლარი შეადგინა.
კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
2024 წლის პირველ კვარტალში მიღებულ სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით, იხილეთ მედიაჩეკერის მასალა: