პარლამენტმა დღეს, 17 სექტემბერს ჰომოფობიური და ცენზურის დამწესებელი
საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო. მმართველი პარტიის
საკანონმდებლო ინიციატივა ერთი ძირითადი კანონპროექტისა და 18 მოქმედ
კანონში შესატანი ცვლილებებისგან შედგება.
ძირითადი კანონპროექტი ოფიციალური სახელწოდებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ინფორმაციის გავრცელებასაც არეგულირებს, ცვლილებები შედის „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც.
საკანონმდებლო პაკეტის საბოლოოდ მიღებამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელა სამოქალაქო სექტორმა. 30-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების პროცესი დაგმო.
"კანონების პაკეტი, თვალთმაქცური სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, სინამდვილეში საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვნებს უდგათ. ასეთი გამოწვევებია სიღარიბე, ინფლაცია, მზარდი ემიგრაცია, საბაზისო საჭიროებებზე ხელმიუწვდომლობა, ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა, რესურსების უსამართლო და უთანასწორო გადანაწილება, უხარისხო ჯანდაცვა და განათლება, განადგურებული გარემო და სხვა. ერთადერთი გზა, ვუპასუხოთ ამ და სხვა რეალურ გამოწვევებს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრინციპული და მტკიცე წინსვლაა - სწორედ ის, რისი შეფერხებასაც ხელისუფლება, მათ შორის ამ საკანონმდებლო პაკეტითაც, ცდილობს.
კანონების პაკეტი საზიანო და სახიფათოა, რადგან იგი სინამდვილეში ცენზურის დაკანონებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში უხეშ ჩარევას მოიაზრებს. პაკეტი თავისი არსით ეხება არამხოლოდ ერთ ჯგუფს, ლგბტქ თემს, არამედ ქმნის პრეცედენტს, რომ მომავალში მთავრობას შეეძლოს ნებისმიერ მოქალაქეს ჩამოართვას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. არაერთი ისტორიული მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ ხდება ერთი ჯგუფისათვის უფლებების შეზღუდვა უფრო მასშტაბური რეპრესიების დასაწყისი", - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.
სამოქალაქო ორგანიზაციებმა საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს - რომ მიიღოს ყველა ზომა კრიტიკული საჯარო შეფასებისა და მომავალში შესაბამის სასამართლოებში მისი გასაჩივრებისთვის და სამოქალაქო და პოლიტიკურ მოძრაობებს - რომ მიიღონ ზომები ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ინიციატივების გრძელვადიანი გავლენის შესაჩერებლად.
პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციაც გაიმართა.
„ქართულ ოცნებას" „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტებიც აქვს დაინიციირებული.