საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს ევროპული
ორბიტა“ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს სოლიდარობას
უცხადებენ და „ქართული ოცნების“ მიერ
მაუწყებლებისთვის იმ საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვების
დავალდებულებას, რომელშიც „უკრაინელი ხალხის
ტრაგედია სპეკულაციურად, საარჩევნო მიზნებისთვის არის გამოყენებული“,
კრიტიკულად აფასებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით, იმავე შინაარსის საარჩევნო ბანერების განთავსება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო და საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც მძაფრად გააკრიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კამპანია კიდევ უფრო გაააქტიურა და მაუწყებლებს ვიდეორგოლის ეთერში განთავსება მოსთხოვა. კრიტიკული ტელევიზიები - „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ - უარს ამბობენ მის გაშვებაზე, პროსამთავრობო ტელევიზიებმა - „იმედმა“, „პოსტვ-მ“ და „რუსთავი 2-მა“ - ის ეთერში უკვე გაუშვეს. ვიდეორგოლი გაუშვა, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც.“
როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი პარტია თავის საარჩევნო კამპანიაში უკიდურესად „მიუღებელ ხრიკებს“ მიმართავს და კონკრეტული ჯგუფების მიმართ ძალადობას აღვივებს.
„სექტემბრის თვეში, მმართველმა პარტიამ მაუწყებლებს ასევე მოსთხოვა საარჩევნო რეკლამის განთავსება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები, უკიდურესად არაეთიკურ და არაკეთილსინდისიერ კონტექსტში არიან წარმოჩენილნი. რეკლამის ეთერში გაშვებაზე უარისთვის, კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ კრიტიკული მაუწყებლები უსამართლოდ დააჯარმა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“ მმართველ პარტიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით მანიპულირებისა და „ღირსებისშემლახავი, არეთიკური შინააარსის რეკლამის“ გამოყენებისგან.
ორგანიზაციები კომუნიკაციების კომისიასაც მიმართავენ, გაითვალისწინოს კონტექსტის სიმძაფრე და საკუთარი გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, არ შეაფერხოს მაუწყებლების ფუნქციონირება, მეორე მხრივ კი, ხელი არ შეუწყოს და არ გახდეს მმართველი გუნდის „პროპაგანდის ინსტრუმენტი“.
5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა: „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ ერთობლივ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ „ამორალური“ ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე,“ - აღნიშნულია ტელეკომპანიების ერთობლივ განცხადებაში.
ტელევიზიების გადაწყვეტილებას „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“ გამოეხმაურა. ორგანიზაცია დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს სოლიდარობას უცხადებს და გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, რომელიც „ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის“ და მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი მედია საშუალებების („მთავარი არხის“, „TV პირველი“ და „ფორმულას“) მიმართ მმართველი პარტიის პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.
ორგანიზაციის თქმით, მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას ასახავს. „კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც „აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს“.
ტელეკომპანიების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ორგანიზაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც „კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას“.
„მედიაომბუდსმენის“ მიერ გასაჯაროვებული წერილებიდან კი ირკვევა, რომ ტელეკომპანიებმა („მთავარი არხი“, „TV პირველი“, „ფორმულა“) „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებამდე, 4 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიას მიმართეს.
ტელეკომპანიები ითხოვდნენ, ComCom-ს მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული ვიდეორგოლის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და განთავსების შესახებ.
კომუნიკაციების კომისიამ სამივე ტელევიზიას იდენტურად უპასუხა: „კომისია მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესის მიღმა, შეაფასოს კონკრეტული მასალა და გასცეს მის ეთერში განთავსების/განუთავსებლობის შესახებ რეკომენდაცია“.
ტელეკომპანიების განცხადებას გუშინ, 6 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, „ტელევიზიებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი არ გაუშვან“. პაპუაშვილმა აღნიშნა, ისიც რომ: „კანონის დარღვევა, რა თქმა უნდა, იწვევს შედეგს“.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კი, 4 ოქტომბერს თქვა, რომ „ისინი [ბანერები] იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი”.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები წარწერებით - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ 26 სექტემბერს გამოჩნდა. ამავე ბანერებზე საქართველოს პარალელურად, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის სხვადასხვა ადგილია ნაჩვენები. მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა ამავე შინაარსის ვიდეორგოლიც.
„ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკურ რეკლამის განუთავსებლობის გამო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“, კომუნიკაციების კომისიამ სამ ტელევიზიას: „მთავარი არხი“, „TVპირველი“, „ფორმულა“ სამართალდარღვევის ოქმები ორჯერ გამოუწერა, სასამართლომ კი ისინი 5-5 000 ლარით დააჯარიმა და სადავო ვიდეორგოლის ეთერში განთავსება დაავალა.