„იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ „ძლიერ საქართველოს“ რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა, კოალიცია ComCom-ს მიმართავს
11.10.2024


ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა, კოალიციას მათ წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივრები შეაქვს. 

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რასაც ეს ტელეკომპანიები  აკეთებენ, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ წასვლა, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევაა. 

„როგორც ჩანს, ხელისუფლების პანიკა, რომ არჩევნებში მარცხდება, მის მიერ კონტროლირებად მედიებსაც გადაედო. სამწუხაროდ, ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“  საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლასაც აღარ ერიდებიან იმისთვის, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ხმა დაბლოკონ და ხელი შეგვიშალონ, საქართველოს მოქალაქეებს მთავრობის შესახებ სიმართლე ვესაუბროთ - სიმართლე, იმ დანაშაულების შესახებ, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა“.

ნაცვლიშვილის თქმით, წინასაარჩევნო გარემო და არჩევნები თავისუფლად ვერ შეფასდება, თუ ის თავისუფალ მედიაგარემოში არ ჩატარდება.

კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს ფასიანი პოლიტიკური რეკლამების განსათავსებლად რამდენიმე დღის წინ მიმართეს. გუშინ, 10 ოქტომბერს კი, „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებს. 

„იმედმა“ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარი 1 ოქტომბერსაც უთხრა.

„"ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დაპირებები. ხელისუფლება რუსეთს მიემხრო და მან იძალადა მშვიდობიან მომიტინგეებზე,“ - ამ სიტყვებით იწყება ის ფასიანი ვიდეორგოლი, რომლის განთავსებაზეც ტელეკომპანიამ უარი თქვა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ