კომუნიკაციების კომისიამ „რუსთვი 2“ და „ტელეიმედი“ „ძლიერი
საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის
„საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა ოქმი
შეუდგინა. ComCom-მა „იმედი“
სამართალდამრღვევად ცნო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების
კანონდარღვევით გავრცელებისთვისაც.
ComCom-ის განცხადებით, კომისიაში შევიდა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე „რუსთავი 2“-თან გაფორმებული ხელშეკრულებისა, მაუწყებელმა გაერთიანების მიერ მიწოდებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განათავსა.
კომუნიკაციების კომისიაში „ძლიერმა საქართველომ“ უჩივლა „იმედსაც“. კოალიციის საჩივრის მიხედვით, ტელეკომპანია მათ ფასიან წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს არ ათავსებდა.
როგორცComCom-ი წერს, „იმავე დღეს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, რომ „ტელეიმედი“ უარს აცხადებდა ოპოზიციის პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე“.
კომისიის განმარტებით კი, „საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას კენჭყისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ტარიფები ძალაში შედის 50-ე დღიდან. მაუწყებელი, რომელიც აქვეყნებს ტარიფს, ვალდებულია განათავსოს მისთვის წარდგენილი ფასიანი რეკლამა, ხოლო არ განთავსების შემთხვევაში, ის დაარღვევს კანონს.
ამასთან, კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევის თანახმად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა და თანასწორად უზრუნველყოს ყველა მსურველი საარჩევნო სუბიექტის მიერ სათანადოდ წარდგენილი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება“.
ComCom-ის განცხადებით, 9 ოქტომბერს „ტელეიმედმა“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, არ მიუთითა გამოკითხვის დამკვეთი, მეთოდი, შესაძლო ცდომილების ფარგლები და ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული გამოკითხვა უფასო იყო თუ ფასიანი. მეორე დღეს, 10 ოქტომბერს, გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას კი, კვლავ არ მიუთითა გამოკითხვის თარიღი, მეთოდი და შესაძლო ცდომილების ფარგლები.
„საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ასევე, ორგანიზაცია რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები“.
ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.
10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებდნენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებდა. მეორე დღეს, 11 ოქტომბერს კი, მმართველი პარტიის რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო, სასამართლომ ტელევიზიები 5-5 000 ლარით დააჯარიმა.
ამ თემაზე წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ სხვა მასალებიც:
- „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ „ძლიერ საქართველოს“ რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა, კოალიცია ComCom-ს მიმართავს - https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/98492-imedma-da-rusthavi-2-ma-dzlier-saqarthvelos-reklamis-ganthavsebaze-uari-uthkhra-koalicia-comcom-s-mimarthavs
- „იმედი“ ოპოზიციის რეკლამებს აღარ გაუშვებს, სანამ ტელევიზიები „ქართული ოცნების“ ვიდეოებს არ განათავსებენ, გადაწყვეტილებას იზიარებს POSTV-იც - https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/98490-imedi-opoziciis-reklamebs-aghar-gaushvebs-sanam-televiziebi-qarthuli-ocnebis-videoebs-ar-ganathavseben-gadatsyvetilebas-iziarebs-postv-ic
- „ქართული ოცნების“ რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო, სასამართლომ ტელევიზიები 5-5 000 ლარით დააჯარიმა - https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/98498-qarthuli-ocnebis-reklamis-ara-oms-airchie-mshvidoba-ganuthavseblobis-gamo-sasamarthlom-televiziebi-5-5-000-larith-daajarima