კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედს“, „პოსტვ“-სა და „სტუდია
მაესტროს“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური
რეკლამის განუთავსებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა
ოქმები
შეუდგინა. ComCom-მა „პოსტვ“ დამატებით
სამართალდამრღვევად სცნო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების
კანონდარღვევით გავრცელებისთვის.
ComCom-ის განცხადების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიაში პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი შევიდა, რომლის თანახმადაც, 10 ოქტომბრიდან „ტელეიმედის“, „პოსტვ“-ისა და „სტუდია მაესტროს“ ეთერში მათი უფასო პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამები აღარ გადის. ვიდეორგოლები 10 ოქტომბრამდე სამივე ტელევიზიის ეთერში გადიოდა,
10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებს. „იმედის“ გადაწყვეტილება გაიზიარა „პოსტვ“-მაც.
როგორც ComCom-ი წერს, განცხადება არ გაუვრცელებია „სტუდია მაესტროს“, თუმცა, იმავე პერიოდიდან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეორგოლი მის ეთერშიც აღარ გადის.
გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, „პოსტვ“-იმ, 9 ოქტომბერს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, არ მიუთითა გამოკითხვის დამკვეთი და ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული გამოკითხვა უფასო იყო თუ ფასიანი.
„საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელმა უნდა მიუთითოს გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ასევე, ორგანიზაცია რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები“.
ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.
14 ოქტომბერს სასამართლომ „იმედი“ და „რუსთავი 2“
5-5 ათასი ლარით დააჯარიმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი
პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვისაც.
„მთავარ
არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კი, „ქართული ოცნების“ საჩივრების
საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ 4-4 სამართალდარღვევის ოქმი
შეუდგინა. საქალაქო სასამართლომ ეს ტელევიზიები ჯამში 15-15 000 ლარით
დააჯარიმა.
ასევე ნახეთ "მედიაჩეკერის" მასალა : მედია
ჩეკერი რეკლამების განუთავსებლობა და ოპოზიციური პარტიებისთვის
დათმობილი დრო - „ოცნების“ საჩივრები და ჯარიმები კრიტიკულ მედიას
(mediachecker.ge)