ComCom-მა „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს „ძლიერი საქართველოს“ რეკლამის განუთავსებლობისთვის ოქმები მეორედ შეუდგინა
18.10.2024


კომუნიკაციების კომისიამ „იმედსა“ და „რუსთვი 2“-ს „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები მეორედ შეუდგინა.

ComCom-ის განცხადებით, კომისიაში შევიდა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე ტელევიზიასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და ამ საკითხზე ComCom-ისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა, მაუწყებლები „ძლიერი საქართველო“ რეკლამას კვლავ არ ათავსებენ. 

კომუნიკაციების კომისიამ „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს „ძლიერი საქართველოს“ რეკლამის განუთავსებლობისთვის ოქმები პირველად 13 ოქტომბერს შეუდგინა. სასამართლომ კი, მეორე დღეს ეს ტელევიზიები 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა და ვიდეორგოლების ტელეეთერში განთავსებაც დაავალა. 

ComCom-ის  განმარტებით: „საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას, კენჭყისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ტარიფები ძალაში შედის 50-ე დღიდან. მაუწყებელი, რომელიც აქვეყნებს ტარიფს, ვალდებულია განათავსოს მისთვის წარდგენილი ფასიანი რეკლამა, ხოლო არ განთავსების შემთხვევაში, ის დაარღვევს კანონს. ამასთან, კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევის თანახმად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა და თანასწორად უზრუნველყოს ყველა მსურველი საარჩევნო სუბიექტის მიერ სათანადოდ წარდგენილი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება“.

კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

გუშინ, ComCom-მა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა „იმედს“, „პოსტვ“-სა და „მაესტროსაც“. 

10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებს. „იმედის“ გადაწყვეტილება გაიზიარა „პოსტვ“-მაც. 

„მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კი, „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ 4-4 სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქალაქო სასამართლომ ეს ტელევიზიები ჯამში 15-15 000 ლარით დააჯარიმა. 


ასევე ნახეთ "მედიაჩეკერის" მასალა: მედია ჩეკერი რეკლამების განუთავსებლობა და ოპოზიციური პარტიებისთვის დათმობილი დრო - „ოცნების“ საჩივრები და ჯარიმები კრიტიკულ მედიას (mediachecker.ge)
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ