ჩეხმა ჟურნალისტმა, რეი ბეისლიმ საქართველო დატოვა
24.10.2024


ჩეხი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, პრაღაში ბრუნდება. როგორც რეი ბეისლი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათი იყო.

„დამწუხრებული ვარ საქართველოდან წასვლის გამო. ეს არჩევნები გადამწყვეტია ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახლა პრაღაში მივემგზავრები იმ იმედით, რომ სხვების დახმარებით უახლოეს მომავალში შევძლებ საქართველოში დაბრუნებას“. 

22 ოქტომბერს ჩეხმა ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ იგი საქართველოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბეისლიმ ბოლოს მათ შეატყობინა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ, შემდეგ კი მასთან კონტაქტი შეწყდა. 

გუშინ თბილისის აეროპორტში ჩეხი ჟურნალისტის მონახულებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) ადვოკატი შოთა თუთბერიძეც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად რეი ბეისლის მიუთითა: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

ჩეხი ჟურნალისტის საქართველოში არ შემოშვების ფაქტს გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“.  

„რუსული კანონის შემობრუნების შემდგომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის სწრაფი ტემპით გაუარესებამ საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ინტერესი გამორჩეულად მაღალია 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართაც, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეფერენდუმს საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციის თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებშიც აირეკლება“.

რეი ბეისლი საქართველოში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში სხვა უცხოუელი ჟურნალისტებიც არ შემოუშვეს. 17 სექტემბერს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელსა და ერთ-ერთ რედაქტორს არსენ ხარატიანს, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა და მეორე დღეს სომხეთში უნდა წასულიყო. ერთი დღით ადრე კი, საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა არ შემოუშვეს. სამივე შემთხვევაში ჟურნალისტს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ერთი საფუძვლით ეთქვა.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) 19 სექტემბრის ინფორმაციით, 2022 წლიდან სულ მცირე 12 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელ ჟურნალისტებს უარი ეთქვათ.--
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ