„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ საქართველოს საპარლამენტო
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ჩეხი ჟურნალისტის, რეი ბეისლის
საქართველოში არშემოშვების ფაქტს
გმობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს
ხელისუფლებამ უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში შესვლის აკრძალვის
შემაშფოთებელი პრაქტიკა უნდა დაასრულოს.
IPI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეი ბეისლი ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნები უკრაინული დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის - Kyiv Indepedent უნდა გაეშუქებინა. როგორც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აღნიშნავს, ჩეხი ჟურნალისტი საქართველოში 2024 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აქტიურად აშუქებდა.
„ეს არის კიდევ ერთი შემაშფოთებელი შემთხვევა, როდესაც უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოში შესვლა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აეკრძალათ“, - განაცხადა IPI-ის დროებითმა აღმასრულებელმა დირექტორმა. სკოტ გრიფენის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელ მედიას მიმდინარე არჩევნების გაშუქებაში ხელი არ უნდა შეუშალოს.
რეი ბეისლის საქართველოში არ შემოშვების ფაქტს გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“.
„რუსული კანონის შემობრუნების შემდგომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის სწრაფი ტემპით გაუარესებამ საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ინტერესი გამორჩეულად მაღალია 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართაც, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეფერენდუმს საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციის თაობაზე.
საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებშიც აირეკლება“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.
22 ოქტომბერს ჩეხმა ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ იგი საქართველოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბეისლიმ ბოლოს მათ შეატყობინა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ, შემდეგ კი მასთან კონტაქტი შეწყდა. გუშინ, 24 ოქტომბერს კი, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა საქართველო დატოვა. როგორც რეი ბეისლი სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათი იყო.
„დამწუხრებული ვარ საქართველოდან წასვლის გამო. ეს არჩევნები გადამწყვეტია ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახლა პრაღაში მივემგზავრები იმ იმედით, რომ სხვების დახმარებით უახლოეს მომავალში შევძლებ საქართველოში დაბრუნებას“.
თბილისის აეროპორტში ჩეხი ჟურნალისტის მონახულებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) ადვოკატიც. შოთა თუთბერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად რეი ბეისლის მიუთითა: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში სხვა უცხოუელი ჟურნალისტებიც არ შემოუშვეს. 17 სექტემბერს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელსა და ერთ-ერთ რედაქტორს არსენ ხარატიანს, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა და მეორე დღეს სომხეთში უნდა წასულიყო. ერთი დღით ადრე კი, საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა არ შემოუშვეს. სამივე შემთხვევაში ჟურნალისტს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ერთი საფუძვლით ეთქვა.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) 19 სექტემბრის ინფორმაციით, 2022 წლიდან სულ მცირე 12 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელ ჟურნალისტებს უარი ეთქვათ.