29.10.2024
26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მუშაობისას ჟურნალისტებს პროფესიულ
საქმიანობაში ხელი 22 შემთხვევაში შეეშალათ. უბნებთან მყოფი პირები
სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ძირითადად „TV პირველის“, „მთავარი
არხისა“ და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფებს აყენებდნენ. ჟურნალისტებს
ხელს უშლიდნენ საარჩევნო კომისიის წევრებიც.
არჩევნების დღეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი მედიის
40-მდე წარმომადგენელს შეეშალა.
ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები საარჩევნო უბნებზე
- 09:09 - ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, ლაგოდეხში, სოფელ ჭიაურში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანიის ჟურნალისტს, დავით ჭაბაშვილს. ამავე ვიდეოში ჩანს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ „ლაგოდეხის ტელევიზიის“ ჟურნალისტს, ნიკა ბურჭულაძეს.
- 09:39 - „TV პირველმა“ გამოაქვეყნა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტ გვანცა ჩხიკვაძეს ქუთაისის 64-ე უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა. სავარაუდოდ ქართული ოცნების აქტივისტმა, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევდა, მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო. მან ჟურნალისტს „ქვეყნის მტრებო“ და „მკვლელები“ უწოდა.
- 10:31 - „TV პირველის“ ინფორმაციით, ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა ტელეკომპანიის ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს, რომელიც მათ მიკროავტობუსში შეკითხვების დასასმელად ავიდა, კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ. შემდეგ კი, სავარაუდოდ კოორდინატორების უფროსმა, ედუარდ შარაძემ დოლენჯაშვილს უთხრა, რომ „სისხლის სამართლის დამნაშავედ წარსდგება“.
- 11:10 - „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, ქეთა ციცქიშვილს და მარიამ გაფრინდაშვილს უცხო პირი დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. მანამდე კი, ჟურნალისტები საარჩევნო უბნიდანაც გააძევეს.
- 11:31 - მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახმეტაში, მატნის მე-11 საარჩევნო უბანში თავს დაესხნენ, ტელეფონი წაართვეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს.
- 11:50 - Cnews-მა გამოაქვეყნა, რომ ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს ქუთაისში 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
- 11:56 - რადიო „მარნეულმა“ დაწერა, რომ მე-7 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებს, ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს აგრესიული ტონით გადაღებას უკრძალავდა.
- 14:11- რადიო „მარნეულმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ჟურნალისტს, ვლადიმერ ჩხიტუნიძეს კომისიის თავმჯდომარე არ უშვებდა სოფელ სადახლოს 71-ე უბანზეც. საოლქო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ, თავმჯდომარემ ჟურნალისტი უბანზე დაუშვა.
- 14:17 - „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ გადამღებ ჯგუფს: მარიამ მაკასარაშვილსა და ნუკრი ქაფიაშვილს კახეთში, ქვემო ხოდაშენში, თავს დაესხნენ და აპარატურა დაუმტვრიეს.
- „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს [სოფო ნიაური და დავით ბერაძე] ხელი შეუშალეს ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზეც. ჟურნალისტის თქმით, სპეციალური ბეიჯის ქონის მიუხედავად, კომისიის თამჯდომარე მათ გადაღების უფლებას არ აძლევდა და შენობაში არ უშვებდა.
- 14:31 - „მრავალკუთხედმა“ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ წალენჯიხის 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლირა ღურწკაია მედიის წამომადგენელს, დიტო ბელქანიას დაუპირისპირდა.
- 14:35 - „რადიო თავისუფლებამ“ დაწერა, რომ რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე მათ ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
- 14:50 - „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთში თავს დაესხნენ ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს: ია გულიაშვილსა და ლევან დვალს.
- 15:02 - მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ „მთავარი არხისა“ [თეა ვაშალომიძე და ბაჩანა ოქროპირიძე] და „ფორმულას“ [თამარ თედიაშვილი და ლერი როგავა] გადამღებ ჯგუფებს. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები.
- 15:15 - „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, სადახლოს 69-ე უბანზე ჟურნალისტ თიკო ერაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი სავარაუდოდ კომისიის წევრებმა შეუშალეს.
- 16:00 - (დაახლოებით) დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ისნის მე-9 საარჩევნო უბანზე. ჟურნალისტ ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს, გიგა აღდგომელაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და რომ არა პოლიციელების მხრიდან დროული რეაგირება, ის გადაიზრდებოდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.
- 16:26 - „პუბლიკამ“ გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ონლაინ გამოცემის რეპორტიორს, მინდია გაბაძეს გლდანში, 59-ე საარჩევნო უბანთან. გაბაძესთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, თამუნა ჩქარეულს და „პუბლიკასთვის“ მომუშავე ფრილანსერ ჟურნალისტს, შაკო ბრეგაძეს.
- გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინა მაჩაბელს და ოპერატორს, გიორგი ჩანტლაძეს.
- გლდანის მე-60 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს ხელი შეეშალა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც, მაკა ანდრონიკაშვილსა და გიორგი შეწირულს. ჟურნალისტის თქმით, მათ უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ, ხელშეშლის პროცესში კი ჩართულნი იყვნენ როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები, ისე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები.
- 17:26 - „TV პირველმა“ გამოაქვეყნა, რომ მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. უბანთან მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და მის ოპერატორს, ირაკლი მურმანიშვილი. „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე.
- 17:47 - „TV პირველმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ვაზისუბანში ტელეკომპანიის ოპერატორს თავს დაესხნენ და კამერა დაუზიანეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, 53-ე უბნის მიმდებარედ მოხდა, სადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე მობილიზებას იღებდნენ.
- 20:24 - „ფორმულამ“ გამოაქვეყნა, რომ ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანიის ჟურნალისტს, მარი წაქაძეს საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს.
„მედიაომბუდსმენმა“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 13 შემთხვევაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეტყობინებით უკვე მიმართა.
არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის დამატებითი ფაქტების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ „მედიაჩეკერის“ ფეისბუკ გვერდზე ან დაგვირეკეთ: 557 992 490