ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება
19.11.2024


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, დაუყოვნელივ დაიწყოს სერგი ბარამიძისა და სხვა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.

„დღეს, 19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა „მთავარი არხის“ ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე, და დააკავა ის. ოპერატორი მელიქიშვილის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - ის პოლიციელების მიერ აქციის მონაწილის დაკავებას იღებდა.  სერგი ბარამიძეს რამდენიმე პოლიციელი განსაკუთრებული სისასტიკით დაუპირისპირდა. ოპერატორს მიღებული აქვს ფიზიკური დაზიანებები. დამტვრეულია კამერა. ამ დროისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება სერგი ბარამიძე.

გამოცემა „პუბლიკას“ ცნობით, პოლიციელებმა დაარტყეს „პუბლიკას“ ჟურნალისტს მინდია გაბაძესაც.

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, პოლიციამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა ასევე OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს და „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტს გივი ავალიანს.

„ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ამ ტელეკომპანიის კორესპონდენტმა გიორგი კვიჟინაძემ თქვა, რომ პოლიციელები მას და მის ოპერატორსაც უშლიდნენ ხელს გადაღებაში“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.


 

 

 

 





კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ