„მედიის ადვოკატირების კოალიციის“
შეფასებით, აქციის დარბევის გაშუქებისას, პოლიციის
მხრიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული
ძალადობა პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების
წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს მედიის თავისუფლების შეზღუდვას და ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას. მასზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას”, რომელიც არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, და საკუთარი ქმედებებით, პირიქით ახალისებს და ხელს უწყობს ძალადობრივ გარემოს“.
კოალიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები მედიის წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.
„ასევე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით“.
დღეს, 19 ნოემბერს პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც 4 ჟურნალისტი დაშავდა. ტელეკომპანია “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე კი ძალის გამოყენებით დააკავეს. ბარამიძე მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.• პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად იძალადეს და დააკავეს “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე;
• სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.
• სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობისშესრულებაში;
• სამართალდამცველებმა Netgazeti-ს კორესპონდენტს, გივი ავალიანს არ მისცეს გადაღების საშუალება.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.
ასევე ნახეთ :
მედია ჩეკერი „მედიაომბუდსმენი“ შსს-ს მოუწოდებს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა
მედია ჩეკერი ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება