„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიზანმიმართული დევნის, მათთვის მუშაობაში ხელშეშლის, ტექნიკის დაზიანებისა და წართმევის გამო.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა.
29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა ზიანი არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს.
„მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
28-29 ნოემბრის ღამეს დაშავებული ჟურნალისტები დილის 10-ის ნახევრის მდგომარეობით:
- „ტვ პირველის” ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში ამ ტელეკომპანიის ოპერატორს ნიკა კოკაიას და ჟურნალისტს ანა მდივანს, რომელსაც შედეგად სპაზმური შეტევა დაემართა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პოლიციელები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტვ პირველის” ოპერატორს გიორგი შეწირულს. დამიზნებით შეასხეს წყლის ჭავლი „ტვ პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას და მის რესპონდენტს. დაშავდა ასევე ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი, რომელიც ნანუკა ქაჯაიასთან ერთად მუშაობდა.
- „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს გიორგი გოგუა.
- „მედია აპრილის“ ინფორმაციით დაშავდა ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძე.
- ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე.
- საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას.
- დაშავდა OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც წლის ჭავლმა წააქცია.
- დაშავდა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელსაც სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.
- ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი.
- „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.
- „მედია აპრილის“ ინფორმაციით, აქციაზე გერმანელი ჟურნალისტი დაშავდა.
- აქციაზე “პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. დაკავების დროს პოლიციამ მასზე სასტიკად იძალადა.
- „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, დათო ცაგარელს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.
- „პუბლიკას” ინფორმაციით, პროფესიულ საქმინობაში ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს.
- JAMnews-ის ინფორმაციით, მათ ფოტორეპორტიორს, უკრაინელ იულია კალაბანს პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი.
„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართლად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.
„სახელმწიფოს წარმომადგენლები არბევდნენ აქციის მონაწილეებს. მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები“.
„მედიაომბუდსმენმა“ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა. ორგანიზაცია სამსახურს მოუწოდებს:
- დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება;
- საქმეებს მიენიჭოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი) და დევნის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი) კვალიფიკაცია;
- აწარმოოს ეფექტიანი და დროული გამოძიება;
- ჟურნალისტების საქმეები არ გააერთიანოს სხვა დაზარალებულების საქმეებთან.
“მედიაომბუდსმენი" მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით კი, მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშულებების გამოყენების ფაქტები, მათ, ასევე, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
„ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა.
სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის
მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის
პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების
გაშუქებაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს: იმოქმედონ
საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონდებლობის
შესაბამისად. ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის
განხორციელების შესაძლებლობა. არ შესრულონ უკანონო დავალებები“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით,
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონსტიტუციის, "შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ" და "პოლიციის შესახებ" კანონების
მოთხოვნების საწინააღმდეგოდ დაიწყო პროევროპული მშვიდობიანი შეკრების
წყლის ჭავლით (რომელშიც გარეულია ქიმიური მინარევები), ცრემლსადენი
გაზით და წიწაკის სპრეით დაშლა, აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავება,
რომელსაც თან ახლავს მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.
„პოლიცია ახლაც აგრძელებს მშვიდობიანი ადამიანების თბილისის ქუჩებში
დევნას, შეურაცხყოფას და ცემას.
ასევე, აქციის დროს პოლიცია ხელს უშლის პროფესიულ
საქმიანობაში ჟურნალისტებს, მიზანმიმართულად აყენებს მათ ფიზიკურ
შეურაცხყოფას და უზიანებს აპარატურას.
პოლიციის მიერ გამოყებებული ძალა ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც
არაადამიანური მოპყრობა აქციის მონაწილეთა მიმართ“.