„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მედიაზე ძალადობისთვის
პირად პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებს.
ორგანიზაციის განცხადებით,
საპოლიციო ძალებმა 30 ნოემბრის ღამესაც განაგრძეს იმ ჟურნალისტებისა
და ოპერატორების დევნა, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვა
ქალაქებში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებს
აშუქებდნენ.
„ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამიზნებით და ახლოდან სახეში ასხამდნენ ქიმიურ ნივთიერებებს, მიზანმიმართულად ძალადობდნენ მათზე, რომ მედიის წარმომადგენლები დასახიჩრებულიყვნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიეღოთ. პოლიციელები ჟურნალისტებს ართმევდნენ და უმტვრევდნენ ვიდეო და ფოტო აპარატურას, ტელეფონებს, ისეთ დამცავ აღჭურვილობას, როგორიცაა რესპირატორები და სათვალეები.
პოლიციელები ჟურნალისტებს განსაკუთრებული გავეშებით მაშინ ესხმოდნენ თავს, როცა ისინი პოლიციელთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს - აქციის მონაწილეების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევებს აფიქსირებდნენ.
29 და 30 ნოემბრის ღამეს საპოლიციო ძალების ქმედებაზე დაკვირვება გვაძლებს საფუძველს დავასკვნათ, რომ მათი აგრესია მედიის წარმომადგენლების მიმართ იყო სისტემური, დაგეგმილი და განზრახი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ამგვარი ქცევით მედიის ერთ ნაწილზე შურისძიებას, ხოლო მათი სამაგალითოდ დასჯით უკვე მეორე ნაწილის დაშინებას ისახავდნენ მიზნად“.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობასა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ათობით დოკუმენტირებულ ფაქტზე პირად პასუხისმგებლობას ვახტანგ გომელაურს აკისრებს და მას კანონის ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ასევე, „ქარტია პროკურატურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მრავალი ფაქტის სწრაფ და მიუკერძოებელ გამოძიებას, საპოლიციო ძალების მოძალადე თანამშრომლების, ასევე, მათი ხელმძღვანელების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს“.
30 ნოემბრის ღამეს, „ტვ პირველის" ინფორმაციით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს და მის ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს. მარიამ გაფრინდაშვილმა თავზე მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ტვინის შერყევა აქვს.
შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე, საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამოცემა „რეალპოლიტიკის“ რედაქტორს, აკა ზარქუას. ათამდე სპეცრაზმელმა ის წრეში მოაქცია და წიხლებით სცემა, მათმა მეთაურმა კი ზარქუასთვის პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათის პირში ჩატენვა სცადა. მას წაართვეს აირწინაღიც.
სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი წაართვეს გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ანა მსხალაძეს. როგორც „პუბლიკა“ წერს, მსხალაძე ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილდებოდა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ.
პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფოტოგრაფ გიორგი გამგებელს. ის სახისა და ფეხის არეში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამგებელს წაართვეს და დაუმტვრიეს აპარატურა, რომლითაც ის მუშაობდა.
„ფორმულას“ ინფორმაციით, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს. „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ბათუმში მიმდინარე აქციის გაშუქებისას დაუზიანდა ტექნიკაც. ამის შესახებ ჟურნალისტმა, თამარ თედიაშვილმა აქციიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას თქვა. თედიაშვილმა ჩართვისას აღნიშნა ისიც, რომ პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა ფოტოგრაფი.
28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას კი 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობა.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც პროევროპული საპროტესტო აქცია მოჰყვა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 30 ნოემბრის განცხადებით, 28-30 ნოემბერს სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.