„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოს პროკურატურასა
და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 28 ნოემბერს - 1 დეკემბერს
ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გამოძიებისკენ
მოუწოდებს.
1 დეკემბრის ღამით პროევროპულ აქციაზე პროფესიული მოვალეობის
შესრულების დროს დაშავდნენ:
- „ტვ პირველის“ ოპერატორი, გიორგი შეწირული. ის ფეხის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.
- „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე. მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში. ფოტორეპორტიორს დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზევე აღმოუჩინა.
- POSTV-ს ჟურნალისტი გურანდა ბილიხოძე, რომელსაც, სავარაუდოდ, სპეცრაზმის მხრიდან გასროლილი გაზის კაფსულა მოხვდა.
- ტელეკომპანია „ფორმულას" ოპერატორი, რის შესახებაც „მთავარი არხის" ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში თქვა.
- ნაცემია “რადიო თავისუფლების” პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც სპეცრაზმმა 1 დეკემბერს ღამით საპროტესტო აქციის მახლობლად დააკავა.
- ონლაინ გამოცემა On.ge-ს ინფორმაციით, 1 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს ფოტოგრაფი ნიკოლოზ თაბუკაშვილი.
- 30 ნოემბერს მუშაობის პროცესში პოლიციელები თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნუცა ბახუტაშვილსა და ოპერატორს, ირაკლი ბართავას. ბახუტაშვილს პოლიციელმა ზურგში ძლიერად ჩაარტყა.
ამავე დღუს აქციაზე ფიზიკურად იძალადეს “რადიო თავისუფლების” რეპორტიორ დათო ქორიძეზეც.
30 ნოემბერს დაშავებული გერმანელი ჟურნალისტი, დომინიკ რაიხერტი კი, აქციას რუსული პროპაგანდისტული არხის, „რაშა თუდეისთვის“ აშუქებდა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ის ჰოსპიტალიზებულია თხემის ძვლის მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით ტვინის გარსში.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე მის წევრობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ.
წინა დღეებში დაზარალებული ჟურნალისტების შესახებ ვრცლად იხილეთ მასალებში:
- „აგრესია მედიის წარმომადგენლების მიმართ იყო სისტემური, დაგეგმილი და განზრახი“, - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- გუშინდელი საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა