„ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად“ - ონლაინ მედიების საერთო განცხადება
09.12.2024


საქართველოში მოქმედი ონლაინ მედიაორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ წამებას, ძალადობას, შევიწროებასა და დაშინებას ერთხმად გმობენ.

„ჩვენ, საქართველოში მოქმედი ონლაინ მედია ორგანიზაციები, ერთხმად და სასტიკად ვგმობთ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ წამებას, ძალადობას, შევიწროებასა და დაშინებას.

ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართული თავდასხმები განხორციელდა ტელევიზიებისა და ონლაინ მედიების წარმომადგენლებზე.

ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას სასტიკად გაუსწორდნენ და დააკავეს ჩვენი რამდენიმე კოლეგა, ზოგიერთის წინააღმდეგ კი გამოიყენეს ძალადობის უკიდურესი ფორმა, რომელიც კვალიფიცირდება წამებად.

თავდასხმები უმთავრესად ორგანიზებული იყო ფორმალური საპოლიციო ძალების მიერ, მაგრამ ვნახეთ შემთხვევები, როცა არაფორმალური მარბიელი ჯგუფების მიერ ჟურნალისტზე ძალადობას პოლიცია თავხედური უმოქმედობით ადევნებდა თვალს.

ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად.

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ყველა კოლეგას, ვისზეც იძალადეს და მათ, ვინც, შექმნილი პირობების მიუხედავად, დიდწილად დაუცველი აგრძელებს მუშაობას, პირადი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკის ფასად. 

მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტს, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, წვლილი შეიტანონ მედიის თავისუფლების დაცვაში და დაგვეხმარონ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემაში“.

ონლაინ მედიის საერთო განცხადებას 20-მდე მედიაორგანიზაცია უერთდება, ხელმომწერთა რაოდენობა განახლებადია:

  • აპრილი • Aprili
  • On.ge
  • პუბლიკა • Publika
  • Chai Khana
  • Entrepreneur Georgia
  • Tabula - ტაბულა
  • კახეთის ხმა / knews.ge
  • სამხრეთის კარიბჭე / Sknews.ge
  • რადიო "მარნეული" / "Marneuli" radiosu
  • News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
  • მაუწყებელი • Mautskebeli
  • 64
  • OC Media
  • IML • Investigative Media Lab
  • აი, ფაქტი • ifact.ge
  • Accent - აქცენტი
  • bm.ge
  • ფლანგვის დეტექტორი
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ