„სახელმწიფო ვალდებულია დასაჯოს მედიაზე თავდასხმის მონაწილეები და უზრუნველყოს უსაფრთხო მედიაგარემო“ - მედიაომბუდსმენი
10.12.2024


„მედიაომბუდსმენის“ განცხადებით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ნაცვლად, გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლა გვიწევს. 9 დეკემბერს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. 

„ამ დღეს, აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის, - შეწყდეს დევნა და ძალადობა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ.

დემოკრატიის გაძლიერებისთვის შეუცვლელია კრიტიკული მედიის როლი, რომლის დადუმებას ძალის გამოყენებით ცდილობს “ქართული ოცნება” სამართალდამცავებისა და “ტიტუშკების” მეშვეობით. ბოლო ათი დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს ძალოვანმა უწყებებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციების გაშუქებისას. ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მედიის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია“.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მედიის თავისუფლება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მედიის საქმიანობის შეზღუდვის ყველაზე უხეშ მცდელობებს, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და დანაშაულთა დაუსჯელობის ტენდენციას. ქართულ მედიაორგანიზაციებს არსებობა უწევთ “უცხო ქვეყნის აგენტად” გამოცხადების და “რუსული კანონით” გაუქმების საფრთხის პირობებში, მცირე ეკონომიკური შემოსავლების და “ქართული ოცნების” პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში მედიის ნაწილი ერთგულად აგრძელებს მაკონტროლებელი ფუნქციის - მეოთხე ხელისუფლების როლის შესრულებას შესრულებას, სიმართლის და თავისუფლებისთვის ბრძოლას“.

„მედიაომბუდსმენი“ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს მოუწოდებს, დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და პატივი სცეს მედიას. 

„სახელმწიფო ვალდებულია დასაჯოს მედიაზე თავდასხმის მონაწილეები და უზრუნველყოს უსაფრთხო მედიაგარემო“.

28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც. 

28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შსს-ს ძალები სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლიან, პროტესტანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ