CPJ ხელისუფლებას „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის გამოძიებისკენ მოუწოდებს
10.12.2024


„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმიანება და საქართველოს ხელისუფლებას მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, გულნიოზა საიდის განცხადებით, „TV პირველის“ რეპორტიორ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე ნიღბიანების თავდასხმა ღრმად შემაშფოთებელია სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის ფონზე, რომელიც მიმართულია იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც მასობრივ პროტესტს აშუქებენ.

მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, 7 დეკემბერს  შავებში ჩაცმული და ნიღბიანი უცნობი პირები თავს დაესხნენ და სცემეს. თავდასხმა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ბესიკის ქუჩის 4 ნომერთან მოხდა.  

CPJ-ის განცხადებაში საუბარია ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე მომხდარ თავდასხმაზეც. გაბაძეს 6 დეკემბერს, შუადღით, „ცისფერ გალერეასთან“ საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე ამ შემთხვევაში პოლიცია თავდასხმის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდა, თუმცა, რეაგირება არ მოუხდენია.

28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც. 

28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შსს-ს ძალები სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლიან, პროტესტანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ