მოწმის სახით გამოკითხვაზე მინდია გაბაძეც დაიბარეს
10.12.2024


ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, მინდია გაბაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც გამოცემა წერს, კონკრეტულად რომელი მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია გაბაძე დაბარებული, ჯერ უცნობია:

„პროევროპულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარეს „პუბლიკის“ რეპორტიორი მინდია გაბაძე. კონკრეტულად რომელი მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია ის დაბარებული, ჯერ უცნობია. მინდია გაბაძემ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხა OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი, მარიამ ნიკურაძე. ნიკურაძე მოწმის სახით გამოკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 239-ე ​პრიმა მუხლებით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. 

28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც. დაზარალებულ ჟურნალისტებს შორის არიან მარიამ ნიკურაძე და მინდია გაბაძეც.

28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შსს-ს ძალები სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლიან, პროტესტანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ