მინდია გაბაძე აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხეს
12.12.2024


„პუბლიკის“ ინფორმაციით, გამოცემის რეპორტიორი, მინდია გაბაძე აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხეს. გაბაძეს გაუთქმელობის პირობაზე მოაწერინეს ხელი.

„გუშინდელი, მარიამის [მარიამ ნიკურაძე] სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ გამომძიებლებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს, ჩემს გამოკითხვაზე გაუთქმელობის პირობაზე უნდა მომეწერა ხელი. თითქოს პროცესის გაუთქმელობის გარეშე არ იცის ვინმემ, რამდენად დიდ აბსურდთან გვაქვს საქმე - ჟურნალისტების გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაბარება სისხლის სამართლის წესით მიმდინარე საქმეებზე.

ჟურნალისტობა დღეს ჩემთვის არის ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების, ძალადობის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩვენება ჩვენი თუ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ დროის კარგვაა", - მინდია გაბაძე სოციალურ ქსელში წერს

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1 და 2 ნაწილით და 239-ე მუხლის პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ხელმძღვანელობას, ამ მასში მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. 

ამავე გამოძიების ფარგლებში 10 დეკემბერს გამოიკითხა OC Media-ს დამფუძნებელი და ჟურნალისტი, მარიამ ნიკურაძეც.

28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შსს-ს ძალები სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლიან, პროტესტანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ