თემთა პალატაში „იმედის" მფლობელი კომპანიის გამოძიების საკითხი დააყენეს
12.12.2024


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში დეპუტატმა ბლერ მაკდუგალმა ქართული პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის” მფლობელი კომპანიის ბრიტანეთში სანქცირების საკითხი დააყენა.

მაკდუგალმა თემთა პალატის ლიდერს, ლუსი პაუელს მიმართა კითხვით, არის თუ არა თანახმა, განიხილონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოძიების დაწყება და Hunnewell Partners-ისთვის ოპერაციების აკრძალვა. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ „იმედი“ ბრიტანეთიდან, კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით იმართებბა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ფართო ყურადღება ექცევა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დარბევას, მაინტერესებს, დაუთმობთ თუ არა დროს ამ საკითხზე დებატებს? ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ფაქტზე, რომ ტელეკომპანია „იმედი”, მთავარი პროპაგანდისტული არხი, რომელსაც სასტიკი მთავრობა იყენებს, იმართება დიდი ბრიტანეთიდან კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით.

ასევე, მაინტერესებს თანახმა ხართ თუ არა, რომ ამ დებატებზე ვიმსჯელოთ, ხომ არ დადგა დრო, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) დაიწყოს გამოძიება ამ ქვეყნიდან ისეთ ოპერაციებზე, რომელიც მიმართულია პრორუსული პროპაგანდისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებისკენ“, - თქვა მაკდუგალმა თემთა პალატაში გამოსვლისას.

ლუსი პაუელმა ამ საკითხის წამოწევისთვის ბლერ მაკდუგალის მადლობა გადაუხადა და თქვა:

„მთავრობა აგრძელებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, შეაჩერონ დემოკრატიული ნორმებისგან გადახვევა და დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაცია. ჩვენ კვლავ ვგმობთ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალაუფლების გადამეტებულ გამოყენებას. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოწიეთ ამ სფეროში მომუშავე კომპანიების ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით“.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანია „იმედის“ 100 %-იანი წილის მესაკუთრე „შპს ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია“, რომელსაც თავის მხრივ, Hunnewell Partners-ის კომპანიათა ჯგუფში შემავალი Media Finance Group B.V. ფლობს. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ