„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“
შეფასებით, 2024 წელი „ქართული ოცნებისადმი“
კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და
საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების დრამატული ზრდის კუთხით,
საგანგაშო იყო.
ანგარიშის - „მედიის მიმართ ძალადობის შემთხვევები და მათზე სახელმწიფოს რეაგირება“ მიხედვით, მიმდინარე წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე.
„2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია“.
ანგარიშში განსაკუთრებულად არის აღნიშნული ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები, რომელთა შორის იყო: მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა.
„პროევროპული აქციის გაშუქებისას, მმართველი პარტიის მიერ წახალისებული ე.წ. „ტიტუშკები“ პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა. ის სარეაბილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის. აქციების მიმდინარეობისას, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათობით სხვა ჟურნალისტსა და ოპერატორს“.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აღნიშნავს, ჟურნალისტებისთვის მძიმე იყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეც, რა დროსაც საქმიანობაში ხელი მედიის 70 წარმომადგენელს შეუშალეს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაციაც გამოითხოვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, 1 სისხლის სამართლის საქმეზე კი - გამოძიება შეწყვიტა. როგორც TI აღნიშნავს, საგამოძიებო სამსახურის პასუხიდან არ ჩანს, მივიდა თუ არა რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავე პირები.
ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ძალადობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 5 ძირითად კატეგორიაში გააერთიანა: მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმების მაგალითები, ჟურნალისტების უკანონო დაკავება და დაჯარიმება, მედიის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდო მუქარის, ზეწოლისა და დაშინების მცდელობები, პარლამენტის მიერ აკრედიტაციის წესის მედიის წინააღმდეგ გამოყენება, მართლმსაჯულების მედიის წინააღმდეგ გამოყენება.
ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წელს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოიკვეთა კომუნიკაციების კომისიის უარყოფითი როლიც კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგა, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო წინასაარჩევნო პერიოდში გახდა, რა დროსაც კომისიამ „ქართული ოცნების” საჩივრების საფუძველზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს სამართალდარღვევის არაერთი სადავო ოქმი შეუდგინა, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ ისინი დააჯარიმა.
„მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში, კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი პროსამთავრობო მაუწყებლებსაც შეუდგინა, თუმცა, მთლიანობაში, ეს ვერ დააბალანსებს იმ გამოუსწორებელ ზიანს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით კრიტიკულ ტელევიზიებსა და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს მიადგა“.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში არშემოშვების ტენდენციის შენარჩუნებაზეც.
„მიმდინარე წელს, დასაბუთების გარეშე, უარი უთხრეს არაერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელთაც საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქება სურდათ“.
როგორც TI აღნიშნავს, ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათ მიმართ მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაშინებისა და დისკრედიტაციის გახშირებული მცდელობები, ნათლად გამოხატავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნების არქონას მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფის კუთხით.
„მეტიც, მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა ტოვებს განცდას, რომ ამგვარი ქმედებები სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული და ნებადართული“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, „მედიის მიმართ დანაშაულების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა და არაეფექტიანი ფუნქციონირება სახელმწიფოს მიტაცების თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ერთი პარტიის გარშემო კონცენტრირებული ხელისუფლების სხვადასხვა შტო, მხოლოდ ამავე პარტიის ძალაუფლების გამყარების მიზნებს ემსახურება და აცდენილია მის მთავარ დანიშნულებას, რაც საზოგადოების ინტერესების მიუკერძოებელ მსახურებას ნიშნავს“.