„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ „ქარტიის პრიზი 2024-ის“ გამარჯვებულები გამოავლინა. პრიზი გაიცა შვიდ კატეგორიაში:
- „სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი“ - გიორგი მგელაძე (რადიო თავისუფლება)
- „ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში“ - ნინო ლომაძე (ინდიგო)
- „სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში“ - მაია მეცხვარიშვილი, ნინო რამიშვილი (სტუდია მონიტორი)
- „ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში“ - გიორგი ყოლბაია (ინდიგო)
- „ადგილობრივი პრობლემების საუკეთესო გაშუქება“ - ნინო ართმელაძე (ბათუმელები)
- „ხალხის რჩეული“- ნათია ამირანაშვილი (პუბლიკა)
- „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“ - ნინო თარხნიშვილი (რადიო თავისუფლება)
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ და „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ წელს პირველად გასცა პრიზი ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისაც და ამ ნომინაციის პირველი გამარჯვებული "ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე გახდა.
„ქარტიის პრიზი“ წელს მეთორმეტედ გაიმართა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარებასა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას.
პირველ ექვს კატეგორიაში კონკურსი USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით გამოცხადდა, ხოლო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქების კატეგორიაში პრიზი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გაიცა.
28 დეკემბერს გაიმართა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ყოველწლიური, რიგით მეთექვსმეტე საერთო კრებაც და წევრებს ანგარიშები წარუდგინეს ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ნანა ბიგანიშვილმა, ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლია ჩახუნაშვილმა და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნინო შუბითიძემ. საერთო კრებაზე აირჩიეს ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრიც: ნინო გელაშვილი („მითების დეტექტორი“), თიკო დავაძე („რადიო მარნეული“) და ირაკლი მსხილაძე („აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“).
ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე კი მეორე ვადით ნანა ბიგანიშვილი გახდა.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.