ComCom-ის 2025 წლის ბიუჯეტი 22 001 000 ლარია, საიდანაც 2.99 მილიონით „მედიააკადემიას“ აფინანსებს
30.12.2024


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2025 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ დოკუმენტის მიხედვით, ComCom-ის 2025 წლის ბიუჯეტი 22 001 000 ლარი იქნება.

როგორც ComCom-ის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა 2024 წლის ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი 2025 წლის სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად: კომისიის 2025 წლის საპროგნოზო წლიურმა შემოსავალმა 17 841 362 ლარი შეადგინა, საიდანაც რეგულირების საფასურის შემოსავალი  13 659 753 ლარია, რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის შემოსავალი 3 345 231 ლარი, ხოლო სხვა შემოსავლები (საპროცენტო შემოსავლები) 836 378 ლარი. სარეზერვო ფონდიდან ასათვისებელმა თანხამ კი,  4 159 639 ლარი შეადგინა. 

„შესაბამისად, 2024 წლის საპროგნოზო შემოსავლებისა და ასათვისებელი სარეზერვო ფონდის თანხის ჯამი შეადგენს 22,001,000 ლარს“. 

კომუნიკაციების კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ხარჯებისთვის 9 687 554 ლარია განკუთვნილი. 

22 001 000 ლარიდან მედიაწიგნიერებაზე 4 322 117 ლარი დაიხარჯება, საიდანაც 2 991 331 ლარს ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ ბიუჯეტი შეადგენს.

„მედიააკადემიის“ 2025 წლის ბიუჯეტიდან (2 991 331 ლარი) 1 426 261 ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის, 1 565 070 ლარი კი ადმინისტრაციულ და საოპერაციო ხარჯებს მოხმარდება.

კომუნიკაციების კომისიამ ა(ა)იპ „მედიააკადემია“, რომლის ერთ-ერთი პლატფორმაც „მედიაკრიტიკაა“, 2018 წელს დააფუძნა.

„მედიაომბუდსმენის“ სექტემბრის თვის ანგარიშის მიხედვით, „მედიაკრიტიკის” პლატფორმაზე კვლავ ხელისუფლების პოლიტიკური ხედვების ანარეკლები იკვეთებოდა, მასალები კი,  შიდა და საერთაშორისო პოლიტიკის თემებზე მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისეული“ დამოკიდებულებების გაგრძელებას ჰგავდა. ოქტომბრის თვეში კი, წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდის ფონზე, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებულმა „მედიაკრიტიკამ“ სულ სამი მასალა გამოაქვეყნა, საიდანაც ორი მასალა: „არშემდგარი ინტერვიუ მელანია ტრამპთან“ და „მოულოდნელი არჩევანი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე არჩევნებს და ამერიკული მედიის გამოწვევებს შეეხებოდა, ერთი მასალა კი - „ინტერაქტიული თუ ინტერაქტიური?“ გრამატიკულ წესებს დაეთმო.

კომუნიკაციების კომისიის პლატფორმის - “მედიაკრიტიკა" 139 სტატია გააანალიზა „მედიის განვითარების ფონდის“ ფაქტების გადამოწმების პორტალმა, „მითების დეტექტორმაც“. 2023 წლის 1 მარტი - 2024 წლის 31 ივლისის პერიოდის მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდ დროს mediacritic.ge კვლავ იმ მედიასაშუალებების კრიტიკას უთმობდა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოზიციას ატარებენ.

 

ბიუჯეტის დეტალური განაწილება იხილეთ ფოტოს სახით:

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ