„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი.
„„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
მზია ამაღლობელი გაბედული სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების სამიზნე. ნიშანდობლივია, რომ მისი დაკავება სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით მოხდა“.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
„ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“.
მზია ამაღლობელი პოლიციამ დღეს, 11 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციაზე ყოფნის დროს, კედელზე იმ პლაკატის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც ეწერა - „იფიცება საქართველო“. ამაღლობელს სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან ( ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, 173-ე მუხლი).
11 იანვრის საღამოს, ამ საპროტესტო პლაკატის გაკვრის გამო ბათუმში პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა.
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით მედიის წარმომადგენლები თბილისში 00:30 საათისთვის იკრიბებიან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.