12 იანვარს, ღამით, პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა
ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და
დირექტორი მზია ამაღლობელი.
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია.
ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც გუშინ განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაემუქრა “ბათუმელების” თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, ეთერ თურაძეს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს, პირველად, უკანონოდ, კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებების უხეში დარღვევით დააკავეს, მაშინ, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს. მზია ამაღლობელი ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს.
სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მზია ამაღლობელი დარჩა მიმდინარე აქციაზე. მის გვერდით იმყოფებოდა ორი ახლობელი, ორივე მათგანი პოლიციამ სრულიად უკანონოდ დააკავა. თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაძაბულობის დროს, მზია ამაღლობელი და „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე მოჰყვნენ ჭყლეტაში. ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს შეაგინა. შემდეგ მოხდა მზიას უკანონო დაკავება. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
“ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავებაა აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.
„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს სამმართველოს შენობაში. დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად, სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ. არაერთი მოთხოვნისა და საჯარო მოწოდებების მიუხედავად, დაკავებულთან სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს, რითაც დაარღვიეს მისი დაცვის კონსტიტუციური უფლებები.
საქართველოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვითხოვთ და მოვუწოდებთ:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს - მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონოდ დაკავების ფაქტების სასწრაფო გამოძიებას;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს - ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის ამ ეტაპზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას; მისი მხრიდან აგრესიული, უკანონო ქმედებების აღკვეთას.
- საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს - მზია ამაღლობელის საქმით დაუყოვნებლივ დაინტერესებას, უწყვეტ
- მონიტორინგს და შესაბამის შეფასებას.
- გელა მთივლიშვილი - მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელი და რედაქტორი;
- ნატა ძველიშვილი - ინდიგოს დირექტორი;
- ლია ჩახუნაშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი
- ნინო ზურიაშვილი - ,,სტუდია მონიტორის” დამფუძნებელი და რედაქტორი
- ნანა ბიგანიშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე , ,,სტუდია მონიტორის” დამფუძნებელი და რედაქტორი
- მაია მეცხვარიშვილი, სტუდია მონიტორი, რედაქტორი
- ხატია ლომიძე - “მედიაჩეკერის” რედაქტორი
- გულო კოხოძე- ,, მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭის" დირექტორი
- ლიკა ზაკაშვილი პუბლიკის მთავარი რედაქტორი
- ხატია ღოღობერიძე - მედია აპრილის თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი
- მამუკა ანდღულაძე, მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე;
- კამილა მამედოვა- სათემო რადიო “მარნეულის” დამფუძნებელი, დირექტორი
- ია ბობოხიძე, "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის" თავმჯდომარე
“ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას გულისხმობს.
“ბათუმელების“ დირექტორი გუშინ, 11-12 იანვარის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ დააკავეს დააკავეს