საიამ მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად სასამართლოს მიმართა
25.02.2025


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელისთვის  დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს 24 თებერვლას საჩივრით მიმართა.

გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 12 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას შეეხება, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდანარეობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის დაკავების პროცესი ძალადობრივი და უკანონო იყო, რადგან მას თან ახლდა ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც მიღებული დაზიანებები სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება. 

„სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ კი, პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა გამოძიებას. 

დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 

მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას“, - ვკითხულობთ საიას განცხადებაში. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში მზია ამაღლობელი დაზარალებულია. მას სამედიცინო ექსპერტიზა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ ექსპერტმა დაკავების დღესვე ჩაუტარდა. ამ დასკვნის  მიხედვითაც, ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, რაც რაიმე მვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით იყო განვითარებული. 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი არსებობს. ორგანიზაციამ ამ მიზნით პროკურატურას არაერთხელ მიმართა, „თუმცა, კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიუხედავად, ამ დრომდე დაზარალებულად ცნობაზე წერილობითი უარიც კი არ მიგვიღია. ამ ფაქტზე, საჩივრით მივმართეთ გენერალურ პროკურორსაც. ამ დრომდე არც საჩივართან დაკავშირებით, მიგვიღია შესაბამისი პასუხი“. 

დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ამაღლობელს შესაძლებლობას მისცემს, საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით ისარგებლოს.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. 

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობის შეცვლის მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი დაცვის მხარის საჩივარი ორჯერვე დაუშებლად ცნო.

ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ