ნაცისტური პროპაგანდა
18.08.2016
მესამე რაიხის გერმანიაზე საუბრისას, ხშირად გვახსენდება ჰოლოკოსტი. ნაცისტური რეჟიმის ანტისემიტურ მოქმედებებს 6 მილიონზე მეტი ებრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, ებრაელების საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნამდე, ჰიტლერის ხელისუფლებას ქვეყანაში ანტიებრაული განწყობების ჩამოყალიბება სჭირდებოდა. ნაცისტურმა რეჟიმმაც ანტისემიტური პროპაგანდა აქტიურად გამოიყენა.

ადოლფ ჰიტლერის სახელმწიფოს სათავეში მოსვლის დროს, 1933 წელს, გერმანიაში 4 700-ზე მეტი სხვადასხვა გაზეთი გამოდიოდა. აქედან 81%-ს კერძო პირები ფლობდნენ. თუმცა, ტოტალიტარულ სისტემას მოსახლეობისთვის საკუთარი გზავნილების თავზე მოხვევისთვის, პრესაზე მონოპოლია სჭირდებოდა. ნაცისტებმაც პრესის დიდი ნაწილი მალევე ჩაიგდეს ხელში.

Der Stürmer ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტისემიტური გაზეთია, რომელიც ნაცისტური რეჟიმის დროს სიძულვილის ენის გავრცელების წყაროდ იქცა. მოგვიანებით, ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე Der Stürmer -ის საგაზეთო სტატიები და ვიზუალური გამოსახულებები ნაცისტური რეჟმის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მტკიცებულებებადაც კი გამოიყენეს.

მედიაჩეკერი Der Stürmer-ის რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ, სადაც ჩანს, როგორ შეიძლება მედიასაშუალებამ დაკარგოს თავისი დანიშნულება. გარკვეული იდეოლოგიის პროპაგანდის მანქანად იქცეს და გაავრცელოს არაეთიკური მასალები და სიძულვილის ენა.

გაზეთის თავფურცელი, სათაურით “ვინ არის მტერი?”, რომელიც ებრაელებს საზოგადოებრივი წესრიგის უგულებელყოფაში ადანაშაულებს, Der Stürmer-ის აზრით, მშვიდობიანი ნაცისტური გერმანიისა და მსოფლიოს საპირისპიროდ, მათ სურთ ომი და სისხლისღვრა. (1934 წელი)

გაზეთის თავფურცელი შუა საუკუნეების ილუსტრაციის გამოყენებით ებრაელებს სისხლიანი რიტუალების მიმდევრად სახავს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე Der Stürmer აქვეყნებს კარიკატურას. მისი მიხედვით, ებრაელები ჯვარს აცვამენ მათგან განსხვავებულ ადამიანებს და მსოფლიოს უბიძგებენ ომისკენ. (1939 წელი)

Der Stürmer ანტისემიტურ სტატიებსა და ვიზუალურ მასალას არა მხოლოდ გაზეთებით, საკუთარი ოფისიდანაც კი ავრცელებდა. 1939 წელი, გდანსკი. გამოცემის ოფისზე გამოკრული პოსტერის მიხედვით, ებრაული თემი ნაცისტური გერმანიის უბედურებაა.


წყარო: https://sefershoah.wordpress.com/nazi-propaganda/ https://www.ushmm.org/

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ