ნიუ-იორკი და პენი პრესის დილა
09.09.2016
XIX საუკუნის ამერიკაზე გადაღებულ ფილმებში, დიდი ალბათობით ერთ კადრში მაინც დაინახავთ გაზეთებით მორბენალ ბიჭუნას. დილის პრესა - ყვირიან ღარიბად ჩაცმული პატარა ბავშვები და ჯერ კიდევ უხარისხოდ ნაბეჭდი გაზეთები ხელიდან ხელში გადადის. ამ კადრებს თუ ნახავთ, ეს პენი პრესია - ერთ პენიანი პრესა, რომლის გამოცემაც 1833 წლის 3 სექტემბერს დაიწყო და დიდი გადატრიალება მოახდინა ბეჭდურ მედიაში.

მაშინ, გაზეთი ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი იყო. ახლადდაბადებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმ დროს ბეჭდურ მედიას, როგორც წესი, ბანკირები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები - ერთი სიტყვით, შეძლებული საზოგადოება თუ კითხულობდა. პრესაც მათზე მორგებული, საკმაოდ ძვირიანი და რაც მთავარია, ბევრი მოქალაქისათვის უინტერესო იყო. არადა ინდუსტრიალიზაციამ, ურბანიზაციამ ბევრ ადამიანს გაუჩინა ინტერესი, გაეგო რა ხდებოდა მის ქალაქში, შტატსა თუ ქვეყანაში. წერა-კითხვის ცოდნაც დიდი სისწრაფით ვრცელდებოდა. XIX საუკუნის 20-იან წლებში, სხვადასხვა რედაქციამ ამ ფაქტსაც მიაქცია ყურადღება. მაშინ ისიც აღმოჩნდა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს 6 ცენტის გადახდა გაზეთის თითოეულ გვერდში ნამდვილად არ შეეძლო.

დაიწყო ექსპერიმენტები - სპორტული ამბები თუ გაზეთის სხვა დანამატები იაფად. 1832 წელს ინგლისში The Penny Magazine-იც გამოჩნდა, თუმცა ის ერთგვარი სასწავლო კურსი იყო და ამერიკულ პრესაში ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევიათ. აშშ-ში პენი პრესის მზე 1833 წლის 3 სექტემბერს ამოვიდა. მაშინ, როცა 23 წლის ბენჟამინ დეიმ ნიუ-იორკში გაზეთი The Sun გამოსცა.

ბენჟამინ დეი ახალი ინგლისიდან იყო და Springfield-თვის, მასაჩუსეტსის რესპუბლიკური გაზეთისთვის მუშაობდა. ნიუ-იორკში კი მხოლოდ იმისთვის ჩავიდა, რომ კომპოზიტორი გამხდარიყო. პენი პრესის პიონერად დეი 1833 წელს წარმოქმნილმა დეპრესიამ აქცია. ამ დროს ახალგაზრდა კაცი იძულებული გახდა უარი ეთქვა კომპოზიტორობაზე და ხელი სხვა საქმისთვის მოეკიდა. დეიმ მალევე გააცნობიერა, რომ ასეთ რთულ პერიოდში იაფი გაზეთი გაცილებით მეტ პოპულარობას მოიპოვებდა, რაც მის შემოსავალსაც გაზრდიდა.

ბენჟამინ დეი, როგორც ვთქვით, პირველი არ იყო, ვინც გაზეთის თითო გვერდი 6-დან 1 ცენტამდე დაიყვანა. მაგრამ მან არა მარტო ფასი, გაზეთის შინაარსი და სტრუქტურაც შეცვალა. პირველ რიგში, გაზეთის გაყიდვა არა გამოწერებზე, არამედ ქუჩის გაყიდვებზე აიგო. ეს რა თქმა უნდა, გამოწვეული იყო იმით, რომ დეიმ გადაწყვიტა მდიდრებზე ორიენტირებული ვიწრო ფოკუსიდან, ფართო მასებზე გადაენაცვლა. ნიუ-იორკში, ბოსტონში, ფილადელფიასა და აღმოსავლეთ სანაპიროს სხვა ქალაქებში ბევრს სურდა გაზეთის კითხვა. დეის ასევე სჯეროდა, რომ ემიგრანტების საზოგადოება მედიისთვის მნიშვნელოვანი ბაზარი გახდებოდა.

The Sun-ს ამ ხალხისთვის ახლებური ინფორმაცია უნდა გაეცნო, ის ამბები, რაც ღარიბ ფენას სჭირდებოდა. ამიტომაც გაზეთი უფრო გასაგებ, მარტივ ენაზე საუბრობდა, ჟურნალისტები წერდნენ ყოველდღიურ ახალ ამბებს, კრიმინალურ ქრონიკებს, ადამიანურ ისტორიებს, წერდნენ მნიშვნელოვან მოვლენებსა და სპორტზე.

პენი პრესის გაყიდვები თავიდანვე რეკოდრული სულაც არ იყო. გადამყიდველებს ვერ წარმოედგინათ, რომ გაზეთები შეიძლებოდა ყოველდღე გამოსულიყო. ამიტომაც ბევრი მათგანი უარს ამბობდა მათ შეძენაზე. აქ კი პენი პრესის წარმატების კიდევ ერთი საიდუმლო გამოჩნდა. ყოველდღიური პრესა ხშირად წერდა სენსაციურ ინფორმაციას. ასეთი ამებები კი, რა თქმა უნდა, ბევრს იტაცებდა. მოკლედ, პენი პრესმა წინაღობებიც მარტივად დაძლია და ამერიკული მედია რაფინირებული, პოლიტიკურ იდეოლოგიებზე ორიენტირებული ძვირიანი პრესიდან, დიდ ბიზნესად და თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობად გადააქცია.

ბენჟამინ დეის იდეას მალე სხვა გაზეთებიც აყვნენ. მაგალითად, 1835 წელს გამოცემულმა New York Herald-მა მედიას კიდევ ერთი სიახლე შესძინა. თუკი პენი პრესამდე გაზეთები მხოლოდ ბეჭდურ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, ჯეიმს გორდონის რედაქციამ გადაწყვიტა ახალი ამბავი უკვე თვითმხილველების მონათხრობისა თუ საკუთარი დაკვირვებების მეშვეობითაც მიეწოდებინა მკითხველისათვის.

მას მერე პრესამ კიდევ ბევრი ეტაპი გაიარა, ახალი ფორმები და სტანდარტები შეიძინა. თუმცა, 1833 წლის 3 სექტემბერს, ნიუ-იორკში, The Sun-ის გამოსვლით მედიისთვის ახალი დღე დაიწყო - პენი პრესის ეპოქა, რომელმაც მედიის თანამედროვე ფორმებს ჩაუყარა საფუძველი.

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ