საკულტო ფოტოს ისტორია
09.05.2017
ბევრის აზრით, ეს სრულყოფილი სურათია. იდეალური ექსპოზიციით და განლაგებით. იმდენად კარგია, 70 წლის შემდეგაც ვერ იჯერებს ზოგიერთი, რომ ბილ როზენტალის ფოტო დოკუმენტურია. არადა, უბრალოდ, სწორი წამია დაჭერილი, სწორი კუთხე და საერთოდაც, ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ სხვაგვარად არც უნდა იყოს. სწორედ ამის დაჯერება უჭირთ.

კუნძულ ივო ჯიმაზე ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა დროშა 1945 წლის თებერვალში აღმართეს. ჯო როეზენტალის მიერ გადაღებული სურათიც აშშ-ს ელვისებურად მოედო. ბრძოლით დაღლილი მოქალაქეებისთვის ეს იყო იმედი, ომის დასასრულის ნიშანი. ფოტო იბეჭდებოდა თითქმის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე, ჯარისკაცებს ერთიორად გაეზარდათ საბრძოლო შემართება, ბევრმა ადამიანმა ირწმუნა ისევ მომავალი. შეიძლება ითქვას, რომ ფოტომ თავისი წვლილიც შეიტანა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომის დასრულებაში.

ჯო როზენტალმა, რომელიც AP-ის ფოტორეპორტიორი იყო, ამ სურათისთვის მალე პულიტცერის პრემიაც მიიღო. თუმცა, შემდეგ გაჩნდა ეჭვები მის ავთენტურობაზე, ჯოს გულწრფელობაზე. მოკლედ, ყველაფერი ისე კარგად არ წარიმართა, როგორიც საკულტო ფოტოს ავტორის ცხოვრება უნდა ყოფილიყო. იაპონურ კუნძულ ივო ჯიმაზე ჯო ერთადერთი ფოტოგრაფი არ ყოფილა, დროშის აღმართვის სცენაც მის გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანმა გადაიღო. სწორედ მათ, როზენეტალს ბრალი დასდეს, რომ დროშის აღმართვის სცენა ჯარისკაცების დახმარებით დადგა.

ჰალ ბუელი, რომელიც Associated Press-ის ფოტორედაქტორი იყო წლების განმავლობაში, ჯო როზენტალსაც კარგად იცნობდა. მას ფოტოს დოკუმენტურობაში ეჭვი არ ეპარება და იმასაც ყვება, რატომ დასდეს ბრალი ჯოს სიყალბეში.

ბუელის თქმით, როზენტალს თავიდან, მართლაც, დააგვიანდა. ის ივო ჯიმაზე იყო და როგორც კი გაიგო, რომ ჯარისკაცები დროშის აღმართვას ცდილობდნენ, სხვა რამდენიმე ფოტოგრაფთან ერთად გაეშურა იმ გორისაკენ. თუმცა, სერჟანტმა და ფოტოგრაფმა ლუის ლოურიმ მათ ასვლა დაასწრო. ლოური უკვე უკან ბრუნდებოდა, როცა ჯომ გორაკს მიაღწია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პირველი დროშა პატარა იყო და დაიწუნეს. როზენტალმაც დაინახა ჯარისკაცების ჯგუფი, რომელსაც უფრო დიდი დროშა მოჰქონდა. სწორედ მეორე დროშის აღმართვის სცენა მოხვდა მის ობიექტივში, ასეთი პოპულარობა კი სურათის უჩვეულოდ კარგმა კომპოზიციამ მოუტანა.

“წლების წინ, როცა ციფრული ტექნიკა არ არსებობდა, შენ უნდა შეგეგრძნო ის ერთი კადრი, რომლის საშუალებაც გქონდა, უნდა დალოდებოდი, მოგეძებნა, რაც გამოარჩევდა კიდეც პროფესიონალებს. ჯო ძალიან კარგი ფოტოგრაფი იყო.” - იხსენებს ჰალ ბუელი. ფოტოზე დროშის დახრილობა და ჯარისკაცების განლაგება ძალიან ლამაზ კვეთას ასრულებს. ამას ემატება მუქი ფონი და ქარი, რომელიც დროშას აფრიალებს. როგორც ბუელი ხსნის, როზენტალის ფოტოს, სწორედ, ამ დეტალების შერწყმა ხდის სრულყოფილს: “ჯარისკაცები ცალ-ცალკე დგანან, თუმცა მათი განლაგება ისეთია, თითქოს ერთი მთლიანობა იყვნენ, ზუსტად არის შერჩეული განათებაც, თუ დააკვირდებით, თითოეულ უნიფორმას აქვს თავისი ჩრდილები, თუმცა კი, ფოტო მუქი არ არის.”

ბუელის აზრით, ლოურის ეგონა, რომ მას ეკუთვნოდა ამ მომენტის საკულტო ფოტო, ის ხომ პირველი ავიდა სცენასთან, თუმცა როზენტალის კადრის ნახვის შემდეგ გაოცდა. მან როზენტალს ბრალი დასდო, რომ დროშის აღმართვის სცენა დადგა. ბევრმა ლურის არგუმენტები გაიზიარა და ჯო 60 წლის განმავლობაში ცდილობდა ამ კადრის ავთენტურობა დაემტკიცებინა. ბუელი იხსენებს, რომ ეს ჭორები, ბრალდებები ძალიან სტკენდა როზენტალს გულს. თუმცა, მას ლოურისთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია. ბუელის თქმით, ლოური თავიდან მართლაც ფიქრობდა, რომ როზენტალმა ეს ფოტო დადგა. თუმცა, შემდეგ დარწმუნდა მის ავთენტურობაში და ჯოს ბოდიშიც მოუხადა. ჭორები კი დარჩა, ზოგიერთს ახლაც არ სჯერა, რომ შეიძლება ასეთი ფოტო დოკუმენტური იყოს.

წყარო: CNN

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ