12.06.2017
კიბე უკვე აივანს მიადგეს და მეხანძრემ 19 წლის დაიანა ბრანტს სთხოვა, მისი 2 წლის ნათლული ტაირი მიეწოდებინა. ცოტაც და კიბეზე გადაიყვანდა. ფორმანი ამ დროს სახანძრო მანქანის ძარაზე აძვრა, კარგი პოზიცია დაიკავა და კამერაც ჩართო. ეს საშუალებას მისცემდა, მოძრავი ობიექტები ფოკუსში მოექცია. “15 მეტრის სიმაღლეზე იყვნენ. იმ წამს, როცა მეხანძრე კიბეს მოეკიდა, აივანი ჩაიშალა და წაიყოლა ქალი და ბავშვი. ისინი ვარდებოდნენ, მე კი ვიღებდი. შემდეგ შემოვტრიალდი, არ მინდოდა მათი დაცემა მენახა. არასდროს დამავიწყდება ჩემი ეს შემოტრიალება და კანკალი,” - ყვება ფორმანი.
თუმცა, ფორმანი ამ სცენას მაინც ვერ დაინახავდა, ქალი და ბავშვი ღობის უკან ურნებს შორის ჩავარდნილიყვნენ. მეხანძრე კი ისევ ზემოთ იყო, ცალი ხელით ეკიდა სახანძრო კიბეზე. ქვემოთ, სხვა მაშველები დაცემულებს ეხვივნენ, გადარჩენას ცდილობდნენ. ქალი იმ ღამეს დაიღუპა, ამბობნდნენ, რომ მან შეაფერხა პატარას ვარდნა. ტაირი ჯონსი გადარჩა. ფორმანი იხსენებს, რომ წამოსვლამდე მეხანძრესთან მივიდა. “დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა მეთქვა. - მაინც, ყოჩაღ! - ვუთხარი მერე. ის კი მიყურებდა თითქოს გაბრაზებული, თან თავისთვის იმეორებდა: - ორი წამი, მხოლოდ ორი წამი და მე მათ გადავიყვანდი”.
სტენლი ფორმანის ფოტომ 1976 წელს პულიტცერის პრემია აიღო, მალევე გახდა მსოფლიო პრესის წლის ფოტოც. ბოსტონ ჰერალდში გამოქვეყნებულმა ვარდნის სცენამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჯერ ბოსტონის, შემდეგ კი სხვა ქალაქების მმართველებმა, დაიწყეს საევაკუაციო ინფრასტრუქტურის შემოწმება და გამართვა. ფოტო მსოფლიოს მოედო, ფორმანი კი კრიტიკას ვერ აუდიოდა. ბევრმა მას სიკვდილის სცენის გადაღების გამო, ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში დასდო ბრალი. ამბობდნენ, რომ ეს იყო დაიანა ბრანტის პირად სივრცეში უხეში შეჭრა და სტენლიმ მხოლოდ სენსაციისთვის გამოაქვეყნა სურათი. თუმცა, ფორმანის ფოტო იმაზე რეზონანსული აღმოჩნდა, ვიდრე მისი კრიტიკა. ხელი შეუწყო საევაკუაციო სისტემის გამოსწორებას და ვინ იცის, ამით იქნებ სხვების სიცოცხლეც იხსნა.