დედასთის #5 - ნატა მეფარიშვილი, 61 წლის, საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტი
04.10.2021
 

პოდკასტის ამ ეპიზოდის სტუმარი 61 წლის ნატა მეფარიშვილია, საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული თბილისის მედიათეკების მოწყობასა და მართვაში.

ნაწილი 1

მედიაწიგნიერების თემაზე გამართულ ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში ხშირად ვისმენ ხოლმე ვერბალურ ასოციაციებს მედიაწიგნიერებასა და ტრადიციულ წიგნიერებას შორის, რაც გასაკვირი არ არის. პოპულარულ წარმოსახვაში წიგნიერი ადამიანი ისაა, ვინც ბევრ წიგნს კითხულობს. მედიის ხსენებისას კი საზოგადოების დიდ ნაწილს უპირველესად ტელევიზია, რადიო, და ჟურნალ-გაზეთები ახსენდება. კითხვები და დაბნეულობა მაშინ ჩნდება, როდესაც ამ ორ სიტყვას-მედიასა და წიგნიერებას ვაერთებთ.

თანამედროვე სამყაროში მედიაწიგნიერების არეალი საკმაოდ გაფართოვდა და მოიცვა როგორც ციფრული მედია (სოციალური მედია, ინტერნეტ-მედია, საინფორმაციო-საკომუნიკაციო პლატფორმები, და ა.შ.) ისე ციფრული პლატფორმების კითხვისა და ანალიზის, და ასევე მათი გამოყენებით ციფრული კომუნიკაციის წარმართვის უნარები.

ციფრულმა რევოლუციამ თავისთავად წარმოქმნა ისეთი საჯარო სივრცეების შექმნის საჭიროება, რომელიც ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების მრავალფეროვან პლატფორმებს შესთავაზებდა მომხმარებელს. ამას უკავშირდება ისტორიული თუ სხვა ტიპის არქივების გაციფრების ტენდენცია, ბიბლიოთეკების სამკითხველო დარბაზების კომპიუტერულ ლაბორატორიებად გადაკეთება, და ბოლოს მედიათეკების შექმნა.

მედიათეკა ბიბლიოთეკის ფრანგული მოდელია, რომელიც ბეჭდურ რესურსებთან ერთად სტუმარს სთავაზობს მულტიმედია რესურსებს, მაგალითად ფილმებს, აუდიო-ჩანაწერებს და ვიდეო-თამაშებს. ეს არის ტრადიციული ბიბლიოთეკა, რომლის სამკითხველო დარბაზებში ნახავთ კომპიუტერებითა და ინტერნეტით აღჭურვილ სივრცეს.

როდესაც პირველად მედიაწიგნიერების ამერიკულ გამოცდილებას გავეცანი, გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ მედიაწიგნიერების, როგორც საგანმანთლებლო პროცესის ფუნდამენტს სწორედ სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან არსებული ბიბლიოთეკები წარმოადგენენ. ამერიკასა და ევროპაში თითქმის ყველა ბიბლიოთეკას ჰყავს თანამშრომელი, რომლის როლი ქართულად ასე შეიძლება ითარგმნოს - მედიის სპეციალისტი. გამიკვირდა იმიტომ რომ ჩემს სკოლასა და სასწავლებლებში ასეთი არავინ ყოფილა, თუმცა გამიმართლა და მოვესწარი პირველი თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცის, მედიათეკის გახსნას თბილისში, ჯერ ვაკეში, შემდეგ კი ვარკეთილსა და ნაძალადევში.

მახსოვს იმდენჯერ მომიმზადებია დავალებები მედიათეკის სივრცეში, მისარგებლია უფასო ინტერენეტითა და გამართული კომპიუტერებით. ფილმების ჩვენებსაც დავსწრებივარ, თუმცა მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მედიათეკაში მხოლოდ წიგნები არ მიზიდავდა. მომწონდა ის დემოკრატიული შესაძლებლობები, რომელსაც უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები მაძლევდა. მაშინ ნამდვილად ვმონაწილეობდი მედიაწიგნიერების პროცესში, რადგან ამ დისციპლინის ერთ-ერთი საზრუნავი სწორედ ციფრულ რესურსებსა და ინფორმაციაზე წვდომის თანასწორობის უზრუნველყოფაა.

ნაწილი 2

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტის დაწყებამდე ჩვენს რესპონდენტს, ნატა მეფარიშვილს ვკითხე და მიპასუხა რომ ინტერნეტისა და პერსონალური კომპიუტერის გარეშე დღეს რთული იქნებოდა წიგნადი ფონდის განახლება, რისთვისაც ის Google-სა და Wikipedia-ას ხშირად იყენებს. სოციალური ქსელებიდან მხოლოდ Facebook-ის მომხმარებელია, რაც ყველაზე მეტად ახლობლებთან და მეგობრებთან კომუნიკაციის შენარჩუნებაში ეხმარება. სწორედ ამისთვის იყენებს უმეტესწილად სმარტფონს. სმარტოფნში ამინდის პროგნოზსაც ვამოწმებ ხოლმე.

პოდკასტის წინა ეპიზოდების თითქმის ყველა სტუმარმა გაუსვა ხაზი სმარტფონის როლს ამინდის პროგნოზის გაცნობაში, ეს იმაზე მიმანიშნებს, რომ ჩემი მშობლების თაობას უყვარს დაგეგმვა და სმარტფონის ერთ-ერთ მთავარ სარგებელს ამ რუტინულ რიტუალში ხედავს. ჩემთვის სმარტფონის ამინდის აპლიკაცია იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ არც მახსოვს ამინდის შემოწმების სხვა გზებს როდის მივმართე, ან საერთოდ რა არის ეს სხვა გზა.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ქალბატონი ნატა ეცადა პოლიტიკაზე საუბრისგან თავი შეეკავებინა, თუმცა არ გამოუვიდა, რადგან პირველივე ამბავი, რომელიც მისი ფეისბუქის ნიუსფიდში შეგვხვდა მმართველი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერისადმი მიმართული კრიტიკა იყო. მითხრა რომ ამ ინფორმაციის წაკითხვა უბრალოდ არ სურს მისი პოლიტიკური სიმპათიებიდან გამომდინარე. იმის გამო რომ მის ნიუსფიდში ძირითადათ ახლობლებისა და მეგობრების ფოტოები ჭარბობდა, ვთხოვე ექსპერიმენტისთვის პირად გვერდზე გადავსულიყავით და გვენახა რას აზიარებს. პოსტებს შორის იყო რამდენიმე რუსულენოვანი სიუჟეტიც და მოკლე ვიდეო. სულ ბოლო პოსტად კი გაზიარებული ჰქონდა სატელევიზიო პროექტის „აი უცნობის“ გადაცემის ფრაგმენტი. გადაცემის სტუმარი ლევან ლორთქიფანიძე, ამ მოკლე ვიდეო-ფრაგმენტში, მკაცრად აკრიტიკებს ქართველი ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმს. კრიტიკის ობიექტები მეტწილად ოპოზიციური არხების ჟურნალისტები არიან. გადაცემის წამყვანი გია გაჩეჩილაძე, იგივე, "უცნობია". პროექტი ვრცელება ტელეკომპანია მაესტროს ეთერითა და „აი უცნობის“ ფეისბუქის გვერდით.

ქალბატონ ნატას გაუჭირდა მედიაწიგნიერების პირველ კითხვაზე (ვინ შექმნა ამბავი?) ზუსტი პასუხის გაცემა. პასუხის ძიებისას ლევან ლორთქიფანიძის რიტორიკა გაიმეორა, რის გამოც ექსპერიმენტის პირველი კითხვის განმარტება მომიწია. მცირე მინიშნებამ შედეგი გამოიღო. ნატა მეფარიშვილმა დაასახელა გადაცემის ავტორი, პროექტის სახელი და ტელევიზია. ამაზე შორს არ წავსულვართ, თუმცა, როგორც წინა ეპიზოდებშიც მითქვამს, ამ კითხვაზე პასუხის ძიება მხოლოდ ავტორის და/ან პლატფორმის იდნეტიფიცირებას არ გულისხმობს. უფრო მნიშვნელოვანია, გავიგოთ ავტორის/პლატფორმის ღირებულებები. ამის კვლევას დამატებითი კითხვები და მეტი დრო სჭირდება.

მედიაწიგნიერების მეორე კითხვაზე პასუხისას, ქალბატონმა ნატამ აღნიშნა რომ მისი ყურადღება რესპონდენტმა მიიქცია. მოსწონს და ხშირად იზიარებს ლევან ლორთქიფანიძის მოსაზრებებს, შესაბამისად მისთვის ეს ვიდეო საინტერესოა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ამ კითხვაზე პასუხისას გამოიკვეთა არის ვიდეოს ხანგრძლივობა. ეპიზოდის სტუმარმა აღნიშნა, რომ გრძელ ვიდეოებს ფეისბუქზე იშვიათად უყურებს. ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორ იცვლება ფეისბუქის მომხმარებლის ქცევა ვიდეო-კონტენტთან მიმართებაში. თუ რამდენიმე წლის წინ, მოკლე და ლაკონური ვიდეო-ფორმატი ფეისბუქის შედარებით ახალგაზრდა მომხმარებლის არჩევანი იყო, როგორც ახლა ჩანს, ეს ტენდენცია უკვე ყველა თაობას მოიცავს.

მედიაწიგნიერების მესამე კითხვაზე ქალბატონი ნატას პასუხი კარგი გამოხატულება იყო იმისა, თუ როგორ მუშაობს ფეისბუქზე ე.წ. „საინფორმაციო ბუშტის“ (Filter Bubble) ტენდენცია. ეპიზოდის გმირმა აღნიშნა, რომ მისი მეგობრების უმეტესობა ისე გაიგებდა „აი უცნობის“ გადაცემის ვიდეო-ფრაგმენტში გამოთქმულ მოსაზრებებს, როგორც ის.

ამბის/ინფორმაციის ღირებულებსა და იდეოლოგიაზე საუბრისას ქალბატონმა ნატამ ობიექტური ჟურნალისტიკის მნიშვნელობა დაასახელა. თუკი გადაცემას მოისმენთ მიხვდებით, რომ სტუმარიც და წამყვანიც საუბრობენ ჟურნალისტების ქცევაზე, როდესაც სიუჟეტებსა და პირდაპირ ეთერებში ფაქტების ნაცვლად, საკუთარ ინტერპრეტაციებს ავრცელებენ. ის რაც ანალიზის სრულყოფილებისთვის იქნებოდა საჭირო არის გადაცემის წამყვანისა და სტუმრის პოლიტიკურ წარსულსა და ღირებულებებზე მინიშნება. ამაზე პოდკასტის მეხუთე ეპიზოდის სტუმარს არ უსაუბრია.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი დასრულდა იმით, რომ ქალბატონმა ნატამ აღნიშნა, რომ გადაცემაში არაფერია გამოტოვებული და მას არაფერი დაკლებია იმისთვის, რომ საკითხზე, რომელზეც სტუმარი საუბრობს, სრულყოფილი და ობიექტური წარმოდგენა შექმნოდა. სინამდვილეში ობიექტურ ჟურნალისტიკაზე საუბარი საჭიროებს იმ პასუხისმგებლიანი მედიის მუშაობის ხსენებასაც, რომელიც საქართველოში ნამდვილად მოიძებნება.

რა გავიგეთ?

პოდკასტის ამ ეპიზოდის ჩაწერისას ვეცადე გარკვევით ამეხსნა სტუმრისთვის რომ ეს კონკრეტული პოდკასტი აპოლიტიკურია და რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის კვლევაა კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში და არა ინფორმაციის პოლიტიკური ანალიზი. ამის მიუხედავად, ამ ეპიზოდმა კარგად გამოავლინა ფეისბუქის იმ მომხმარებლის პროფილის მახასიათებლები, რომელსაც მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური აფილაციები აქვთ. ეს თავისებუერებებია: განსხვავებული აზრისგან თავის არიდება და „საინფორმაციო ბუშტში“ მოძრაობა იმ ტიპის ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების გზით, რომელიც ჰარმონიაშია ჩვენს რწმენა-წარმოდგენებთან.

ავტორი : 64; სალომე აფხაზიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ