დედასთვის #7 - კახა ჯაფარიძე -70 წლის - ექიმი
31.10.2021


როდესაც ამ პოდკასტის სახელზე ვმსჯელობდით, ვიფიქრე რომ შეიძლებოდა მამა გამენაწყენებინა, იმიტომ რომ პოდკასტს "დედასთვის" დავარქვი. სხვებმაც მითხრეს, მამებმა რა დააშავესო. მაშინ პასუხი არ მქონია, მაგრამ ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ პირადი ოჯახური გამოცდილებიდან გამომდინარე, დედა უფრო აქტიურად იყენებდა ციფრულ ტექნოლოგიებს ვიდრე მამა, ამიტომ, ინსტინქტურად, დედას უფრო ვაკვირდებოდი, ვიდრე მამას.

ორი კვირის წინ, როდესაც მომდევნო ეპიზოდებს ვგეგმავდით, ძიება მამებზე გამოვაცხადე. ეპიზოდის გმირის პოვნა არ გაგვჭირვებია, თუმცა ამ მოკლე ხანში მოულოდნელად მამა გარდამეცვალა, რის გამოც სამუშაო პროცესის ორი კვირით შეჩერება მოგვიწია. პირადმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა პოდკასტის სახელზე და აუდიტორიაზე. მივხვდი, რომ მომდევნო ეპიზოდების გმირები ის მშობლებიც უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც ტექნოლოგიების ხსენებაზე პირველივე წუთში არ გვახსენდებიან. პოდკასტის მეშვიდე ეპიზოდის გმირიც ასეთია. მის სახლში ჯერ კიდევ არის გაზეთები, რომელიც ჩვენთან ერთად გადაშალა და წაიკითხა. ინფორმაციის მისაღებად კი სატელევიზიო არხებს ამჯობინებს ფეისბუქის ნაცვლად.

პროფესიით ექიმს, 70 წლის კახა ჯაფარიძეს ვერისუბანში ვესტუმრეთ. მისაღებ ოთახში თითქმის ყველა თაობის საინფორმაციო პლატფორმას მოვკარი თვალი - უახლეს პრესას, ტელევიზორს, რომელიც ოთახის გამორჩეულ კუთხეში იდგა, სმარტფონს, რომელიც მაგიდაზე, ვაზაში იდო, და ე.წ. "ფანრიან ნოკიას", რომელსაც ხშირად ნოსტალგიურად ვიხსენებთ ხოლმე. მითხრა, რომ სმარტფონი პანდემიის დაწყებიდან მალევე შვილებმა აჩუქეს, იმისთვის რომ ინფორმაციის მიღების თანამედროვე გზები აეთვისებინა. ამ პერიოდს უკავშირებს მეშვიდე ეპიზოდის გმირი ფეისბუქის აქტიურ გამოყენებასაც. პანდემიის გამო სახლში დიდ დროს ვატარებდი და ამიტომ ფეისბუქსაც უფრო აქტიურად ვიყენებდიო, თუმცა კახა ჯაფარიძეს ფეისბუქის მართვის საკუთარი წესები აქვს, რომელსაც თითქმის ყოველთვის იცავს:

1. ფეისბუქს ხსნის დილას და/ან საღამოს, დაახლოებით 20 წუთი.

2. ფეისბუქზე არასდროს აქვეყნებს ფოტოს საინტერესო ამბის გარეშე. მითხრა, რომ შვილსაც კი არ ვულაიქებ ფოტოებს, რომელსაც არ მოჰყვება ახსნა თუ რატომ გამოაქვეყნა ეს კონკრეტული ფოტოო. საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებშიც ყოველთვის ამბები იკითხება და, ძირითადათ, დაკავშირებულია მნიშვნელოვან თარიღებთან, როგორიცაა ოჯახის წევრის დაბადების დღე, მასწავლებლის დღე, და ა.შ.

3. პოლიტიკური ცნობების მისაღებად თითქმის არასდროს იყენებს ფეისბუქს. შეიძლება ფეისბუქმა დაასწროს ტელევიზიას მნიშვნელოვანი ცნობის გამოქვეყნებაო, მაგრამ დღის ბოლოს მაინც ტელევიზიით ვამოწმებ ინფორმაციასო.

4. არასდროს სქროლავს ფეისბუქს სხვა აქტივობის პარალელურად. თითქმის შეუძლებელია სოციალური მედიის პარალელურად სხვა საქმეზე კონცენტრაციაო (რაშიც სრულია ვეთანხმები).

5. ფეისბუქის შესაძლებლობები წელიწად-ნახევარში ამოწურა, ანუ პანდემიის დაწყებიდან დღემდე.

კახა ჯაფარიძისთვის ტრადიციულ მედიას სოციალურ მედიასთან შედარებით მეტი დისციპლინა აქვს ინფორმაციის მოწოდების საქმეში. ამბობს, რომ გაზეთები და სატელევიზიო არხები მეტ სივრცეს ტოვებს განსხვავებული აზრის მისაღებადო. კატეგორიულ აზროვნებას ყოველთვის გავურბივარ, ამიტომ ტელევიზიის შემთხვევაში ვიცი რომ არსებობს პროსამთავრობო და ოპოზიციური არხები, ისევე როგორც არსებობს პროსამთავრობო და ოპოზიციური პრესა, ამიტომ ვცდილობ ორივეს გავეცნოო, მაშინ როცა ფეისბუქზე ინფორმაციის წყაროების ასეთი გამჭვირვალე ანალიზი გაცილებით რთულიაო. იმის მიუხედავად რომ სოციალური მედიის პარამეტრები ნიუსფიდის დაპროგრამების საშუალებას იძლევა იმ გვერდების გამოწერით, რომელიც გვაინტერესებს, ტელევიზიისგან და გაზეთებისგან განსხვავებით სოციალური მედიის ფილტრი მაინც მყიფეა. დისციპლინა, რომელიც ტრადიციული მედიის პროგრამირებაში არსებობს, სოციალურმა მედიამ თითქოს შთანთქა.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

იმის გამო რომ პოდკასტის მეშვიდე ეპიზოდის გმირი სოციალურ-პოლიტიკურ ცნობებს მაინც ტრადიციული მედიით იღებს, მედიაწიგნიერების ექსპერიმენტისთვისაც შესაბამისი მედია შევარჩიეთ. ჯერ გაზეთი გადავშალეთ, მაგრამ ბოლოს მაინც ტელევიზიაზე შევჩერდით.

აღმოჩნდა რომ მისი ყურადღება მიიქცია "მაესტროს" სატელევიზიო პროექტ "უცნობის კიდობნის" ახალმა ეპიზოდმა, რომელშიც წამყვანი, გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე 'უცნობი' მასპინძლობს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ახლა არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდია, და, შესაბამისად პრო-სამთავრობო მედია-პროექტი აქცენტს ოპონენტზე აკეთებს. ოპონენტი ამ შემთხვევაში ზუგდიდის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან ანზორ მელიაა, რომლის წარსულის გახსენებით წამყვანიც და სტუმარიც მის დისკრედიტაციას ცდილობენ. ჩვენი ეპიზოდის სტუმრისთვის ეს ამბავი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, იმიტომ რომ მას ანზორ მელიასთან კოლეგიალური ურთიერთობები აკავშირებს და მის შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე საშუალო სტატისტიკურმა მაყურებელმა.



ანზორ მელიას დისკრედიტაციის მიზნით მომზადებული სიუჟეტის ყურებისას, კახა ჯაფარიძემ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება: ვინ ავრცელებს ამ ამბავს, რა ფორმით, რა სიტყვებია შერჩეული, და რა ღირებულებების წარმოჩენას ცდილობს გადაცემის გუნდი. ახსენა, რომ სიუჟეტი ბევრ კითხვას აჩენს, რაც დიდ და სახიფათო სივრცეს ტოვებს პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციების ჩამოყალიბების მიმართულებით. ანზორ მელიას კომენტარის ისეთი დეტალების ხელოვნური გამეორება, სადაც ის საუბრობს სამართლებრივ დაპირისპირებაზე თავის „გამზრდელ პროფესორთან“, მაყურებელს უმყარებს აზრს, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მორალი მყიფეა. კახა ჯაფარიძემ ხაზგასმით რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მას რომ არ სცოდნოდა ანზორ მელიასა და მისი პროფესორის დაპირისპირების დეტალები, მისთვის უპირობოდ მისაღები იქნებოდა ის, რასაც „უცნობის კიდობნის“ ავტორები ამ მოკლე კლიპით ამბობენ.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტის დასასრულს, კახა ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ საფრთხეებზე, რაც კატეგორიულ აზროვნებას მოჰყვება. ამისგან თავის დასაღწევად, ყველა თაობის წარმომადგენელს ურჩევს მათთვის მისაღები შეხედულებების პარალელურად განსხვავებული აზრიც ისმინონ. გარდა, ამისა იყვნენ თვითკრიტიკულებიც. უფრო მეტიც, თუკი თვითრეფლექსია არ გეყოფათ, სხვებთან გადაამოწმეთ საკუთარი თავი და შეხედულებებიო.

ავტორი : 64; სალომე აფხაზიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ