ლგბტ ადამიანების უფლებები და ქათმის ბარკლები საქართველოში
24.03.2015
1987 წელს, თითქმის ოცდაათი წლის წინ, აშშ-ში, ვესტ ვირჯინიაში მდებარე ქალაქ უილიამსონში, ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. იქ ამერიკული ტელესივრცის ვარსკვლავი ოპრა ვინფრეი იმყოფებოდა. ოპრამ თავისი ტოკ-შოუს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გადაცემა ჩაწერა. ამ გადაცემის მასშტაბურობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მასში ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებდა მონაწილეობას. ისინი ორ ფლანგზე არაპროპორციულად იყვნენ განაწილებულნი, რადგან მათი უმრავლესობა იმ ერთ აივ ინფიცირებულ გეი მამაკაცს ესხმოდა თავს, რომლის გამოც ოპრა უილიამსონში ჩავიდა.

ოცი წლის შემდეგ ოპრა დაბრუნდა უილიამსონში და მაშინდელი დისკრიმინაციის მსხვერპლზე თავდამსხმელებს აზრი ხელახლა ჰკითხა. ყველამ ბოდიში მოიხადა. ყველამ აღიარა საკუთარი სისასტიკე და ყველაფერი იმას დააბრალა, რომ მაშინ აივ ინფექცია ახალი დაავადება იყო.

ამ ფაქტიდან ოცდაათი წლის შემდეგ ქართულ ტელეეთერში ძალიან ბევრი ტოკ-შოუს ტიპის გადაცემა გაჩნდა. მათი უმრავლესობა იმ ფორმას იმეორებს, რომლის შექმნაც სწორედ ოპრა ვინფრეის მიეწერება. მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგია, რომელსაც ოპრაც იყენებდა, თითქმის ქართული შოუების იდენტურია, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ეს განსხვავება კი იმაში გამოიხატება, რომ ქართული ტოკ-შოუების წამყვანები როგორც ინტელექტუალური, ასევე სამოქალაქო განათლებით ოპრას ძალიან ჩამორჩებიან.

სამოქალაქო და ინტელექტუალური განათლების ნაკლებობა არის იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც, რომ ხშირად ქართველი წამყვანები, შოუს დადგმისთვის, ადამიანის უფლებების თემატიკასაც კი სკანდალის ობიექტად აქცევენ და მის ვულგარიზებას ახდნენ. ამის საუკეთესო შანსი კი მაშინ ეძლევათ, როდესაც ისეთ სენსიტიურ თემებს, როგორიც ლგბტ ადამიანების უფლებებია, კალენდარული თარიღებიც უწყობს ხელს.

წლევანდელი 17 მაისი ქართველი ლგბტ თემის წევრებისთვის მათზე მხოლოდ რელიგიური თავდასხმის დღე არ ყოფილა. 17 მაისთან დაკავშირებით იმედის ტელეეთერში ორი ტოკ-შოუ დაეთმო ლგბტ ადამიანებზე საუბარს. გია ჯაჯანიძის შოუსგან განსხვაევბით, “იმედის კვირა” უფრო კონსტრუქციული აღმოჩნდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ გადაცემის კომპლექსური ფორმატისა (ვგულისხმობ ოთხი წამყვანის ერთდროულ მუშაობას), ის მაინც არ იყო იმ სტანდარტის, რომ მაყურებლებს მცირედი პროტესტის გრძნობა მაინც არ გაგვჩენოდა.

გარდა იმისა, რომ საქართველოში ლგბტ უფლებებზე საუბარი ისედაც პოლიტიკურ მანიპულაციად ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გრანტის მოსაპოვებელ ქმედებად არის გაგებული; ბევრ ადამიანს ლგბტ უფლებებზე საუბარი ზოგადად უმნიშვნელო ამბავი ჰგონია. ამის დამადასტურებელი იყო ის ფაქტიც, რომ გადაცემის ზოგიერთი მონაწილისათვის, ქათმის ბარკლებით კვება უფრო დიდი პრობლემა აღმოჩნდა, ვიდრე ლგბტ ადამიანების უფლებების პერმანენტული დარღვევა.

მცირედი განმარტების გაკეთება შეიძლება შალვა რამიშვილისთვისაც. ის, რომ ვითომდა საყურის ტარებასა და არანორმატიულ ჩაცმულობას მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში, დიდი ტყუილია. საყურეც, ვიწრო შარვალიც, გრძელი ან სხვადასხვა ფერად შეღებილი თმა, საქართველოში გეი ატრიბუტიკასთან იგივდება და მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, ამ ატრიბუტიკის მქონე ადამიანები ყოველდღიურად ხდებიან დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი. ამ პროცესებში კი არა მათი ორიენტაცია, არამედ ატრიბუტიკის მიმართება და შეურაცხყოფის მიზეზია მთავარი.

რამდენიმე სიტყვით შევეხები იმ მნიშვნელოვან საკითხსაც, რომელიც გადაცემის ბოლოს ერთ-ერთმა წამყვანმა გაკვრით ახსენა - ჰომოსექსუალობის დაავადებების სიიდან ამოღება. სინამდვილეში ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებების სიიდან ამოიღო, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ეს ფაქტი, საკუთარი არსებობითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიტეტით, აუქმებს ყველა იმ სექსოლოგის, ფსიქოლოგისა თუ სხვა სამედიცინო მუშაკის განმარტებას, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა.

საბოლოოდ, ჩემი მრავალი აზრის შემოკლებისა და შეჯამებისათვის, ვიტყვოდი, რომ ქართულ ტელესივრცეს დღეს არ აქვს ის ინტელექტუალური ფუფუნება, რომ ქართველ მაყურებელს შესთავაზოს, ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც ქართული ლგბტ კულტურაა,სწორად აწყობილი დებატი, რომელიც ზიანს არ მიაყენებს ისედაც დაჩაგრული თემის წევრებს. დღეს ქართველ ჟურნალისტებს, სამწუხაროდ, არ შესწევთ იმის უნარი, რომ არათუ დააბალანსონ დისკურსი, არამედ ოპონირება გაუწიონ მათი გადაცემების ფარგლებში გაჟღერებულ არაპოლიტკორექტულ და ხშირად სიძულვილით მოტივირებულ განცხადებებს. მეტიც, ქართული ტოკ-შოუების წამყვანები ხშირად ღიმილნარევი იერსახით ამბობენ ტერმინებს, რომლებიც მათთვის დღემდე გაუგებარია. ამ ტერმინების გაუგებრობა მათივე ბუნდოვანებით არ არის გამოწვეული. ეს გაუგებრობა ქართველი ჟურნალისტებისა და ტელეწამყვანების გულგრილობის შედეგია. მათ ლგბტ ადამიანების უფლებები არ მიაჩნიათ საკმარისად სერიოზულ მოვლენად და შეუძლიათ, რომ 17 მაისს, მას შემდეგ რაც მორჩებიან ლგბტ ადამიანების უფლებებზე საუბარს, ერთი წლის წინ შექმნილი დღესასწაულის (ოჯახის სიწმინდის დღე) მილოცვით დაასრულონ გადაცემა.

ბლოგის ავტორი : დავით კახაბერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ