გაეცანით ვიზუალიზაციებს, რომელიც მომზადებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და World Vision საქართველოს თანამშრომლობით.
დააკლიკეთ ქარდებს ⇓
“ ჟურნალისტმა უნდა მოძებნოს ყველა გზა, რათა დაიცვას მთავარი
პრინციპი - „არ ავნო“. ეს არ არის ქველმოქმედება, ამან შესაძლოა
კიდევ უფრო დიდი ზიანი მოიტანოს”, - გვეუბნება ფსიქოლოგი მაია ცირამუა
სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების შესახებ მომზადებულ ისეთ
მასალებზე, რომლებშიც ამ ბავშვების იდენტიფიცირება ხდება და ისინი
ქველმოქმედების ობიექტებად არიან წარმოჩენილი.
ასეთი მასალები ონლაინ მედიის ნაწილსა და სხვადასხვა საიტებსა და
ჯგუფებში, პერიოდულად, ვირუსულად ვრცელდება. ხშირ შემთხვევებში
ინფორმაცია ზედაპირული და ცალხმრივია, არასრულწლოვნები ყვებიან როგორ
ენატრებათ საჭმელი, ტკბილეული, ტირიან… გვაჩვენებენ მათ განცდებს,
სახეებს ახლო კადრებით.
მაგალითად, ბოლო რამდენიმე დღეა, ონლაინ მედიის ნაწილსა და სხვადასხვა
საიტზე, აქტიურად ვრცელდება მასალა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ
არასრულწლოვან გოგოზე, რომელმაც საკვების ფულის საშოვნელად თმა
გაყიდა.
ამბავი პირველად ფეისბუკში საქველმოქმედო მიზნით შექმნილ ერთ-ერთ
გვერდზე გამოქვეყნდა. ვიდეომასალაში, სევდიანი მელოდიის ფონზე, 7 წლის
გოგო ყვება, როგორ ენატრება ისეთი გემრიელი საჭმელი, როგორის სუნიც
მეზობლების სახლიდან გამოდის და როგორ ჩააბარა თმა სილამაზის სალონში.
მასალაში არასრუწლოვანი სრულად არის იდენტიფიცირებული - ახლო კადრებით
ჩანს ვიდეოში, დასახელებულია მისი ვინაობა და საცხოვრებელი
ადგილი.
ამბავი მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახის შესახებ, უცვლელად
გამოაქვეყნდა „პალიტრავიდეოს“, რადიო „ფორტუნას“, „რეზონანსის“,
„ალიას“, „ნიუპოსტის“, „პრაიმტაიმის“, "სააგენრო პირველის" და სხვა
ონლაინ გამოცემების გვერდებზე, მომზადდა სიუჟეტი "მაესტროზე". ფოტო
ან/და ვიდეო კადრებით, ბავშვის სახელის და გვარის, ოჯახის მისამართის
დასახელებით, თითოეულ მასალაში არასრულწლოვნები პირდაპირ იყვნენ
იდენტიფიცირებული.
არცერთ გამოცემას არ უცდია ეს ამბავი გამოეყენიბინა ბავშვთა
სიღარიბეზე, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის
კვლევის“ ბოლო ანგარიშის მიხედვით, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა
საქართველოში (ბავშვების 22,1% საარსებო მინიმუმის, 6.8% კი უკიდურესი
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს), როგორც სისტემურ პრობლემაზე
სამსჯელოდ, დაკავშირებოდა პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, ესაუბრა
ბავშვთა სიღარიბის მიზეზებზე, შედეგებსა და გამოსავალზე.
ბავშვთა სიღარიბე მედიის დღის წესრიგში მუდამ რომ უნდა იყოს, ამაზე
არავინ დაობს. თუმცა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოს მიხედვით, მედიას უნდა
ახსოვდეს, რომ მსგავს თემებზე მუშაობისას უპირატესი ბავშვის
ინტერესია, მასალები ისე უნდა მომზადდეს, რომ ხელი არ შეეწყოს
არასრულწლოვნების სტიგმატიზებას და მათი უფლებების დარღვევას.
ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა
ფიქრობს, რომ სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვების
იდენტიფიცირება ძალიან სახიფათოა:
„სარისკოა, იმიტომ, რომ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სოციალური
პრობლემების მქონე ბავშვები ძალიან ხშირად ხდებიან ჩაგვრის ობიექტები
თანატოლების მხრიდან და არა მხოლოდ თანატოლების - მე მინახავს
შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს
ბავშვს. მსგავსი ტიპის გაშუქებით, ეს რისკები იზრდება და, შესაძლოა,
ისინი ჩაგვრის ობიექტები გახდნენ. როდესაც ბავშვი ხდება მოწყალების
ობიექტი, ჩვენ არ ვიცით ეს ყველაფერი სამომავლოდ როგორ აისახება მის
მიმართ დამოკიდებულებაზე, როგორ ჩაიწერება ეს მის ბიოგრაფიაში და
ა.შ.“
მისივე თქმით, კონკრეტული შემთხვეევბის გაშუქებისას, მედიის მთავარი
აქცენტი სწორედ სისტემური პრობლემის ჩვენება უნდა იყოს: „მედიის
მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა ის, რომ დახმარების მუხტი გააღვიძოს
ადამიანებში, არამედ მედიის ამოცანაა, რომ გააშუქოს პრობლემები და რაც
შეიძლება მეტი „აკაკუნოს“ იმ იმ ინსტიტუციების კარზე, რომელთა
პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დაეხმაროს სოციალური პრობლემების მქონე
ოჯახებს.“
ისე როგორც 7 წლის გოგოს შესახებ მასალაში, სხვა ამგვარ
შემთხვევებშიც, ხშირად ჩანან არასრუწლოვნების მშობლები, რაც გვაძლევს
იმის გარაუდის საფუძველს, რომ არსებობს მშობლის თანხმობა ბავშვების
გადაღებაზე. თუმცა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უთითებს, რომ მშობლის
თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხისმგებლობისგან, თავად
გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის
კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება.
„მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება
ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს. ზოგჯერ მშობლები ნაკლები
ინფორმაციის, განათლების თუ უბრალოდ მძიმე ემოციური მდგომარეობის
გამო, ვერ იაზრებენ, რა საფრთხეების მომტანია მასალაში ბავშვის
იდენტიფიცირება“, - ვკითხულობთ ქარტიის სახელმძღვანელო წესებში.
მაია ცირამუა კი აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც მშობლის თანხმობა
არსებობს, ბავშვის ინტერესი უნდა იყოს ამოსავალი პრინციპი ყველასთვის
და მედიამ ყველა გზა უნდა მოძებნოს, რომ დაიცვას ბავშვთა
უფლებები.
„შესაძლოა, მშობელს ყველა რესურსი ამოწურული აქვს და მისთვის ფიზიკური
გადარჩენაა მნიშვნელოვანი, შესაძლოა მან ვერ გაიაზროს ის რისკები,
რასთანაც ბავშვის იდენტიფიცირება არის დაკავშირებული. ზოგჯერ, მშობელი
ბავშვის ინტერესის დამცველი არ არის. მე მგონია, რომ ჟურნალისტს არა
მხოლოდ პროფესიული, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობაც აკისრია. -
ჟურნალისტმა უნდა მოძებნოს ყველა გზა, რათა დაიცვას მთავარი პრინციპი
- „არ ავნო“. ეს არ არის ქველმოქმედება, ამან შესაძლოა კიდევ უფრო
დიდი ზიანი მოიტანოს”, - ამბობს მაია ცირამუა.
„უპირველესად ბავშვის უფლებების დაცვას ხაზგასმით უთითებს ქარტიის
მე-8 პრინციპიც:
„ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული
საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ
მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან
რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.
ქარტიის პრაქტიკაში არსებობს საქმეები, სადაც სწორედ ბავშვთა
სიღარიბის ზემოთმოთხრობილი პრობლემური გაშუქების გამო, მე-8 პრინციპის
დარღვევა დადგინდა.
მაგალითად, 2018 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, რომელიც
ტელეკომპანია “ობიექტივში” გასულ მასალას ეხება, საბჭო უთითებს, რომ
მასალაში,რომელიც 7 და 6 წლის არასრულწლოვნებს შეეხებოდა, ჟურნალისტს
სავარაუდოდ ჰქონდა მიზანი შემდგომში დახმარების იმედით შეჭირვებული
არასრულწლოვანების მიმართ გამოეწვია საზოგადოების თანაგრძნობა, თუმცა
საკითხს არ მიუდგა განსაკუთრებული სიფრთხილით.
“ჟურნალისტს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება შეაფასოს თუ რა ზეგავლენა
შეიძლება მოახდინოს ამ სიუჟეტმა ბავშვებზე. ასაკის გამო ბავშვი ვერ
აფასებს და ვერ იღებს გააზრებულ გადაწყვეტილებას თუ რამდენად
შეესაბამება მის ინტერესებს, რომ საზოგადოების ფართო ფენამ ნახოს მისი
გაჭირვება, ემოციები და ა.შ. ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს, სიუჟეტი ხომ
არ გამოიწვევს მის სტიგმატიზებას, დაცინვას მძიმე სოციალურ პირობებში
ცხოვრების და მიტოვების გამო. საბჭო მიიჩნევს, რომ ბავშვის ამ
კონტექსტში წარმოჩენა არ ემსახურებოდა მის საუკეთესო ინტერესს”, -
ვკითხულობთ ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებაში.
რედ.: სტატიის მთავარ ფოტოდ გამოყენებულია Unicef-ის ფოტო
26 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სვანეთში 12 წლის
მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით მამა, შემთხვევით, სასიკვდილოდ დაჭრა.
გამოცემების ნაწილმა, ამბის გაშუქებისას დაასახელა გარდაცვლილის
სახელი და გვარი, ასაკი, ფოტო და სხვა დეტალები, რითაც არასრულწლოვნის
ირიბი იდენტიფიცირება მოხდა. ეთიკური ჟურნალისტიკის მიხედვით,
დაუშვებელია კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე არასრულწლოვნის როგორც
პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება.
გამოცემებმა „ინტერპრესნიუსი“, „კვირის პალიტრა“, „დრონი.ჯი“,
„პალიტრა ვიდეო“, „ნიუპოსტი“, „ინტერმედია“, „პრაიმტაიმი“, „ალია“,
„რეზონანსი“ და გვერდებმა itv.ge, ambebi.ge, geoinformer.tk, vog.ge,
news.coa.ge, timenews.ge მომხდარის გაშუქებისას, გაავრცელეს
არასრულწლოვნის მიერ შემთხვევით მოკლული მამის ფოტო, დაასახელეს მისი
სახელი, გვარი და სხვა არასაჭირო დეტალები, რამაც არასრულწლოვნის
ირიბი იდენტიფიცირება გამოიწვია.
ჟურნალისტური ეთიკის მიერ მომზადებულ კრიმინალის გაშუქების
სახელმძღვანელოში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დაუშვებელია
კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე, დაზარალებული, ბრალდებული და
მსჯავრდებული ან/და თვითმხილველი არასრულწლოვნების იდენტიფიცირება.
ბავშვთა საკითხების გაშუქების
სახელმძღვანელოში კი ნათქვამია, რომ ბავშვის დაფარვა უპირობოდ
აუცილებელია, როდესაც იგი არის ბრალდებული/მსჯავრდებული ან თუნდაც
მოწმე. გარდა ამისა, სახელმძღვანელო მიუთითებს მედიებს, რომ
გაითვალისწინონ „ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი მისი სრულად
არაიდენტიფიცირებისთვის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს
აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით“.
აქვე, იხილეთ:
5 რეკომენდაცია მედიას მკვლელობაში
ბრალდებული არასრულწლოვნის საკითხის გაშუქებისთვის
[Video]
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 4-დან 7 ივნისის ჩათვლით
პერიოდში, საქართველოში სუიციდის ოთხი შემთხვევა მოხდა. ოთხიდან ერთი
გარდაცვლილი არასრულწლოვანი იყო. ოთხივე შემთხვევა მედიის დღის
წესრიგში მოხვდა, თუმცა, მედიასაშუალებების ნაწილმა მომხდარი ეთიკური
სტანდარტების დარღვევით გააშუქა - გამოაქვეყნეს გარდაცვლილის ფოტოები,
აღწერეს სუიციდის მეთოდი, გაასაჯაროვეს არასაჭირო დეტალები
გარდაცვლილთა პირადი ცხოვრებიდან, ისაუბრეს სუიციდის სავარაუდო
მიზეზებზე და ახალ ამბებად აქციეს გარდაცვლილთა ახლობლების მიერ
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტები. გარდა ამისა, ოთხი
ფაქტის გაშუქებიდან სამ შემთხვევაში სუიციდის რომანტიზებას ჰქონდა
ადგილი, რაც განსაკუთრებით სახიფათოა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სუიციდიაპრობლემურად შუქდება.
არაერთი სტატია იძებნება “მედიაჩეკერის”
არქივშიც. ყველა ამ მასალაში საუბარია, რომ თვითმკვლელობის
შემთხვევების გაშუქებისას მედიას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს,
რისკები განსაკუთრებულად დიდია, თუ საქმე არასრულწლოვანს ეხება.
ამ რისკებზე საუბრობს “მედიაჩეკერთან” ფსიქოლოგი მაია ცირამუაც. მისი
თქმით, განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს მოზარდები წარმოადგენენ, რადგან
ისინი ასმაგად უფრო იმპულსურები არიან, ვიდრე ნებისმიერი სხვა
ადამიანი: „ახლა უამრავი თინეიჯერი არის შეძრული იმ ამბებით,
რაც ხდება. თანამედროვე სამყაროში ისედაც ძალიან სერიოზული გამოწვევის
წინაშე არიან მოზარდები. ჩვენს ქვეყანაში კი, სადაც ზოგადად არ არის
ხალისიანი ცხოვრება, არაფერს არ სთავაზობს მოზარდს სახელმწიფო, რომ
მან ბედნიერად იცხოვროს - უფრო მეტად იზრდება რისკები. თინეიჯერები
პირდაპირ ახდენენ კოპირებას თავიანთ ცხოვრებაში იმ სულისკვეთების, იმ
მეთოდის, იმ მიზნის, რაც იკვეთება სუიციდის არსებულ სიტუაციებში.
ნაცვლად იმისა, რომ ვილაპარაკოთ პრევენციაზე, ჩვენ ვავრცელებთ და
ვატრიალებთ სარისკო და სახიფათო ინფორმაციას.“
მაია ცირამუა რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი
თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია სუიციდის შემთხვევების გაშუქებისას.
მათ შორის, მომხდარის დეტალების აღწერა და სუიციდის რომანტიზება.
“დეტალების აღწერა არის ცეცხლზე ნავთის დასხმა. კატეგორიულად არ
შეიძლება საუბარი თვითმკვლელობის ფორმაზე, მიზეზებზე, მითუმეტეს
მაშინ, როდესაც მიზეზით შესაძლოა მოხდეს ფაქტის რომანტიზება.
დაუშვებელია, ილაპარაკო სუიციდის საშუალებებზე, რადგან ის ადამიანი,
რომელიც მოწყვლადია ამ თვალსაზრისით და შეიძლება ამაში პოულობდეს
რაღაც „გზას“, შესაძლოა, შენ მას უკარნახო რა და როგორ გააკეთოს”, -
ამბობს იგი და ამატებს, რომ ე.წ. რომანტიკული თვითმკვლელობა გაცილებით
უფრო სარისკოა და უფრო ფრთხილად უნდა გაშუქდეს: “არც ვიცი, საერთოდ
უნდა გაშუქდეს თუ არა მიზეზის მითითებით. მე დავაკვირდი, რომ ბოლო
დღეებში გამოიკვეთა შემთხვევები, სადაც ფიგურირებს შეყვარებულის გამო
თვითმკვლელობა. ეს უკვე ძალიან სახიფათო სიგნალია”.
⇒ ამავე თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ სუიციდის გაშუქებისას
გასულ წელს 7 წლის ამერიკელი ბიჭი სახელად რაიანი მსოფლიოში
ყველაზე მაღალშემოსავლიან იუთუბერად დასახელდა. მან 12 თვის
განმავლობაში თავის Youtube არხზე (Ryan ToysReview) სხვადასხვა სათამაშოს
განხილვით $22 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით ტოპ
10 იუთუბერს შორის ერთადერთი ბავშვი აღმოჩნდა.
სოციალურ მედიაში ბავშვების მონაწილეობით უამრავი კონტენტი ვრცელდება.
ბევრი ბავშვისთვის კი ეს სფერო ერთგვარ სამსახურადაც იქცა. ამასთან,
გაჩნდა კითხვები, რამდენადაა ინფლუენსერი ბავშვების უფლებები დაცული
სოციალურ მედიაში და ხომ არ ირღვევა ბავშვთა შრომის კანონი? - ამ
კითხვებზე პასუხის გაცემა The Guardian-ის ჟურნალისტმა ჯულია ქერი
ვონგმა სცადა.
ისინი ხსნიან ახალი სათამაშოების ყუთებს, თამაშობენ, იღებენ "პრანკ"
ვიდეოებს, ამზადებენ ტყლარწებს, მღერიან, ცეკვავენ და იმახსოვრებენ
ფრაზას: "გამოიწერეთ ჩემი არხი!"
ბავშვები YouTube-ისა და Instagram-ის იმ ვარსკვლავებს შორის არიან,
რომლებიც მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ.
თუკი წლების წინ ტელევიზიაში ტყუპი და: მერი-ქეითი და ეშლი ოლსენები
იყვნენ პოპულარულები, ახლა სოციალურ მედიაში პოპულარულები იდენტური
ტყუპი დები: ალექსის და ევა მაკლუერები არიან.
ყველასთვის ცნობილი მაკოლეი კალკინი კი 7 წლის რაიანმა ჩაანაცვლა.
ფაქტობრივად, დღესდღეობით ინფლუენსერ ბავშვებს ჰოლივუდის სტუდიაში
ფეხის დადგმის გარეშე შეუძლიათ წარმატების მიღწევა და ქონების
დაგროვება. თუმცა, მათზე ოფიციალურად არ ვრცელდება კალიფორნიის კინო
ინდუსტრიის ცენტრში არსებული შრომითი კანონები, რომლებიც სპეციალურად
მსახიობი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც თავის დროზე მშობლების ან/და
დამსაქმებლის მხრიდან ბავშვი მსახიობების შრომითი ექსპლუატაციისგან
თავდასაცავად შემუშავდა, YouTube-ისა და Instagram-ის ცნობილ
ბავშვებზე არ ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანია
კალიფორნიაში მდებარეობს.
დღესდღეობით ჰოლივუდში რამდენიმე ყოფილი მსახიობი ბავშვი და ექსპერტი
ხმამაღლა საუბრობს არსებულ მდგომარეობაზე იმ იმედით, რომ სოციალური
მედია პლატფორმები თავიანთ პრაქტიკას შეცვლიან ან პროცესში
კანონმდებლები და მარეგულირებლები ჩაერთვებიან.
"არ მაინტერესებს თუ ეს უბრალოდ კამერის წინ საჩუქრების გახსნაა. ეს
მუშაობაა და აღარაა თამაში, თუ ამისგან ფულს აკეთებ", - ამბობს შილა
ჯეიმს კუელი, რომელიც ბავშვობაში მსახიობი იყო, ხოლო ბავშვთა
შრომასთან დაკავშირებით 1999 წელს მიღებული კანონის ერთ-ერთი თანაავტორია.
კუელი ფიქრობს, რომ საჭიროა კანონები ჩასწორდეს, რათა ტექნოლოგიურ
განვითარებას დაეწიოს.
ტყუპი დის: ალექსის და ევას მშობლებმა, ეიმი მაკლუერმა და მისმა
ქმარმა გასულ წელს სამსახურები მიატოვეს იმისთვის, რომ თავიანთი
შვილების კარიერა წარემართათ. შედეგად კი იუთუბერი შვილები სხვადასხვა
პროექტში ჩართეს, მათ შორის Facebook-ის ჭკვიანი კამერის - Portal-ის
რეკლამაში, რომელიც თავიანთ Instagram გვერდზე გამოაქვეყნეს.
ინფლუენსერი ბავშვების ზოგიერთი მშობელი აღნიშნავს, რომ მათი შვილები
კონტენტის შექმნის პროცესში ერთობიან ან ვერც კი ხვდებიან რას
აკეთებენ. 2017 წელს უშუალოდ Instagram-ის ანგარიშზე პატარა ზოი მიოშის ფოტო გამოქვეყნდა, რომლის აღწერაშიც ზოის
დედა სხვა მშობლებს რჩევას აძლევდა იმის, შესახებ თუ როგორ გადაუღო
ფოტოები თავის 5 წლის გოგონას. "ძირითად შემთხვევებში ზოი ფოტოს
გადაღებისას პირდაპირ მე არ მიყურებს, ამის დამალვაში კი მზის
სათვალეები მეხმარება", - წერდა მშობელი.
Instagram-ზე ცნობილი სამი ბიჭის დედამ ბი ფიშერმა კი Wired-თან ინტერვიუში განაცხადა - “არის დღეები,
როდესაც ბავშვები არ არიან ფოტოს ან ვიდეოს გადაღების ხასიათზე და
არცაა აუცილებელი ყოველთვის ამის ხასიათზე იყვნენ, თუ, რა თქმა უნდა,
ამ საქმეში ფულს არ გვიხდიან. ასეთ შემთხვევაში ისინი მზად უნდა
იყვნენ გადაღებისთვის. ჩვენ ყოველთვის გვაქვს კანფეტები
(ბავშვებისთვის) ასეთ დღეებში". ეს ამბები არაფერია 47 წლის არიზონელი
ქალის ისტორიასთან შედარებით. მიშელ ჰობსონს მიმდინარე წლის მარტში
ბრალი დასდეს 7 აყვანილი ბავშვიდან 5-ის მიმართ ძალადობაში, რაც 6-დან
15 წლამდე ასაკის ბავშვების ცემას, დასჯასა და შიმშილს მოიცავდა.
“თითოეულმა ბავშვმა ახსენა, რომ დედამისის YouTube არხზე სახელწოდებით
Fantastic Adventures-ზე (700,800-ზე მეტი გამომწერი და 242 მილიონზე
მეტი ნახვა) განთავსებულ ვიდეოებში მონაწილეობდნენ. თუ ბავშვები
თავიანთ სათქმელ ფრაზებს არ დაიმახსოვრებდნენ ან მითითებებს არ
შეასრულებდნენ, ისჯებოდნენ. მოზარდებმა ისიც თქვეს, რომ სწორედ ამ
მიზეზით გამოიყვანა ისინი დედამისმა სკოლიდან, რათა ვიდეოები
გადაეღოთ", - აღნიშნულია პოლიციის დოკუმენტებში.
Arizona Republic-ის ინფორმაციით, ჰობსონმა თავისი
YouTube არხიდან 2018 წელს თითქმის $300,000 აშშ დოლარი გამოიმუშავა.
მიშელ ჰობსონის დაკავებაზე YouTube-ის თავდაპირველი პასუხი მისი არხის
დემონეტიზაცია (რეკლამების შეწყვეტა ვიდეოებზე) იყო. კომპანიამ
მოგვიანებით არხი გააუქმა.
კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა იყო საპირველაპრილო ხუმრობა, რომელიც
იუთუბერებმა ქოულ და სავანა ლებრანტებმა თავიანთ ქალიშვილს, 6 წლის
ევერლი როუზს მოუწყვეს.
აპრილის თვეში წყვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელის პირველივე წამებში
ჩანდა, თუ როგორ ტიროდა გოგონა. ბავშვის ცრემლების მიზეზს მშობლების
"პრანკი" წარმოადგენდა, მათ შვილს დააჯერეს, რომ თავიანთი ძაღლის
გაჩუქებას აპირებდნენ. მას შემდეგ, რაც ამ ვიდეომ საზოგადოების
კრიტიკა გამოიწვია, იუთუბერებმა საპასუხო ვიდეო გამოაქვეყნეს,
საპირველაპრილო ხუმრობას შეცდომა უწოდეს და ვიდეო არხიდან წაშალეს.
“ვიცით, რომ ეს YouTube-ზე არ უნდა დაგვედო, მაგრამ ჩვენ ჩვენს მთელ
ცხოვრებას ვიღებთ", - ამბობოდა სავანა ლებრანტი.
ამ შემთხვევის შემდეგ ევერლი არაერთ ვლოგსა და Instagram-ის პოსტში
გამოჩნდა. ის მუდმივად ჩანს მისი მშობლების YouTube-ის არხზე (8.8
მილიონი გამომწერი), საკუთარ არხზე (2.2 მილიონი გამომწერი)
და “საუკეთესო მეგობრების“ არხზე
(1.5 მილიონი გამომწერი).
მას Instagram-ის პირადი გვერდიც აქვს 4.4 მილიონი
მიმდევრით. ევერლი ხშირად ჩანს დედამისის Instagram გვერდზე (5.1
მილიონი მიმდევარი) გამოქვეყნებულ დასპონსორებულ პოსტებზე. ლებრანტებს
არასდროს გაუციათ პასუხი კითხვაზე, უხდიან თუ არა ევერლის თავიანთი
YouTube არხიდან მოგების წილს ან აქვთ თუ არა ბავშვისთვის გახსნილი
შემნახველი ანგარიში.
ყოფილი მსახიობი ბავშვებისთვის 1991 წელს შექმნილი საადვოკატო ჯგუფის
დამფუძნებლის პოლ პეტერსონის აზრით, კალიფორნიაში არსებული
კანონმდებლობა, რომელიც ბავშვი შემსრულებლების დაცვას ითვალისწინებს
ამავე შტატში მცხოვრებ ევერლიზე, არიზონაში ჰობსონის შვილებზე და
ნიუ-ჯერსიში მცხოვრებ მაკლუერებზეც უნდა ვრცელდებოდეს.
“YouTube-ის შტაბ-ბინა სან ბრუნოშია, რომლის ტერიტორიაზეც კალიფორნიის
კანონმდებლობა ვრცელდება. თუ მცირეწლოვნების ამ პლატფორმაზე
გამოჩენასა და მათთვის თანხის გადახდას აპირებთ, მაშინ მათზე
კალიფორნიის კანონმდებლობა აუცილებლად უნდა გავრცელდეს. ამიტომ ვცვლით
კანონს”,- აცხადებს პეტერსონი.
"ბავშვის მიერ გამომუშავებული
თითოეული დოლარი მის მშობელს ეკუთვნის"
სანამ პეტერსონი კანონის შეცვლას დაიწყებდა, ისიც მსახიობი ბავშვი
იყო, რომელიც "მიკი მაუსის კლუბის" Mouseketeers-ის სერიებში
მონაწილებდა, 12-დან 20 წლამდე კი "დონა რიდის შოუში"თამაშობდა. 1966
წელს, როცა შოუ დასრულდა, მსახიობს პრობლემები დაეწყო.
“როცა ცნობადობა გაქრა, პრობლემები დამეწყო. ასე იყვნენ სხვა
ბავშვებიც: მშობლებისა და დედმამიშვილებისგან გაუცხოება, ცნობადობის
გაქრობასთან ერთად იდენტობის დაკარგვა. თუკი ცნობადობის გამო ცუდი
გავლენებისგან თავისუფალი განათლების უფლებაზე უარი თქვი, რისკის ქვეშ
ხარ და ეს უცნობი არაა ადამიანებისთვის", - ამბობს პოლ პეტერსონი.
პეტერსონი და მისი გუნდი კანონმდებლებთან ერთად მუშაობდნენ 1999 წელს
"ქუგენის აქტის" გადახედვაში, რომელიც კალიფორნიაში მსახიობი
ბავშვებისთვის შემუშავებული შრომითი კანონია.
იგი 1939 წელს მიიღეს და ამერიკის პირველი კინოვარსკვლავი ბავშვის - ჯეკი ქუგენის სახელი
უწოდეს. ქუგენი 1921 წელს ჩარლი ჩაპლინის პატარა მეგობრის
განსახიერებით გახდა ცნობილი და შემდგომ Metro-Goldwyn-Mayer-თან
თანამშრომლობით $4 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ის ელოდა, რომ 21 წლის ასაკში თავის
ქონებაზე კონტროლს მოიპოვებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მამამისი
გარდაიცვალა, დედა კი დაქორწინდა ქუგენმა შეიტყო, რომ "თითოეული
დოლარი, რომელსაც ბავშვი 21 წლამდე გამოიმუშავებს, მის მშობლებს
ეკუთვნის, ჯეკი ცენტსაც კი ვერ მიიღებს" - სწორედ ეს სიტყვები თქვა
ქუგენის მამინაცვალმა პრესასთან 1938 წელს, მას შემდეგ,
რაც ჯეკიმ თავისი ქონების დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.
მოგვიანებით კანონმდებლებმა ქუგენის სახელობის კანონპროექტი
შეადგინეს, რომელიც მშობლებს ბავშვების შემოსავლიდან გარკვეული
პროცენტული წილის გადადებასა და შენახვას ავალდებულებდა. თანხაზე
წვდომა ბავშვის სრულწლოვანებამდე დაუშვებელი იყო.
ამას სამართლებრივად ბევრი ცვლილება მოჰყვა. მსახიობ ბავშვებს უნდა
მიეღოთ მუშაობის ნებართვა, მკაცრი რეგულაციები დაწესდა მათს სამუშაო
საათებზე, რომლებიც გადასაღებ მოედანზე ყოფნისას "დასვენებასა და
რეკრეაციას" და სწავლის პროცესში ხელის არ შეშლის მანდატს მოიცავდა.
პროდიუსერები გადასაღებ მოედანზე ბავშვების ჯანმრთელობაზე,
კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები გახდნენ.
1999 წელს კი კანონში ცვლილების შესატანად რადიკალური ნაბიჯები
გადაიდგა, რომლის მიხედვითაც, მსახიობი ბავშვები ფლობენ თავიანთი
შემოსავლის 100%-ს, აქედან 15% ე.წ ქუგენის ანგარიშზე გადანახულ
თანხას წარმოადგენს, ხოლო დარჩენილი 85% მშობლებს შეუძლიათ
ბავშვისთვის დახარჯონ - იქნება ეს შვილისთვის სახლის შეძენა, ხარჯების
გასტუმრება თუ ხელფასის საკუთარი თავისთვის დანიშვნა ბავშვის კარიერის
მართვისთვის. თუმცა ეს ფული მთლიანად ბავშვის საკუთრებას
წარმოადგენს.
მეტი ვიდრე უბრალოდ გართობა და
თამაში
მსახიობი ბავშვებისგან განსხვავებით, ინფლუენსერი ბავშვების
კუთვნილებაშია თუ არა მათი შემოსავალი მაშინ, როცა სოციალურ მედიაში
თავიანთივე გვერდებს არ ფლობენ?
YouTube-ი და Instagram-ი 13 წლამდე პირებს ანგარიშის შექმნას
უკრძალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერობის ასაკამდე ბავშვები არ
ფლობენ ანგარიშებს, რომელზეც YouTube-ი რეკლამებიდან მიღებული
შემოსავლის წილს იხდის. ბავშვების საკუთრებაში არაა ის გვერდებიც,
რომლებზეც ინფლუენსერის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსა თუ ვიდეოში
პროდუქტის რეკლამირებისთვის ბრენდები გარკვეულ თანხას იხდიან. ამ
ტიპის ბიზნეს შეთანხმებები სოციალურ მედია პლატფორმებს სცდება და
ბრენდებთან მოლაპარაკებები, როგორც წესი, მშობლებს აქვთ ხოლმე.
Beverly Hills Bar Association-ის გასართობი ინდუსტრიის სამართლის
სექციის თანათავმჯდომარე, დევიდ პირსი, მიიჩნევს, რომ YouTube-მა უნდა
შეიმუშავოს პოლიტიკა, რომლითაც მონეტიზაციის მქონე ვიდეოებში მონაწილე
ბავშვებს უფლება ექნებათ YouTube-ის ანგარიშის მფლობელისგან მიიღონ
შემოსავლის ნაწილი. “ასეთი პოლიტიკა რომ არსებობდეს, კალიფორნიის
კანონის მიხედვით ბავშვისთვის განკუთვნილი თანხა, YouTube-ზეც ბავშვის
თანხა იქნებოდა და თუ მშობელი მას არასწორად დახარჯავდა, ბავშვი
შეძლებდა მისთვის ეჩივლა", - აღნიშნავს დევიდ პირსი.
YouTube-ისა და Instagram-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ
ბავშვებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.
თუმცა, არ აკონკრეტებენ, რამდენად მიიჩნევენ თავს ვალდებულად შემოიღონ
ე.წ ქუგენის ანგარიშების შექმნა ან სხვა დაცვის მექანიზმი ინფლუენსერი
ბავშვებისთვის.
Instagram-ის წარმომადგენელმა ისიც განაცხადა, რომ კომპანია
ინფლუენსერ ბავშვებს არ ასაქმებს. როდესაც Guardian-ის ჟურნალისტმა
აღნიშნა, რომ Facebook-ი, რომლის მფლობელობაში Instagram-იც შედის,
ინფლუენსერ ბავშვებს Portal-ის გასაყიდად იყენებდა, წარმომადგენელმა
აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული კამპანია გარე სააგენტოს მიერ იყო
წარმოებული და "ის ვალდებული იყო მოქმედი კანონმდებლობა დაეცვა."
უშუალოდ სააგენტოს დასახელებაზე კი უარი განაცხადა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის
სამართლის პროფესორი ვინა დუბალი ფიქრობს, რომ YouTube-ს ინფლუენსერი
ბავშვებისთვის იმაზე მეტი ვალდებულება აქვს, ვიდრე მხოლოდ მათი
მშობლების ინფორმირებაა იმის შესახებ, რომ შრომითი კანონები
არსებობს.
“შესაძლებელია ვამტკიცოთ, რომ YouTube-ი ბავშვის დამსაქმებელია. ის
აკონტროლებს პლატფორმაზე რისი ნახვა შეუძლია და არ შეუძლია ბავშვს. ის
აკონტროლებს ფულის გავრცელებასაც. ამიტომ კომპანია, დიდი ალბათობით,
შეგვიძლია მივიჩნიოთ დამსაქმებლად, რომელზეც კალიფორნიის შრომითი და
ხელფასის განმსაზღვრელი კანონმდებლობა ვრცელდება", - აცხადებს
დუბალი.
დღესდღეობით ინფლუენსერ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს აშშ-ში
შრომითი კომისრის ოფისი განიხილავს.
“ეს უბრალო გართობასა და თამაშზე მეტია. ბავშვები ასრულებენ სამუშაოს
და თუ ეს სამუშაო მონეტიზირებულია, მაშინ ისინი ხელფასებს იმსახურებენ
თავიანთი მომავლისთვის", - აცხადებს ვინა დუბალი. YouTube-ში
Guardian-ის კითხვას კომპანიის, როგორც დამსაქმებლის ვალდებულების
შესახებ არ უპასუხეს და განაცხადეს, რომ სპეკულაციაზე კომენტარის
გაკეთებას არ აპირებენ.
“მას შემდეგ, რაც საზოგადოება ამას ტრადიციულ მუშაობად აღიარებს, მეტი
შანსია, რომ სახელმწიფოც ჩაერთოს, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც
საუბარია ბავშვებზე", - ამბობს დუბალი იუთუბერ ბავშვებზე.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კალიფორნიაში დემოკრატების წევრმა კანსენ
ჩუმ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც "ქუგენის
აქტში" შესწორების შეტანას გულისხმობდა და სოციალური მედის რეკლამაში
მცირეწლოვნების დასაქმებას მოიცავდა. კანონპროექტი მიიღეს და მასზე
ხელი შტატის გუბერნატორმაც მოაწერა, თუმცა აღმოჩნდა, რომ
კანონპროექტი, რომელიც კანონად იქცა ნაკლებად ჰგავდა დასაწყისში
ინიცირებულ პროექტს.
The Guardian-ის ჟურნალისტი ჯულია ქერი ვონგი ფიქრობს, რომ,
სავარაუდოდ, კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება იქამდე არ შევა,
სანამ ერთ-ერთი ინფლუენსერი ბავშვი არ გაიზრდება და ჯეკი ქუგენის
მსგავს შემთხვევაში არ აღმოჩნდება.
მომზადებულია The Guardian-ის
მიხედვით.
2017 წელს ბავშვებს ჰკითხეს, რა არ მოსწონდათ მედიაში ბავშვების
გაშუქებასთან დაკავშირებით.
ბავშვებმა ჩამოთვალეს :
2017 წელს ბავშვებს ჰკითხეს, რა არ მოსწონდათ მედიაში ბავშვების გაშუქებასთან დაკავშირებით.
ბავშვებმა ჩამოთვალეს :