სექსიზმი
კატეგორია: ეთიკა
„MAN-ის ავტობუსების საჭეს ქალებსაც ანდობენ“ - ამ სექსისტური სათაურით გამოქვეყნდა სტატია 10 აპრილს „საქართველოს მედია ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შემავალ საინფორმაციო სააგენტოს „ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის“(GBC) გვერდზე. მასალის სათაურში აქცენტი იმაზე, რომ ავტობუსების საჭეს „ქალებსაც ანდობენ“, ამყარებს გენდერულ სტერეოტიპს, თითქოს ქალი ცუდი მძღოლია და მითუმეტეს, ის არ შეიძლება იყოს ავტობუსის მძღოლი.

გამოცემა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ მძღოლის პოზიციაზე ქალთა დასაქმების შესახებ წერს და მკითხველს ამცნობს, რომ იზრდება ავტობუსების ქალი მძღოლების რაოდენობა, შესაბამისი სასწავლო კურსი 25-მა ქალმა გაიარა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ცალსახად აღნიშნავს, რომ მედია უნდა მოერიდოს ამბის მონაწილე პირთა სქესის აღნიშვნას, როდესაც ის რაიმე დამატებით ინფორმაციას არ აძლევს აუდიტორიას. ასევე, ქარტია მოუწოდებს მედიებს, არ მიანიჭონ „ქალურისა“ და „კაცურის“ იარლიყი რომელიმე პროფესიას თუ ქმედებას და არ გააშუქონ ამბავი ისე, რომ გენდერული როლების შესახებ საზოგადოებაში არსებული არასწორი წარმოდგენები გაძლიერდეს.

“მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. ყურადღებით იყავით, რომ თქვენი მასალა არ აძლიერებდეს სოციუმში გავრცელებულ მოსაზრებას ქალის და კაცის როლის შესახებ”,- ვკითხულობთ დოკუმენტში.
კატეგორია: ეთიკა

9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ისრაელში 31 წლის კაცის მკვლელობის შესახებ. აღნიშნულ თემაზე პოსტი მომხმარებელმა შოთო სიხარულიძემ გამოაქვეყნა. მან გაავრცელა გარდაცვლილი ახალგაზრდის დედის წერილი, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი 1 იანვრის ღამეს მოკლა ემიგრანტმა ქალმა და ითხოვს დახმარებას შვილის საქართველოში გადმოსასვენებლად.

იმავე დღეს, სხვადასხვა საიტებზე მომხდარის შესახებ გამოქვეყნდა ახალი ამბავი შოთო სიხარულიძის ფეისბუკის პოსტზე დაყრდნობით. გამოცემების უმეტესობამ გარდაცვლილის დედის ნათქვამი, რომ შვილი ქალმა მოუკლა, დადასტურებულ ფაქტად წარმოაჩინა და სათაურშიც გაიტანა. „ისრაელში ემიგრანტმა ქალმა ქართველი ბიჭი მოკლა“ - ამ ტიპის, სექსისტური სათაურებით გამოაქვეყნა ახალი ამბავი საიტების უმეტესობამ. ასეთი სათაურები გვხდება შემდეგ საიტებზე: resonancedaily.com; infonews.ge; alia.ge; newposts.ge; georgians.gr.

პირველი ახალი ამბის გავრცელების შემდეგ, მალევე, იმავე საიტებზე, ამავე თემაზე, სხვა სტატიაც გამოქვეყნდა, სათაურში კვლავ დანაშაულის ჩამდენ ქალზე აქცენტირებით: „ვინ არის ისრაელში ქალის მიერ მოკლული ქართველი ბიჭი“. ასეთი სათაურები იძებნება პლატფორმებზე: trialeti.ge; newposts.ge; primetime.ge; alia.ge; akhalitaoba.ge; cyc.ge; iposti.ge.

რამდენიმე პლატფორმა შედარებით მოერიდა სექსისტურ და მტკიცებით სათაურს და იმის სათქმელად, რომ დანაშაული ქალმა ჩაიდინა, სხვა გზა აირჩია - გარდაცვლილის დედის, ან შოთო სიხარულიძის ციტირება. მაგალითად: „ისრაელში 31 წლის ქართველი მოკლეს: "ყელში დანა ჰქონდა დარტყმული... ემიგრანტმა ქალმა მოკლაო". მსგავსი სათაურებით გამოაქვეყნეს ამბავი ისეთმა საიტებმა, როგორიცაა: kvirispalitra.ge; ambebi.ge; presa.ge; marneulifm.ge; intermedia.ge; kvira.ge; droni.gebrandnews.ge; umedia.ge.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია, რომ მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. მედია უნდა მოერიდოს ამბის მონაწილე პირთა სქესის აღნიშვნას, როდესაც ის რაიმე დამატებით ინფორმაციას არ აძლევს აუდიტორიას.

კატეგორია: ეთიკა
29 ნოემბერს პრაიმტაიმისალიას, რეზონანსისა და სივაისჯის საიტებზე გამოქვეყნდა ახალი ამბავი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა. მასალაში ხაზგასმულია, რომ ავტომანქანას, რომელმაც მცირეწლოვანი იმსხვერპლა,18 წლის გოგო მართავდა. მეტიც, ოთხივე შემთხვევაში ეს დეტალი სათაურშია გატანილი.

"ლისის ტბასთან ავარიამ წლინახევრის ბავშვი იმსხვერპლა - დაკავებულია 18 წლის გოგო", - წერს პრაიმტაიმი. სწორედ პრაიმტაიმზე დაყრდნობით ავრცელებენ ამბავს დანარჩენი საიტები, რომელთა სათაურები იდენტურია: "წლინახევრის ბავშვი ავარიას ემსხვერპლა - მანქანის მძღოლი 18 წლის გოგოა".

მასალიდან ვიგებთ, რომ ლისის ტბაზე ავტოავარია ორი დღის წინ მოხდა. წლინახევრის ბავშვი ტბაზე და-ძმასთან და მამასთან ერთად იმყოფებოდა. ავტომანქანის მძღოლს ბრალი 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარუდგინეს. მასალაში სხვა არანაირი ინფორმაცია არ არის მომხდარის შესახებ, არ არის დამატებითი დეტალები მძღოლის შესახებ და გაუგებარია, რა ინფორმაციული ღირებულება აქვს მისი სქესის ხაზგასმას. მასალების ამგვარი აქცენტი და სათაური ამყარებს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ "ქალები ცუდი მძღოლები არიან".

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია, რომ მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. მედია უნდა მოერიდოს ამბის მონაწილე პირთა სქესის აღნიშვნას, როდესაც ის რაიმე დამატებით ინფორმაციას არ აძლევს აუდიტორიას.

"მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამნაშავე მძღოლი ქალი იყო თუ კაცი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მასალაში იმის მითითება, რომ მანქანას ქალი მართავდა, ამყარებს სტერეოტიპს თითქოს ქალი ცუდი მძღოლი იყოს მაშინ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევების მონაწილე არაერთი კაცი მძღოლია", - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
კატეგორია: ეთიკა
ქალთა მიმართ ძალადობის კონკრეტული ისტორიების გაშუქებისას მოძალადის გამართლებისა და მსხვერპლისკენ თითის გაშვერის ტენდენცია ქართულ მედიაში არაერთხელ გამოიკვეთა. ბოლო შემთხვევა კი თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეს ეხება. ბრალდებული მისი შეყვარებულია.

საკითხის გაშუქებისას, ონლაინმედიის ნაწილმა ძირითადი აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ თითქოსდა, ბრალდებულმა შეყვარებულს მესამე პირთან ინტიმური ურთიერთობის დროს შეუსწრო. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია ბრალდებულის ადვოკატმა მიაწოდა და მისი ეს კომენტარი სრულიად უკონტექსტოდ, ცალკე ამბად გახდა მედიის ინტერესის საგანი: “ადვოკატი - ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს "ბე-ემ-ვეს" მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო” - ამ სათაურით მასალა გამოაქვეყნა ინტერპრესნიუსმა, Ambebi.ge-მ, CyC.ge-მ, რადიო ფორტუნამ, ww.ge-მ mediamall-მა, fortuna.ge-მ. გაუგებარია, რა საზოგადოებრივი ინტერესის, ან რა მნიშვნელოვანი საინფორმაციო ღირებულების მატარებელია ადვოკატის ამ განცხადების ამგვარი სათაურებით, კონტექსტის გარეშე გამოქვეყნება. რას ემსახურება ის, საჯარო ინტერესს, თუ ერთი მხრივ, საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას, მეორე მხრივ კი პირდაპირ ან ირიბად იმის ხაზგასმას, რომ როცა კაცი ქალზე ძალადობს, ან უფრო მეტიც, კლავს მას, როგორც წესი, ქალია დამნაშავე, სწორედ მან გამოიწვია მოძალადე, რადგან “ღირსეული ქალისთვის შეუფერებელი” ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა მედია მეზობლების, ნათესავების, ადვოკატების თუ სხვა აქტორების ამ ტიპის კომენტარებს სრულიად უკონტექსტოდ სთავაზობს აუდიტორიას, ფაქტობრივად აძლიერებს სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც, სწორედ ქალი და მისი შეუფერებელი საქციელია დანაშაულის გამომწვევი და მამაკაცის წონასწორობიდან გამომყვანი მიზეზი.

palitranews უფრო შორსაც მიდის და ერთ-ერთი მეზობლის მოსაზრებასაც გვთავაზობს: “ძალიან კარგი გოგო იყო, პატიოსანი. ახლანდელი გოგოებივით რესტორანი, ბარი, დისკოთეკა მისთვის გამორიცხული იყო”, - რეალურად რა მნიშვნელობა აქვს მსხვერპლი ბარებში და კლუბებში დადიოდა თუ არა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამას საქმესთან, მასალიდან არ ჩანს.

ამგვარ კონტექსტში შუქდებოდა კიდევ ერთი საქმე, დეა გოშხეთელიანზე ქმრის მხრიდან ძალადობის ფაქტიც. მედიაში მაშინაც გაჩნდა სტატიები სათაურებით: “ასეთი დედა ამბობს, რომ მსხვერპლია” - რას ყვება კაცი, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული?”, “ვინ არიან ცნობილი პირები, რომლებიც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ?”, “სკანდალური მორიგების აქტი, დედამ მხოლოდ ორი ღამე ისურვა შვილის ნახვა. ბაკურაძეები ყოფილი რძლის მიმართ სარჩელს ამზადებენ”. ფეისბუკზე ძალადობაში ბრალდებულის მხარდასაჭერად გვერდიც შეიქმნა, სახელწოდებით - “მოძალადე თუ მსხვერპლი?”. ყველა ამ მასალაში ჩანდა მცდელობა, დაზარალებული ასე ვთქვათ, უღირსი ქალის როლში, დედობისთვის შეუფერებელ კონტექსტში წარმოეჩინათ, თითქოს, ბრალდებული ამ ზომამდე სწორედ მისმა, ქალისთვის შეუფერებელმა საქციელმა მიიყვანა და მანაც დამსახურებული მიიღო.
კატეგორია: ეთიკა
26 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ამომრჩევლის პირისპირ“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის დებატები შედგა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისთვის არაკომფორტულია „ქართული ოცნების“ კანდიდატთან, მარიკა დარჩიასთან დებატი, ვინაიდან ოპონენტი ქალია. მელიას სექსისტურ გამონათქვამებს არ მოჰყოლია შესაბამისი რეაგირება არც ადრესატის, არც სხვა ოპონენტების და არც წამყვანის მხრიდან.

„არ გეწყინოთ ჩემო ქალბატონო, რაც არ უნდა ისაუბროთ, რომ თქვენ ბრძანდებით უპარტიო და არ აიღებთ ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას თქვენ გუნდზე, თქვენი კეთილსახიერი ნიღბის უკან იმალება ნარმანია, კალაძე, თქვენი ღიმილის უკან იმალება ფარცხალაძე, გოგიაშვილი და ა.შ. მე ძალიან მერიდება, თქვენთან, როგორც ქალბატონთან ამაზე საუბარი“ - უთხრა ნიკა მელიამ მარიკა დარჩიას.

მოგვიანებით, ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისთვის არაკომფორტულია „ქალბატონთან“ დებატი: „არ ვგრძნობ კომფორტულად თავს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქალბატონი ბრძანდებით“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში“ აღნიშნულია:

· მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას.

· სხვა პირთა მიერ სტერეოტიპული ენის გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ ეხსნება მედიას. ასეთ დროს ისევე უნდა მოიქცეთ, როგორც სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში. თუ პირდაპირი ეთერია, იქვე უნდა გაემიჯნოთ, ჩანაწერის დროს კი, შესაბამისად უნდა დაარედაქტიროთ თუ, რა თქმა უნდა, გაშუქების მიზანი არ არის ის, რომ აჩვენოთ როგორ შეუფერებელ ტერმინოლოგიას იყენებს ესა თუ ის საჯარო პირი.

კატეგორია: ეთიკა
18 სექტემბერს ქვემო ქართლის ტელევიზიამ, გადაცემაში “არჩევნები 2017” რუსთავის მერობის კანდიდატები მიიწვია. ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის მიმართ სტერეოტიპული იყო და შესაბამისად, ამგვარმა შეკითხვამ რესპონდენტის მხრიდან ასევე სექსისტური და სტერეოტიპული პასუხი განაპირობა.

მაშინ, როცა რესპონდენტი ზოგადად დასაქმების პოლიტიკაზე საუბრობდა, წამყვანმა მას ჰკითხა: რომელ სფეროს ანდობდით ქალებს, ბატონო ირაკლი?

რესპონდენტი: რომელ სფეროს ვანდობდი ქალებს? ნუ, ქალებთან ზოგადად მუშაობა ჩემი პრობლემა არ არის იმიტომ, რომ ჩემი სტილი მუშაობის არის გუნდური პრინციპი - იქ ქალებიც მოიაზრებიან, მამაკაცებიც და უფრო მიმართულებას მივცემდი, კულტურის სფეროს მიმართულებას მივცემდი აუცილებლად, სოციალურ კუთხეს ჩავაბარებდი.

წამყვანს რესპონდენტისთვის აღარ უკითხავს, რატომ წარმოუდგენია მას ქალების როლი მაინცდამაინც კულტურასა და სოციალურ სფეროში, რატომ ფიქრობს, რომ ქალისთვის სწორედ ამ სფეროების “მინდობა” იქნება გამართლებული.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის გენდერის საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მედიამ არ უნდა გააშუქოს ამბავი ისე, რომ გენდერული როლების შესახებ საზოგადოებაში არსებული არასწორი წარმოდგენები გაძლიერდეს, არ მიანიჭოს „ქალურისა“ და „კაცურის“ იარლიყი რომელიმე პროფესიას თუ ქმედებისას. სახელმძღვანელო წესებში ასევე აღნიშნულია:

“მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. ყურადღებით იყავით, რომ თქვენი მასალა არ აძლიერებდეს სოციუმში გავრცელებულ მოსაზრებას ქალის და კაცის როლის შესახებ.

სხვა პირთა მიერ სტერეოტიპული ენის გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ ეხსნება მედიას. ასეთ დროს ისევე უნდა მოიქცეთ, როგორც სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში. თუ პირდაპირი ეთერია, იქვე უნდა გაემიჯნოთ, ჩანაწერის დროს კი, შესაბამისად უნდა დაარედაქტიროთ თუ, რა თქმა უნდა, გაშუქების მიზანი არ არის ის, რომ აჩვენოთ როგორ შეუფერებელ ტერმინოლოგიას იყენებს ესა თუ ის საჯარო პირი”.

კატეგორია: ეთიკა
ქვემო ქართლში ახალგაზრდა მამაკაცი ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. მოძალადეებმა მომხდარის ამსახველი კადრები თავად გადაიღეს, რაც სოციალური მედიის მეშვეობით გავრცელდა.

სატელევიზიო და ონლაინ მედიაში თემაზე მომზადებულ მასალებში სიღრმისეულად მიმოიხილეს ამბის მონაწილეთა პირადი ცხოვრება, ამაში მათ მეზობლები და ნათესავები დაეხმარნენ. რესპონდენტები მომხდარის „პროვოცირებისთვის“ ახალგაზრდა ქალს კიცხავდნენ და ამბობდნენ, რომ სწორედ მისმა საქციელმა უბიძგა მეუღლეს, შური ეძია. „ინფო რუსთავმა“ კი ადგილობრივების ის კომენტარები გაავრცელა, სადაც დანაშაულის ჩადენის მოტივებსა და ხერხებს აღწერდნენ. ფაქტის გაშუქებისას ტელემედიაში აღინიშნა, რომ „საზარელი დანაშაულის მიზეზი ეჭვიანობა გახდა“.

„ეს ყველაფერი იმ გოგოს ბრალია, ამ გოგოზე უკვე მესამედ ხდება ასეთი რამ,“ - ამბობდა დაზარალებულის დედა „იმედის“ სიუჟეტში.

„გოგონას კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ,“ - ამბობდა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტიც. „ეს გოგო თვითონ ურეკავდა ჩემს შვილს და ეუბნებოდა, რომ უყვარდა და ამასთან ყოფნა უნდოდა,“ - ისმოდა სიუჟეტიდან.

ტელეკომპანია „იბერიას“ 11სთ-იან გამოშვებაში კი წამყვანი ჩართვაზე მდგარ ჟურნალისტს ეკითხება: „სოფო, რა გახდა ეჭვიანობის საფუძველი?“, რის პასუხადაც ჟურნალისტი ამბობს: „სოფელში ამბობენ, რომ ეჭვიანობის საფუძველი ნამდვილად არსებობდა“. ამავე მასალის შესავალ ტექსტში კი წამყვანმა მაყურებელს ისიც განუმარტა, თუ რა მეთოდით გააუპატიურეს მამაკაცი.

ახლობელი, რომელიც ეთერში საუბრობდა, ამტკიცებდა, რომ ინიციატივას გოგონა იჩენდა, მამაკაცი კი „თავიდან თავს არიდებდა“ და „იმ ღამით ძალიან ნასვამი იყო“.

გაშუქებაში მთავარი აქცენტი იყო არა იმაზე, რომ პირი ძალადობის მსხვერპლი გახდა, არამედ ძალადობის მოტივზე. საზოგადოებაში ამგვარი საკითხებისადმი არსებული ზოგადი სტერეოტიპებისა თუ განწყობების გათვალისწინებით, ძალადობის მოტივად ეჭვიანობის დასახელება, კონკრეტული, პირადი დეტალების გასაჯაროება და ჟურნალისტური მასალების ფოკუსის მთლიანად ამ საკითხზე გადატანა, ქმნიდა განცდას, რომ ერთი მხრივ „დაზარალებულმა კაცმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა“, მეორე მხრივ კი, ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი ქალი გახდა. მასალებისთვის ამგვარი ფოკუსის შერჩევა ქმნიდა განწყობას, რომ დაზარალებული და ქალი არასწორად მოიქცნენ და მოძალადეების პროვოცირება მოახდინეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია: „ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას, საკანონდებლო ბაზა დანაშაულის მოტივად არ სცნობს “ეჭვიანობის ნიადაგს”. არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და აშ, რაც შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს, მაგრამ არა “ეჭვიანობს ნიადაგი“.
კატეგორია: ეთიკა
28 ივნისს "კურიერის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ სიუჟეტი გავიდა. ანგარიშში საუბარი იყო ტრეფიკინგსა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე. "კურიერის" მასალაში ქალების სინონიმად "სუსტი სქესი" გამოიყენეს.

"ბათუმში მცხოვრები ადვოკატი ლელი ბჟალავა იმ კონკრეტულ ადგილებსა და სქემებზე საუბრობს, სადაც გოგონებს არალეგალურ ექსპლუატაციას უწევენ, ადვოკატი იმაზეც მიუთითებს, თუ როგორ ხდება ქვეყანაში, პროსტიტუციის მიზნით, სუსტი სქესის წარმომადგენლების სხვადასხვა სახელმწიფოებიდან შემოყვანა" - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტის ტექსტში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპი დისკრიმინაციას კრძალავს. ამ პრინციპის თანახმად, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის სქესის გამო დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.

გენდერული საკითხების გაშუქების ძირითადი პრინციპების მიხედვით, მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ მედია უნდა მოერიდოს ისეთი სიტყვების, გამოყენებას, რაც ქალს და კაცს სტერეოტიპულად წარმოაჩენს.

კატეგორია: ეთიკა
“სად არის ქალი ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელი?“ - ამ სათაურით „სპუტნიკმა“ სტატია 26 აპრილს გამოაქვეყნა. როგორც ავტორი იუწყება, „26 აპრილი ბიზნეს ქალბატონების დღეა“ და მასალაც სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მომზადდა. „სუსტი სქესი“, „ქალბატონები“, „მანდილოსნები“ - ტექსტში, ქალების მისამართით, ეს სექსისტური სიტყვებია გამოყენებული. გარდა ამისა, ავტორი საკუთარ ხედვას გვიზიარებს და ამბობს, რომ ქალი ყველაზე ლამაზი თავის „ქუხნაშია“.

„დღეს თქვენი დღეა ქალბატონებო, გილოცავთ და მინდა გიამბოთ თავის საქმეში წარმატებულ ორ მანდილოსანზე. თვითეული მათგანი, როგორც ყველგან და ყველაფერში, ბოროტისა და კეთილის ბრძოლაში გამარჯვებულის სახეა- ერთი ფერადი და სუფთა, მეორე მრუმე და ბნელი, თუმცა, გავმეორდები — ორივე თავის საქმეში ფრიად წარმატებული (სტილი დაცულია)“, - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ მასალაში.

მასალაში ქალები სუსტ სქესად არიან მოხსენიებულნი: „ვინმეს გინახავთ არასაქმიანი (უსაქმური) ქალი? მე არა. უკანასკნელი კახპებით დაწყებული და მთელი დღე შინ წამოწოლილი ქალბატონებიც კი, მუდმივად „შემოქმედებით" წვაში არიან. ეს არასერიოზულად, სერიოზულად კი, თუ მაგალითად საქართველოს ავიღებთ, უნდა ვაღიარო, რომ ნახევარ საქართველოს ოჯახს მოწყვეტილი, უცხოეთში სამსახურის საშოვნელად გასული სუსტი სქესის წარმომადგენლები ინახავენ…“

სტატიის დასაწყისში ავტორი წერდა, რომ „ქალი ვიცი მე ქუხნაში“ წარსულის გადმონაშთად უნდა მოვნათლოთ“, თუმცა, მოგვიანებით, სტატიის ბოლოს ვკითხულობთ, რომ ქალი ყველაზე ლამაზი სწორედ "ქუხნაშია": კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ ზეიმს მანდილოსნებო ყველა ქვეყნისა და ერთ მეგობრულ რჩევასაც გაგიბედავთ: -ყველანაირი წარმატება კარგია, მაგრამ ყველაზე ლამაზები და მომხიბვლელები საკუთარ ოჯახში, თქვენს „ქუხნაში", ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში ხართ“.
კატეგორია: ბლოგი
როგორ უნდა დაიწყო ახალი სატელევიზიო სეზონი? რა თქმა უნდა, შოუ-ბიზნესის მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეები ერთად უნდა შეკრიბო და სათამაშოდ და გასართობად ხევსურეთში წახვიდე. კარავი მუცოსთან გაშალო. გადაცემაში სტუმრად მიწვეულ, სექსუალური იმიჯის მქონე ახალგაზრდა ქალზე ამხედრებულმა გაიარო პატარა ღელე, შემდეგ მასთან ერთად წამოჯდე მწვანე მდელოზე და რაკურსი ქალზე, როგორც ლამაზ, სექსუალურ გასაყიდ ნივთზე აიღო.

“მოდი გაგსინჯო, აესე გადაწექი და გაგსინჯავ” - შესთავაზო რესპონდენტს და მისი სხეულის მრგვალი ფორმების ბუნებრიობა ნაცნობი ქირურგის მიერ ნასწავლი წერტილების მეშვეობით შეამოწმო.

აბა, რა! “სხვა რაკურსის” მაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, თამუნა ვარშალომიძეს მკერდი გაკეთებული აქვს თუ არა. მუცლის სიბრტყელის ნატურალობასაც შეამოწმებ, უკანალზე დოლის დაკვრას შესთავაზებ და მისი სექსუალურობის ხარისხით და ფასითაც დაინტერესდები.

კითხვებიც შესაბამისი უნდა მოიმარჯვო:

- ხარ შენ სექსუალური, როგორ ფიქრობ?

- სექსუალურად გამოიყურები თუ შიგნით ხარ სექსუალური? ვნებიანი ქალი ხარ? აი, მაგალითად სექსის დროს ხარ ძალიან აღვირახსნილი, ძალიან მაგარი? .... ხო არ აგდიხარ, როგორც ფიცარი?

- რამდენი კაცი გყოლია?

- შენ თურმე უკრაინაში ძალიან ძვირადღირებული ქალი ხარ და საქართველოში ნაკლებად. პირდაპირ გეტყვი: საქართველოში 100 დოლარი ღირს და უკრაინაში ხუთასიო. გაგიგია?

- რა ღირხარ?

- ცალი ძუძუ რა ღირს შენი?

- დოლი დამაკვრევინე შენს ტრ...ზე. რამდენი გინდა, რამდენი გადაგიხადო?

- რა ღირს შენი ტრ..კი? სანამ დაგიზღვევია, უნდა მოგკიდო ხელი. რომ დაგარტყა, უფრო ძვირი ღირს?

ვიცი, აუცილებლად იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ჯაჯანიძისა და მისი რესპონდენტის საუბარი და საქციელი ჩვენი გასარჩევი არ არის: ახალგაზრდა ქალი სრულწლოვანია და ის თავად წყვეტს, რა ტიპის გადაცემაში მივიდეს სტუმრად, რა ჩაიცვას, რა თქვას და როგორ მოიქცეს.

მერე რა, რომ რესპონდენტი ზრდასრული ადამიანია, გადაცემაშიც საკუთარი ნებით და ფეხით არის მისული და საკუთარი თავის რეკლამირებას სხეულისთვის დადებული ფასით ცდილობს.

შევთანხმდეთ, რომ წამყვანის მიერ დასმული კითხვები საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპს კიდევ უფრო აძლიერებს და ქალს, როგორც სექსუალური მოხმარების ობიექტს, გასაყიდ ნივთს, ისე წარმოაჩენს.

ქალის შეფასება მისი სხეულის პარამეტრების მიხედვით და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ უკანალზე დოლის დაკვრის შეთავაზება, სექსიზმია, რასაც საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობისთვის დამანგრეველი შედეგის მოტანა შეუძლია.

მსგავსი პროდუქციის ტირაჟირებით, მედია ხელს უწყობს იმ მავნე სტერეოტიპების დამკვიდრებას, რომლებიდანაც ქალზე ძალადობა და მისდამი უთანასწორო მოპყრობა საზრდოობს.

ამ სიუჟეტსა და ქალთა მკვლელობების ამბებს შორის დიდი განსხვავება არ არის, ეს ერთი მენტალობის - მცდარი წარმოდგენებისა და შეხედულებების ნაწილია..

და სანამ მედია ასეთი წარმოდგენებისა და შეხედულებების უარყოფის მაგივრად მათ განმტკიცებაზე მუშაობს, ნუ გაიკვირვებთ, თქვენს დებს და ქალიშვილებს უტვინო არსებებად, მხოლოდ სექსუალური მომსახურების ობიექტებად თუ ჩათვლიან და უკანალზე ხელს წამოარტყამენ.

ამიტომ, უთხარით არა სექსიზმს!
კატეგორია: ეთიკა
8 მარტი - ქალთა უფლებების საერთაშორისო დღე, თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვების დღის მთავარი თემა იყო. სიუჟეტების კადრებში ძირითადად ნარცისები, ტიტები და ენძელები ჩანდა, ჩაწერილი რესპონდენტები კი, (უმეტესწილად, მამაკაცები) ქალებს 8 მარტს მომღიმარი სახეებით ულოცავდნენ და ქართველი ქალის განსაკუთრებულ როლსა და დედის ფენომენზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 მარტის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ქალთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომზადებული ერთი სიუჟეტი გადაცემის ბოლო ბლოკში გავიდა. სიუჟეტში რვა მარტის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული აქციები, შეკრებები, საქველმოქმედო ღონისძიებები იყო მიმოხილული. უშუალოდ ქალთა მდგომარეობისა და უფლებების შესახებ კი არაფერი თქმულა. ამ საკმაოდ ვრცელ სიუჟეტში ჟურნალისტმა ერთი უცნაური ტერმინიც იხმარა - „პოლიტიკური გენდერი“. გენდერის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქალისადმი მიმართვის ფორმები, კადრი, ჟურნალისტის ტექსტი, შესაძლოა, უნებურადაც გამოვიდეს დისკრიმინაციული და სტერეოტიპული. სწორედ ასეთი იყო „იმედის კვირის“ რეპორტაჟის ფინალი, სადაც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მომუშავე ქალების შესახებ თქვეს, რომ „ისინი მაინც ქალები არიან და დრო გაპრანჭვისთვისაც რჩებათ“, ამ დროს კადრში ჩანს მეტალურგი, რომელიც სარკის წინ დგას და ტუჩსაცხს ისვამს. ყველაზე ნათლად ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და შეხედულებები ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრში“ გამოჩნდა. 6 მარტის ეთერი დავით აქუბარდიამ რვა მარტს მიუძღვნა და დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ეს დღე „ქალთა ბრძოლის თუ რაღაცის“ საერთაშორისო დღეა. სტუმრად კი მეან-გინეკოლოგი ჰყავდა მოწვეული, ძირთადი სასაუბრო თემაც შობადობა, გამრავლება და ქალთა ჯანმრთელობის პრობლემები იყო. გენდერში, პრაქტიკულად, არაფერია იმაზე დისკრიმინაციული, ვიდრე ქალის მხოლოდ რეპროდუქციულ ორგანიზმად წარმოჩენა. ამავე გადაცემაში წამყვანმა და რესპონდენტმა ნარკომანიის თემაც მიმოიხილეს. სტუმარმა აღნიშნა, რომ „ადრე მხოლოდ ბიჭები „მაიმუნობდნენ“, ახლა კი ნარკომანია ქალებში მეტად არის გავრცელებული“. მისივე თქმით, „ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისგან ქალის „მორჩენა“ ძალიან დიდი პრობლემაა. მაშინ, როცა კაცთან ამისი შანსი არსებობს, ქალის შემთხვევაში საკითხი რთულდება“. ამ დროს წამყვანი სრულიად გულუბრყვილოდ სვამს კითხვას: „აა, ეჩვევიან ქალები?“. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო ონლაინ მედიაშიც. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ-გამოცემის ambebi.ge-ს მასალაში, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღისადმი იყო მიძღვნილი, რესპონდენტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ კარგად ესმის ქართველი ქალების, „ძირითადად მათზეა ოჯახი, პროფესიული საქმიანობა და კიდევ ამას პოლიტიკური მოღვაწეობაც რომ დავუმატოთ, ცოდოები იქნებიან. ის კი არა, ამხელა დატვირთვას "ქართლის დედის" ძეგლიც კი ვერ გაუძლებდა, ხელში ხმალი და თასი რომ უჭირავს”. ჟურნალისტი კი პასუხობს: “კი, მაგრამ ოჯახის ტვირთი ხომ მამაკაცსაც აქვს. თუ ტრადიციებს მივყვებით, ის ოჯახის უფროსია...”რესპონდენტი ეთანხმება: “კი, მამაკაცი "მანქანის" საჭეა, ქალი კი - "ბორბლები". ქალების მიმართ დისკრიმინაციული შრომის კოდექსი, პოლიტიკაში ქალთა ნაკლები ჩართულობა, ფემიციდი, ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები - ეს და კიდევ სხვა უამრავი პრობლემა, რაც ქალებს ქართულ საზოგადოებაში აქვთ, ქალთა საერთაშორისო დღესაც ვერ მოხვდა მედიის დიდი ნაწილის დღის წესრიგში. არადა, ჟურნალისტები ჯერ კიდევ უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლობენ, თუ რა ძალა აქვს მედიას, როგორ შეუძლია მას საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამა თუ იმ საკითხის შესახებ. თუმცა,როგორც ჩანს, გენდერული თემატიკის გაშუქებისას მედიის რესურსის გამოყენების არც საკმარისი ნება არსებობს, არც ცოდნა და არც ინტერესი.
კატეგორია: ბლოგი
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ჟურნალისტს ავალდებულებს, ხელი შეუშალოს სტერეოტიპების გამყარებას. ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რესპონდენტის კომენტარი ნეგატიური სტერეოტიპებითაა გაჯერებული, ჟურნალისტმა კონტრკითხვები უნდა დასვას და საწინააღმდეგო არგუმენტებიც მოიშველიოს.

ზუსტად გაწერილი ადგილობრივი და საერთაშორისო გაიდლაინების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი მცდელობის მიუხედავად, ქართულ ტელემედიაში, განსაკუთრებით გასართობ შოუებში, გენდერული სტერეოტიპები (სახეობათა მრავალფეროვნებით) კვლავაც უხვად გვხვდება. ხანდახან ისეც ხდება, უკვე დავიწყებული და დაძლეული რომ გგონია, იმგვარი სტერეოტიპებით სავსე გადაცემა გადის წამყვანი ტელეარხის ეთერში.

25 თებერვალს „რუსთავი 2“-მა გადაცემა „ნანუკას შოუ“ „სადედამთილოებსა და სარძლოებს“ მიუძღვნა.

წამყვანს სტუდიაში ჰყავდა მოყვანილი ქალები, რომელთაც სამი ტიპის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული: „სადედამთილო“, „მაჭანკალი“ და „სასურველი სარძლო“. მთელი გადაცემის განმავლობაში ქალი ნაჩვენები იყო, როგორც „შესაფასებელი ნივთი“, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ გათხოვდეს. კრიტერიუმებს ბიჭის მშობლები ადგენენ, გათხოვება კი, ქალისთვის როგორც მთავარი მიზანი, ისეა წარმოჩენილი.

წამყვანის მიერ დასმული კითხვები საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობდა ხელს. მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანმა ჰკითხა სტუმრებს:

- „ - უნდა იყოს თუ არა რძალი მეგრელი?

- თქვენ არ ჰგავხართ მეგრელ დედამთილებს...

- მეგრელებს გაქვთ გვარებზე გართულება?

- რა არის მთავარი, რაც არ უნდა მეგრელს ოჯახში შესაშვებად?“

ზემოთ აღნიშნულ ბოლო კითხვაზე რესპონდენტმა უპასუხა:„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყოს ქალიშვილი, ეს არის პირველი და უმთავრესი, მეორე -აუცილებლად უმაღლესი განათლებით . . . მესამე არის კარგი დიასახლისი. აუცილებლად ღომი საცივი, ეს აუცილებელი პირობაა მეგრულად გაკეთებული...“

ამ პასუხის შემდეგ, წამყვანი რესპონდენტს ეკითხება: „დედისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, გოგოს როგორ გაათხოვებს თუ რძალი როგორი შემოუვა?“ მოგვიანებით კი შენიშნავს „მე როგორც მივხვდი, სამეგრელოში უფრო მთავარია იყო ქალიშვილი, ვიდრე მეგრელი“.

გადაცემის მსვლელობისას კიდევ ერთი სტერეოტიპი ძლიერდება - არაერთხელაა ხაზგასმული ის, რომ მამრობითი სქესის შვილი არის უპირატესი.

გადაცემაში მოწვეულია მომღერალი დათო ხუჯაძეც, რომელსაც წამყვანი მთელი გადაცემის განმავლობაში მხოლოდ ერთ საკითხზე შეეკამათა - რატომ ითვლება კაცის ღალატი უფრო მსუბუქად, ვიდრე - ქალის. რესპონდენტის თქმით, „ქალი უფრო მეტად ფაქიზია, ნაზია და სუფთა უნდა იყოს ვიდრე მამაკაცი“. წამყვანი განმარტებებს სთხოვს. საუბრის ბოლოს, ხუჯაძე ამბობს, „ეპატიება, კაცია რა, ცხოველია“. წამყვანი სიცილით ხვდება ამ ნათქვამს და ამბობს - „ო, ეს მოსულა, მივიღე სათანადო პასუხი“.

შესაძლოა, ამ გადაცემის მომზადებისას, წამყვანის მიზანი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური სტერეოტიპების წარმოჩენა და მათი დისკრიმინაციული ხასიათის ჩვენება იყო, თუმცა შექმნილი პროდუქტით მიზანი მიუღწეველი დარჩა. გადაცემაში გაჟღერებულ სტერეოტიპებს წამყვანი რომ არ ეწინააღმდეგება, ამას ადასტურებს მის მიერ წარმოთქმული რეპლიკა, „მეშინია, არ გეგონოთ, რომ რამე განსხვავებულს ვფიქრობ“.

საერთო ჯამში, გადაცემამ შემდეგ უარყოფით სტერეოტიპებს მოუყარა ერთად თავი:

ქალი, რომელიც ქალიშვილი არ არის, სიგარეტს ეწევა, ტატუ აქვს და დახეული ჯინსებით დადის, ოჯახში შესაშვები არ არის;

გოგოები კვლავაც მაჭანკლის დახმარებით თხოვდებიან;

რძლებს დედამთილები ირჩევენ;

მეგრელის ოჯახში მეგრელი რძალი უნდა შევიდეს;

მამრობითი სქესის შვილი უპირატესია;

კაცი ცხოველია და ამიტომ მას ღალატი ეპატიება, ქალს კი არა;

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად (მუხლი 33), მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. იქვე ნათქვამია, რომ მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის თანახმად, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".

ამავე მუხლის განმარტების თანახმად, პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.

გენდერულ თანასწორობასა და მედიაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, მედიასაშუალებებმა ხელი უნდა შეუწყონ თვითრეგულირების მექანიზმების, შიდაქცევის/ეთიკის კოდექსებისა და შიდამონიტორინგის, ასევე ისეთი სტანდარტების შემუშავებას, რაც მედიაგაშუქებაში გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს, უნდა უზრუნველყონ ქალთა და მამაკაცთა არასტერეოტიპული იმიჯი, ფუნქცია და ხილვადობა, რომელიც თავისუფალია სექსისტური რეკლამირების, ენისა და შინაარსისაგან, რასაც სქესის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილისა და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისკენ მივყავართ.