პროპაგანდა
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პუტინის რეჟიმისთვის არასასურველ მედიად გამოცხადდა ყველა გამოცემა, რომელიც ომის დანაშაულსა და რუსეთის სისასტიკეზე საუბრობდა, უკრაინაში ომში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებზე ავრცელებდა ინფორმაციას ან უბრალოდ სიტყვა "ომს" გამოიყენებდა "სპეციალურ სამხედრო ოპერაციის" ნაცვლად.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად რუსეთის ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებს იყენებს.

ჟურნალისტების დევნისა და დაშინების "არაოფიციალურ" მეთოდებთან ერთად, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით, ჯერ კიდევ 2019 წლიდან მოქმედებს კანონი ე.წ "ფეიკის გავრცელების შესახებ", რომელიც რამდენიმე მუხლს აერთიანებს და უკრაინაში შეჭრის შემდეგ განსაკუთრებით გამკაცრდა და გახშირდა ამ "დანაშაულისთვის" დევნის შემთხვევები.

მოკლედ, რას მოიცავს ეს კანონი?
  • "ფეიკების" შესახებ კანონში გამოყენებული ზოგადი ცნებები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, შესაბამისად "ყალბი" ინფორმაცია რუსული რეჟიმისთვის გახდა ყველაფერი რაც მათ მიერ კონტროლირებადი "ოფიციალური" წყაროებიდან არ ვრცელდება.
  • მაგალითად, ერთ-ერთი მუხლის თანახმად, აკრძალულია "ყალბი ინფორმაციის" გავრცელება, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას, ჯანმრთლობას ან "წაახალისებს" საზოგადოებრივი წესრიგის "რღვევას".
  • კანონი, ასევე, მოიცავს ისეთ ამბებსაც, რომლებიც საზოგადოებაში აყალიბებს მცდარ შეხედულებას საგანგებო სიტუაციაზე ან მოსახლეობაში თესავს პანიკას.
  • ყალბი ინფორმაციის გავრცელების "დანაშაული", ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა და რუსულ ჯარზე "დეზინფორმაცია" ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას.
  • რუსეთის ხელისუფლებას, სასამართლო განჩინების გარეშე, მათი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შეუძლია დაბლოკოს ე.წ "ფეიკის" გამავრცელებელი ვებ-გვერდი ან შეუწყვიტოს კომუნიკაციის სხვა არხებით სარგებლობის უფლება, მათ შორის სოციალური ქსელებით, Facebook, Telegram თუ სხვა.
  • კანონი არ ეხება მხოლოდ მედიას და შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ დაწესებულებასა თუ ინდივიდზე, მათ შორის ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებზე,საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებზე ან ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ე.წ ინფლუენსერებსა და ბლოგერებზე.

დამატებით, რუსეთში, მედიისთვის მუშაობა გაართულა ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონმა,რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან დაფინანსებული მედია, მათ შორის, "რადიო თავისუფლება" და "ამერიკის ხმა" რუსეთში უცხოეთის აგენტებად ჯერ კიდევ 2017 წელს კანონში შეტანილი ჩასწორებების თანახმად გამოცხადდნენ. ასევე, "აგენტის" სტატუსი აქვთ სხვა გავლენიან, უცხოურ გამოცემებს: დოიჩე ველე, ინსაიდერი, ბელინგქეთი და სხვა.
  • 2022 წლის პირველ დეკემბერს პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც ეწევა აქტივიზმს, ან სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით.
  • 2023 წლის თებერვალში, მსგავსი კანონპროექტი დააინიცირა ანტიდასავლურმა პარტია "ხალხის ძალამ", რომელიც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო - წაიკითხეთ ამ თემაზე ვრცლად: "საფრთხეები ქართული მედიისთვის კანონპროექტში "უცხოეთის აგენტების" შესახებ"

რომელი მედიაგამოცემები დაიხურა ე.წ "ფეიკების" კანონის ამოქმედების შემდეგ?

  • დამოუკიდებელი მედია, "მედუზა" უცხოეთის აგენტად 2021 წელს გამოცხადდა, 2022 წლის გაზაფხულზე რუსულმა კომუნიკაციების მარეგულირებელმა მათი ვებგვერდი დაბლოკა.
  • უკრაინაში შეჭრიდან 3 დღეში, 27 თებერვალს დაიბლოკა კრიტიკული გამოცემა "Current Time"-ის ვებგვერდი. Current time-მა ამაზე განცხადება ტელეგრამში გაავრცელა, მკითხველს VPN-ით ვებგვერდზე წვდომის აღდგენის ინსტურქცია მიაწოდა.
  • 28 თებერვალს დაიბლოკა სტუდენტური გამოცემა "DOXA"-ს ვებგვერდი, მიზეზი ჟურნალისტები კრიტიკულად აანალიზებდნენ რუსეთის ხელისუფლების არგუმენტებს უკრაინაში შეჭრის შესახებ. გამოცემის ჟურნალისტთა დევნა სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით დაიწყო.
  • რამდენიმე დღეში დაიბლოკა უკრაინული გამოცემების, Interfax Ukraine, Gordon, ჟურნალ Korrespondent-სა და "უკრაინსკა პრავდას" ვებგვერდები.
  • პირველ მარტს ვებსაიტის დაბლოკვაზე გაავრცელა განცხადება "Taygi.Info"-მ, გვერდის აღდგენისთვის მათ უკრაინის ომზე გავრცელებული მასალების წაშლა მოსთხოვა რუსეთის მედიის მარეგულირებელმა "როსკომნადზორმა".
  • 2022 წლის სექტემბერში, სასამართლომ "როსკომნადზორის" მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზია შეუჩერა, დამოუკიდებელ გამოცემა "ნოვაია გაზეტას", მათ მუშობა ლატვიის დედაქალაქ რიგიდან განაგრძეს (novayagazeta.eu), თუმცა რუსეთში ეს ვებგვერდიც დაიბლოკა.
  • 2022 წლის მარტში დაიბლოკა უცხოური გამოცემების, BBC-სა და "დოიჩე ველეს" ვებგვერდები "რუსოფობიის" გაღვივებისა და ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით.
  • გამომძიებელ ჟურნალისტთა პლატფორმა Agentura.ru, სხვა გვერდებთან ერთად 2022 წლის დაიბლოკა.
  • ერთ-ერთი ბოლო, დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა, რომელიც 2023 წლის 19 თებერვალს რუსულმა ხელისუფლებამ დაბლოკა იყო "The bell".
2022 წლის 1 მარტს, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ "დოჟდისა" და "ეხო მოსკვის" საინფორმაციო არხებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა.
  • 2 მარტს, ტელეკომპანია "დოჟდის" მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ დზიადკომ, გაავრცელა განცხადება, რომ მან და ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელმა დატოვეს რუსეთი, რადგან "ხელისუფლებამ უკანონოდ დაბლოკა "დოჟდის" სოციალური მედიის ანგარიშები, ვებგვერდი, პირადად დაემუქრნენ რამდენიმე ჟურნალისტს, ამიტომ ცხადია, თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოება საფრთხეშია"
  • "საბჭოს წევრთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ "ეხო მოსკვიმ" შეწყვიტოს მაუწყებლობა" - გამოცემის განცხადება webarchive.com-ზე იძებნება, დღეს მათი ვებგვერდი გათიშულია.
  • 4 მარტს, დახურვის შესახებ "ტელეგრამით" გაავრცელა ინფორმაცია "Znak.com"-მა, "რუსეთში მედიის მუშაობისთვის დაწესებული შეზღუდვები "გვაიძულებს" შევაჩეროთ მუშაობა" - ეწერა მათ განცხადებაში.

დაკავებული ან ძებნილი ჟურნალისტები

ჟურნალისტთა დიდი ნაწილი მაუწყებლობას სხვა ქვეყნიდან აგრძელებს და ცენზურას ამ გზით არიდებს თავს, თუმცა რიგ შემთხვევებში სასამართლომ ზოგიერთ მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ან დააპატიმრა.
  • სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რუსული "პირველი არხის" ყოფილი რედაქტორის მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მან 2022 წლის მარტში რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირდაპირ ეთერში გააპროტესტა - წაიკითხეთ ვრცლად.
  • სექტემბერში, ომის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 1300-ზე მეტ დაკავებულს შორის 18 ჟურნალისტი იყო. მათი ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
  • 15 თებერვალს, რუსეთის ქალაქ ბარნაულის სასამართლომ, ე.წ “ფეიკ ნიუსის” გავრცელებისთვის გამოცემა RusNews-ის ჟურნალისტს, მარია პონომარენკოს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • 2022 წელს ბუჩაში მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალების გამო, 2023 წლის 16 მარტს, ძებნილად გამოცხადდა და რუსულმა სასამართლომ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა "მედუზას" ყოფილ ჟურნალისტსა და მედია მენეჯერ, ილია კრასილშიკს.

რა ხდება რუსეთში სოციალური მედიის მიმართულებით?

დღეს, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო სოციალური მედიაა, შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლებისთვის სოციალური ქსელები ცენზურის სამიზნე მალევე გახდა და მათი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშუალებით:

  • 2016 წელს, დაიბლოკა დამსაქმებლებთან კომუნიკაციის პლატფორმა "LinkedIn", მას შემდეგ, რაც ქსელმა უარი თქვა, რუსეთის მოქალაქეების მონაცემების რუსულ სერვეზე განთავსებაზე.
  • 2018 წლიდან ოფიციალურად აღარ ფუნქციონირებს "Telegram", რადგან ხელისუფლებამ "ტელეგრამისგან" მოითხოვა დაშიფრული ინფორმაციის "გასაღები", რაც მათ მოქალაქეების პირად მიმოწერაზე წვდომას მისცემდა. თუმცა, რუსეთში VPN-ის (ვირტუალური კერძო ქსელის) საშუალებით, ამ აპლიკაციის გამოყენებას მაინც ახერხებენ.
  • 2021 წლის მარტში, "როსკომნადზორმა", განაცხადა, რომ "Tik-Tok"-ით "საზიანო კონტენტი" ვრცელდებოდა, შესაბამისად, გაჩნდა აპლიკაციაზე ცენზურის გავრცელების საფრთხე. დღეს, ეს პლატფორმა კვლავ ფუნქციონირებს, თუმცა მიზანმიმართულად ანელებენ მისი "მუშაობის სისწრაფეს" და რუსეთიდან ახალი ვიდეოების ატვირთვას ვერ ახერხებენ.
  • ამავდროულად, 2021 წლის მარტში, კომისიამ განაცხადა, რომ დაიბლოკებოდა "Twitter" თუ არ დაემორჩილებოდა რუსულ კანონს, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმებს ავალდებულებს მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში წაშალოს კონტენტი, რომელიც ხელისუფლებისთვის "არალეგალურად" ან "საზიანოდ" მიიჩნევა. იმავე წლის აპრილიდან, "Tik-Tok"-ის მსგავსად, "ტვიტერის" მუშაობის სისწრაფეც შენელდა.
  • "სილიკონის ველის გიგანტმა" კომპანიებმა, Google-მა, Apple-მ და "Microsoft"-მა შეზღუდვები დაუწესეს რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიაგამოცემებს, გაჩნდა შესაბამისი მონიშვნა და ევროპის ქვეყნებიდან შეიზღუდა წვდომა "Russia Today"-სა და "Sputnik"-ის მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებზე.

  • დამატებით, Youtube-მა საწყის ეტაპზე რეკლამის განთავსება და მონეტიზაციის ფუნქცია შეუზღუდა, შემდგომში კი დაბლოკა კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები, როგორიცაა Russia Today და სხვა პროპაგანდისტული გამოცემები.

სოციალურ ქსელებთან ერთად, კრემლისთვის არასასურველია და დაიბლოკა ისეთი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა:
  • Amnesty International
  • Human Rights Watch

აკრძალულ აპლიკაციებშია:

  • მუსიკის პლატფორმა Spotify
  • Yandex.Music-დან წაიშალა ყველა პოდკასტი, რომელიც BBC-ს მიერ იყო ატვირთული.
კატეგორია: საქართველო
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერილმა კანდიდატებმა ამომრჩევლის თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მოიპოვეს, გავლენა არა მხოლოდ ქვეყნის ზოგად პოლიტიკურ კლიმატზე, არამედ მედიაგარემოზეც მოახდინა.

ისედაც პოლარიზებული და საპრეზიდენტო კანდიდატების ნეგატიურად წარმოჩენაზე ორიენტირებული წამყვანი მედიასაშუალებები კიდევ უფრო რადიკალურები გახდნენ. რადიკალიზაცია, რიგ შემთხვევაში, საეთერო ბადის შეცვლით, რიგ შემთხვევაში კი, კიდევ უფრო აგრესიული პოლიტიკური მესიჯების გაჟღერებით გამოიხატა.

არჩევნების მეორე ტურის წინ წამყვანი ტელეკომპანიების ეთერში ვიხილეთ პოლიტიკური სუბიექტების საწინააღმდეგოდ ვიზუალური მანიპულაციების გამოყენების პრაქტიკა. ასევე, მედიასაშუალებებმა აქტიურად განაგრძეს წინასწარ შერჩეული მესიჯბოქსების მეშვეობით მაყურებლებში მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბანაკის დისკრედიტაცია.

იმედი

არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებისთანავე, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობა დააანონსა. საგანგებო რეჟიმი საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებში ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატისა და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ ნეგატიური შინაარსის მქონე მესიჯების უფრო ინტენსიურად გაჟღერებით და სათერო ბადეში ახალი სატელევიზიო ტოქშოუს „იმედი Live”-ის დამატებით გამოიხატა.

ტელეკომპანია „იმედის“ მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამ („ქრონიკა 20:00 საათზე“) არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებისთანავე, საგანგებო რეჟიმში, აქტიურად დაიწყო გრიგოლ ვაშაძისა და მისი გარემოცვის საქმიანობის, წარსული ცხოვრებისა და მათი გუნდის შესახებ სიუჟეტების მზადება.

საინფორმაციო გამოშვებებში გახშირდა 2003 წლიდან 2012 წლამდე მომხდარი მოვლენების გახსენება, იმ მოვლენების ხელახალი გაშუქება, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გადაჭარბებას და ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდებოდა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა: გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიაში რუსულ კვალზე; მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებაზე; მის გუნდში მყოფ პოლიტ-ტექნოლოგებსა და სავარაუდო რევოლუციურ სცენარზე, რომელიც ტელეკომპანიის რწმენით შესაძლოა ნაციონალურმა მოძრაობამ განახორციელოს საქართველოში.

ხშირად მზადდებოდა საპასუხო სიუჟეტები ინფორმაციაზე, რომელიც კონკურენტი ტელევიზიის რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებებით ჟღერდებოდა, ან ოპოზიის წარმომადგენლები ავრცელებდნენ.

არხზე ხშირად ჩნდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთანაც ტელეკომპანიის წამყვანებს ვრცელი ინტერვიუები ჰქონდათ, მაგალითად კახი კალაძესთან, დავით სერგეენკოსთან, მაია ცქიტიშვილთან, ბიძინა ივანიშვილთან, ივანე მაჭავარიანთან. ინტერვიუების მიმდინარეობისას მთავრობის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება საუბარი იმ მიმართულებით წაეყვანათ, რომელიც მათთვის იქნებოდა მომგებიანი.

ჟურნალისტები არ გამოირჩეოდნენ მათდამი კრიტიკულობით და უმეტესწილად ღია ტრიბუნას აძლევდნენ პოლიტიკოსებს, რომ საკუთარი დღის წესრიგით ემოქმედათ, დაეფიქსირებინათ მათი პოზიციები და მათი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლო ინფორმაცია გაეჟღერებინათ.

მაგალითად, გადაცემაში „პირისპირ“, 13 ნოემბერს, ორ მინისტრს დავით სერგეენკოსა და მაია ცქიტიშვილს, წამყვანი ძირითადად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო რევოლუციური სცენარის შეფასებასა და მთავრობის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გადაცემის დროს ნახსენები იყო არაერთი სოციალური პრობლემა, თუმცა აღნიშნულ პრობლემებზე საუბარი მხოლოდ პრობლემების ხსენებით შემოიფარგლებოდა, რის შემდგომაც მთავრობის წარმომადგენელს შეეძლო ინტერვიუ სასურველი მიმართულებით, სამომავლო ინიციატივებზე საუბრით გაეგრძელებინა.

10 ნოემბერს შაბათის ქრონიკის მთავარი სტუმარი თბილისის მერი კახი კალაძე იყო. ამ დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. ინტერვიუს პარალელურად, აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა გადაცემის წამყვანს ერთხელაც არ დაუსვამს შეკითხვა ქალაქის მერისათვის პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე. სამაგიეროდ კახი კალაძემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის მისეულ შეფასებებსა თუ ქალაქის მერიისა და მმართველი გუნდის გეგმებზე.

მსგავსი პათოსის ინტერვიუ ჩაიწერა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელთან ბიძინა ივანიშვილთან ტელეკომპანიის საგანგებოდ შექმნილ გადაცემაში „იმედი LIVE”, რომელსაც ჟურნალისტი თეონა გეგელია და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ყოფილი პოლიტიკური მდივანი ნიკოლოზ ლალიაშვილი უძღვებიან. ინტერვიუს ძირითადი ნაწილი დაეთმო ივანიშვილის მოლოდინებს არჩევნების პირველ ტურზე; მის შეფასებებს - რა მოხდება თუ მეორე ტურში გაიმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე; არის თუ არა მოსალოდნელი არეულობა, თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს; გეგმავს თუ არა მთავრობა დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ჭარბვალიანობის შესამცირებლად და ა.შ.

„ნაციონალური მოძრაობისადმი“ კრიტიკული ტონი და „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალობა ცალკეული შემთხვევა არ ყოფილა და შეიძლება ითქვას, რომ ეს მოტივი „იმედი LIVE”-ის ეთერში გასვლას ლაიტმოტივად გასდევს. როგორც წამყვანმა თეონა გეგელიამ პირველ გადაცემაშივე აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ სატელევიზიო გადაცემის წაყვანა არც მისთვის იყო „კომფორტული მდგომარეობა“, თუმცა განმარტა, რომ „ამ ძალის [ნაციონალური მოძრაობის] ხელისუფლების რომელიმე შტოსთან მოახლოვების წინააღმდეგ პოზიციონირება არის ამ ტელეკომპანიის ღირებულებითი არჩევანი და ჩემი პირადი არჩევანიც.“

გადაცემის წამყვანები ძირითადად მიმდინარე კვირის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ ხოლმე და არ ერიდებიან შეფასებების გაკეთებას ნაციონალური მოძრაობისა და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ, თუმცა „იმედი LIVE”-დან ვერ მოისმენთ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ პოზიციას. ერთადერთი საყვედური რომელიც ხელისუფლების მისამართით ისმის, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკმარისი რაოდენობის ამომრჩევლის განაწყენება მოახერხა 2012 წლიდან დღემდე, საიმისოდ, რომ მათ მხარდაჭერილ კანდიდატს პირველ ტურში ვერ გაემარჯვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის შესახებ კი ძირითადად შემდეგი მესიჯები ტრიალებს - „მტერი“, „ტერორისტული ორგანიზაცია“, „რევოლუციური სექტა“ „რუსული პროექტი“ და ა.შ. გადაცემაში ასევე იყენებენ გრაფიკულ მანიპულაციებს, როგორიცაა ვაშაძის რუსეთის დროშის ფონზე გამოსახვა (სალომე ზურაბიშვილის კი საფრანგეთის დროში) და სისხლისფრად შეღებილი ნიაღვრის ნაკადით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჩინოვნიკების გამოსახულებების გადაფარვა.





აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ გადაცემაში დრო და დრო ისმის კრიტიკული მოსაზრებები ხელისუფლების მისამართით, თუმცა ამ მოსაზრებების ავტორები მხოლოდ გადაცემის სტუმრები არიან, მაგალითად: დავით უსუფაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, კობა დავითაშვილი და ა.შ. აღნიშნული სტუმრები არ გამოირჩევიან ნაციონალური მორაობისადმი ლოიალურობით, თუმცა ისინი კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართაც. ასევე, გადაცემის წამყვანების თქმით, ისინი არაერთხელ შეეცადნენ, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გადაცემაში მიეწვიათ, თუმცა გრიგოლ ვაშაძემ მათ შეთავაზებას ყველა ჯერზე უარით უპასუხა.

რუსთავი 2

გადაცემა „იმედი LIVE” თავისი ფორმატითა და შინაარსით ტელეკომპანია „იმედზე“, ნაწილობრივ, რუსთავი 2-ის გადაცემა „კვირის აქცენტებს“ წააგავს, თუმცა საწინააღმდეგო პოლიტიკური პოლუსითა და ნაკლები უცენზურო გამონათქვამით. რუსთავი 2-ის აღნიშნული გადაცემის შესახებ, მედიაჩეკერმა რამდენიმე დღის წინაც მოამზადა მასალა, რომელშიც უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ, თუ რა თემებს და როგორ აშუქებენ არხის გენერალური დირექტორი და მისი თანაწამყვანი. თუმცა, ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეს გადაცემა არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად გადის ეთერში და უფრო და უფრო რადიკალური გახდა.

მაგალითად, ნიკა გვარამიამ, თავისივე თანაწამყვანის პროტესტის მიუხედავად, ტელევიზიის ეთერთი ისაუბრა მოარულ ჭორებზე ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის პირადი ცხოვრების შესახებ, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

იმავე წამყვანმა, რამდენიმე კვირით ადრე, ფოტოგრაფ იური მეჩითოვს Aljazeera-ს დოკუმენტურ ფილმში გამოთქმული მოსაზრებების გამო აგინა, შემდეგ კი მეჩითოვის თემა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას დაუკავშირა, ვინაიდან ფოტოგრაფი სწორედ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერია. გადაცემაში კვლავაც მხოლოდ ხელისუფლებისადმი ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკური სუბიექტები და საჯარო ფიგურები ხვდებიან ხოლმე სტუმრად და წამყვანების შეფასებებიც რადიკალურია როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე „ქართული ოცნების“ მისამართით.



რადიკალური იყო გამოხატვის ფორმები გადაცემაში კურიერი P.S., სადაც 18 ნოემბერს ეთერში წამყვანის ნაცვლად მაყურებელი სხვადასხვა პოლიტიკოსის სხეულისაგან შემდგარ ფიგურებს უყურებდა. გადაცემის რედაქციის გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის ტანზე მიერთებული ბიძინა ივანიშივლის, ირაკლი კობახიძისა თუ კახი კალაძის გამოსახულებებით წაეყვანათ პირდაპირი ეთერი, რამდენიმე დღით ადრე, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის „ქართული ოცნების“ სხვადასხვა პოლიტიკური სახის პოსტერებით ჩანაცვლებას უკავშირდებოდა. ვიზუალური მანიპულაციით ტელეკომპანია შეეცადა, რომ კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატის დისკრედიტაცია მოეხდინა.

რუსთავი 2-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება კი კვლავინდებურად მაქსიმალურად კრიტიკულია ხელისუფლებისა და მისი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებიდან მალევე, „კურიერმა“ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, აქტიური დაიწყო, ხელისუფლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლებზე ზეწოლის თუ მათ ნებაზე ზეგავლენის მცდელობების შესახებ ამბების მოძიება და გაშუქება. ასევე, საინფორმაციო გამოშვება განსაკუთრებულად უთმობდა ყურადღებას ხელისუფლებისადმი და სალომე ზურაბიშვილისადმი განსაკუთრებულად კრიტიკულად განწყობილი სუბიექტების გაშუქებას, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები თუ ერთ დროს ქართული ოცნების აქტიური მხადამჭერები, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებას სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ.

რაც შეეხება რუსთავი 2-ის ტოქ შოუ „არჩევანს“, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე სულ 7 გადაცემა გავიდა. ამათგან ერთი გადაცემა დაეთმო „ხალხის ხმას“, სადაც როგორც წესი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოსახლეობის კომენტარებია ხოლმე თავმოყრილი მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. ერთი გადაცემა მთლიანად დაეთმო ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“. არჩევნების მეორე ტურის წინა ღამეს კი გადაცემაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ გადაცემაში მიწვეულნი, თუმცა აღსანიშნავია რომ ამ ადამიანების უმეტესობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კადიდატის მხარდამჭერები ან სახელისუფლებო კანდიდატისადმი უკიდურესად კრიტიკულად განწყობილები იყვნენ. დარჩენილი გადაცემების სათაურები („წართმეული არჩევანი; რატომ გვაშინებს ოცნება“, „ივანიშვილის ძველი გვარდია“, „მზადება გაყალბებისთვის“) კი თავისთავად მეტყველებს გადაცემების პათოსზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მთავარი ცვლილება საარჩევნო ტურებს შორის იყო ანალიტიკური გადაცემა „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“, რომელიც ყოველდღე გადიოდა ეთერში შაბათ-კვირის გარდა. გადაცემა მიჰყავდა ოთხ წამყვანს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსა და ანალიტიკოსებს. როგორც პირველი არხის ვებგვერდზეა მითითებული, სულ 16 გადაცემა გავიდა ეთერში, რომელთაგან ორი შედარებით დიდ აუდიტორიას მასპინძლობდა და სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებსა და არჩევნებზე.

ზოგადად, გადაცემა „იმედისა“ და რუსთავი 2-ის ტოქ შოუებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი და ნაკლებად სენსაციური იყო. მაყურებელს ჰქონდა საშუალება, რომ მშვიდად მოესმინა თითოეული წამყვანისა თუ სტუმრის პოზიცია. თუმცა, გადაცემის სტუმრებს შორის ჭარბობდა ხელისუფლების მომხრე ან ნაციონალური მოძრაობისადმი მკვეთრად ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები ან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები (რამდენიმე მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, გოგა ხაინდრავა, ხათუნა ხოფერია, ზაზა შათირიშვილი, ნაირა გელაშვილი და ა.შ.). გადაცემაში სტუმრად ასევე ჰყავდათ სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები (მაგ. რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი) ანდა საჯარო ფიგურები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი (დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჯაფარიძე).



გადაცემა არ გამოირჩეოდა სიმწვავით სახელმწიფო მოხელეების ინტერვიუირებისას. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სტუმრობა, რომელთან ჩატარებული ინტერვიუც ძირითადად შეეხებოდა მთავრობის ინიციატივას, საბანკო ვალდებულებებზე დაწესებული შეღავათების შესახებ. გადაცემის წამყვანებს არ დაუსვამთ მწვავე შეკითხვები პრემიერ-მინისტრისათვის და ნაცვლად ოპონირების რეჟიმისა, ბახტაძეს საშუალება ჰქონდა, რომ ერთსაათიანი ეთერის განმავლობაში უბრალოდ საკუთარი საქმიანობისა და მთავრობის პრომოუშენით დაკავებულიყო.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად, საინფორმაციო კამპანია შეუკვეთა. ის მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ საზოგადოების პოლარიზაციას, მეორე მხრივ კი დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას“ - ეს არის ამონარიდი ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს (NIC) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან.

The IRA (Internet Research Agency) იგივე „ტროლების ფერმა“, როგორც მას ხშირად უწოდებენ ხოლმე, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს. პირველად, ფართო საზოგადოებისთვის, მისი არსებობის შესახებ ნიუ იორკ ტაიმსის ჟურნალისტური გამოძიებით გახდა ცნობილი. მოგვიანებით, კი ფერმის არაერთი ყოფილი დასაქმებული დასავლურ მედიას უყვებოდა ტროლების ფერმაში მუშაობის სპეციფიკაზე. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებული ე.წ. ტროლები ცდილობდნენ გავლენის მოპოვებას.

ფერმის 400 თანამშრომელს, ბლოგპოსტებისა და სტატიების მეშვეობით, კრემლის მესიჯების გავრცელება ევალება. სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია, სოციალურ ქსელებში კომენტარებისა და პოსტების დაწერა. ტროლები აქტიურად იყენებენ მედიასაშუალებების კომენტარების ველებს, ამონტაჟებენ ვიდეოებსა და ფოტოებს და ავრცელებენ სხვადასხვა პლატფორმაზე, ამ საქმისთვის კი საშუალოდ, თვეში ხელფასის სახით დაახლოებით 700 დოლარს იღებენ.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ფეისბუკის ცნობით, ტროლების ფერმიდან წამუსული ინფორმაცია სოციალურ ქსელებში 125-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. ტვიტერმა კი ფერმასთან დაკავშირებული 3,800 ექაუნთი აღმოაჩინა. მათივე ცნობით, ტროლებთან, საარჩევნო პერიოდში 1.4. მილიონ ადამიანს ჰქონდა ონლაინ-ინტერაქცია. არჩევნებამდე 10 კვირის განმავლობაში მათ მიერ 176 ათასი ტვიტი დაიწერა. ამჟამად, ექაუნთები დახურულია.

როგორც ფერმის ყოფილი თანამშრომლები დასავლურ მედიასთან ყვებიან, მათ არჩევნების დროს, ევალებოდათ სოციალურ ქსელებში არ გაემხილათ საკუთარი ვინაობა და ეპოსტათ ისე, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები იყვნენ. The Moscow Times წერს, რომ თანამშრომლებს, შტატების შიდაპოლიტიკური სისტემის უკეთ გასაგებად, ცნობილი სერიალი House of Cards უნდა ენახათ, მათ ასევე აქტიურად უტარდებოდათ ინგლისური ენის გაკვეთილებიც. ტროლები ორ ცვლაში - დღისით და ღამით მუშაობდნენ, რათა რუსეთსა და შტატებს შორის დროში განსხვავებას, შეფერხება არ შეექმნა.

ვიტალი ბესპალოვი, ამ ფერმაში IT- სპეციალისტად მუშაობდა. ის NBC News-თან სამუშაო პროცესს ასე აღწერს:

„პირველ სართულზე პროფესიონალი ჟურნალისტები სხედან. მათ ჟურნალისტური პროდუქტის - სტატიების, ნიუსების შექმნა ევალებათ. მეორეზე ბლოგერები მუშაობენ. ხოლო მესამე და მეოთხე სართულზე მომუშავეების საქმე, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა საიტებზე კომენტარებისა და პოსტების დაწერაა, მარკეტინგის გუნდს კი ევალება, რომ ეს ყველაფერი კარგად შეფუთოს და სწორი სარეკლამო სტრატეგიით მიიტანოს მიზნობრივ აუდიტორიამდე“.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რუსული ტროლების მიერ ვრცელდებოდა ორი ტიპის ინფორმაცია: პირველი, რომელიც არსობრივად ყალბი ფაქტებისგან შედგებოდა და მეორე, რომელიც უფრო მეტად შეფასებებს მოიცავდა და გარკვეული ჯგუფების მობილიზაციას ისახავდა მიზნად.

ქეთლინ ჰოლ ჯეიმსონი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორია. მან შეისწავლა რუსული ტროლების გავლენა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და გამოსცა წიგნი „როგორ დაეხმარნენ რუსი ჰაკერები და ტროლები პრეზიდენტს არჩევნების მოგებაში“. მედიაჩეკერს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში, საშუალება ჰქონდა პენსილვანიის უნივერსიტეტში დასწრებოდა მის მოხსენებას.

„როცა რაიმე იდეოლოგიას პრინციპულად ეწინააღმდეგები და ამ დროს შენი სოციალური მედიის გვერდზე ხედავ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ამ იდეოლოგიის დისკრედიტაციას ისახავს, როგორც წესი არ უკვირდები იმას, რამდენად სწორია გავრცელებული ინფორმაცია, ვინ ავრცელებს მას, რა მიზანი აქვს და ა.შ. ასეთ დროს მომხმარებლების უმეტესობა, დაუფიქრებლად იწონებს ან აზიარებს ამგვარ პოსტებს. ეს ასე მუშაობს ყველა ქვეყანაში და ასე იმუშავა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც“, - ამბობს ჯეიმსონი.

ჯეიმსონი თავის წიგნში აღწერს, როგორ ერეოდა კრემლი წინასაარჩევნო პროცესში. ფოკუსირება ტრამპის დღის წესრიგზე, კლინტონის და მისი მხარდამჭერების მარგინალიზაცია და სამიზნე აუდიტორიის ზუსტად განსაზღვრა - ეს იყო რუსული კამპანიის სამი ძირითადი ასპექტი.

„აქტიურად იქმნებოდა და ზიარდებოდა ფოტოპოსტები, ვიდეოები და ინტერნეტ თამაშებიც კი, რომლიც ამერიკულ საზოგადოებას ამცნობდა, რომ კლინტონი კორუმპირებულია, რომ მისი საინფორმაციო კამპანია ტერორისტების ფულით ფინანსდება და ა.შ. ამის პარალელურად, რუსული ტროლები ტრამპის დღის წესრიგს პოზიტიურად წარმოაჩენდენ. მიგრანტების დემონიზაცია, ვეტერანების მძიმე სოციალურ პრობლემებზე აქცენტირება, იარაღის ტარების უფლების მხარდაჭერა - ისინი სწორედ ამ ტიპის მესიჯებს ავრცელებდნენ, რაც ტრამპის დღის წესრიგის ზედმიწევნით გამეორება იყო“.


ჯეიმსონის თქმით, რუსეთიდან მომდინარე კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, აუდიტორიის სწორად განსაზღვრა იყო. მოიწონე, თუ გინდა, რომ იესომ მოიგოს - ეს ფოტომონტაჟი ამგვარი მოწოდებით, აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში. ჯეიმსონი ამბობს, რომ ასე, რუსული ტროლები აუდიტორიის ზუსტად იდენტიფიცირებას ცდილობდენ: „თუ დაალაიქებ ამ პოსტს, ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, კონსერვატორი ქრისტიანი ხარ. შესაბამისად, იმ ადამიანებმა, ვინც კამპანიის უკან დგანან, ზუსტად იციან, რა ტიპის მესიჯები გამოუშვან სამომავლოდ შენთან, რაზე გექნება რეაქცია“.



რუსეთის მცდელობა, გავლენა მოიპოვოს ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაზე, 2016 წლის არჩევნებით არ დასრულებულა.

“ჩვენ უკვე ვხედავთ ნიშნებს, როგორ ცდილობს რუსეთი გავლენის მოპოვებას არჩევნების შემდეგ ციკლზეც“ - აღნიშნავს თავის გამოსვლაში მაიკ პომპეო, CIA-ს ხელმძღვანელი: „უდავოა, რომ რუსეთი 2016 წლის გამოცდილებას კვლავაც გამოიყენებს. ჩვენ უნდა ვუთხრათ ამერიკის საზოგადოებას, რომ ეს საფრთხე რეალურია. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთს მივცეთ უფლება, გვიკარნახოს ვის მივცეთ ხმა, და საერთოდ, როგორ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა“.

სად არის გამოსავალი? კეტლინ ჯეიმსონი სოციალური მედიის პლატფორმების მცდელობას, დაუპირისპირდეს ამ პროცესს, სკეპტიკურად უყურებს. ის თავის წიგნში წერს: “შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური მედიების მფლობელმა კომპანიებმა ვერ შეძლეს დროულად მოეხდინათ იდენტიფიცირება იმ ექაუნთებისა, რომლებიც რუსეთიდან იმართებოდა და რომელთა მიზანიც, არჩევნებზე ზეგავლენა იყო. მთელს ამ პროცესს ერთ წელზე მეტი დასჭირდა. როგორ შეიძლება გვქონდეს ამ კომპანიების იმედი, რომ ისინი კიბერშეტევისგან მომავალ არჩევნებში დაგვიცავენ?“

ჯონათან ჰენიკი, სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული გლობალური ჩართულობის ცენტრის (GIC) კოორდინატორი, პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციისგან თავის დაცვის სწორი გზა მომხმარებლის ქცევის ცვლილება და ცნობიერების ამაღლებაა:

„მე ვფიქრობ, რომ დღეს გარდამავალ პერიოდში ვცხოვრობთ. დღეს, ადამიანებს არ უნდათ ფულის გადახდა ინფორმაციის სანაცვლოდ. უფასო ინფორმაცია კი ხშირ შემთხვევაში ყალბია ან დეზინფორმაციაა. ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა შეიცვლება და სამომავლოდ, ადამიანები ფულის გადახდას დაიწყებენ სწორი, არამანიპულაციური პროდუქტის მისაღებად. ჩვენ კი ვცდილობთ გავაძლიეროთ ის ორგანიზაციები, რომლებიც ყალბი ამბების იდენტიფიცირების და გადამოწმების კუთხით მუშაობენ, ასევე ვდებთ დიდ ფინანსურ ინვესტიციას იმგვარ ტექნოლოგიებში, რომლებიც ადამიანებს დაეხმარება, გადაამოწმონ ფოტოს, ვიდეოს თუ ტექსტური მასალის სისწორე - ესაა ჩვენ მიერ არჩეული გზა“, - ამბობს ჯონათან ჰენიკი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რუსული პროპაგანდა საყოველთაო ინტერესის და ცხარე პოლიტიკური დებატის საგნად იქცა. სწორედ მაშინ გახდა ცხადი, რომ რუსეთი, საინფორმაციო კამპანიის საშუალებით, შტატების შიდა პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა.

კრემლი 2016 წლის არჩევნებზე ზეგავლენისთვის მრავალფეროვან მეთოდებს იყენებდა. სოციალური მედია და რუსული ხელისუფლებისგან დაფინანსებული საერთაშორისო მედიასაშუალებები პროპაგანდისტული მესიჯების ტრიბუნად იქცა. მთელ ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ჰქონდა მედიასაშუალება Russia Today-ს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ სახელი შეიცვალა ამჟამად პოზიციონირებს, როგორც RT.

RT არასაარჩევნო პერიოდშიც აქტიურობს. ის ყოველდღიურად ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი აუდიტორია, რომ დასავლური ღირებულებები დევალვირებულია, რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.

რა არის RT ?

RT რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებაა, რომელიც საერთაშორისო ამბებს 24 საათიან რეჟიმში აშუქებს. არხი 2005 წელს შეიქმნა და ოთხ ენაზე მაუწყებლობს. თავად RT ირწმუნება, რომ მისი აუდიტორია 700 მილიონ ადამიანზე მეტია.

„დასვი მეტი კითხვა“ - ეს არის RT-ის სლოგანი. ბრალდებებს, იმის შესახებ, რომ ტელეარხი რუსული პროპაგანდის პირდაპირი ტრიბუნაა, თავად მაუწყებელი, ბუნებრივია, უარყოფს. „ჩვენ გთავაზობთ საერთაშორისო მოვლენებს ალტერნატიული პერსპექტივიდან“, - ასე ხსნის RT საკუთარ საქმიანობას. თუმცა რეალობაში, მისი „ალტერნატიული პერსპექტივა“ ხშირად, ამბების მხოლოდ ერთი - რუსული რაკურსით გაშუქებას, დეზინფორმაციას, მანიპულაციას და აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის აშკარა მცდელობას ნიშნავს.

რა მეთოდით მუშაობს RT და რა არის მთავარი მესიჯი ?

“ერთი მხრივ, რუსეთი ცდილობს მუდამ ჩანდეს საერთაშორისო სივრცეში, როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშე, მეორე მხრივ კი საზოგადოების პოლარიზება და დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია სურს“, - ამბობს ჯენ ფიშერი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის ბიუროს უფროსი მრჩეველი. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად კრემლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი არის Russia Today.

“მესიჯი იმგვარია, რომ თითქოს, დასავლური ღირებულებები ტრადიციულს ეწინააღმდეგება. რუსეთი წარმოჩენილია, როგორც ტრადიციების დამცველი, დასავლეთი კი მისი მოწინააღმდეგე. პროცესში აქტიურად იყენებენ ორთოდოქსულ ეკლესიასაც. ამ ყველაფრით, რუსეთი ცდილობს საერთაშორისო აუდიტორია დაარწმუნოს, რომ ის მნიშვნელოვანი აქტორია“, - ამბობს ფიშერი.

RT-ზე ვერ ნახავთ რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას. სამაგიეროდ, აქ მოისმენთ იმ „ექსპერტების“ პრორუსულ პოზიციებს, რომელთა სახელი და გვარი რუსული გამოცემების გარდა, ინტერნეტში არსად იძებნება, აქ გაგაცნობენ გაუგებარი და საეჭვო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევის შედეგებს. ასე მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ კვლევაზე დაყრდნობით RT იუწყებოდა, რომ ევროკავშირის ყოველი 3 მოქალაქიდან 1 ფიქრობს, რომ ყირიმი რუსეთის უნდა იყოს. RT არის ერთადერთი არხი, რომელიც გეტყვით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნანობს რუსეთისთვის სანქციების დაკისრებას, აქ გაიგებთ, რომ თურმე შვედეთი ომისთვის ემზადება, ევროკავშირი კი რუსეთის მოქალაქეებს გენოციდს უწყობს, აქვე ნახავთ რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებას, მხოლოდ რუსული პერსპექტივიდან.

RT ცდილობს, რაც შეიძლება სარწმუნო მედიასაშუალებად გამოჩნდეს აუდიტორიის წინაშე. პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი კეტლინ ჯეიმსონი ამბობს, რომ სახელმაც კი შესაძლოა აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს: „შტატებში უამრავი აკრონიმი გვაქვს. აკრონიმებით აღვნიშნავთ მედიასაც. მაგალითად, როცა ვამბობ, რომ სტატია AP ზე წავიკითხე, ეს ნიშნავს, რომ Associated Press-ს ვგულისხმობ. 2008 წელს Russia Today-მ სახელი შეიცვალა და RT დაირქვა. RT- ჟღერადობით ძალიან ჰგავს დასავლური მედიასაშუალებების სახელს, მის სახელში აღარ ფიგურირებს სიტყვა „რუსეთი“, შესაბამისად, აუდიტორია შესაძლოა, მარტივად შევიდეს შეცდომაში და ვერ მიხვდეს, რომ ინფორმაცის, რომელსაც ის ეცნობა, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული მედია ავრცელებს“.

RT ცდილობს მოიზიდოს სხვადასხვა სანდო მედიასაშუალებების ცნობილი სახეებიც. მაგალითად ლარი კინგი, რომელიც წლების განმავლობაში CNN-ის სახე იყო, დღეს RT –ს წამყვანია. “როცა გადართავ RT-ზე, და ხედავ ნაცნობ სახეს, შესაძლოა არ დასვა ბევრი კითხვა, რა არხია, ვინ აფინანსებს, რამდენად სანდოა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ა.შ.“ - ამბობს ჯეიმსონი.

რა როლი ჰქონდა RT-ს 2016 წლის არჩევნებში?

2017 წლის იანვარში, ამერიკის სადაზვერვო სააგენტომ (NIC) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ RT 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წარმოადგენდა პროპაგანდის მთავარ წყაროს. ანგარიშის მიხედვით, მედიაგაშუქება მიზნად ისახავდა არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენასა და რუსული ინტერესების წარმოჩენას.

„საარჩევნო კამპანიის დროს RT -ს მიერ კანდიდატ ჰილარი კლინტონის გაშუქება იყო მკვეთრად ნეგატიური. მედიასაშუალება კანდიდატს წარმოაჩენდა, როგორც კორუფციაში ეჭვმიტანილ, არასანდო ადამიანს, რომელსაც კავშირი ჰქონდა ისლამურ სახელმწიფოსთან. გარდა ამისა, RT აუდიტორიას ამცნობდა, რომ კლინტონს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა“ .

RT აქტიურად თანამშრომლობდა ვიკილიქსთან და მის დამფუძნებელ, ჟულიან ასანჟთან. საარჩევნო პერიოდში გამოქვეყნდა მასალები შემდეგი სათაურებით:

„ჟულიენ ასანჟი: ვიკილიქსს აქვს ისეთი იმეილი, რის გამოც კლინტონი შესაძლოა ციხეში ჩასვან?“
„კლინტონს და ისლამურ სახელმწიფოს ერთი და იგივე დამფინანსებელი ჰყავს“.
„როგორ მიდიოდა ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხა კლინტონების ჯიბეში?"

ამ ტიპის ვიდეოებს, იუთუბის არხზე მილიონობით ნახვა ჰქონდა. RT-ს ვიდეოპროდუქტი ფეისბუკსა და ტვიტერზე სპონსორდებოდა, სოცმედიაში აქტიურობდნენ ე.წ. ტროლებიც. მაგალითად, მხოლოდ სამმა ექაუნთმა, რომელიც RT- ს ეკუთვნოდა, ტვიტების დასპონსორებაში, საარჩევნო პერიოდში, 274 თას დოლარზე მეტი დახარჯა.

შტატების არჩევნებში ჩარევის გამო, 2017 წელს ტვიტერმა RT –ს ოფიციალურად აუკრძალა ტვიტების დასპონსორება. ტელეარხმა ეს გადაწყვეტილება რუსულ მედიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად შეაფასა.

რას აშუქებს RT საქართველოზე?

რა არის RT, რა მიზანი აქვს მას - უბრალოდ რუსული პერსპექტივების წარმოჩენა, თუ კრემლის პროპაგანდის ტირაჟირება? ამ საკითხზე პირველი ეჭვი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაჩნდა. გაშუქება ცალმხრივი იყო.

RT უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა ამ ომს, ამცნობდა საზოგადოებას, როგორ შეიჭრა „აგრესორი საქართველო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და როგორ ჩაერთო რუსეთი მშვიდობისა და სამართლიანობის დასამყარებლად“. ტელეარხი აუდიტორიას უჩვენებდა ადამიანურ ტრაგედიებს და ომის სისასტიკეს, თუმცა მასალების მიხედვით, სასტიკები მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები იყვნენ.

„RT ამ ომის მონაწილე მხარედ იქცა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ უნდა გვედევნებინა თვალი CNN-ისთვის, BBC-ისთვის, გვარწმუნებდნენ, რომ მათი გაშუქება მიკერძოებული იყო და შესაბამისად, ჩვენც გვქონდა უფლება, იგივე გაგვეკეთებინა“, - იხსენებს RT-ს კორესპონდენტი CJR- თან საუბარში.

უილიამ დანბარი, რომელიც იმ დროს საქართველოში RT-ს კორესპონდენტი იყო, CJR- ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „ერთ-ერთი ჩართვისას ვთქვი, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები დაბომბა. შემდეგ, ისევ უნდა მქონოდა ლაივი, შეთანხმება იყო რედაქციასთან, რომ საათში ერთხელ უნდა გავსულიყავი ეთერში. თუმცა ჩართვიდან მალევე დამირეკეს და მითხრეს, რომ ლაივები უქმდებოდა, მე კი საჭირო აღარ ვიყავი და შემეძლო სახლში წავსულიყავი“.

RT-ის ეს ომი მომდევნო წლებშიც არ დავიწყებია. თემა განსაკუთრებით ომის წლისთავის დროს აქტიურდება ხოლმე. გაშუქებაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად, რუსეთი მშვიდობისმყოფელად, საქართველო კი აგრესორადაა წარმოჩენილი. ამ საკითხზე ბოლო მასალა 3 თვის წინ, ომიდან 10 წლის თავზე გამოქვეყნდა. მასალა ასეა დასათაურებული: „10 წელი მას შემდეგ, რაც საქართველომ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთზე იერიში მიიტანა“ . სიუჟეტში აუდიტორიას კიდევ ერთხელ „შეახსენეს“, რომ ომი საქართველომ დაიწყო და რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპებიც დაარღვია. მასალაში ეთნიკური ოსები „ქართველების მიერ ჩადენილ სისასტიკეებზე“ საუბრობენ. მაგალითად, 9-10 წლის ბავშვი იხსენებს, „როგორ გადაუარა ქართულმა ტანკმა მის თვალწინ პატარა გოგონებს“.

ომის გარდა, RT-ს ინტერესის საგანი საქართველოსთან დაკავშირებული სხვა თემებიც ხდება. მაგალითად, ბოლო დროს აქტუალურია ლუგარის ლაბორატორია. იმის წარმოსაჩენად, თუ რა ცუდია დასავლეთი, RT ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და აუდიტორიას არწმუნებს, რომ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში “ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ“.

„ყოფილი მინისტრი: დასავლეთიდან დაფინანსებული ლაბორატორია საქართველოში შესაძლოა, ადამიანის ორგანოებზე უკანონო ექსპერიმენტებს ატარებდეს“ - ასეთია ერთ-ერთი სტატიის სათაური. სტატიის ტექსტიდან ირკვევა, რომ სათაურში ყოფილ მინისტრად მოხსენიებული პიროვნება, იგორ გიორგაძეა, რომელიც საქართველოს მხარის მოთხოვნით, წლებია წითელი ცირკულარით იძებნება, მას ბრალად ტერორისტული აქტის ორგანიზება ედება. ის ქვეყნის უშიშროების მინისტრი დაახლოებით 23 წლის წინ, 1993-1995 წლებში იყო. ამ თემაზე გამოქვეყნებული კიდევ ერთი სიახლე, ირწმუნება, რომ საქართველოში, ამ ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ცდების შედეგად, უკვე 73 ადამიანი დაიღუპა.

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაცია ხშირად ჩნდება ქართულენოვან გამოცემებშიც. ამ საკითხს „მითების დეტექტორი“ იკვლევს, მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „ქართულ მედიაში გავრცელებული მოსაზრებები ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების შესახებ უსაფუძვლოა და წარმოადგენს რუსული მესიჯბოქსის ნაწილს“.

პერიოდულად, RT საქართველოს საგარეო კურსითაც ინტერესდება. გამოცემა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შანსი არ აქვს. რამდენიმე მასალის სათაური:

კატეგორია: ეთიკა
24 ივლისს,  "რეზონანსმა", საქართველოში ტურიზმისა და უცხოელი გიდების მუშაობის შესახებ მოამზადა მასალა. სტატია, რომელიც ქვეყნის ტურისტულ მზადყოფნასა და კვალიფიციური გიდების ნაკლებობას ეხება, პრობლემაზე მსჯელობის ნაცვლად, ქსენოფიბიური გზავნილებითაა გაჯერებული.

მიუხედავად იმისა, რომ მასალაში არც ერთი კონკრეტული შემთხვევა არ არის მოყვანილი, ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ ირანელი გიდები ტურისტებს თბილისს სპარსულ ქალაქად აცნობენ. მისივე თქმით, პრობლემაა ბათუმშიც, სადაც "თურქული უბნებია" მოწყობილი და თავიანთ დღესასწაულებს აღნიშნავენ. ყოველ დილით, უთენია ადგილობრივებს მოლას ლოცვა აღვიძებთ”.

"თითქმის ყველა მათგანი [ირანელი გიდები] ირანელ ტურისტებს უყვება, რომ თბილისი სპარსული ქალაქი იყო, შემდეგ რუსებმა მიითვისეს და ასე მოხვდა დღევანდელი საქარველოს ტერიტორიის შემადგენლობაში. ისინი თბილისის, როგორც თავიანთი ქალაქის, დაბრუნებას სხვადასხვა ფორმით ითხოვენ", - წერს ჟურნალისტი.

ამავე სტატიაში ავტორი ტურიზმის ექსპერტების სტატუსით ჩაწერილი რესპონდენტების მოსაზრებებს გვთავაზობს. ამ კომენტარებსაც ქსეონოფობიური კონტექსტი აქვს.

"წელს ბათუმში ვიყავი და ყოველი ცისმარე დილა მოლას ლოცვით იწყება და მისი ხმა მთელ ქალაქში ისმის. ჩემს ქვეყანაში კი არა, რომელიღაც მუსლიმანურ ქალაქში მეგონა თავი... აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძველი ბათუმის ქუჩები შესყიდული აქვთ თურქებს და თავიანთ დღესასწაულებს აწყობენ. ობლებივით დადიან ქართველები იმ ქუჩებში", - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი და იქვე ამატებს, რომ პრობლემა უკვე გაცდა ტურიზმის სფეროს, - “მარტო გიდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის პრობლემა, საქმე ეხება იმ დიდ უფლებებს, რასაც სახელმწიფო აძლევს უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში".

მიუხედავად იმისა, რომ მასალა თითქოსდა საქართველოს ტურიზმის სეზონისთვის მზაობისა და გიდების შესახებ არის მომზადებული, მასში არც შესაბამისი სახელმწიფო უწყების მოსაზრება და არც თავად ქართველი გიდების კომენტარი არ გვხვდება. სტატიაში ვერსად ვხვდებით პრობლემასა და მისი გადაჭრის გზაზე არგუმენტირებულ მსჯელობას. ქსენოფობიური შინაარსის ტექსტისა და კომენტარების სიმრავლე მკითხველში მხოლოდ და მხოლოდ უცხოელების მიმართ ნეგატიურ განწყობებს აღვივებს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი ირანელ და თურქ ხალხზეა, ამ ერების მიმართ კი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ისედაც უარყოფითი განწყობებია.
კატეგორია: ეთიკა
“საბერძნეთში ლტოლვილები პოლიციელებს თავს დაესხნენ” - ამ მანიპულაციური სათაურით 21 მარტს მასალა გამოაქვეყნა geworld.ge-მ: - ვკითულობთ მასალაში. პირველწაყროში, რომელსაც Geworld.ge ეყრდნობა, წერია, რომ საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, რვა პოლიციელი ლტოლვილთა ბანაკში არეულობის შედეგად დაშავდა.

“არეულობა დაახლოებით 150-მა მიგრანტმა დაიწყო. პროტესტი გამოიწვია განკარგულებამ, რომლის ძალითაც მათ კუნძულის დატოვება აეკრძალათ. უკმაყოფილო ადამიანებმა ნაგვის კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს, შემდეგ კი პოლიციელებს შეუტიეს, რომლებიც არეულობის თავიდან ასაცილებლად ადგილზე მივიდნენ” - ვკითხულობთ geworld-ის მასალაში.

გარდა ამისა, მიგრანტების მიმართ უარყოფითი სარედაქციო პოლიტიკის მქონე “საქართველო და მსოფლიომ” მასალას დაურთო ფოტო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კუნძულ ლესბოსზე მომხდარ შემთხვევასთან. გუგლში ფოტოს ძიებით დგინდება, რომ ის დაახლოებით 3 წლის წინ არის პირველად გამოქვეყნებული.
კატეგორია: ეთიკა
„გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი: ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის“ - ამ სათაურით, ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ ავრცელებს, მასალაში ვკითხულობთ: „გერმანიის ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა გამოცემა “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის და მიგრანტების დეპორტაციაზე აქტიურად იმუშავებს“.

გერმანიის შს მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერ განცხადების შესახებ მასალა იძებნება „დოიჩე ველესა“ და The Washington Post-ზე, სადაც მოცემულია მინისტრის ციტატა და ამბის კონტექსტი. სინამდვილეში, მინისტრმა თქვა, რომ ისლამი, გერმანულ კულტურას არ ეკუთვნის, გერმანული კულტურის ფორმირება ქრისტიანობის საფუძველზე მოხდა. ხოლო, „საქართველო და მსოფლიომ“ ზეეჰოფერის ნათქვამი კონტექსტის გარეშე მიაწოდა მკითხველს, რაც ქმნიდა განწყობას, რომ გერმანიის შს მინისტრი ისლამოფობია.

„საქართველო და მსოფლიოს“ შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, მაშინ როცა წერს, რომ გერმანიის შს მინისტრის თქმით, „ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის და მიგრანტების დეპორტაციაზე აქტიურად იმუშავებს“. „დოიჩე ველესა“ და The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს, რომ მინისტრს დეპორტაცია არ უხსენებია. თუმცა, „დოიჩე ველეზე“ იძებნება მისი სხვა, უფრო ძველი განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა დაჩქარდეს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, უნდა დაჩქარდეს იმ პირთა დეპორტაცია, რომელთაც ლტოვილის სტატუსი არ მიენიჭათ და ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან. ამ განცხადებაში მინისტრს მუსლიმები არ უხსენებია. „საქართველო და მსოფლიომ“ კი ორი განცხადება, რომელთაგან ერთი ისლამს, ხოლო მეორე დეპორტირებულთა რაოდენობის ზრდას ეხებოდა, და რომლებიც სხვადასხვა დროს გაკეთდა, ერთმანეთს დაუკავშირა და აუდიტორიას ერთად შესთავაზა.

რომა კალანდაძე
კატეგორია: ეთიკა
ქართული მედიასაშუალებების ნაწილი ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად აქტიურად იყენებს ბავშვებთან, მათ განათლებასთან, აღზრდასთან და ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებს.

ძირითადად, იკვეთება ორი მიმართულება: პირველი, ბავშვებთან დაკავშირებით დასავლურ სახელმწიფოებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის მიზანსაც ბავშვების საუკეთესო ინტერესის დაცვა წარმოადგენს, წარმოჩენილია უარყოფით კონტექსტში. კერძოდ, საკითხი შეფუთულია ისე, თითქოს დასავლური სახელმწიფოების მიზანია ბავშვების გარყვნა, ოჯახის ინსტიტუტისა და ქრისტიანული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა.

მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ტენდენციაა ბავშვების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ინცესტის დაკანონებაზე, ოჯახებისთვის წართმევაზე და ა.შ. ასეთი ინფორმაცია, როგორც წესი, გადაუმოწმებელი ფაქტი, ან მიზანმიმართული სიცრუეა.

მანიპულირება ფაქტებით

არის შემთხვევები, როცა ანტიდასავლური ქართული მედიასაშუალებები ევორპასა და აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს იმდაგვარად აწვდიან მკითვხელს, რომ მათ შეუქმნან უარყოფითი წარმოდგენები ზოგადად დასავლეთზე, კერძოდ, თუ როგორი გარყვნილია დასავლეთი და როგორ ებრძვის ის ოჯახსა და რელიგიას.

მაგალითად, მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია “საქართველო და მსოფლიოს” მასალა სათაურით “ჰოლანდიელი მასწავლებელი ანატომიის გაკვეთილებზე ბავშვების თვალწინ შიშვლდება”. სინამდვილეში, ამბავი ეხება ბიოლოგიის მასწავლებელს, რომელიც ბავშვებსი წინაშე გამოდის სპეციალური კოსტუმით, რომელზეც აღბეჭდილია ადამიანის ძვლები და კუნთები.

ასევე უარყოფითი კონტექსტითაა შეფუთული ერთ-ერთი ნორვეგიული ტელეარხის მიერ მომზადებული სამეცნიერო გადაცემების სერია, რომელიც 8-12 წლის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი. კერძოდ, გადაცემის მიზანია მაყურებელს აჩვენოს, როგორ ტრანსფორმირდება ბავშვის სხეული ზრდასთან ერთად. ბუნებრივია, რომ ამ გადაცემაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ინფორმაციას სქესობრივი მომწიფების შესახებაც. გადაცემის წამყვანი პროფესიით ექიმია, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მაყურებელს. აღნიშნული ამბის კონტექსტში, იმავე სტატიაში ნახსენებია, რომ საქართველოში მკვიდრდება განათლების ნორვეგიული მოდელი.

ქართულმა მედიასაშუალება “საქინფორმმა” მკითხველს არასწორი ინტერპრეტაციით მიაწოდა ინფორმაცია ნიდერლანდების სამეფოში დაგეგმილი ახალი რეგულაციის შემოღების შესახებ. კერძოდ, გამოცემა წერს: “ჰოლანდიაში ბავშვებს ოთხი ერთსქესიანი მშობლის ყოლის ნებას დართავენ, ანუ რას გადაურჩა საქართველო”. სინამდვილეში, საქმე ეხება ნიდერლანდების მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს შეიძლება ჰყავდეთ ოთხი ლეგალური მშობელი. მაგალითად, თუ ბავშვის მშობლები განქორწინდებიან და სხვა ოჯახებს შექმნიან, მაშინ შესაძლოა, ბავშვზე მშობლის უფლება ორივე მშობლის წყვილს ჰქონდეს.

“საქართველო და მსოფლიომ” ასევე უარყოფითი კონტექსტით გააშუქა აშშ-ში, მინესოტას შტატში მიღებული წესები სკოლებისთვის, რომლის მიზანი ბავშვების სექსუალური იდენტობის ნიადაგზე განხორციელებული ჩაგვრისგან (ბულინგი) დაცვაა. ამ რეკომენდაციის მიხედვით, სკოლებმა ტრანსგენდერ ბავშვებს უნდა მიმართონ ნეიტრალურად,მაგალითად, “მოსწავლევ” და არ გამოიყენონ მიმართვისას სიტყვები “გოგო”, ან “ბიჭი”. აღნიშნული რეკომენდაციის მიღების მიზეზი გახდა სექსუალური იდენტობის ნიადაგზე ბავშვების ჩაგვრის, ბულინგის ფაქტები, რაც არაერთხელ დასრულებულა სუიციდით. მინესოტაში მიღებული რეკომენდაციის მიზანი კი სწორედ მსგავსი სახის ჩაგვრასთან ბრძოლაა.

სიცრუის ტირაჟირება

ფაქტების დამახინჯებისა და მანიპულაციის გარდა, ანტიდასავლური მედიასაშუალებები ხშირად მიმართავენ სიცრუის განზრახ ტირაჟირებას.

ქართული მედიასაშუალება “საქართველო და მსოფლიო” მკითხველს რეგულარულად სთავაზობს სტატიების სერიას სათაურით “უზნეობა დემოკრატიის სახელით”. აღნიშნული სათაურის ქვეშ გაერთიანებულა ის ამბები, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციის აზრით, ყველაზე კარგად წარმოაჩენს “დასავლეთის გარყვნილ სახეს”. აღნიშნული სერიის ფარგლებში, მედიასაშუალებამ მკითხველს 2017 წლის ივლისში მიაწოდა ინფორმაცია სათაურით “კანადაში მიღებული კანონით, მშობლებს, რომლებიც ლგბტ-ს აკრიტიკებენ, შვილებ სწაართმევენ”. სტატიაში აღნიშნულია, რომ თუ მშობლები გაბედავენ ლგბტ თემის იდეოლოგიის წინააღმდეგ სიტყვის ამოღებას ან, თუ ბიჭს დაუშლიან, უყვარდეს სხვა ბიჭი პარალელური კლასიდან, სახელმწიფოს უფლება ეძლევა, მშობლებს შვილი წაართვას.

აღნიშნულ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებდნენ როგორც რუსული მედიასაშუალებები, ისე - კანადური და ამერიკული კონსერვატიული მედიასაშუალებების ნაწილი. არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ იმ მასშტაბსაც კი მიაღწია, რომ კანადის მთავრობამ დამატებითი განმარტებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ოჯახებს ბავშვებს არ წაართმევენ გენდერული იდენტობის მიუღებლობის გამო. სინამდვილეში, ონტარიოში მიღებული კანონის მიზანია ბავშვთა დაცვა მშობლების ძალადობისგან, თუ ეს ძალადობა ხდება სხვადასხვა მიზეზით და ამ მიზეზებს შორის კი ერთ-ერთია ბავშვის გენდერული იდენტობა.

მსგავსი, ცრუ ფაქტის შესახებ საუბარია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, “ქართულმა გაზეთმა” გამოაქვეყნა სტატია “იუვენალური ფაშიზმი”, სადაც ავტორი ამბობს, რომ იუველური ფაშიზმის მიზანია: შობადობის შემცირება მსოფლიოში, ოჯახების კონტროლი და ტერორი, ოჯახის ინტიტუტის ნგრევა, ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის სარფიანი ბიზნესი და ა.შ. ამის დასტურად მოყვანილია გერმანია, სადაც ავტორის თქმით, სრულიად ნორმალურ ოჯახებს დაუსაბუთებელი ბრალდებების და ცილისწამების საფუძველზე ბავშვებს ართმევენ და ინტერნატებში მიჰყავთ, მერე მინდობით აღზრდაში გადასცემენ. მიმღები ოჯახები ბავშვს ხშირად არასათანადოდ ექცევიან, ეს ბავშვები ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლებიც. გაზეთის ინფორმაციით, გავრცელებულია ამ ბავშვების სექსუალური უმცირესობებისთვის მიშვილებაც. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხშირია შემთხვევები, როცა „ერთსქესიანი ოჯახები“ ბავშვებს ცვლიან ერთმანეთში სექსუალური ორგიებისთვის.

სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ ხშირია ჩამორთმეული ბავშვების გაუჩინარების შემთხვევები, რადგან მათ ორგანოებით ვაჭრობისთვის იყენებენ. ამის ფონზე სტატიაში აღნიშნულია, რომ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით საქართველომაც მიიღო კანონი “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”, რომელმაც სწორედ ეს ნორმები დააკანონა და მოყვანილია მაგალითები, როდესაც საქართველოში კარგ დედებს ბავშვები დაუსაბუთებლად წაართვეს და მინდობით აღზრდაში გააშვილეს, ამიტომ ავტორის მტკიცებით, ეს კანონი ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგაა მიმართული.

სტატია ცალმხრივ გადაუმოწმებელ, დაუსაბუთებელ ინფორმაციას და ავტორის მოსაზრებებს ეყრდნობოდა. სტატიაში ასევე აღრეული იყო სხვადასხვა ცნება და სფერო. სრულიად დამახინჯებულად იყო გადმოცემული კანონებისა და რეფორმების ძირითადი არსი.

როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სტატიის მიზანი ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება იყო. ბავშვების თემა კი სენსიტიურობიდან გამომდინარე შეირჩა.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
“რას იზამდი, თუ გთხოვდით, დაგეწერა გამოგონილი ამბავი?” – ასე იხსენებს გასაუბრებაზე დასმულ კითხვას ამერიკელი ჟურნალისტი ენდრიუ ფეინბერგი, რომელმაც რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალება “სპუტნიკში” რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა.

“ჩემი ცხოვრება რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებაში”, – ამ სათაურით გამოაქვეყნა ფეინბერგმა სტატია ამერიკული მედიასაშუალება “პოლიტიკოს” საიტზე. ის იხსენებს რამდენიმეთვიანი მუშაობის გარემოებებს, მათ შორის, ფაქტების გაყალბების პრაქტიკას, რედაქტორებთან უსიამოვნო საუბრებსა და გასაუბრების დეტალებს.

ენდრიუ ფეინბერგმა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული და მართული “სპუტნიკის” ვაშინგტონის ბიუროში მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. როგორც თავად ამბობს, გასაუბრებაზე დასმული კითხვა მის მიერ ცრუ ამბის გავრცელების შესაძლებლობას ეხებოდა, რაც მისთვის სიურპირზი აღმოჩნდა.

როგორც ფეინბერგი წერს, რა თქმა უნდა, მან იცოდა “სპუტნიკის” მფლობელებისა და მისი რეპუტაციის შესახებ, თუმცა ჩათვალა, რომ სიცრუის გავრცელებაზე დასმული კითხვა სწორედ მის გამოსაცდელად იყო მოფიქრებული, რაზეც მან უპასუხა: “მე სამსახურს დავტოვებ”.

“მე მაშინ ავხსენი, რომ არ იყო პრობლემა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებისთვის მემუშავა, მათ შორის რუსეთის მიერ დაფინანსებულშიც კი, თუ მექნებოდა ისეთივე სარედაქციო დამოუკიდებლობა, როგორიც ნებისმიერ სხვა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში. არსებობს სხვა უამრავი მედიასაშუალება, მათ შორის BBC, ამერიკის ხმა, სააგენტო ფრანს პრესი, ალ ჯაზირა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა შესანიშნავად მუშაობს,”, – წერს ენდრიუ ფეინბერგი.

როგორც ჟურნალისტი იხსენებს, მან მუშაობა 2017 წლის იანვარში დაიწყო და პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა სამ რედაქტორთან: პიტერ მარტინიჩევთან, ანასტასია შეველევასთან და ზლატკო კოვაჩთან. ფეინბერგის თქმით, ამ სამი რედაქტორიდან არც ერთმა არ იცოდა ამერიკული მედიის მუშაობის წესები და პრინციპები, მათ შორის ჟურნალისტის წყაროებთან ურთიერთობა და ა.შ.

ენდრიუ ფეინბერგი სპუტნიკის თეთრი სახლის კორესპონდენტი იყო. მან ერთ-ერთ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანს შონ სპაისერს ჰკითხა, დონალდ ტრამპი რატომ არ უგზავნიდა უკრაინას იარაღს, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად.

“მე მაშინ არ ვიცოდი, რომ დავარღვიე სპუტნიკის მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი დაუწერელი წესი”, – წერს ენდრიუ ფეინბერგი. როგორც ჟურნალისტი იხსენებს, მან რედაქტორისგან მიიღო გაფრთხილება, რომ ნებისმიერი კითხვა, რომლის დასმასაც ის რესპონდენტებისთვის აპირებდა, რედაქტორებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული.

ფეინბერგის თქმით, ის მეორე მსგავს წინაღობას წააწყდა სირიაში, ზარინის გაზის გამოყენების შედეგად მოსახლეობის დაღუპვისას. რედაქტორები მისგან მოითხოვდნენ, რომ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაესვა რუსული გადმოსახედიდან, რომელიც მხარს უჭერს ასადის რეჟიმს.

“სპუტნიკის” ყოფილი ჟურნალისტი ასევე იხსენებს, რომ აღნიშნულ მედიასაშუალებაში ასეთი მითითება არსებობდა: ოკუპირებული ყირიმის შესახებ დაწერილ ყველა სტატიაში ნახსენები უნდა ყოფილიყო, რომ რეფერენდუმის შედეგად, რუსეთთან მიერთებას მხარი მოსახლეობის 90%-მა დაუჭირა.

“რა თქმა უნდა, როცა მე ვახსენე რეფერენდუმის მიმდინარეობისას ქუჩებში ტანკებისა და შეიარაღებული პირების არსებობის შესახებ, ის სტატიიდან გამოქვეყნებამდე ამოიღეს”, - იხსენებს ფეინბერგი.

ჟურნალისტი წერს, რომ დროთა განმავლობაში მან დაიწყო სპუტნიკის პოლიტიკის გაცნობიერება, რომლის მიზანიც იყო და არის რუსული ნარატივის გავრცელება, ხოლო აშშ-სა და მისი მოკავშირეების პოლიტიკის დისკრედიტაცია.

“სოციალურ მედიაში მე რეგულარულად მაკრიტიკებდნენ პროპაგანდის გავრცელებისთვის, ზოგი ღალატშიც კი მადანაშაულებდა. მე ყოველთვის ვიცავდი საკუთარ თავსა და კოლეგებს. გავაცნობიერე, რომ მნიშვნელობა არ აქვს მე, ინდივიდუალურად როგორ თავდადებით ვმუშაობ, ან როგორი შემართებით ვებრძვი ხელმძღვანელთა ზეწოლას, ვინაიდან მე ვმუშაობდი “სპუტნიკისთვის” და ხელს ვუწყობდი არასწორი ინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რომ პირადად, აქტიურად არ ვმონაწილეობდი ამაში”, – წერს “სპუტნიკის” ყოფილი ჟურნალისტი.

ფეინბერგის თქმით, ბოლო წვეთი მისსა და “სპუნტიკის” თანამშრომლობაში დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის თანამშრომლის, სეთ რიჩარდის მკვლელობა იყო. ვაშინგტონის პოლიციამ დაადგინა, რომ ის ძარცვისას მოკლეს. თავდაპირველად, მემარჯვენე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ვერსია, რომლის მიხედვითაც, თითქოს რიჩარდის მკვლელობა 2016 წლის არჩევნებისას დემოკრატთა ელქტრონული მიმოწერის “ვიკილიქსისთვის” გადაცემას უკავშირდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ამერიკულმა მედიამ ეს ვერსია უარყო. “სპუტნიკმა” კი გადაწყვიტა, ეს ვერსია არ უნდა მიჩქმალულიყო, რადგან ის “ადასტურებდა”, რომ ამერიკულ არჩევნებში რუსეთი არ მონაწილეობდა, ფაქტზე პასუხისმგებლობა კი მთლიანად, ამერიკულ სპესამსახურებს ეკისრებოდათ.

როგორც ფეინბერგი ამბობს, მან გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, თუმცა “სპუტნიკის” ხელმძღვანელობამ მას დაასწრო და სამსახურიდან გაუშვა.

სპუტნიკის ვაშინგტონის ბიუროს რედაქტორმა, პიტერ მარტინიჩევმა პოლიტიკოსთან საუბრისას უარყო ყველა ის ბრალდება და გარემოება, რაზეც ენდრიუ ფენიბერგი თავის სტატიაში წერს. მარტინიჩევმა ყოფილი ჟურნალისტის მონაყოლს სიყალბე უწოდა.
კატეგორია: ეთიკა
“ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, ვვრაუდობდით, სამ ეტაპად აგვემოქმედებინა რუსეთის დაშლის სტრატეგიული გეგმა” - ამ სათაურით, “საქართველო და მსოფლიო“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ამგვარი განცხადება ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში გააკეთა.

სტატიაში დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის ციტატის სახით, ვკითხულობთ: “პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რომელიც გადავდგით, იყო სამხრეთ ოსეთის გარშემო სამხედრო და სადაზვერვო ბაზების შექმნა, ასევე, სამხედრო და უშიშროების ოფიცრების ამოქმედება სამხრეთ ოსეთში. გეგმის მეორე ეტაპი ითვალისწინებდა ჩეჩნეთში, დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩერქეზეთში ხელისუფლებაში რადიკალი ისლამისტების მოსვლას. გეგმის ამ ნაწილის უკან იდგა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, მი 6-ის, აგრეთვე, თურქეთისა და საუდის არბეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელ პირთა კონკრეტული შეხვედრები და, თუკი ისლამისტები მოახერხებდნენ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას რუსეთის რეგიონებში, ნატოს სამხედრო ძალები პრაქტიკულ წვდომას მიიღებდნენ კავკასიის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილზე. გეგმის მესამე ეტაპის დაწყებას უკრაინაში კერძო სამხედრო კომპანიებისა და სხვა სამხედრო ბაზების დასტაბილურების შემდეგ ვვარაუდობდით“ .

ინტერვიუ ფაბრიკაციაა და ის გაავრცელა არა ბრიტანულმა გამოცემა Guardian- მა, არამედ ყალბმა საიტმა, რომელიც ბრიტანული გამოცემის იმიტაცია იყო. საიტი ვიზუალურად გარდიანის იდენტური იყო, განსხვავება მხოლოდ, დომენის სახელში, ერთ ასოშია - theguarian.com-ის ნაცვლად, საიტის მისამართი theguardıan.com იყო.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსულმა პროსამთავრობო მედიასაშუალებამ, „tvzvezda.ru-მ“ გამოაქვეყნა სიახლე, თითქოს ევროკავშირი აპირებს, დაუწესოს სანქციები აშშ-ს, ამ უკანასკნელის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების საპასუხოდ. ინფორმაცია ეყრდნობოდა მხოლოდ „ანონიმურ წყაროს ბრიუსელიდან".

მასალაში „ზვეზდა“ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, შეუზღუდოს წვდომა ამერიკულ კომპანიებს ევროპული ბანკების კრედიტებზე და ეს იქნება პასუხი იმ სანქციებზე, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა.

სინამდვილეში, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა, 26 ივლისს განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და არავითარი განცხადება ანტიამერიკულ სანქციებზე არ გაუჟღერებია. ევროკავშირმა მხოლოდ და მხოლოდ გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუძლია, ევროპული ქვეყნების ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას, რადგან ისინი შეეხება იმ ევროპულ კომპანიებსაც, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ, თუმცა იუნკერისვე განცხადებით, ევროკავშირი მოახერხებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დაცვას.

წყარო: Stopfake
კატეგორია: ეთიკა
საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ რუსული და აზერბაიჯანული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ორ მასალასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა საკონსულტაციო კომისიაში, რომელიც პროპაგანდის წინააღმდეგ შეიქმნა. კომისია დაკომპლექტებულია თვითრეგულირების საბჭოების წარმომადგენლებისგან შემდეგი ქვეყნებიდან – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი.

რუსული mir24.tv-ს წინააღმდეგ

ქარტიის პირველი საჩივარი ეხება mir24.tv -ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს საქართველოში უწყლობისა და უშუქობის გამო მამაკაცმა პროტესტის ფორმას მიმართა და ქალაქში აბაზანა დადგა. სინამდვილეში ეს იყო პერფომანსი, რომელიც „ლიბერალმა“ გააშუქა. რესპონდენტი ინტერვიუში ამბობს, „წყალი გათბა ახლა, ცივს დავამატებ და კიდევ ჩავწვები”. mir24-მა კი მისი ეს სიტყვები შემდეგნაირად თარგმნა „მე მცხელა. სახლში +35 გრადუსია, ელექტროენერგიის გათიშვის გამო არ შემიძლია კონდიციონერის ჩართვა”.

შესაბამისად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი მიმართავს მანიპულირებას პოლიტიკური მიზნებისთვის. მასალა პროპაგანდისტულია, რასაც ადასტურებს ის, რომ სადავო ჟურნალისტური პროდუქტის შემქმნელები განზრახ აყალბებენ ფაქტებს, რის გამოც მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში არის მძიმე სოციალური ფონი და ხელისუფლების ქმედებების გამო დედაქალაქის მაცხოვრებლები რამდენიმე დღის განმავლობაში არიან ელექტროენერგიის და წყლის გარეშე, რაც თავის მხრივ ისეთ მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას, რომ ისინი იძულებულნი არიან ქუჩაში, საჯაროდ მიიღონ აბაზანა, რათა ხელისუფლების ყურადღება მიიქციონ. ცალსახაა, რომ ჟურნალისტური პროდუქტის შემქმნელის მიზანს წარმოადგენდა შეელახა მეზობელი სახელმწიფოს იმიჯი, წარმოეჩინა იგი როგორც ქვეყანა, რომელიც მისი დედაქალაქის მაცხოვრებლებს ვერ უზრუნველყოფს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით.

აზერბაიჯანული haqqin.az-ს წინააღმდეგ

ვებსაიტმა haqqin.az-მა გამოაქვეყნა მასალა „ანტიაზერბაიჯანული მიწისქვეშა თბილისში: გამოჩენა, ფული, ინსტრუქციები“. სტატიაში ე.წ „ფერადი რევოლუციები“ საქართველოში და უკრაინაში, რომელთა ძირითადი საფუძვლები იყო ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში და ცხოვრების დაბალი სტანდარტი, შეფასებულია, როგორც: „დასავლური ჰეგემონიის“ ნაყოფი, თავის მხრივ დასავლური ჰეგემონია შეფასებულია, როგორც საფრთხე, რომელიც იწვევს დესტაბილიზაციას. იქვე აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი და ორგანიზაცია „კმარა“ აზერბაიჯანში დესტაბილიზაციის მოწყობას უჭერდნენ მხარს, თუმცა ილჰამ ალიევმა შეძლო ქართული რევოლუციური ძალების განეიტრალება. სტატიაში მხარდაჭერილია ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ – ერთი მთავარი მესიჯი, თითქოს „დასავლური შეთქმულების“ /“დასავლური ჰეგემონიის“ უკან დგას ჯორჯ სოროსი და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ამასთან ნათქვამია, რომ აზერბაიჯანული რევოლუციური ორგანიზაციები, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირებას ცდილობდნენ, თბილისმა შეიფარა. მასალაში ნახსენებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლიც, რომლიც საქართველოდან გაიტაცეს. ის დადანაშაულებულია აზერბაიჯანის მიმიმართ „მტრულად“ განწყობილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მასალა მიზნად ისახავს ორ სახელმწიფოს და შესაბამისად ერებს შორის ურთიერთობების გამწვავებას, წარმოაჩენს რა საქართველოს როგორც აზერბაიჯანის მიმართ არა მეგობრულად განწყობილ ქვეყანას, სადაც იგეგმება აზერბაიჯანის საწინააღმდეგო ქმედებები, ძმათამკვლელი ომები.

სტატიაში მოყვანილი არც ერთი ფაქტი არ არის გადამოწმებული არც ერთ წყაროსთან, რაც საფუძვლიან ეჭვს ტოვებს რომ მათი უმეტესობა ყალბი და ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფია. „დასავლეთი“ და დასავლეთის მიერ მხარდაჭრილი NGO ორგანიზაციები აღწერილია, როგორც მტრები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნების დესტაბილიზაციას.

პროპაგანდის საწინააღმდეგოდ თვითრეგულირების საბჭოების კომისია ევროპის საბჭოს დახმარებით შეიქმნა. საქმის წარმოების წესი საბჭოების წარმომადგენლებმა 2016 წელს საქართველოში მიიღეს.

კომისიის საშუალებით ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს შეიტანოს საჩივარი თუკი აღმოაჩენს, რომ რომელიმე წევრი ქვეყნის მედიასაშუალება მანიპულაციას, სიძულვილის ენას იყენებს. ყველა წევრ თვითრეგულირების ორგანოს ჰყავს თავისი წარმომადგენელი კომისიაში. ქარტიას, რომელიც ამ კომისიის წევრია, მაია მეცხვარიშვილი წარმოადგენს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საჩივარი პირველია, რომელსაც კომისია უახლოეს პერიოდში განიხილავს.