წამყვანი ტელევიზიები არჩევნების მეორე ტურამდე
28.11.2018
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერილმა კანდიდატებმა ამომრჩევლის თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მოიპოვეს, გავლენა არა მხოლოდ ქვეყნის ზოგად პოლიტიკურ კლიმატზე, არამედ მედიაგარემოზეც მოახდინა.

ისედაც პოლარიზებული და საპრეზიდენტო კანდიდატების ნეგატიურად წარმოჩენაზე ორიენტირებული წამყვანი მედიასაშუალებები კიდევ უფრო რადიკალურები გახდნენ. რადიკალიზაცია, რიგ შემთხვევაში, საეთერო ბადის შეცვლით, რიგ შემთხვევაში კი, კიდევ უფრო აგრესიული პოლიტიკური მესიჯების გაჟღერებით გამოიხატა.

არჩევნების მეორე ტურის წინ წამყვანი ტელეკომპანიების ეთერში ვიხილეთ პოლიტიკური სუბიექტების საწინააღმდეგოდ ვიზუალური მანიპულაციების გამოყენების პრაქტიკა. ასევე, მედიასაშუალებებმა აქტიურად განაგრძეს წინასწარ შერჩეული მესიჯბოქსების მეშვეობით მაყურებლებში მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბანაკის დისკრედიტაცია.

იმედი

არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებისთანავე, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობა დააანონსა. საგანგებო რეჟიმი საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებში ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატისა და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ ნეგატიური შინაარსის მქონე მესიჯების უფრო ინტენსიურად გაჟღერებით და სათერო ბადეში ახალი სატელევიზიო ტოქშოუს „იმედი Live”-ის დამატებით გამოიხატა.

ტელეკომპანია „იმედის“ მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამ („ქრონიკა 20:00 საათზე“) არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებისთანავე, საგანგებო რეჟიმში, აქტიურად დაიწყო გრიგოლ ვაშაძისა და მისი გარემოცვის საქმიანობის, წარსული ცხოვრებისა და მათი გუნდის შესახებ სიუჟეტების მზადება.

საინფორმაციო გამოშვებებში გახშირდა 2003 წლიდან 2012 წლამდე მომხდარი მოვლენების გახსენება, იმ მოვლენების ხელახალი გაშუქება, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გადაჭარბებას და ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდებოდა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა: გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიაში რუსულ კვალზე; მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებაზე; მის გუნდში მყოფ პოლიტ-ტექნოლოგებსა და სავარაუდო რევოლუციურ სცენარზე, რომელიც ტელეკომპანიის რწმენით შესაძლოა ნაციონალურმა მოძრაობამ განახორციელოს საქართველოში.

ხშირად მზადდებოდა საპასუხო სიუჟეტები ინფორმაციაზე, რომელიც კონკურენტი ტელევიზიის რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებებით ჟღერდებოდა, ან ოპოზიის წარმომადგენლები ავრცელებდნენ.

არხზე ხშირად ჩნდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთანაც ტელეკომპანიის წამყვანებს ვრცელი ინტერვიუები ჰქონდათ, მაგალითად კახი კალაძესთან, დავით სერგეენკოსთან, მაია ცქიტიშვილთან, ბიძინა ივანიშვილთან, ივანე მაჭავარიანთან. ინტერვიუების მიმდინარეობისას მთავრობის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება საუბარი იმ მიმართულებით წაეყვანათ, რომელიც მათთვის იქნებოდა მომგებიანი.

ჟურნალისტები არ გამოირჩეოდნენ მათდამი კრიტიკულობით და უმეტესწილად ღია ტრიბუნას აძლევდნენ პოლიტიკოსებს, რომ საკუთარი დღის წესრიგით ემოქმედათ, დაეფიქსირებინათ მათი პოზიციები და მათი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლო ინფორმაცია გაეჟღერებინათ.

მაგალითად, გადაცემაში „პირისპირ“, 13 ნოემბერს, ორ მინისტრს დავით სერგეენკოსა და მაია ცქიტიშვილს, წამყვანი ძირითადად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო რევოლუციური სცენარის შეფასებასა და მთავრობის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გადაცემის დროს ნახსენები იყო არაერთი სოციალური პრობლემა, თუმცა აღნიშნულ პრობლემებზე საუბარი მხოლოდ პრობლემების ხსენებით შემოიფარგლებოდა, რის შემდგომაც მთავრობის წარმომადგენელს შეეძლო ინტერვიუ სასურველი მიმართულებით, სამომავლო ინიციატივებზე საუბრით გაეგრძელებინა.

10 ნოემბერს შაბათის ქრონიკის მთავარი სტუმარი თბილისის მერი კახი კალაძე იყო. ამ დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. ინტერვიუს პარალელურად, აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა გადაცემის წამყვანს ერთხელაც არ დაუსვამს შეკითხვა ქალაქის მერისათვის პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე. სამაგიეროდ კახი კალაძემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის მისეულ შეფასებებსა თუ ქალაქის მერიისა და მმართველი გუნდის გეგმებზე.

მსგავსი პათოსის ინტერვიუ ჩაიწერა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელთან ბიძინა ივანიშვილთან ტელეკომპანიის საგანგებოდ შექმნილ გადაცემაში „იმედი LIVE”, რომელსაც ჟურნალისტი თეონა გეგელია და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ყოფილი პოლიტიკური მდივანი ნიკოლოზ ლალიაშვილი უძღვებიან. ინტერვიუს ძირითადი ნაწილი დაეთმო ივანიშვილის მოლოდინებს არჩევნების პირველ ტურზე; მის შეფასებებს - რა მოხდება თუ მეორე ტურში გაიმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე; არის თუ არა მოსალოდნელი არეულობა, თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს; გეგმავს თუ არა მთავრობა დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ჭარბვალიანობის შესამცირებლად და ა.შ.

„ნაციონალური მოძრაობისადმი“ კრიტიკული ტონი და „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალობა ცალკეული შემთხვევა არ ყოფილა და შეიძლება ითქვას, რომ ეს მოტივი „იმედი LIVE”-ის ეთერში გასვლას ლაიტმოტივად გასდევს. როგორც წამყვანმა თეონა გეგელიამ პირველ გადაცემაშივე აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ სატელევიზიო გადაცემის წაყვანა არც მისთვის იყო „კომფორტული მდგომარეობა“, თუმცა განმარტა, რომ „ამ ძალის [ნაციონალური მოძრაობის] ხელისუფლების რომელიმე შტოსთან მოახლოვების წინააღმდეგ პოზიციონირება არის ამ ტელეკომპანიის ღირებულებითი არჩევანი და ჩემი პირადი არჩევანიც.“

გადაცემის წამყვანები ძირითადად მიმდინარე კვირის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ ხოლმე და არ ერიდებიან შეფასებების გაკეთებას ნაციონალური მოძრაობისა და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ, თუმცა „იმედი LIVE”-დან ვერ მოისმენთ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ პოზიციას. ერთადერთი საყვედური რომელიც ხელისუფლების მისამართით ისმის, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკმარისი რაოდენობის ამომრჩევლის განაწყენება მოახერხა 2012 წლიდან დღემდე, საიმისოდ, რომ მათ მხარდაჭერილ კანდიდატს პირველ ტურში ვერ გაემარჯვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის შესახებ კი ძირითადად შემდეგი მესიჯები ტრიალებს - „მტერი“, „ტერორისტული ორგანიზაცია“, „რევოლუციური სექტა“ „რუსული პროექტი“ და ა.შ. გადაცემაში ასევე იყენებენ გრაფიკულ მანიპულაციებს, როგორიცაა ვაშაძის რუსეთის დროშის ფონზე გამოსახვა (სალომე ზურაბიშვილის კი საფრანგეთის დროში) და სისხლისფრად შეღებილი ნიაღვრის ნაკადით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჩინოვნიკების გამოსახულებების გადაფარვა.





აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ გადაცემაში დრო და დრო ისმის კრიტიკული მოსაზრებები ხელისუფლების მისამართით, თუმცა ამ მოსაზრებების ავტორები მხოლოდ გადაცემის სტუმრები არიან, მაგალითად: დავით უსუფაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, კობა დავითაშვილი და ა.შ. აღნიშნული სტუმრები არ გამოირჩევიან ნაციონალური მორაობისადმი ლოიალურობით, თუმცა ისინი კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართაც. ასევე, გადაცემის წამყვანების თქმით, ისინი არაერთხელ შეეცადნენ, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გადაცემაში მიეწვიათ, თუმცა გრიგოლ ვაშაძემ მათ შეთავაზებას ყველა ჯერზე უარით უპასუხა.

რუსთავი 2

გადაცემა „იმედი LIVE” თავისი ფორმატითა და შინაარსით ტელეკომპანია „იმედზე“, ნაწილობრივ, რუსთავი 2-ის გადაცემა „კვირის აქცენტებს“ წააგავს, თუმცა საწინააღმდეგო პოლიტიკური პოლუსითა და ნაკლები უცენზურო გამონათქვამით. რუსთავი 2-ის აღნიშნული გადაცემის შესახებ, მედიაჩეკერმა რამდენიმე დღის წინაც მოამზადა მასალა, რომელშიც უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ, თუ რა თემებს და როგორ აშუქებენ არხის გენერალური დირექტორი და მისი თანაწამყვანი. თუმცა, ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეს გადაცემა არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად გადის ეთერში და უფრო და უფრო რადიკალური გახდა.

მაგალითად, ნიკა გვარამიამ, თავისივე თანაწამყვანის პროტესტის მიუხედავად, ტელევიზიის ეთერთი ისაუბრა მოარულ ჭორებზე ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის პირადი ცხოვრების შესახებ, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

იმავე წამყვანმა, რამდენიმე კვირით ადრე, ფოტოგრაფ იური მეჩითოვს Aljazeera-ს დოკუმენტურ ფილმში გამოთქმული მოსაზრებების გამო აგინა, შემდეგ კი მეჩითოვის თემა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას დაუკავშირა, ვინაიდან ფოტოგრაფი სწორედ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერია. გადაცემაში კვლავაც მხოლოდ ხელისუფლებისადმი ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკური სუბიექტები და საჯარო ფიგურები ხვდებიან ხოლმე სტუმრად და წამყვანების შეფასებებიც რადიკალურია როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე „ქართული ოცნების“ მისამართით.



რადიკალური იყო გამოხატვის ფორმები გადაცემაში კურიერი P.S., სადაც 18 ნოემბერს ეთერში წამყვანის ნაცვლად მაყურებელი სხვადასხვა პოლიტიკოსის სხეულისაგან შემდგარ ფიგურებს უყურებდა. გადაცემის რედაქციის გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის ტანზე მიერთებული ბიძინა ივანიშივლის, ირაკლი კობახიძისა თუ კახი კალაძის გამოსახულებებით წაეყვანათ პირდაპირი ეთერი, რამდენიმე დღით ადრე, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის „ქართული ოცნების“ სხვადასხვა პოლიტიკური სახის პოსტერებით ჩანაცვლებას უკავშირდებოდა. ვიზუალური მანიპულაციით ტელეკომპანია შეეცადა, რომ კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატის დისკრედიტაცია მოეხდინა.

რუსთავი 2-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება კი კვლავინდებურად მაქსიმალურად კრიტიკულია ხელისუფლებისა და მისი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებიდან მალევე, „კურიერმა“ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, აქტიური დაიწყო, ხელისუფლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლებზე ზეწოლის თუ მათ ნებაზე ზეგავლენის მცდელობების შესახებ ამბების მოძიება და გაშუქება. ასევე, საინფორმაციო გამოშვება განსაკუთრებულად უთმობდა ყურადღებას ხელისუფლებისადმი და სალომე ზურაბიშვილისადმი განსაკუთრებულად კრიტიკულად განწყობილი სუბიექტების გაშუქებას, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები თუ ერთ დროს ქართული ოცნების აქტიური მხადამჭერები, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებას სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ.

რაც შეეხება რუსთავი 2-ის ტოქ შოუ „არჩევანს“, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე სულ 7 გადაცემა გავიდა. ამათგან ერთი გადაცემა დაეთმო „ხალხის ხმას“, სადაც როგორც წესი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოსახლეობის კომენტარებია ხოლმე თავმოყრილი მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. ერთი გადაცემა მთლიანად დაეთმო ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“. არჩევნების მეორე ტურის წინა ღამეს კი გადაცემაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ გადაცემაში მიწვეულნი, თუმცა აღსანიშნავია რომ ამ ადამიანების უმეტესობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კადიდატის მხარდამჭერები ან სახელისუფლებო კანდიდატისადმი უკიდურესად კრიტიკულად განწყობილები იყვნენ. დარჩენილი გადაცემების სათაურები („წართმეული არჩევანი; რატომ გვაშინებს ოცნება“, „ივანიშვილის ძველი გვარდია“, „მზადება გაყალბებისთვის“) კი თავისთავად მეტყველებს გადაცემების პათოსზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მთავარი ცვლილება საარჩევნო ტურებს შორის იყო ანალიტიკური გადაცემა „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“, რომელიც ყოველდღე გადიოდა ეთერში შაბათ-კვირის გარდა. გადაცემა მიჰყავდა ოთხ წამყვანს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსა და ანალიტიკოსებს. როგორც პირველი არხის ვებგვერდზეა მითითებული, სულ 16 გადაცემა გავიდა ეთერში, რომელთაგან ორი შედარებით დიდ აუდიტორიას მასპინძლობდა და სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებსა და არჩევნებზე.

ზოგადად, გადაცემა „იმედისა“ და რუსთავი 2-ის ტოქ შოუებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი და ნაკლებად სენსაციური იყო. მაყურებელს ჰქონდა საშუალება, რომ მშვიდად მოესმინა თითოეული წამყვანისა თუ სტუმრის პოზიცია. თუმცა, გადაცემის სტუმრებს შორის ჭარბობდა ხელისუფლების მომხრე ან ნაციონალური მოძრაობისადმი მკვეთრად ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები ან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები (რამდენიმე მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, გოგა ხაინდრავა, ხათუნა ხოფერია, ზაზა შათირიშვილი, ნაირა გელაშვილი და ა.შ.). გადაცემაში სტუმრად ასევე ჰყავდათ სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები (მაგ. რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი) ანდა საჯარო ფიგურები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი (დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჯაფარიძე).



გადაცემა არ გამოირჩეოდა სიმწვავით სახელმწიფო მოხელეების ინტერვიუირებისას. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სტუმრობა, რომელთან ჩატარებული ინტერვიუც ძირითადად შეეხებოდა მთავრობის ინიციატივას, საბანკო ვალდებულებებზე დაწესებული შეღავათების შესახებ. გადაცემის წამყვანებს არ დაუსვამთ მწვავე შეკითხვები პრემიერ-მინისტრისათვის და ნაცვლად ოპონირების რეჟიმისა, ბახტაძეს საშუალება ჰქონდა, რომ ერთსაათიანი ეთერის განმავლობაში უბრალოდ საკუთარი საქმიანობისა და მთავრობის პრომოუშენით დაკავებულიყო.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება; პროპაგანდა; არჩევნები;
ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ