საქართველო
კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 3 აპრილს თავმჯდომარეს აირჩევს. თავმჯდომარის არჩევა 3 აპრილის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც  14:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში [ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N31] გაიმართება, პირველი საკითხია. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ახლა ვასილ მაღლაფერიძეა. მაღლაფერიძე საბჭოს თავმჯდომარედ 2022 წლის 21 აპრილს, 3 წლის ვადით აირჩიეს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამეურვეო საბჭოს წევრებმა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ახალი თავმჯდომარე წინა თავმჯდომარის ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარულ დღეში უნდა აირჩიონ. ერთი და იგივე პირის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა 2 ვადაზე მეტი ხნით არ შეიძლება.  

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2023 წელს შესული ცვლილების მიხედვით კი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ახლა 6 წლის ვადით აირჩევენ. 

ვასილ მაღლაფერიძე 2017-2020 წლებში „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი იყო. 2021 წელს კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა და რამდენიმე თვე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევამდე, ამ პოზიციას იკავებდა.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება. ახლა მეურვეები არიან: გია იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, გია კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ვასილ მაღლაფერიძე და გია მურღულია, რომელიც 2024 წლის 1 თებერვლიდან თავმჯდომარის მოადგილეა.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს კი 6 წლის ვადით ირჩევენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარია (დარიცხული). 

ჰონორარების ოდენობის განსაზღვრის გადაწყვეტილება ვასილ მაღლაფერიძის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევიდან მალევე, 2022 წლის 9 ივნისის სხდომაზე მიიღეს.

მანამდე, 2021 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 7 424 ლარი იყო, თავმჯდომარის მოადგილის -  5 724, საბჭოს წევრების კი - 5 124 ლარი. 

 
კატეგორია - საქართველო


„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ის ცვლილებები, რომლებიც მაუწყებლებისთვის „უცხოეთიდან დაფინანსების“ აკრძალვას, თვითრეგულირების მექანიზმის შემცირებასა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების ზრდას ითვალისწინებს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა შეეძლება.

ამ ცვლილებებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. კანონის ძველი რედაქციით კი, მაუწყებლებს დარღვევებზე რეაგირების ვალდებულება თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ჰქონდათ და სანქცია მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უწესდებოდათ, თუ განხილვაზე უარს იტყოდნენ.

ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლებს შეეხო, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას; სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას; ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს; პროგრამულ შეზღუდვებს; საჩივრებსა და წინასაარჩევნო დებატებს არეგულირებს. 

ცვლილებები მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხება, მათი დასანქცირება კი კომუნიკაციების კომისიას 2025 წლის 1 ივნისიდან შეეძლება. 

კომისიას 1 ივნისიდან შეეძლება მაუწყებლების დაასანქცირება „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსებისა და სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებისთვისაც. 

მიღებული ცვლილებებით მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალათ, დაუშვებელი გახდა სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებაც. 

აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც. 

 
კატეგორია - საქართველო


ფოტო : „ბათუმელები"


ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 31 მარტს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა განახლდა. 

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ მოწმეები უნდა წარმოადგინოს. ამაღლობელის საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

ნინო სახელაშვილი ესტონეთმა 3 მარტს, სწორედ ამაღლობელის საქმის გამო,  ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევისთვის დაასანქცირა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდის მონაცემებით, ნინო სახელაშვილი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა და მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. „ბათუმელების" ცნობით, ნინო სახელაშვილი, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, 10 მარტს უვადოდ განაწესეს.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. 

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე 18 მარტს სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

პოლიცია მზია ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, თუმცა როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ აღნიშნა, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 
კატეგორია - საქართველო


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტისთვის, ნატა ქაჯაიასთვის პარლამენტის აკრედიტაციის 6 თვით შეჩერებასა და ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე „სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ის გადამღები ჯგუფები არ შეუშვების ფაქტებს ეხმაურება. კოალიცია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიის უფლებების დარღვევა და დამოუკიდებელი მედიის სისტემური შეზღუდვა გრძელდება. 

„ნატა ქაჯაიას პარლამენტში შესვლის აკრძალვას, „ქართული ოცნების” განმარტებით, საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ჟურნალისტმა გააგრძელა ვიდეოგადაღება მას შემდეგ, რაც მას უარი ეთქვა ინტერვიუს ჩაწერაზე. ნატა  ქაჯაიას და მის კოლეგებს წარსულში უკანონოდ არაერთხელ შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობის უფლება. მოქმედი რეგულაციებით, პარლამენტი საკუთარ თავს აძლევს უფლებას,  დაუსაბუთებლად დააწესოს შეზღუდვები ჟურნალისტებისთვის და ხელი შეუშალოს კრიტიკულ გაშუქებას.

“ქართული ოცნების” სამიზნეა რეგიონული მედიაც. ჟურნალისტებისთვის დაიხურა ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელიც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიზნით იყო შექმნილი. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს – „სამხრეთის კარიბჭეს“ და „ტოკ ტვ“-ს – უკანონოდ არ მისცეს სხდომაზე დასწრების ნებართვა“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, მსგავსი ჩარევა არ წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევებს, არამედ „ქართული ოცნების“ მედიის თავისუფლების შეზღუდვის სტრატეგიის ნაწილია

„რეჟიმი სისტემურად ძალადობას დამოუკიდებელ მედიაზე, ჟურნალისტებს უკანონოდ ეშლებათ ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ადგილი აქვს პერმანენტული თავდასხმის, დაშინების, შეურაცხყოფისა და დეზინფორმაციის ფაქტებს. დღემდე არ დამდგარა პასუხისმგებლობა არც ერთი იმ პირისთვის, ვინც აღნიშნული სისტემური დანაშაულის ბრძანება გასცა თუ აღასრულა“.

როგორც კოალიცია აღნიშნავს, მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ არსებული პოლიტიკა ავტორიტარული რეჟიმების მახასიათებელია, რაც თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც არსებული გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ აგრძელებენ პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და საზოგადოების ინფორმირებას, სრულ სოლიდარობას უცხადებს.

ჟურნალისტების ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე არ შეშვების შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - „სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ის გადამღები ჯგუფები ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე არ შეუშვეს

 
კატეგორია - საქართველო
ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე"



ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს 26 მარტის სხდომაზე „სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ის გადამღები ჯგუფები არ შეუშვეს. 

„სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტის, თემო ინასარიძის თქმით, მრჩეველთა საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ ადგილობრივმა მედიამ საკუთარი რესურსით შეიტყო. ახალციხის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობასთან მისულ ჟურნალისტებს კი დაცვის სამსახურმა განუცხადა, რომ სხდომაზე ნებართვის გარეშე ვერ შეუშვებდნენ. 

„ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭო, რომელიც მოქალაქეთა მიმართ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიზნით შეიქმნა, მედიისგან დახურულ რეჟიმში ჩატარდა. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებისა და მიღების შემდეგ, მერია ადგილობრივ მედიას დაგეგმილი სხდომების შესახებ ინფორმაციას აღარ გვაწვდის, გუშინ კი, საბჭოს არსებობის მანძილზე, მედიას პირველად შეეზღუდა მისი გაშუქებაც,“ - განაცხადა ინასარიძემ.

როგორც TOK TV-ის ჟურნალისტმა, ინგა ირიციანმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, მერიის პრესსამსახურთან ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, დაცვის თანამშრომელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრესსამსახურმა მედიის შეშვებაზე უარი განაცხადა.

„მერის მრჩეველთა საბჭოს გაშუქებაზე მსგავსი პრაქტიკა არ მახსენდება. პირიქით, წინა წლებში თვითონვე გვირეკავდნენ და გვატყობინებდნენ ხოლმე აღნიშნულ სხდომაზე. თუმცა, ბოლო ორი წელია დაგეგმილი სხდომების შესახებ აღარ გვატყობინებენ.

ვფიქრობ, სისტემამ გადაწყვიტა, რომ არ სჭირდება დამოუკიდებელი, თავისუფალი მედია და ისინი ნელ-ნელა რაც უფრო მეტ კარს ჩაკეტავენ, მათთვის მით უფრო კომფორტული გარემო შეიქმნდება. მედიისგან შორს ყოფნა, მთლიანად, ავტოკრატიზაციის ნაწილია“, - ამბობს TOK TV-ის ჟურნალისტი.

ინგა ირიციანის თქმით, მათ პრობლემა მერიიდან საჯარო ინფორმაციის მიღებაზეც ჰქონდათ, რაზეც სახალხო დამცველსაც მიმართეს.

„საჯარო ინფორმაციებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მივმართეთ. სახალხო დამცველმა მათ რეკომენდაციები გაუგზავნა და უთხრა, რომ აუცილებლად უნდა მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია“.

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ის ჟურნალისტები შეეცადნენ ახალციხის მერისთვის, ირაკლი ლაზარაშვილისთვის ეკითხათ, რა გახდა სხდომის დახურვის მიზეზი, რაზეც მან უპასუხა: „სამუშაო შეხვედრა მქონდა და ვალდებული არ ვართ ყველა შეხვედრაზე დაესწროთ. გვაქვს რაიმე ვალდებულება, დავარღვიეთ რაიმე კანონი?! შეხვედრა არ იყო დახურული, უბრალოდ დღეს ესე ჩავთვალეთ საჭიროდ რომ გვემუშავა“.

27 თებერვალს ახალციხის მერმა TOK TV-ს ჟურნალისტებს მიშო დარბაიძესა და ინგა ირიციანს „მხარე“ უწოდა და დარბაიძის მიერ დასმული კითხვები გამარტივებული შესყიდვების და ამ მიმართულებით კორუფციული რისკების შესახებ „მავნებლურად“ და „ჭორაობად“ შეაფასა. ირაკლი ლაზარაშვილმა  „მხარედ“  მოიხსენია „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი ნუკა სტეფნაძეც, რომელიც კოლეგებს გამოექომაგა და ირაკლი ლაზარიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.  

ჟურნალისტების სხდომაზე არ შეშვების მიზეზის გასარკვევად „მედიაჩეკერი“ ახალციხის მერიის პრესასახურსაც დაუკავშირდა. პრესამსახურის ხელმძღვანელმა, ია გოგატიშვილმა კითხვის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გათიშა და რედაქციის ზარებს აღარ პასუხობს. „მედიაჩეკერის“ ზარებს არ პასუხობენ პრესამსახურის სხვა თანამშრომლებიც, რომლებსაც მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც გავუგზავნეთ. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება. 

კატეგორია - საქართველო



ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარში გამოაქვეყნა, სადაც გამოხატულია მისი შეშფოთება და რეკომენდაციები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების დაცვისა და ლგბტი ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით.

ქვეთავში - „საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევა“ აღნიშნულია, რომ პროევროპულ აქციებზე მომიტინგეები და ჟურნალისტები უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობას შეხვდნენ სამართალდამცავებისა და უცნობი ნიღბიანი პირების მხრიდან, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მოქმედებდნენ.

როგორც კომისარი წერს, მან მიიღო ინფორმაცია ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის 91 შემთხვევის შესახებ, საიდანაც ათზე მეტ ჟურნალისტს პოლიციელებმა ან დაუდგენელმა, ნიღბიანი ადამიანების ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო სხვები გახდნენ წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, თვითნებურად დაკავებისა და აღჭურვილობის დაზიანების სამიზნეები. ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის თანახმად კი, საქართველომ 2024 წელს განიცადა ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და შეზღუდვების შესახებ განგაშის ყველაზე მკვეთრი ზრდა - სამჯერ მეტი წინა წელთან შედარებით - ძირითადად საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 28 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული საპროტესტო აქციები აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო და „საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა მათ დასაშლელად და, შესაბამისად, ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის შესახებ“.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ყურადღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის საქმეზეც, რომელსაც მედიის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებს და მის გახანგრძლივებულ წინასწარ პატიმრობას გაუმართლებლად მიიჩნევს. კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს ამაღლობელისადმი მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ეთერიდან მოხსნისა და „ქართული ოცნების“ მიერ მედიის შემზღუდავი კანონპროექტების ინიციირების გამოც. 

 მაიკლ ო’ფლაჰერტი რეკომენდაციებში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ვალდებულება - პატივი სცეს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების, მათ შორის ჟურნალისტების უფლება, თავისუფლად და უსაფრთხოდ გააშუქონ საპროტესტო აქციები და სხვა საზოგადოებრივი შეკრებები.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ასევე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს:

  • დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით და უზრუნველყონ მისი ყველა უფლება სამართალწარმოებასა და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.
  • დაუყონებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ყველა პირი, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ლეგიტიმური გამოყენების გამო არიან დაკავებულები.

ანგარიში ეფუძნება საქართველოში კომისრის ვიზიტს, რომელიც 2025 წლის 21-23 იანვარს გაიმართა, რაც გამოწვეული იყო 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებებით, მათ შორის, ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომისარი საქართველოში შეხვდა როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ისე სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მაიკლ ო’ფლაჰერტი საპატიმროში შეხვდა მზია ამაღლობელსაც. 

 
კატეგორია - საქართველო


„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დააკმაყოფილა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა:

„სასამართლოს 25 მარტით დათარიღებული განჩინების თანახმად, რომ USAGM-ის მიერ რადიო თავისუფლებისათვის საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, - რაც ორგანიზაციის დახურვის პროცესის დაწყების წინაპირობაა, - სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და სავარაუდოდ, არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა და აშშ-ის კონსტიტუციას. თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და საქმის განხილვა გრძელდება“.

„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ მოსამართლემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, საბოლოოდ დააკმაყოფილებს თუ არა „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნას, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილი 77 მილიონი დოლარი (რაც 30 სექტემბრამდეა გათვალისწინებული) ორგანიზაციას სრულად გადასცეს.

„რადიო თავისუფლება“ მიიჩნევდა, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გარეშე, ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა. ეს არგუმენტი მოსამართლემ გაიზიარა.

„კოლუმბიის ოლქის მოსამართლე როის ლამბერთი 25 მარტით დათარიღებულ განჩინებაში წერს:

„კონგრესს დადგენილი აქვს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, ხელი შეუწყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას“ და „ინფორმაციისა და იდეების ღია მიმოცვლა მსოფლიოს ხალხებს შორის ხელს უწყობს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას“ (ამონარიდები აშშ-ის 1973 წელს მიღებული საერთაშორისო მაუწყებლობის აქტიდან). რადიო თავისუფლება ათწლეულებია ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც კონგრესის მიერ კანონით განსაზღვრულ ამ პოლიტიკას ახორციელებს. USAGM-ის ხელმძღვანელობას არ შეუძლია, ერთი წინადადებით, - რაც, პრაქტიკულად, ახსნა-განმარტებას არ მოიცავს, - აიძულოს რადიო თავისუფლება, დახუროს, - მაშინაც კი, თუკი ეს მას ასე უთხრა პრეზიდენტმა„“.

„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას გრანტი შეუწყვიტეს წერილით, რომელსაც ხელს აწერდა კერი ლეიკი, როგორც „USAGM-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მრჩეველი, რომელსაც უფლებამოსილება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან აქვს მინიჭებული“.

წერილში ნათქვამი იყო, რომ გრანტი USAGM-ის პრიორიტეტებს აღარ წარმოადგენდა. 

„სხვა ახსნა-განმარტება წერილში არ ყოფილა მითითებული. მოსამართლემ ბრძანა, რომ: 

  • დაკმაყოფილდეს მომჩივნის, ანუ „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თაობაზე;
  • ცალკე აღარ განიხილავს 1-14 მარტის პერიოდისათვის გათვალისწინებული $7,46 მილიონის გამოყოფის საკითხს, - რამეთუ მოპასუხემ წინა დღეს თქვა, რომ უკვე დაიწყო ამ თანხის გადახდა მომჩივნისათვის“;
  • USAGM-სა და მის წარმომადგენლებს აუკრძალა ნებისმიერი ქმედების განხორციელება ან ვალდებულებების შექმნა, რაც გამოიწვევს მომჩივნის გრანტის შეფერხებას.

ეს გადაწყვეტილება - USAGM-ის გადაწყვეტილების დროებითი შეჩერება - ძალაშია მანამ, სანამ მოსამართლე არ დაასრულებს დავის განხილვას“.

როგორც „რადიო თავისუფლება“ აღნიშნავს, მორიგი სასამართლო პროცესი 26 მარტს გაიმართება და სასამართლო USAGM-ის მხარეს მოუსმენს.

15 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორც „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას“, ისე „ამერიკის ხმას“ და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

 
კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ განცხადებით, მეოთხე თვეა, მაუწყებლის წინააღმდეგ სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფის მიერ „მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია“ ხორციელდება, მაუწყებლის თანამშრომლები კი „თავიანთ პროფესიულ მოვალეობას სხვადასხვა ფორმით გამოხატული ზეწოლის, თავდასხმებისა და შეურაცხყოფის ფონზე“ ასრულებენ, რასაც „მხოლოდ თმენით და მაღალი პროფესიონალიზმით“  პასუხობენ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება რეპუტაციის შემლახველი და იმიჯის დამაზიანებელი საჯარო განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას და არასწორ წარმოდგენებს ქმნის საზოგადოებაში“

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ განცხადებაში ასევე აშნიშნულია, რომ თანამშრომლების მცირე ნაწილის მხრიდან საჯაროდ გავრცელებული განცხადებები რეაგირების გარეშე ვერ დარჩება:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლების (საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები – GPB Guardians) მცირე ნაწილის მხრიდან, რომლებიც უერთდებიან მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, არაერთხელ დაირღვა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე მაუწყებლის შრომის შინაგანაწესი (რომელიც ხელშეკრულების ნაწილია). მათ მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე“.

საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ მენეჯმენტი დამოუკიდებელია და ყველა გადაწყვეტილება „ორგანიზაციის არსის, მისი მისიის და მიზნების, მასში დასაქმებული ადამიანების უფლებების და ინტერესების, კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით“ მიიღება.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზაციაში არსებობს ორი ხელმძღვანელი ორგანო – სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი (მასთან არსებული დირექტორთა საბჭო). სამეურვეო საბჭო სამუშაო შეხვედრაზე გაეცნო იურიდიული სამსახურის მიერ წარმოებულ მოკვლევის შედეგებს, სადაც არ გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების ფაქტობრივი გარემოებები და საფუძვლები, ხოლო სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი“.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ირწმუნება, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ იქნება მიღებული, „გარედან ჩართული სხვა სტრუქტურების გარეშე, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა რეგულაციებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო მედიასტანდარტებთან“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა ტელევიზიაში დაწყებული მოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით 21 მარტს სამუშაო შეხვედრა გამართა. ისინი მიიჩნევენ, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან გაჟღერებული კრიტიკული განცხადებებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

მაუწყებლის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ელენე მიხაილოვამ კი თქვა, რომ 3-4 თებერვლის სხდომების ჩანიშვნამდე, დისციპლინარული წარმოება დაწყებული იყო ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და კახაბერ მელიქიძის წინააღმდეგ.

 
კატეგორია - საქართველო

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის პირველი 3 კვარტლის ანგარიშების მიხედვით, სამეურვეო საბჭოსთვის გაწეულმა საკასო ხარჯმა 9 თვეში 806 152 ლარი შეადგინა. 

გასული წლის იანვარი-მარტის პერიოდში სამეურვეო საბჭოზე 304 546 ლარი დაიხარჯა, საიდანაც საბჭოს 11 წევრის ჰონორარზე 210 427 ლარი მოდის, მაგალითად, საკონსულტაციო ხარჯზე კი - 64 780 ლარი.  



2024 წლის პირველი ანგარიშისგან განსხვავებით, სამეურვეო საბჭოს ხარჯები ამ ფორმით, ჩაშლილად, მოცემული არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 კვარტლის ანგარიშში, რომელშიც მხოლოდ ის წერია, რომ „საბჭოზე გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 260,123 ლარი“. 

საზოგადოებრივ მაუწყებელს 2024 წლის III და IV კვარტლის ანგარიშები, წინა წლებისგან განსხვავებით, ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. „მედიაჩეკერს“ ისინი კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. გამოცემისთვის გამოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, ივლისი-სექტემბრის პერიოდში სამეურვეო საბჭოსთვის გაწეულმა საკასო ხარჯმა 241 483 ლარი შეადგინა, IV კვარტლის ანგარიშში კი საბჭოსთვის გაწეული ხარჯების შესახებ არაფერი წერია. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დოკუმენტით, სამეურვეო საბჭოსთვის შარშან 1 517 850 ლარი იყო გამოყოფილი.



თუმცა, საზოგადოებრივ მაუწყებელს 2024 წლის ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია, მას დრო 1 მაისის ჩათვლით აქვს:

სამეურვეო საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტსა და კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება: გია იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, გია მურღულია, გია კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა.  

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს კი ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

 სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ იხილეთ „მედიაჩეკერის“ სტატია -  შეიაკობაშვილი, სტურუა და ოსიპოვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვე საბჭოს წევრები მეორედ გახდნენ.

 
კატეგორია - საქართველო

 

100-ზე მეტი სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ FARA-ს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პარტია აშშ-ში, 1938 წელს მიღებული კანონის პირდაპირ თარგმანს უწოდებს, ერთობლივი განცხადებით ეხმაურება. 

„ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ვერაღსრულებული რუსული კანონის გამკაცრება, რათა მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი დევნით დააშინონ, ასევე ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია.

ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვაცხადებდით, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ იგი პერიოდულად გამკაცრდებოდა, შეეხებოდა ყველა მოქალაქეს და მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ უფლებებს - ისევე, როგორც ეს რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში მოხდა. ამ კანონის ინიცირება და მიღება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და საქართველოს კონსტიტუციის ღალატს ნიშნავდა, რაც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებითაც დაადასტურა.

ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ში 1938 წელს მიღებული “ფარა”-ს პირდაპირ თარგმანს აინიცირებს. აშშ-ში მოქმედი “ფარა” დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.

ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას. 50-ზე მეტი ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევების, რეპრესიების შემდეგ, მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არ ისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილი და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ხმა.

უკვე მესამე წელია, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი.

შესაბამისად, ხელმომწერი ქართული დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგული - ვემსახურებით ქართველ ხალხს“, - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერები:

  1. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  3. ალტერნატივა ჯორჯია
  4. ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
  5. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის “
  6. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
  7. ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი
  8. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
  9. ბათუმელები
  10. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
  11. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
  12. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  13. გორის სათემო რადიო მოზაიკა
  14. დაქალი
  15. დემოკრატ მესხთა კავშირი
  16. დემოკრატია მოქმედებაში
  17. დემოკრატიის ინსტიტუტი
  18. დემოკრატიის კვლევის ცენტრი
  19. დემოკრატიის მცველები
  20. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  21. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  22. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  23. თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის
  24. თანასწორობის მოძრაობა
  25. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (Human Rights House Tbilisi)
  26. თემი ქედელი
  27. ინტერნიუსი – საქართველო
  28. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  29. კანონის უზენაესობის ცენტრი
  30. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (Kakheti Regional Development Foundation)
  31. კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე
  32. ლომეკი
  33. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
  34. მედიაომბუდსმენი
  35. მედიის განვითარების ფონდი
  36. მთის თემი
  37. ნეოგენი
  38. ნეტგაზეთი
  39. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  40. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ – FAD
  41. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  42. პრევენცია პროგრესისთვის
  43. პროაქტივ ჯგუფი საქართველო
  44. პროექტი 64
  45. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
  46. პუბლიკა
  47. რეალური ხალხი, რეალური ხედვა
  48. რიქდოგი
  49. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  50. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგი
  51. სამოქალაქო იდეა
  52. სამოქალაქო კავშირი
  53. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  54. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  55. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
  56. საორსა
  57. საფარი
  58. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  59. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  60. საქართველოს ევროპული ორბიტა
  61. საქართველოს მომავლის აკადემია
  62. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  63. საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი (Sakartvelo Regional Empowerment Foundation)
  64. საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS
  65. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  66. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  67. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  68. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  69. სოლიდარობის მოძრაობა
  70. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  71. სოციოლოგიური ცენტრი “BCG-Research”
  72. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  73. უფლებები საქართველო
  74. ფემინა
  75. ფენიქსი 2009
  76. ქალები საქართველოდან
  77. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  78. ქალთა ფონდი საქართველოში
  79. ქალი და განვითარება
  80. ქართული მედია ჯგუფი (GMG)
  81. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
  82. ყვარლის ევროკლუბი
  83. შშმ ქალთა ალიანსი
  84. ჩემი ხარაგაული
  85. ციხის საერთაშორისო რეფორმა
  86. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
  87. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
  88. წერტილი
  89. მწვანე ალტერნატივა
  90. ჯემნიუსი
  91. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის
  92. Caucasus Dialogue
  93. CENN
  94. EECMD
  95. Grlzwave
  96. NEO TV
  97. OC Media
  98. Tbilisi Pride
  99. WECF Georgia
  100. West Vector Production
  101. დემოკრატიული ინიციატივა
  102. დოკუმენტური კინო ასოციაცია.
კატეგორია - საქართველო


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს იმ წევრების მიერ, რომელებიც „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალობით გამოირჩევიან, არხის „ჟურნალისტების დევნას“ მკაცრად გმობს და აღნიშნავს, რომ საბჭოს წევრების მოწოდება პროკურატურისადმი, რომ მან პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ჟურნალისტების საქმე მათი კრიტიკული განცხადებების გამო შეისწავლოს, საგანგაშოა.

„ეს არის უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე და პირდაპირი მუქარა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და ივანიშვილის რეჟიმს პროპაგანდასა და ძალადობაში ამხელენ“.

ორგანიზაციის განცხადებით, მიმდინარე წლის 21 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცალკეულმა წევრებმა მათი ჟურნალისტების – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაიშვილის კრიტიკულ განცხადებებზე იმსჯელეს და ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ სარწმუნო ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირების ნაცვლად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა საბჭოს წევრებმა, პროკურატურის ჩართულობა და აღნიშნული ჟურნალისტების საქმის შესწავლა მოითხოვეს. 

„ივანიშვილი რეჟიმის ლოიალური საბჭო უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტები „ფინანსური ან პოლიტიკური ინტერესებით” მოქმედებდნენ. „შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ ყველაფერში მასონური ლოჟაა ჩარეული”- განაცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა თამილა დოლიძემ“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, ეს შემთხვევა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული სისტემური პოლიტიკის ნაწილია და მიზნად პროფესიონალი, დამოუკიდებელი და პროევროპელი ჟურნალისტების დევნას ისახავს.

„“ქართული ოცნების” გავლენის ქვეშ მყოფი მმართველი პირების ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა მიკერძოებულია ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლოდ, რაც დადასტურებულია სხვადასხვა დამოუკიდებელი მონიტორინგის შედეგებით.

არსებობს მრავალი შემთხვევა, მოქმედი თუ ყოფილი ჟურნალისტების ჩვენებები, რომლებიც ააშკარავებენ მაუწყებლის პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ პოლიტიკას. ევროპარლამენტი მოითხოვს სანქციების დაწესებას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძისა და დირექტორ თინათინ ბერძენიშვილის მიმართ პროპაგანდის გავრცელებასა და რეპრესიული რეჟიმის მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ უწყვეტ აქციებთან ერთად, მიმდინარეობს პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც მოქალაქეები ითხოვენ, რომ მაუწყებელმა შეასრულოს თავისი მისია, უზრუნველყოს სათანადო გაშუქება და ხალხის ხმის საზოგადოებამდე მიტანა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის, და სწორედ ამ დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების წყალობით, ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში რწმენა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ. მიუხედავად ზეწოლისა, ეს ჟურნალისტები აგრძელებენ პროფესიული სტანდარტების დაცვას და ცდილობენ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის“.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საზოგადოებრივი მაუწყებლის კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ჟურნალისტების მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავს და საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) მოუწოდებს, არსებულ სიტუაციაში აქტიურად ჩაერთოს.

„მიუღებელია, რომ EBU-ს წევრი მაუწყებლის  ხელმძღვანელობა დევნიდეს კოლეგებს პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო და პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი იყოს,“- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორია - საქართველო



„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი” 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების ხელის შეშლის შემთხვევები აღწერს. ცენტრის მონაცემებით, რეპრესიების სამიზნე სულ 147 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი გახდა, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის კი 124 ინციდენტი დაფიქსირდა.

„თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტენდენციის სახე მიიღო ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ტექნიკის დაზიანების ან ჩამორთმევის შემთხვევებმა. ბოლო პერიოდში ასევე ტენდენციად იქცა საპროტესტო აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების დაჯარიმება გზის გადაკეტვის საფუძვლით. დაფიქსრიდა კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო ჟურნალისტების შევიწროებისა და სამსახურიდან გაშვების შემთხვევებიც.

“მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 124 ინციდენტი  აღწერა, რა დროსაც ჯამში 147 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი გახდა რეპრესიების სამიზნე. აქედან, 24 რეპორტიორი ერთზე მეტჯერ  დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა, ან/და დაშავდა ფიზიკურად, დაჯარიმდა ან საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ. ფინანსური ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით, სავალი გზის გადაკეტვის საფუძვლით, პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა“, - წერს CMIS-ი.