საქართველო
კატეგორია - საქართველო



„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, ბოლო პერიოდში სამთავრობო მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

როგორც ორგანიზაცია წერს, საჩივარი 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა და სტრასბურგის სასამართლოს 22 ოქტომბერს  ჩაბარდა, რასაც გადამზიდი კომპანიის მიერ მიწოდებული დოკუმენტიც ადასტურებს.


„ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის რეგისტრაციის პროცედურები,  რომელიც საქმის მოცულობის გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს,“ - აღნიშნავს საია.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსულ კანონსა და მის მიერ გამოწვეულ შედეგებს 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით ასაჩივრებს.

 
კატეგორია - საქართველო


როგორც „მედიაომბუდსმენი“ წერს, ოქტომბრის თვეში, წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდის ფონზე, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებულმა „მედიაკრიტიკამ“ სულ სამი მასალა გამოაქვეყნა. ორი მასალა: „არშემდგარი ინტერვიუ მელანია ტრამპთან“ და „მოულოდნელი არჩევანი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე არჩევნებს და ამერიკული მედიის გამოწვევებს შეეხებოდა, ერთი მასალა კი - „ინტერაქტიული თუ ინტერაქტიური?“ გრამატიკულ წესებს დაეთმო.

.......................................................................................................................................................
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს. საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
.......................................................................................................................................................
„მედიაომბუდსმენმა“ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგი 2024 წლის სექტემბერში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია „მედიაკრიტიკის“ აქტივობებსაც აკვირდება. 

სექტემბრის თვის ანგარიშის მიხედვით, “მედიაკრიტიკის” პლატფორმაზე კვლავ ხელისუფლების პოლიტიკური ხედვების ანარეკლები იკვეთებოდა, მასალები კი,  შიდა და საერთაშორისო პოლიტიკის თემებზე მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისეული“ დამოკიდებულებების გაგრძელებას ჰგავდა.

„საერთაშორისო ნაწილში, „მედიაკრიტიკის“ პლატფორმის მთავარი „სამიზნე“ ამერიკული დემოკრატია და მართვის სისტემის შესახებ შეთქმულების თეორიების გაძლიერება იყო, ეროვნულ დონეზე კი პლატფორმა აკრიტიკებდა ჟურნალისტებს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დასჯის და ლავროვის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ დადებითი განწყობების გაშუქების გამო“.

როგორც „მედიაომბუდსმენის“ სექტემბრის თვის ანგარიშში ვკითხულობთ, „მედიაკრიტიკის“ სოციალური გვერდის მეშვეობით კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების მისამართით აგრესიისა და ნეგატიური განწყობების ტირაჟირებაც ხდება.

კომუნიკაციების კომისიამ “მედიააკადემია” 2018 წელს დააფუძნა. “მედიაკრიტიკა” კი მისი ერთ-ერთი პლატფორმაა.

 
კატეგორია - საქართველო

მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი და მეწილე, გიორგი რურუა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწმის სტატუსით დაიბარა, თუმცა რურუამ სუსში მისვლაზე უარი განაცხადა და ის გუშინ, 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, გამოიკითხა.

გიორგი რურუამ წინა დღეს, 5 ნოემბერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა“.

„აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა,ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი,მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის ?! მგონი ბიძინა ქვია და გვარი - ი ასოზე იწყება. ცირკია მა რა არიი - როგორც ჩემს საყვარელ მხარეში იტყვიან საქართველო იქნება ევროპული და არა რუსული ქვეყანა“.

რურუამ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას პროცესს „სრული აბსურდი“ უწოდა. მისი თქმით, მას გაუთქმელობის პირობაზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებს ვერ გაამხელს, თუმცა აღნიშნა, რომ: „საერთოდ 1 კითხვაც არ ყოფილა ამ მუხლების გარშემო დასმული“.

გიორგი რურუა „მთავარი არხის“ 2,5%-იანი წილის მფლობელია.

2019 წელს გიორგი რურუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს და 4 წელი მიუსაჯეს. ის სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის აპრილში შეიწყალა.
კატეგორია - საქართველო
მანანა ქველიაშვილის ფოტო / ბათუმელები

„მთის ამბები / საქართველოს ამბების“ დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა მისი უკანონოდ დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგის სასამართლომ კი საქმეს - „მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ნომერი მიენიჭა და როგორც „მთის ამბები“ წერს, განმცხადებელს ეცნობა, რომ საჩივარი შესაძლებლობისთანავე განიხილება. მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის ( თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; საქმის სამართლიანი განხილვის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას ედავება.

საქმე 2024 წლის 23 იანვარს ჟურნალისტის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას ეხება. პოლიციამ გელა მთივლიშვილი მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების დროს გამართულ აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავა. ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი სასამართლომ ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. მთივლიშვილს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა სააპელაციომაც.

უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გელა მთივლიშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაკავების დღესვე მიმართა. გენერალურმა პროკურატურამ კი, ის დაზარალებულად  ხუთი თვის შემდეგ, 2024 წლის 3 ივლისს ცნო.

„დამკავებელმა პოლიციელმა ანრი ფხაკაძემ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე დაადანაშაულა, რომ ის აგინებდა პოლიციელებს, ეძახდა მათ მონებს, ხელს უშლიდა მუშაობაში და ცდილობდა პოლიციელებისთვის გამოეგლიჯა, წაერთმია ერთ-ერთი დაკავებული პირი. სინამდვილეში, კეკელიძის ქუჩაზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უწყვეტი კადრებით, დასტურდება, რომ ჟურნალისტს პოლიციელებთან არც ფიზიკური და არც ვერბალური კომუნიკაცია არ ჰქონია. ის მისვლისთანავე დააკავეს. პროკურატურამ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მისი დაკავების საქმეზე დაზარალებულად ცნო ივლისში, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. პირიქით, ერთ-ერთი მათგანი დააწინაურეს და სამმართველოს უფროსად დანიშნეს“, - წერს „მთის ამბები“.

ჟურნალისტს სამართლებრივ დახმარებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ უწევს. 

ვრცლად საქმის - „მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ შესახებ წაიკითხეთ

 
კატეგორია - საქართველო


დღეს, 6 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები მივიდნენ.

სევინჩ სადიგოვას თქმით, ის ირაკლი კობახიძესთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდა:

„დღეს ვიყავი კანცელარიასთან პროტესტის გასამართად იმიტომ, რომ ისინი კლავენ ჩემს ქმარს. როგორც იცით, ჩემი ქმარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ვითხოვდი, რომ ივანიშვილი და კობახიძე შემხვედროდნენ, რადგან აქ ყველაფერს ივანიშვილი მართავს. ის და ილჰამ ალიევი დიქტატორები არიან. ივანიშვილი ბრძანებას იღებ“.

აფგან სადიგოვი 21 სექტემბრიდან შიმშილობს. მას საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით 1 ნოემბერს გაუხანგრძლივდა. სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი შემდგომი ექსტრადირების მიზნით წინა დღეს, 3 აგვისტოს დააკავეს. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.  

აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია. 

 
კატეგორია - საქართველო


მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ 4 ნოემბერს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ორ ოლქში ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მისი შედეგები გააბათილა. სამთავრობო მედიამ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მალევე ვლადიმერ ხუჭუას მადისკრედიტირებელი კამპანია დაიწყო. 

ტელეკომპანია „იმედმა“ 22:35 საათზე facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ქარდი წარწერით - „პირველი ინსტანციის მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ რამდენიმე უბნის შედეგები გააბათილა. ხუჭუას ცოლი ელზა გურგენიძე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია“. დაახლოებით 20 წუთში (22:56) მსგავსი შინაარსის ქარდი გაავრცელა Postv-მაც, რასაც მეორე მასალაც მოჰყვა - „მოსამართლე ხუჭუას ცოლი „ევროპული საქართველოს“ შემომწირველია“. 





თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას დისკრედიტაცია მალევე სცადეს სამთავრობო ონლაინ მედიებმაც: info 9 (22:52) და Newshub.ge (22:49), რომლებმაც ერთი და იგივე ვიდეომასალა იდენტური ტექსტით თითქმის ერთდროულად, 3 წუთის სხვაობით, გაავრცელეს: „მოსამართლე ხუჭუას ცოლი, რომელმაც რამდენიმე უბნის შედეგები გააბათილა,  რადიკალური ოპოზიციის აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვდა“.




Newshub.ge-იმ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელის, დავით ჩიხელიძის შეფასებაც მოიშველია და დაწერა: „ჩიხელიძე მოსამართლის მეუღლის, ელზა გურგენიძის ფეისბუქ-პოსტებს აზიარებს და აღნიშნავს, რომ ვლადიმერის მეუღლე ოპოზიციას წარმოადგენს და მსგავსი მნიშვნელობის საქმე მხარემ არ უნდა განიხილოს“. ჩიხელიძის კომენტარი გამოაქვეყნა „რუსთავი 2-მაც“. ერთმანეთის იდენტურია ამ მედიების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული მასალებიც. 

აღსანიშნავია, რომ დავით ჩიხელიძე, როგორც ექსპერტი სამთავრობო მედიის რესპონდენტი ხშირად არის. 


ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა გია აბაშიძის შეფასებაც: „გია აბაშიძე: თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა - "ნაცების" ხანმოკლე შავბნელი დავალება შესრულებულია“.



სამთავრობო მედიაში ვლადიმერ ხუჭუას დისკრედიტაციის მცდელობა გაგრძელდა მეორე დღესაც. „მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას, რომელმაც რამდენიმე უბნის შედეგები გააბათილა, ცოლი მარწყვის ტორტის გამოცხობას დაჰპირდა. მოსამართლის ცოლი ელზა გურგენიძე ოპოზიციის აქტივისტია“, - ამ ტექსტით ქარდი „იმედმა“ 5 ნოემბრის დილას გამოაქვეყნა. მსგავსი შინაარსის მასალა გაავრცელა info 9-მაც. 



„რუსთავი 2“-მა კი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა: „ნანუკა ჟორჟოლიანი მოსამართლე ხუჭუას: მარწყვის ტორტებს არ მოგაკლებთ“. Postv-ის ქარდზე კი ვკითხულობთ: „რა მიირთვა დღეს ვლადიმერ ხუჭუამ? ა) ცოლის ტორტი ბ) სამართალი გ) მოსამართლის ღირსება დ) დიეტაზეა".



„არ მინდა ვიფიქრო, რომ მოსამართლე ცოლის გავლენის ქვეშ არის“, - სამთავრობო ტელევიზიებმა ქარდები მოამზადეს შალვა პაპუაშვილის ამ ციტატაზეც: 



5 ნოემბერს „იმედმა“, postv-მა და „რუსთავი 2-მა(15:00 საათიანი „კურიერის“ პირველივე სიუჟეტში) გაავრცელეს ინფორმაციაც, თითქოს კოალიციის „ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა არჩევნებზე ხმის ფარულობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა. ეს გაიმეორა პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, თემურ შარმანაშვილმაც, რომლის ციტატა სამთავრობო მედიებმაც გაავრცელეს. 

„იმედისა“ და postv-ის მტკიცებით, ელისაშვილმა ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 21:00 საათზე გაავრცელა, ვლადიმერ ხუჭუამ კი გადაწყვეტილება დაახლოებით 22 საათზე გამოაცხადა. 

სინამდვილეში ინფორმაცია, რომ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დადგინდა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 4 ნოემბერს, 18:25 საათზე გაავრცელა. ამის შესახებ კი ელისაშვილმა მედიასთან 20:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში ისაუბრა. არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ხუჭუამ რომ 21:00-დე თქვა, ეს „TV პირველის“ მასალაშიც ჩანს. 

„იმის საილუსტრაციოდ, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, POSTV ტელევიზია “პალიტრას” 5 ნოემბრის დილის გადაცემაში გასულ კადრებს იყენებს. “პალიტრას” 4 ნოემბრის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში არ მოხვდა კადრები, სადაც პოლიტიკოსი თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობდა, თუმცა კადრები დილის გადაცემაში გავიდა. გასულ საღამოს ალექსანდრე ელისაშვილმა “პალიტრას” ჟურნალისტთან თქვა: (დრო: 4:50) “ჩაატარა ექსპერიმენტი [მოსამართლემ] ჟონავდა ამ იმიდან და ჩანდა, ვის მისცემდი ხმას. ყველა ის ინტერვიუ თუ კომენტარი, რომელიც ალექსანდრე ელისაშვილმა მედიასთან გააკეთა, მას შემდეგ იყო, რაც საია-მ ფეისბუქზე ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ყველაზე ადრე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, მან ახსენა, რომ ინფორმაციის წყარო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო“, - წერს „მითების დეტექტორი“, რომელიც ერთ-ერთი ის ფაქტების გადამოწმების პლაფტორმა, რომელმაც სამთავრობო მედიების მიერ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურად შეაფასა. facebook-მა კი, ეს მასალები შესაბამისად (missing context) აღნიშნა.

5 ნოემბერსვე „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ვლადიმერ ხუჭუას ჩართვას სამთავრობო მედიები კვლავ მანიპულაციური ქარდებით გამოეხმაურნენ:


სამთავრობო ტელეკომპანია postv-ის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა დაახლოებით 9-წუთიანი სიუჟეტიც - „მოსამართლის პოლიტიკური ვერდიქტი“. მასალაში ჟურნალისტი ვლადიმერ ხუჭუას „საკუთარ აღქმებში ჩაკარგულ მსაჯულს“ უწოდებს, მის გადაწყვეტილებას კი მოსამართლის წარსულს და მეუღლის აწმყოს უკავშირებს: 

„რას ემსახურება ვერდიქტი, რომელიც წინააღმდეგობაშია 22 მოსამართლის გადაწყვეტილებასთან. ყველაფერი ნათელი მაშინ ხდება, როდესაც ხუჭუას წარსულისა და მისი მეუღლის აწმყოს შესახებ ხდება ცნობილი. მოსამართლის სამუშაო გამოცდილების ძირითადი ნაწილი ნაცმოძრაობის რეჟიმს უკავშირდება. იმ წლებში, როდესაც საგამოძიებო უწყება ზურაბ ადეიშვილს ებარა, ხუჭუა პროკურატურაში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. 2006 წელს კი მიხეილ სააკაშვილისგან ღირსების ორდენიც მიიღო. რა დამსახურებისთვის უცნობია“.

ჟურნალისტი „ნაცოპოზიციის აქტივისტად“ მოიხსენიებს მოსამართლის მეუღლესაც. მისი თქმით, ელზა გურგენიძე „აქტიურად მონაწილეობს აქციებში, ჩართულია არჩევნების გაყალბების შესახებ რადიკალების უსაფუძვლო კამპანიაში და იბრძვის ხელისუფლების წინააღმდეგ.  როგორც ჩანს, ცოლ-ქმრის პოლიტიკური გემოვნება იმდენად თანხვედრაშია, რომ ხუჭუა სამართალს აცდენილი გადაწყვეტილებების მიღებაზე უარს არ ამბობს“.

თეთრიწყაროს მაგისტრი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტიც, რომელიც ეთერში უკვე 6 ნოემბრის დილას, 9-საათიან „ქრონიკაში" გავიდა. 

„ალეკო ელისაშვილის მიერ გადაწყვეტილების წინსწრებად გახმიანება მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკური და ოპოზიციასთან შეთანხმებული იყო. კიდევ ერთი დეტალი - ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც საიას სარჩელი დააკამყოფილა, ოპოზიციის აქტივისტის მეუღლეა,“ -აღნიშნა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, ქეთევან გრიგორაშვილმა.

ვლადიმერ ხუჭუას მადისკრედიტირებელი კამპანიას გამოეხმაურა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც“. ISFED-ის მასალის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე სოციალური მედიის პლატფორმებზე (ფეისბუკი, ტიკტოკი) მოსამართლის მადისკრედიტირებელი გზავნილების გავრცელება დაიწყო, ამ კამპანიაში კი პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებიც იყვნენ ჩართული („იმედი“, Info9, „ნიუსჰაბი“, POSTV).

„პოსტების ნაწილი სიძულვილის ენის შემცველი იყო. მათ შორის, ვრცელდებოდა სექსისტური და შეურაცხმყოფელი, გზავნილები. გამოქვეყნებულ პოსტებში, ძირითადად, მითითებული იყო, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მისმა ცოლმა მოახდინა გავლენა. ამასთანავე, მედიასაშუალებამ „POSTV“ ხუჭუას ოჯახის შესახებ ჰომოფობიური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა“, - წერს „სამართლიანი არჩევნები“. 

საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი არ აღიარებს და მას გაყალბებულად მიიჩნევს. არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები კი, კენჭისყრის დღეს აღმოჩენილ დარღვევებს სასამართლოებში ასაჩივრებენ.  

ტელეკომპანია „იმედმა“ 26 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ტელევიზიის მისია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში არ დაბრუნებაა. postv-ის 52 %-იანი წილის მფლობელი კი, ვიქტორ ჯაფარიძეა, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის 55-ე ნომერია.

 
კატეგორია - საქართველო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „ბათუმელებისგან“ იმ მონაცემების მიწოდებას ითხოვს, რაც რედაქციამ ინფორმირებული პირისგან მოიპოვა და რის საფუძველზეც მოამზადა სტატია – „ფარულად მოპოვებული ფაილები ოცნების ოფისიდან“.

„ბათუმელების“ განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემა პირდაპირ იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებას, რითაც მოსალოდნელია ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალურობის დარღვევა.

„აქედან გამომდინარე, „ბათუმელების“ რედაქცია  მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“, - წერს გამოცემა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს პოზიცია წერილობით უკვე აცნობეს.

სტატიის - „ფარულად მოპოვებული ფაილები „ოცნების“ ოფისიდან“ მიხედვით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ პარტიის ოფისებში ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს დეტალურად ამუშავებდა. როგორც „ბათუმელები“ წერდა, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ოფისიდან მათთვის ფარულად მოწოდებულ დოკუმენტებში ასახული მონაცემთა ხასიათი და უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბი ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ფლობს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების ფორმულად იყენებს. 

რას პასუხობს „ბათუმელები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ნახეთ ვრცლად: 

„სტატია, რომლის ფარგლებში შესწავლილი და დამუშავებული ინფორმაციის შესახებ მონაცემებს ითხოვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“, წარმოადგენს ჟურნალისტური საქმიანობის პროდუქტს. შესაბამისად, იგი მიღებულია ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში წყაროს მეშვეობით და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პრივილეგიები, კერძოდ:

  • საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია… საქართველოს კონსტიტუციის ეს ჩანაწერი იცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ძირითად უფლებასა და შესაძლებლობას, იფუნქციონირონ მთავრობის კონტროლის, შეზღუდვებისა და ცენზურის გარეშე, დროულად მოიძიონ და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია და იდეები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებისა თუ თანამდებობის პირების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.


„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა.

ჟურნალისტური წყაროს და ინფორმაციის დაცვის სამართლებრივ მნიშვნელობაზე, გარდა ზემოხსენებულისა, მეტყველებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი, რომელიც ჟურნალისტს ითვალისწინებს როგორც იმ პირს, რომელიც არ არის ვალდებული იყოს მოწმე.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჟურნალისტის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაც კი დაუშვებელია, როდესაც ეს არ უკავშირდება მათ მიერ პროფესიული საქმიანობის დროს კანონით დაცული ინფორმაციის მოპოვებას. 

საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, მედიამ უნდა შეასრულოს „საზოგადოებრივი დარაჯის როლი“, ხელი შეუწყოს განსხვავებული იდეების გავრცელებას, საზოგადოებრივი პრობლემების სააშკარაოზე გამოტანას და მათზე საჯარო დისკუსიებს. მედიის თავისუფლება კი გულისხმობს ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ თავისუფლებას.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემა პირდაპირ იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებას, რითაც მოსალოდნელია ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალურობის დარღვევა. აქედან გამომდინარე, „ბათუმელების“ რედაქცია  მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.

დამატებით უნდა ითქვას ისიც, რომ სტატიაში მოცემულია გარემოებები, რომლებიც მიუთითებს „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მოპოვების, შეგროვების, დაჯგუფების ურთიერთდაკავშირებისა ან/და გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბზე. 

აღნიშნული მონაცემების ხასიათი (სტატუსი – მაგ: პატიმარი, პრობაციონერი, ნასამართლევი, ძებნაში მყოფი, სოციალურად დაუცველი, ნარკოდამოკიდებული, დევნილი, შემწეობის მიმღები, პენსიონერი, სტუდენტი), დასაქმების ადგილის, სასწავლებლის და სწავლების საფეხურის, მიღებული შემწეობების და დახმარების შესახებ ინფორმაცია) კი ცხადყოფს, რომ მონაცემები მოპოვებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაწესებულებიდან. 

შესაბამისად, ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს აძლევს საკმარისზე მეტ საფუძველს შეამოწმოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, პარტია ,,ქართული ოცნება“, მათ შორის, მონაცემთა ბაზები და ამ ბაზებში მონაცემების დამუშავების კანონიერება. 

ამდენად, ვიმედოვნებთ, რომ დროულად მოხდება ზემოაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება“.

„მედიაჩეკერი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც დაუკავშირდა. სამსახურის განცხადებით, ვინაიდან გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი იყო  პერსონალური მონაცემების კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევით დამუშავების ფაქტებზე, სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის მიზნით არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება) დაიწყო.

„სტატიაში მითითებული ინფორმაციის თანახმად, გაზეთ „ბათუმელებს“ ჰქონდა დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა პარტიის მიერ მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ფაქტი. 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია შემოწმების განხორციელებისას ნებისმიერი დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და მონაცემების შემცველი ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველი მასალა ან/და დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და აუცილებელია შემოწმების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფარგლებში განსახორციელებლად. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში, გაზეთ „ბათუმელებისგან“ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე გამოითხოვა პერსონალური მონაცემების კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევით დამუშავების შესახებ მედიასაშუალების მიერ მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 

გაზეთ „ბათუმელებმა“ უარი განაცხადა სამსახურისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდებაზე.

შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის კანონიერების შეფასებისათვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ესაჭიროება ობიექტური მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნება სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესით“ გათვალისწინებული ღონისძიების გატარება, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების პროცესის დაგეგმვა/წარმართვა, კონკრეტული მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირება, რომელთა პერსონალური მონაცემებიც შესაძლოა კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავდა და ა.შ.. შესაბამისად, სწორედ ამ მიზნით გამოითხოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მედიასაშუალებისგან მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია“, - განმარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

 
 
კატეგორია - საქართველო


საპარლამენტო არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს „აჭარის ტელევიზიის“ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ წამყვანმა, გიორგი მიქელაძემ პირდაპირ ეთერში, 20:40 საათზე, განაცხადა, რომ ორგანიზაცია „სირცხვილია“ რამდენიმე წევრმა დატოვა.

გიორგი მიქელაძის თქმით, „ისინი აცხადებენ, დღეს მიიღეს ისეთი ტიპის დავალებები, რომელიც გულისხმობდა საარჩევნო პროცესის სპეციალურად ჩაშლას და სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, რათა შემდგომ ოპოზიციას ესაუბრა უბნებზე მიმდინარე დაპირისპირებებზე და საარჩევნო პროცესზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მოხდენაზე“. წამყვანის ტექსტის შემდეგ კადრში მარიამ მჭედლიძე და გიორგი პაქსაშვილი გამოჩნდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ საარჩევნო უბანზე, პროცესისთვის ხელის შესაშლელად, ორგანიზაცია მათ მითითებებს აძლევდა.

„სრულიად კარგად ჰქონდათ იმის გეგმა დალაგებული, როგორ ჩაეშალათ არჩევნები. გვეუბნებოდნენ, რომ ხალხი, რომელიც ოპოზიციას დაუჭერდა მხარს, ჩვენ მათთვის ანალოგიურად მხარი უნდა დაგვეჭირა, თუმცა ხალხი, რომელიც მათ არ დაუჭერდა მხარს, მათზე უამრავი საჩივარი უნდა დაგვეწერა და ასე უნდა გაგრძელებულიყო მთელი დღე. დაგვირეკავდნენ და ანალოგიურ რაღაცეებს გვეტყოდნენ, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვესრულებინა. თუ მოვიდოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არ იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში, ვისთვის მიეცათ ხმა, მათთვის უნდა გვერჩია, რომ მათ ოპოზიციისთის დაეჭირათ მხარი“, - თქვა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში მარიამ მჭედლიძემ.

გიორგი პაქსაშვილმა კი აღნიშნა, რომ ორგანიზაციიდან მას მითითებები მისცეს, რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაეწერა და პროცესისთვის ხელი შეეშალა:

„გვინდოდა, რომ ობიექტურად, ხალხის ხმები დამეცვა, მაგრამ სულ სხვა რეალობა დამხვდა. როცა მივედი არჩევნებზე, მითითებას მაძლევდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაგვეწერა, მაქსიმალურად ხელი შეგვეშალა საარჩევნო უბნის პროცესში. ბეიჯი მოვიხსენი, წამოვედი. არ მინდოდა, ამათი მანიპულაციისთვის ხელი შემეწყო“.

გუშინ, 3 ნოემბერს კი, ტელეკომპანია „იმედის“ კვირის შემაჯამებელ გადაცემა „იმედის კვირაში“ გავიდა საბა ხვიჩიას მიერ მოამზადებული სიუჟეტი სათაურით - „ტოპვერაგების საბოტაჟი“. ავტორის მტკიცებით, „რადიკალები“ არჩევნების საბოტაჟს ცდილობდნენ და „დირექტივებს აძლევდნენ საუბნო და საოლქო კომისიის წევრებს, რომ როგორმე კენჭისყრის პროცესი ჩაშლილიყო“. ერთ-ერთ რესპონდენტად „იმედის კვირასაც“ მარიამ მჭედლიძე ჰყავდა ჩაწერილი:

„ხალხი, ვინც არ იცოდა, ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი, მათთვის აუცილებლად უნდა გვერჩია, რომ ოპოზიციისთვის დაეჭირათ მხარი. ხოლო, ხალხს თუ შევატყობდით, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, მათთვის აუცილებლად საჩივრები უნდა დაგვეწერა ისეთ წვრილმან რაღაცეებზე, რაც ყოვლად დაუშვებელია,“ - იმეორებს მჭედლიძე „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ნათქვამს. 

საბა ხვიჩიას თქმით, მჭედლიძე ვარკეთილში, ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იყო მივლენილი. ის „სირცხვილიას“ წარმოადგენდა და ორგანიზაცია 26 ოქტომბრის საღამოს, არჩევნების დღესვე დატოვა. როგორც „იმედის კვირის“ ჟურნალისტმა აღნიშნა, მიზეზი „უკანონო დირექტივები“ გახდა, რომელსაც „სირცხვილიას“ კოორდინატორი მჭედლიძეს მთელი დღის განმავლობაში შეტყობინებების სახით უგზავნიდა. 

გიორგი პაქსაშვილისა და  მარიამ მჭედლიძის მიერ „სირცხვილიას“ დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თავად ორგანიზაციაც გამოეხმაურა. 

„სირცხვილიას“ განცხადებით, ეს ადამიანები მოძრაობის წევრები არასდროს ყოფილან:

“„სირცხვილიას“ არსებობის მანძილზე, ეს ადამიანები არასდროს ყოფილან მოძრაობის წევრები. როგორც ჩანს, მათ მოძრაობის მიერ საარჩევნო დამკვირვებლებისთვის შექმნილი ონლაინ ტრენინგი გაიარეს, რათა შემდეგ ეს სასაცილო კამპანია ეწარმოებინათ.

მარიამ მჭედლიძეს და გიორგი პაქსაშვილს სამსახიობო ოსტატობისთვის აუცილებლად გადავცემდით დამსახურებულ ჯილდოს, რომელიმე ოდესმე თვალით რომ გვენახა“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი პრინციპით, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

მე-11 პრინციპის მიხედვით კი, ჟურნალისტმა ფაქტის განზრახ დამახინჯება უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

 
კატეგორია - საქართველო


ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, 31 ოქტომბერს „პირველი არხის“ ეთერში დაბრუნდა გადაცემა „აქტუალური თემა“ მაკა ცინცაძესთან ერთად, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ტოქშოუა. როგორც მის აღწერაში ვკითხულობთ: “გადაცემაში მაყურებელი ნახავს დღის თუ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟებს, შემოგვთავაზებს ამ თემებზე სხვადასხვა მხარის შეფასებებს, პოზიციას, იმ გადაწყვეტილებებს, რაც ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას.”


საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაარსობრივ ვალდებულებებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ შორის ვალდებულია: ​​ე) პროგრამებში არ გამოხატოს თავისი აზრი; ვ) ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი. 

იმის საჩვენებლად, რამდენად შესთავაზა მაკა ცინცაძემ მაყურებელს „სხვადასხვა მხარის შეფასებები“ „აქტუალური თემის“ 31 ოქტომბრის გადაცემა განვიხილოთ. ანონსი, საიდანაც მაყურებელი წამყვანის პოზიციას თავიდანვე ხვდება,  გვატყობინებს: „არაღიარებული მარცხი და „მაკკეინის ინსტიტუტის“ სცენარი ქართულ პოლიტიკურ სცენაზე. ნაადრევი ზეიმი, შეცვლილი რიტორიკა და სალომე ზურაბიშვილი ისევ კონსტიტუციის წინააღმდეგ. ქუჩა, დახმარების თხოვნა საერთაშორისო პარტნიორებისთვის და პროტესტი გეგმის გარეშე. ხმების პარალელური დათვლის შედეგები და „ისფედის“ მიერ გასაიდუმლოებული მონაცემები. ოპოზიცია გაყალბებაზე საუბრობს და ამ დრომდე მტკიცებულებების გასაჯაროებით იმუქრება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი და არგუმენტები – გადაცემის პირველ ნაწილში – საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე აქტუალური თემით. გარე აქტორები, მოწოდებები და ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის კარზე. პოლიტიკური ნიშნით ძალადობა დემოკრატიის საფარქვეშ, ბულინგი ევროპელობის სახელით, საზოგადოების დაყოფა, ფსიქოლოგიური ტერორი, თავდასხმები სოციალურ ქსელებში და ადამიანის უფლებების დარღვევაზე მდუმარე უფლებადამცველები. ისევ ქუჩაში გადატანილი პოლიტიკური პროცესი და ოპოზიციის უცვლელი სტრატეგია. კვირის და წლის ყველაზე აქტუალური თემა, ხუთშაბათს 22 საათზე, პირველ არხზე.” 

რაც შეეხება გადაცემის სტუმრებს, ისინი იყვნენ: ყოფილი აქტივისტი, პოლიტპატიმარი და ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული სხვადასხვა დროის პარლამენტის წევრი და მინისტრი, ეკოლოგი ბიძინა გიორგობიანი, ადვოკატი ირმა ჭკადუა, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ და „გაერთიანებული დემოკრატების“ ყოფილი წევრი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ხათუნა ხოფერია,  საქართველოს კულტურის ცენტრის თანამშრომელი, მსახიობი ნიკა გაბელია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი. 

ვიდრე მაკა ცინცაძე სტუმრებთან საუბარს დაიწყებს, ის ჟურნალისტ სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟს წარადგენს. შესავალი ტექსტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი „მაკკეინის ინსტიტუტის გზამკვლევზეა“, რომელიც გადაცემის განმავლობაში კიდევ არაერთხელ გაიჟღერებს და რომელიც „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ მომზადებული და 2024 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშია.

 

სალომე ქოქიაშვილის სიუჟეტში ხაზგასმით არის აღნიშნული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი, როცა ოპოზიციის ლიდერები, ისევე როგორც ახლა, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და ხალხს პროტესტისკენ მოუწოდებენ. სიუჟეტში თავმოყრილია ნაწყვეტები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ძველი და ახალი ინტერვიუებიდან და მათი მიტინგზე წარმოთქმული სიტყვები. სიუჟეტის ტენდენციურობას ქოქიაშვილის საავტორო ტექსტიც განსაზღვრავს, რომელშიც ამგვარი შეფასებითი ტონი უხვად არის: “პრეზიდენტმა ბრძოლაში ბოლომდე ერთგულება აღუთქვა რუსთაველზე შეკრებილ ხალხს, რომელსაც ძველი პოლიტიკური ლიდერები, აგერ უკვე მერამდენე არჩევნებია არწმუნებენ, რომ მათ არჩევანს იპარავენ”.  (იხილეთ სიუჟეტი გადაცემის  03:00 წუთზე).

ვიდრე გადაცემის პირველი სტუმრის, გიორგი კალანდარიშვილის ჩართვა დაიწყებოდა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წარმატებულად ჩატარებაზე ისაუბრა, სტუდიის სტუმრებმა მიმდინარე მოვლენები შეაფასეს. „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას სიტყვებში, რომელიც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით წარმოთქმულ ბრალდებებს პასუხობდა, საერთაშორისო პარტნიორებისა თუ დამკვირვებლების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობა ისმოდა:

„დედამიწაზე, ამ პლანეტაზე ჯერ არ ჩატარებულა არჩევნები, ერთ სულ მოსახლეზე რომ გადაიყვანო და უბანზე, რომ ამდენი დამკვირვებელი სადმე ესწრებოდეს. ეგეთი რამეც არ არის. ამ ევროპელებს კიდევ ძალიან დიდი პატივისცემით მინდა ვუთხრა, რომ ამდენი ფული რომ დახარჯეთ, თქვე ოჯახაშენებულებო, გოგო ბიჭს და ბიჭი გოგოს რომ პატიჟებს კაფეში, გოგო გოგოსას იხდის, ბიჭი - ბიჭისას. ამდენი ფული რომ დაახარჯეთ ამათ და ერთ მტკიცებულებას რომ ვერ დებენ გაყალბებისას, პასუხი მაინც მოსთხოვეთ, სად წაიღეს ეს ამდენი ფული?!“ 

გადაცემის შემდეგი სტუმარი უკვე „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილია, რომელიც თითქმის 20 წუთი ეთმობა. იქიდან გამომდინარე, რომ გადაცემის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნებია, საინტერესოა, რა კითხვები დაუსვა წამყვანმა მთავარ სტუმარს და რის შესახებ სცადა ინფორმაციის მიღება: 1. ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალები. 2. საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების კლების ტენდენცია (რას უკავშირდება ის და რა შინაარსის არის). 3. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გაცხადებული ბრალდება ვერიფიკაციის აპარატში სავარაუდოდ ჩატვირთული დუბლირებული სიების შესახებ 4. თუკი დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რატომ არის კომისიებში ოპოზიციის წარმომადგენელთა ხელმოწერა დღის ბოლოს? უკანასკნელი კვირის ყველაზე აქტუალური თემის მთავარ აქტორთან მაკა ცინცაძე ამ საკითხებით შემოიფარგლა.

ამის შემდეგ საუბარი, როგორც გადაცემის ანონსში იყო გაცხადებული, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის შეფასების დოკუმენტზე იწყება, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. (შეფასების დოკუმენტის მოკლე ვერსია იხილეთ აქ)  ამ საკითხთან დაკავშირებით წამყვანი ბიძინა გიორგობიანს მიმართავს: “არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, საზოგადოებამ იხილა „მაკკეინის ინსტიტუტის“ დოკუმენტი, ერთგვარი სცენარი და შეიძლება ითქვას გზამკვლევი ოპოზიციისთვის. როგორც მმართველი გუნდი აანონსებდა, არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმები სცენარს ერთგვარად სიზუსტით მიჰყვება?” 

მაყურებელს, რომელიც გადაცემას თვალს ადევნებს და ინფორმაცია არც „მაკკეინის ინსტიტუტის“ და არც მისი პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის შეფასების დოკუმენტის შესახებ არ აქვს, წამყვანი არაფერს უყვება. მაყურებელმა, ალბათ, არც ის იცის, ამ დოკუმენტში რა წერია. ამიტომ გადაცემის წამყვანისა და მისი სტუმრების საუბრიდან გამომდინარე შეიძლება ჩათვლის, რომ დოკუმენტში რევოლუციის სცენარია მოცემული და „მაკკეინის ინსტიტუტი“ გასცემს განკარგულებებს როგორც საქართველოს, ისე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისთვის. 

“გაქვთ თუ არა აღქმა, რომ საერთაშორისო აქტორები („მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები) ზედმეტად აქტიურად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში?” - ამ კითხვით მაკა ცინცაძე უკვე ხათუნა ხოფერიას მიმართავს, რომელიც აღნიშნავს, რომ „„მაკკეინის ინსტიტუტი“ სინამდვილეში არის გლობალური ომის პარტიის ფასადური სახე.” 

ხათუნა ხოფერია ამ ინსტიტუტის მიერ საქართველოში „დაგეგმილ არეულობაზე“ კიდევ დიდხანს საუბრობს და მასში მონაწილე ქართველ პოლიტიკოსებსაც ამხელს, რომელთა შორის სალომე ზურაბიშვილი საკვანძო ფიგურაა. ხოფერიამ დაახლოებით 10 წუთი ისაუბრა, გადაცემის წამყვანს მისთვის დამატებითი ან დამაზუსტებელი კითხვა არ დაუსვამს, მას მხოლოდ ერთხელ დაეხმარა რეპლიკით: “ტელეფონით შეწუხებული ჰყავს თურმე ნახევარი სამყარო სალომე ზურაბიშვილს. ამბობს მაგალითად, შალვა პაპუაშვილი.” 

არჩევნების გავლენა და მოსალოდნელი აქციების სავარაუდო ზიანი ქართული ეკონომიკისთვის - ამ საკითხით უკვე მაკა ცინცაძემ გადაცემის მერვე სტუმარს, „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელს, გიორგი აბაშიშვილს მიმართა. 

გადაცემის მიწურულს “აქტუალური თემის” წამყვანმა რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის: მამუკა ხაზარაძის, ზურაბ ჯაფარიძის, ალეკო ელისაშვილის და ნიკა მელიას გაკეთებული კომენტარები წაიკითხა. როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო „სხვა მხარის“ პოზიცია, რადგან 2-საათიან პოლიტიკურ ტოქშოუში, რომელშიც 8 სტუმარი მონაწილეობდა, მაყურებელს სხვა განსხვავებული აზრი ან რეპლიკა არ მოუსმენია. 

„პირველი არხის“ მთავარი პოლიტიკური ტოქშოუ, რომელსაც განსხვავებული მოსაზრებების ასახვას კანონი ავალდებულს, საკუთარი ცევის კოდექსი კი უზუსტებს, მაყურებელს მაინც მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციის აწვდის. 

“ვიყოთ მიუკერძოებლები. შევისწავლოთ და სამართლიანად ავსახოთ განსხვავებული პოზიციები საკამათო საკითხის შესახებ. დავიცვათ ბალანსი და არ გამოვხატოთ არც ერთი პოზიციის მხარდაჭერა. უყურადღებოდ არ დავტოვოთ არც ერთი საგულისხმო და ღირებული აზრი“, - ვკითხულობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში. 

კატეგორია - საქართველო


თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი დღეს, 1 ნოემბერს განიხილა. 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებას და ჟურნალისტის მიმართ პირადი თავდებობისა და გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, აფგან სადიგოვის თავდებობის მზადყოფნას გელა მთივლიშვილი, მარიამ ნიკურაძე და ნინო კახიაშვილი გამოხატავდნენ.

ორგანიზაციის განცხადებით, მათ სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომლებიც, ერთი მხრივ, ადასტურებს აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში წარდგენილი ბრალდების აშკარა უსაფუძვლობას და, მეორე მხრივ, აჩვენებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან პროფესიული საქმიანობის გამო მისი დისკრიმინაციული დევნის დასაბუთებულ ვარაუდს. „ამასთან, ორგანიზაციამ წარადგინა სამედიცინო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გაქცევის და მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლის არგუმენტის არარელევანტურობას“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის თქმით, აზერბაიჯანის მხარე სადიგოვს ედავება 6000 მანათის გამოძალვას ერთ-ერთი ჩინოვნიკისგან. საქმე ეხება ინციდენტს, სადაც ამ ჩინოვნიკმა საკუთარი დაბადების დღე „კანონიერი ქურდის“ გამოსახულებიანი ტორტით აღნიშნა.

„აზერბაიჯანის გამოძიების მტკიცებით, სადიგოვმა აგვისტოში დაურეკა ჩინოვნიკს გამოძალვის მიზნით. თუმცა, ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს ვიდეომასალა ჯერ კიდევ ივლისში აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში და მას უკვე მრავალი ადამიანი იცნობდა, რაც გამორიცხავს კომპრომატის რეალურ შესაძლებლობას.

ანუ ადამიანს, რომელსაც გაჩუმებისთვის ათიათასობით დოლარს სთავაზობდნენ და არასდროს გაჩუმდა, ახლა ედავებიან იმაში, რომ თურმე უკვე გავრცელებული ვიდეოთი ანუ კომპრომატის არ არსებობის პირობებში ჩინოვნიკს 6000 მანეთს არათმევდა.  როგორი ირონიულია!“წერს მიქელაძე.

აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი წინა დღეს, 3 აგვისტოს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.  

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და  42-ე დღეა შიმშილობს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია. 

 
კატეგორია - საქართველო


საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ინფორმაციით, რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდა. 

„შეშფოთებულები ვართ საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში მისი როლით“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. RSF-ის ცნობითვე, მალკევიჩი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის დამფუძნებელია.

საქართველოში ყოფნის ფაქტს ადასტურებს თავად მილკევიჩიც. მისი თქმით, ის საქართველოს საარჩევნო კომისიის მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი იყო.

ალექსანდრ მალკევიჩს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონიც. რუსი პროპაგანდისტი გასულ წელს ცხინვალშიც იმყოფებოდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს შეხვდა

მალკევიჩი ტელეკომპანია „სანქტ-პეტერბურგის“ დამფუძნებელია. ის ასევე, იყო რუსეთის სამოქალაქო პალატის მასმედიის კომისიის წევრიც. რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდრ მალკევიჩი ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშაა. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ის მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.

არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერის დილას, შვეიცარიელმა ჟურნალისტმა, სტეფან გოსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავდა, ის საქართველოში არჩევნების გასაშუქებლად მოდიოდა. რამდენიმე დღით ადრე, 22 ოქტომბერს პლატფორმა X-ზე ჩეხმა ჟურნალისტმა, რეი ბეისლიმაც დაწერა, რომ იგი საქართველოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. IPI-ის ინფორმაციით, რეი ბეისლის 26 ოქტომბრის არჩევნები უკრაინული დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის - Kyiv Indepedent უნდა გაეშუქებინა.

 
კატეგორია - საქართველო



26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მუშაობისას ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი 50-მდე შემთხვევაში შეეშალათ. უბნებთან მყოფი პირები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ძირითადად „TV პირველის“, „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფებს აყენებდნენ. ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ საარჩევნო კომისიის წევრებიც. არჩევნების დღეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი მედიის 70 წარმომადგენელს შეეშალა. 

მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევების შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეტაპობრივად ატყობინებს „მედიაომბუდსმენი“. ჟურნალისტებისა და ოპერატორების ნაწილი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 31 ოქტომბრის განცხადებით, ჟურნალისტებთან დაკავშირებული 17 ინციდენტიდან 13 შემთხვევა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა.

ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები საარჩევნო უბნებზე

 
  • 09:09 - ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ლაგოდეხში, სოფელ ჭიაურში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს [დავით ჭაბაშვილი და აგილ რუსტამოვი]. ამავე ვიდეოში ჩანს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ „ლაგოდეხის ტელევიზიის“ ჟურნალისტს, ნიკა ბურჭულაძესაც.
  • 09:39 - „TV პირველმა“ გამოაქვეყნა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტ გვანცა ჩხიკვაძესა და ოპერატორ გიორგი კიკვაძეს ქუთაისის 64-ე უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა. სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევდა, მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო. მან ჟურნალისტს „ქვეყნის მტრებო“ და „მკვლელები“ უწოდა.
  • 19:41 - გვანცა ჩხიკვაძესა და გიორგი კიკვაძეს ხელი ქუთაისის 26-ე უბანზეც შეუშალეს. საარჩევნო უბანთან მყოფი პირებიდან, რომელიც ჟურნალისტის თქმით, მთელი დღის განმავლობაში იქ იყვნენ და „აკონტროლებდნენ სიტუაციას“, ერთ-ერთი ოპერატორს მიმართავდა ფრაზებით: „გაიტანე კამერა“, „ხელებს დაგამტვრევ“. ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ კი, პირი კამერას შეეხო და პირდაპირი ჩართვა გაითიშა.
  • 10:31 - „TV პირველის“ ინფორმაციით, ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა ტელეკომპანიის ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს, რომელიც მათ მიკროავტობუსში შეკითხვების დასასმელად ავიდა, კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ. შემდეგ კი, სავარაუდოდ კოორდინატორების უფროსმა, ედუარდ შარაძემ დოლენჯაშვილს უთხრა, რომ „სისხლის სამართლის დამნაშავედ წარსდგება“. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი დოლენჯაშვილთან ერთად, შეეშალა ოპერატორ ნიკო კოკაიასაც.
  • 11:10 - „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა [ქეთა ციცქიშვილი და დავით ბადაგაძე]  და „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს [მარიამ გაფრინდაშვილი და  პაპუნა ხაჩიძეს] უცხო პირი დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. მანამდე კი, ჟურნალისტები საარჩევნო უბნიდანაც გააძევეს.
  • 11:31 - მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახმეტაში, მატნის მე-11 საარჩევნო უბანში თავს დაესხნენ, ტელეფონი წაართვეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს. მთივლიშვილთან ერთად იმყოფებოდა „საქართველოს ამბების“ ჟურნალისტი ლადო ქუთათელაძეც. 
  • 11:50 - Cnews-მა გამოაქვეყნა, რომ ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს ქუთაისში 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
  • 11:56 - რადიო „მარნეულმა“ დაწერა, რომ მე-7 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებს, ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს აგრესიული ტონით გადაღებას უკრძალავდა.
  • 14:11- რადიო „მარნეულმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ჟურნალისტს, ვლადიმერ ჩხიტუნიძეს კომისიის თავმჯდომარე არ უშვებდა სოფელ სადახლოს 71-ე უბანზეც. საოლქო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ, თავმჯდომარემ ჟურნალისტი უბანზე დაუშვა.
  • რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტ თიკო დევაძეს გადაღების უფლება შეუზღუდეს  მარნეულის 74-ე საარჩევნო უბანზეც. 
  • 14:17 - „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ გადამღებ ჯგუფს: მარიამ მაკასარაშვილსა და ნუკრი ქაფიაშვილს კახეთში, ქვემო ხოდაშენში, თავს დაესხნენ და აპარატურა დაუმტვრიეს.
  • „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს [სოფო ნიაური და დავით ბერაძე] ხელი შეუშალეს ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზეც. ჟურნალისტის თქმით, სპეციალური ბეიჯის ქონის მიუხედავად, კომისიის თამჯდომარე მათ გადაღების უფლებას არ აძლევდა და შენობაში არ უშვებდა.
  • 14:31 - „მრავალკუთხედმა“ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ წალენჯიხის 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლირა ღურწკაია მედიის წამომადგენელს, დიტო ბელქანიას  დაუპირისპირდა. 
  • 14:35 - „რადიო თავისუფლებამ“ დაწერა, რომ რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე მათ ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
  • 14:50 - „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთში თავს დაესხნენ ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს: ია გულიაშვილსა და ლევან დვალს.
  • „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს [თენგო გოგოტიშვილი და იაგო გოგილაშვილი] პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროშიც. ჟურნალისტსა და ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. მერის წარმომადგენელმა სოფელ ბოდბეში, ბაჩუკი კოჭლამაზიშვილმა კამერას ხელი ააფარა და ცდილობდა, ოპერატორისთვის გადაღების საშუალება არ მიეცა. 
  • 15:02 - მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ „მთავარი არხისა“ [თეა ვაშალომიძე და ბაჩანა ოქროპირიძე] და „ფორმულას“ [თამარ თედიაშვილი და ლერი როგავა] გადამღებ ჯგუფებს. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“  დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები.
  • განახლება: „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე #42 და #79 საარჩევნო უბნებთან უცნობი პირების, ნიღბიანი ბიჭების დიდი ჯგუფის მობილიზება შეინიშნებოდა, რომლებმაც ადგილზე მისულ „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. 

    ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს (გავრცელებულ ვიდეოში ჩანს), „მთავარი არხის“ კორესპონდენტი აჭარაში, თეა ვაშალომიძეა.

  • 15:15 - „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, სადახლოს 69-ე უბანზე ჟურნალისტ თიკო ერაძეს და ოპერატორს, შალვა ჯოხაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელს. ერაძეს საარჩევნო უბანზე ყოფნას უზღუდავდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გუმბატ ნაზაროვიც. 
  • „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს [დავით მანია და ირაკლი შენგელია] პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა ჩხოროწყუს მე-4 საარჩევნო უბანზეც. კომისიის თავმჯდომარემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კომისიის სხვა წევრებთან ერთად, გადამღები ჯგუფის უბნიდან გაძევებას ცდილობდა. 
  • 16:00 - ისნის მე-9 საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტ ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს, გიგა აღდგომელაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და რომ არა პოლიციელების მხრიდან დროული რეაგირება, ის ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზრდებოდა.
  • 16:26 - „პუბლიკამ“ გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ონლაინ გამოცემის რეპორტიორს, მინდია გაბაძეს გლდანში, 59-ე საარჩევნო უბანთან. გაბაძესთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, თამუნა ჩქარეულს და „პუბლიკასთვის“ მომუშავე ფრილანსერ ჟურნალისტს, შაკო ბრეგაძეს. 
  • გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინა მაჩაბელს და ოპერატორს, გიორგი ჩანტლაძეს.
  • გლდანის მე-60 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს ხელი შეეშალა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც, მაკა ანდრონიკაშვილსა და გიორგი შეწირულს. ჟურნალისტის თქმით, მათ უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ, ხელშეშლის პროცესში კი ჩართულნი იყვნენ როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები, ისე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები.
  • 17:26 - „TV პირველმა“ გამოაქვეყნა, რომ მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. უბანთან მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და მის ოპერატორს, ირაკლი მურმანიშვილს. „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე.  
  • 17:47 - „TV პირველმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ვაზისუბანში ტელეკომპანიის ოპერატორს თავს დაესხნენ და კამერა დაუზიანეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, 53-ე უბნის მიმდებარედ მოხდა, სადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე მობილიზებას იღებდნენ. 
  • „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს [გიორგი დვალიშვილი, ლაშა ჯიოშვილი] პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს სოფელ ტინისხიდი (გორი). გადამღებ ჯგუფთან აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა სოფლის ყოფილი გამგებელი, ბესო ბერიანიძე.
  • 20:24 - „ფორმულამ“ გამოაქვეყნა, რომ ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანიის ჟურნალისტს, მარი წაქაძეს საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს. წაქაძესთან ერთად იმყოფებოდა ოპერატორი ბექა ქორჩილავაც.
  • „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „OC მედიას“ 5 წარმომადგენელს: ჰერმინე ვირაბიანს, რაფიგ შაბაზოვს, თეკლა ჩხაიძეს, ზეინაბ ისგანდაროვას, აითან ფარადოვას. 
  • „OC მედიის“ კიდევ ერთი წარმომადგენლის, ქრისტინა კვაჭანტირაძის მშობლებს კი, როგორც ჟურნალისტი ამბობს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი მგელაძემ დაურეკა და მოსთხოვა, რომ ქრისტინას გადაღებულ ვიდეოში ადამიანების სახეები დაეფარა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის მამა ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყო.
  • 26 ოქტომბერს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ 7 ჟურნალისტს: ევა ართმელაძეს გადაღების საშუალება არ მისცეს დაბა ხულოს ერთ-ერთ უბანზე. გამოცემის რედაქტორის, ეთერ თურაძის თქმით, ჟურნალისტს ადამიანიც კი მიუჩინეს, რომელიც ნებისმიერი გადაადგილებისას მას წინ უდგებოდა, რომ არაფერი გადაეღო. 
  • ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უნაბთან მობილიზებული ე.წ. „შპანა“ გადაღების საშუალებას არ აძლევდა ჟურნალისტ ცაგო კახაბერიძესაც. მუშაობის დროს ტელეფონის წართმევაც სცადეს, რის გამოც იძულებული გახდა გადაღება შეეწყვიტა.
  • ეთერ თურაძის თქმით, მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი ბათუმის 72-ე უბანთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ე.წ. „შპანამ“ შეუშალა. „ბათუმელების“ რედაქტორს პოლიციის გამოძახებაც დასჭირდა. თურაძის თქმით, 10-მდე პირი სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. 
  • თურაძეს პროფესიული საქმიანობის დროს პრობლემა შეექმნა ბათუმის 52-ე და 81-ე უბნებთანაც (ორივე უბანი ერთ სკოლაში იყო განთავსებული), სადაც აგრესიულად მოითხოვდნენ, რომ მას კამერა გამოერთო. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, უბნის კართან, დაახლოებით 10 მეტრში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, სკანდირებდნენ ფრაზას - “„ქართულ ოცნებას“ გაუმარჯოს“.
  • ქუთაისისა და ბათუმის სხვადასხვა უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ სხვა ჟურნალისტებსაც: მანანა ქველიაშვილს, ლელა დუმბაძეს, არჩილ კახაძეს და თედო ჯორბენაძეს.
  • „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებისთვის (თეო ქავთარაძე და ქეთი თუთბერიძე) ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე. თეო ქავთარაძემ და ქეთი თუთბერიძემ დააფიქსირეს ფაქტი, როგორ ცდილობდა ამომრჩეველი, სავარაუდოდ პასპორტში ჩაკრული სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემას. ამ პროცესის გადაღებისას კი, უცნობი პირი ჟურნალისტებთან მივიდა და ტელეფონის წართმევა სცადა. 
  • არჩევნების დღეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა „ალიქ მედიის“ 4 წარმომადგენელს სოფელ ხოჟორნისა და კულიკამის საარჩევნო უბნებზე.  რედაქციის ინფორმაციით, „ალიქ მედიის“ რეპუტაციის შელახვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული პირები იქვე მყოფ ამომრჩევლებს, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს ეუბნებოდნენ, რომ „ალიქ მედია“ დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია იყო და „კანონს არღვევდა“. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა საარჩევნო უბნებთან აღმოჩენილი დარღვევების შესახებ facebook-ის გვერდზე დაწერეს, უცნობმა პირებმა ჟურნალისტს დაურეკეს და აღნიშნული მასალების წაშლა მოსთხოვეს. რედაქციის თქმით, ჟურნალისტთან რამდენჯერმე დარეკეს და ტონი მუქარასაც შეიცავდა. „ალიქ მედია“ ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით, მათ სახელებსა და გვარებს არ ასაჯაროვებს. 
  • qartli.ge-ს ჟურნალისტს, საბა წიწიკაშვილს არჩევნების გაშუქებისას ხელი შეუშალეს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნებზე მუშაობისას. საბა წიწიკაშვილის თქმით, სოფელ პატარა გარეჯვარში, კონკრეტული ახალი ამბავის (დამკვირვებლები აცხადებდნენ, თუ როგორ ხდებოდა საარჩევნო უბანთან, რუსულნომრიანი მანქანიდან, ფულის დარიგება) გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა უთხრა, რომ საარჩევნო უბნის გარეთ ეძახდნენ, გარეთ გასვლის შემდეგ კი, მას სოფლის გამგებელი, ზურაბ მურადაშვილი და მისი მეუღლე დახვდნენ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, სოფლის გამგებელმა დაუწყო ყვირილი, თუ რატომ გადაიღო მისი მანქანა, რომელიც რუსულნომრიანი იყო. მისმა მეუღლემ კი, განუცხადა, რომ სოციალურ ქსელში ამ ამბის გამოქვეყნების შემდეგ, ხალხი მას შეურაცხყოფას აყენებდა. მას შემდეგ, რაც გამგებელმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, წიწიკაშვილმა პოლიცია გამოიძახა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც მოჰყვნენ. მეორე შემთხვევა კი, სოფელ ზემო ხვედურეთის საარჩევნო უბანზე მოხდა, სადაც საბა წიწიკაშვილის საარჩევნო უბნიდან გაძევება სცადეს. „კომისიის თავმჯდომარე მემუქრებოდა, რომ თუ აქეთ-იქით სიარულს არ მოვრჩებოდი, უბნიდან გამაძევებდა. სამჯერ დავარეკინე საოლქო კომისიაში, თუ რის უფლება მქონდა“, - ამბობს ჟურნალისტი.
  • თბილისში, მე-9 ოლქის მე-3 უბანზე „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა ტელეფონი წაართვეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, რაფო მესხიძეს.


არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის დამატებითი ფაქტების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ „მედიაჩეკერის“ ფეისბუკ გვერდზე ან დაგვირეკეთ: 557 992 490