ჩეხეთის საელჩო, რომლის წარმომადგენლებიც მზია ამაღლობელის სასამართლო
პროცესს სხვა საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ, ბათუმის
საქალაქო სასამართლოს მიერ ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების
გადაწყვეტილებას ეხმაურება და
აღნიშნავს, რომ სამწუხარო და შემაშფოთებელია იმის
ხილვა, თუ როგორ მოქმედებს შერჩევითი მართლმსაჯულება საქართველოში,
ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში.
„ერთის მხრივ, კრიტიკული ონლაინ მედიის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავებულია იმის გამო, რომ ემოციური შელაპარაკების დროს, ბათუმის პოლიციის უფროსს ხელი გაარტყა. მეორე მხრივ, არც ერთი ნიღბიანი პირი, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციების დროს, არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი“.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს გამოქვეყნებული, 2024 წლის ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში, სახელწოდებით - „პოლიტიკურ წნეხთან დაპირისპირება, დეზინფორმაცია და მედიის დამოუკიდებლობის ეროზია“, ნათლად აღწერს საქართველოში არსებულ მედია გარემოს:
„საქართველოში პრესის თავისუფლების სწრაფი ვარდნა, რომელიც გამოხატულია ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ესკალაციით, შემზღუდველი კანონებითა და პოლიტიკური ჩარევით, ხაზს უსვამს შემაშფოთებელ გადახვევას დემოკრატიული პრინციპებისა და ევროპული ინტეგრაციისგან. ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი და ფიზიკური დაშინების ტაქტიკის მზარდმა გამოყენებამ, ავტორიტარული რეჟიმების საკანონმდებლო ზომების მიბაძვასთან ერთად, შექმნა მტრული გარემო დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის. ამ ტენდენციების შესაცვლელად სასწრაფო მოქმედებაა საჭირო, მედიის თავისუფლების, საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მისწრაფებების დასაცავად“.
ჩეხეთის საელჩო საქართველოში მედიის თავისუფლებას დემოკრატიის გადამწყვეტ კომპონენტად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ჩეხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ჩეხეთის საელჩო საქართველოში გააგრძელებს საქართველოს მომიტინგეებისა და ჟურნალისტების სასამართლო პროცესების მონიტორინგს. ჩეხეთი გააგრძელებს დამოუკიდებელი მედიისადმი საკუთარ მხარდაჭერას გარდამავალი პროგრამის ფარგლებში“.