„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ
მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების
გადაწყვეტილებას ეხმაურება და
აღნიშნავს, რომ ამაღლობელი პატიმრობიდან აუცილებლად
უნდა გათავისუფლდეს.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დევნა აშკარად სადამსჯელოა და მით უფრო სამარცხვინოა ჟურნალისტებზე პოლიციის სასტიკი თავდასხმების ყოვლისმომცველი დაუსჯელობის გათვალისწინებით. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ამაღლობელი“, - აღნიშნა CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა, გულნოზა საიდმა.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმე სასამართლოში პრესის თავისუფლების მკვეთრი ვარდნის ფონზე მიმდინარეობს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.
„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.