ინტერვიუ
კატეგორია - ინტერვიუ


სალომე რაზიკაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის „ტელესკოლის“ შემეცნებით-ახალგაზრდული გადაცემა - „კინოკლუბის“ ავტორი და რეჟისორი იყო. გადაცემა ეთერში 2022-2023 წლებში, 6 თვის განმავლობაში გადიოდა. რატომ დაიხურა „კინოკლუბი“ მოულოდნელად? - წაიკითხეთ სალომე რაზიკაშვილთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში. 


სალომე, როდის დაიწყეთ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მუშაობა? 

- „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მუშაობა ორჯერ დავიწყე. ერთხელ 16 წლის რომ ვიყავი და მეორედ 2021 წელი იყო. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ რამდენიმე გადაცემისთვის რეჟისორი სჭირდებოდათ. „ტელესკოლის“ (რომელიც 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს შეიქმნა) გენერალური პროდიუსერი მაშინ თამუნა ციციშვილი იყო და სწორედ მისდამი ნდობით, მივედი იქ სამუშაოდ. რამდენიმე ღია პროექტი დამხვდა, რომლებსაც რეჟისორი არ ჰყავდა.

ჯერ ერთი გადაცემის საპილოტო ვერსია გავაკეთეთ და არ დაამტკიცეს, შემდეგ ვმუშაობდი გადაცემაზე, რომელსაც თავიდან „ჯენზი“ ერქვა. ამის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, „ზეტი“ უსიამოვნო კონოტაციას ატარებდა, ამიტომ შევუცვალეთ სახელწოდება და „თაობა“ დავარქვით. კარგი გადაცემა იყო და რეიტინგიც ჰქონდა, რადგან მასში ტიკ-ტოკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. შემდეგ ეს გადაცემა დახურეს. 

ამის შემდეგ უკვე ჩემი საავტორო გადაცემის კეთება დავიწყე, რომელსაც კინოკლუბი ერქვა. საფესტივალო გამოცდილება გავიზიარე, ვაჩვენებდით ფილმს და შემდეგ იყო ამ ფილმის ე.წ. Q&A ანუ კითხვა-პასუხი რეჟისორთან, მსახიობთან, კინომცოდნესთან, მხატვართან თუ მუსიკოსთან. შერჩეული გვყავდა შესანიშნავი სტუდენტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებს სვამდნენ. მოდერატორი მსახიობი გიორგი შარვაშიძე იყო, რომელიც თავადაც ძალიან ჭკვიანი და განათლებული ბიჭია. გიორგის ძალიან უყვარს, ძალიან კარგად იცის კინო და ამიტომ მართლა ძალიან საინტერესო და კარგი გადაცემა გვქონდა. ბევრი სტუმარი გვყავდა ამ გადაცემაში: ნანა ჯანელიძე, დიტო ცინცაძე, მერაბ კოკოჩაშვილი… მაგალითად, მიკა მდინარაძეც გვყოლია, რომელმაც თავიდან გაახმოვანა ვასილ ამაშუკელის ფილმი „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ და ამაზე ილაპარაკა. ერთი სიტყვით, მართლა ძალიან საინტერესო და კარგი გადაცემა იყო. გადაცემას ბიუჯეტი მინიმალური ჰქონდა. პრაქტიკულად ეს გადაცემა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არაფერი არ უჯდებოდა. 


როგორც ვიცით, გადაცემა კინოკლუბი მოულოდნელად დაიხურა. რა იყო ამის მიზეზი? 


- კი, მიზეზი ერთი ფილმი აღმოჩნდა. ვიდრე კონკრეტულად ამ ფილმზე ვისაუბრებ, გეტყვი, რომ მე პროდიუსერთან ფილმების სიასა და თემებს წინასწარ ვათანხმებდი. ანუ, თავიდანვე მივიტანე სია, სადაც ჩამოწერილი იყო, რა ფილმები გვჭირდებოდა, სავარაუდო სტუმრები ვინ იქნებოდნენ, რა იყო თემები და ა.შ. ჩემი პასუხისმგებლობა გადაცემის ვიზუალი და შინაარსი იყო. მოკლედ, იმ საბედისწერო გადაცემის ფილმი თამარ შავგულიძის „კომეტები“ იყო, სტუმარი კი - ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ნინო კასრაძე. 

„კომეტები“; 2019 წელი; რეჟისორი: თამარ შავგულიძე

სინოფსისი: „ფილმი ორი შუახნის ქალის ბავშვობისდროინდელ მეგობრობასა და სიყვარულზე მოგვითხორბს. შეიძლება დიდი დრო გავიდეს, მაგრამ ზაფხულის თბილ საღამოს გატარებული მოგონებები და გრძნობები მუდამ რჩება“.

ამ გადაცემაში ნინო კასრაძემ ასეთი სიტყვები თქვა, რომ ჩვენ არ შეიძლება, ვღელავდეთ სხვა ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე, არაჯანსაღია, რომ ჩვენ ვრეაგირებთ სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაზეო. 

გადაცემის გასვლამდე ყოველთვის 2-3 თიზერი მზადდებოდა და მთელი კვირის განმავლობაში ტრიალებდა. ველოდი, რომ რაღაც ტიპის გამოხმაურება მოჰყვებოდა. ასეც მოხდა. გურამ ფალავანდიშვილმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ და მათმა თანამოაზრეებმა გადაცემის ეთერში გასვლის [2023 წლის 11 თებერვალი] შემდეგ თიზერი გადააზიარეს და საოცარ კომენტარებს წერდნენ. მერე „პირველი არხის“ შენობასთანაც მოვიდნენ და იქ ჰყვიროდნენ. ამის შემდეგ მდგომარეობა საკმაოდ დაიძაბა, დაიწყო ლაპარაკი გადაცემის დახურვაზე და მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ჩაწერილი კიდევ 4 გადაცემა გვქონდა, გადაცემა დაიხურა და აღარც ერთი მათგანი ეთერში აღარ გასულა. ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი ლანა ღოღობერიძე იყო, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა და იმ გადაცემაზე გული განსაკუთრებით მწყდება. 


გადაცემის დახურვის მიზეზად რა დაასახელეს?

- არაფერი. არც რუსიკო მანჯგალაძესთან და არც თიკო ბერძენიშვილთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ვისაც ფილმი ნანახი აქვს, იცის, რომ იქ არაფერია ისეთი, რაც, თუნდაც გამოსადავებლად შეიძლება ვინმემ პროპაგანდად ჩათვალოს. თანაც გადაცემა 21:00 საათზე იწყებოდა და ასეთი წყობა ჰქონდა: ჯერ წამყვანის სიტყვა იყო, შემდეგ სტუმრის სიტყვა, ფილმი და ბოლოს კითხვა-პასუხი. თიზერში გავრცელებულმა ნინო კასრაძის სიტყვებმა - „სექსუალური ორიენტაცია“ კი ეს ამბავი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, იმიტომ რომ „ტელესკოლის“ პროდიუსერი, თამუნა ციციშვილი ნამდვილად ძალიან კარგი გოგო იყო, რაღაცნაირად მას ანგარიში გავუწიე და სკანდალი მეც არ ამიტეხია. 


„კინოკლუბის“ დახურვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მუშაობა კიდევ გააგრძელეთ? 

- ცოტა ხანი ვიყავი. თითქოს, უნდოდათ, რომ სხვა გადაცემაზე მემუშავა, მაგრამ საბოლოოდ, ვერ შევთანხმდით და გამომიშვეს. ადგილი, სადაც ასე გავიწროვებენ, გიკონტროლებენ საქმეს და პირდაპირი მნიშვნელობით, ხელოვნებას აცენზურებენ, იქ მუშაობა სასიამოვნო აღარც ჩემთვის იქნებოდა.

რაღაც დროის შემდეგ, ამ გადაცემის ნახვა მინდოდა, ვეძებე და ვერ ვიპოვე. წაშლილი აღმოჩნდა. რატომ წაშალეს, არ ვიცი. ისიც კი არ მითხრეს, წავშალეთო.

სოციალურ ქსელში შემორჩენილია სხვების მიერ გაზიარებული გადაცემის ბმული (იხილეთ ფოტო N1), მაგრამ თუკი გადაცემის ნახვას გადაწყვეტთ და ბმულზე გადახვალთ, დაგიწერთ, რომ გვერდი ვერ მოიძებნ (იხილეთ ფოტო N2).  


(ფოტო N1)

(ფოტო N2)


შენიშვნა: „პირველი არხის“ ვებგვერდზე, „კინოკლუბის“ კატეგორიაში განთავსებული მასალებიდან ბოლო ვიდეო 2023 წლის 5 თებერვლით თარიღდება, ბოლო გადაცემა კი - 4 თებერვლით. 

 
კატეგორია - ინტერვიუ


ფოტო :  ვახო ქარელი / „მედია აპრილი



ნესტან ცეცხლაძე, რომელსაც თითქმის 30-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება აქვს, გამოცემის დაარსების დღიდან „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორია.

მედიაორგანიზაცია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მათ შორისა, 2009 წელს გაზეთი „ბათუმელებისთვის“ და 2015 წელს ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთისათვის” გადაცემული პრესის ევროპული ჯილდო, რომელიც ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანული ფონდის, „ცაიტის“ (Zeit-Stiftung) მიერ არის დაწესებული. 

როგორ დაარსდა „ბათუმელები“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორიც 1 თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია და როგორია 3 სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში გამოცემის მუშაობის გამოცდილება, წაიკითხეთ ნესტან ცეცხლაძესთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში. 

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 34-ე დღეა შიმშილობს. ის 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნესტან, როგორც ჟურნალისტმა პირველად სად დაიწყე მუშაობა და როგორ აღმოჩნდი „ბათუმელებში“? 

- თავიდან მუშაობა აჭარის, ახლანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში დავიწყე, რომელიც მაშინ სახელმწიფო რადიო იყო. მიმყავდა კულტურის ახალი ამბები და ცოტ-ცოტა ყველაფერი სხვა, გარდა პოლიტიკისა. მაშინ გავიცანი მზია [ამაღლობელი] და ეთერი[თურაძე], რომელთაც გაზეთი „ბათუმელები“ ახალი გახსნილი ჰქონდათ [2001 წელს]. შემომთავაზეს გაზეთისთვის რაღაცები დამეწერა, რაზეც დავთანხმდი. „ბათუმელები“ თავიდანვე კრიტიკული გაზეთი იყო, ამიტომ მემგონი, 2 თუ 3 სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რადიოდან გამომიშვეს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან პოლიტიკურ თემებს არც „ბათუმელებში“ ვაშუქებდი, გაზეთი იმდენად კრიტიკული იყო, რომ სახელმწიფო რადიოსთან ცხადია, შეუთავსებელი აღმოჩნდა. 

ამის შემდეგ, მალევე ბათუმის კორესპონდენტად მუშაობა ტელეკომპანია „იმედმა“ შემომთავაზა. ეს ის პერიოდია, „იმედმა“ ზვიად ქორიძე რომ გაუშვა და გიორგი თარგამაძე მიიყვანა, 2003-2004 წლები, სიტუაცია გამწვავდა, მეც რაღაც სიუჟეტებს მიბლოკავდნენ, რაღაც სიუჟეტებს მიკვეთავდნენ, რასაც არ ვემორჩილებოდი და ამიტომ მალევე წამოვედი. ამის შემდეგ მუშაობის დაწყება „რუსთავი 2”-მა შემომთავაზა.

იმ კონკრეტულ პერიოდში, „ბათუმელებში“ დროებით არ ვმუშაობდი, მაგრამ მუდმივად მათ ოფისში ვიყავი. მაშინ „რუსთავი 2“-ს ბიურო ან ოფისი არ ჰქონდა, ამიტომ ჩვენი ოფისი „ბათუმელების“ ერთოთახიანი რედაქცია იყო. მას შემდეგ, რაც აჭარაშიც შეიცვალა ხელისუფლება და ასლან აბაშიძის რეჟიმიც დასრულდა, მალე „რუსთავი 2“-დანაც წამოვედი. 

თქვენც, სხვა რესპონდენტების მსგავსად, ჟურნალისტად 3 სხვადასხვა მთავრობის პერიოდში გიმუშავიათ, რა სხვაობასა და მსგავსებას ხედავთ მათ შორის?  

- კი, ამაზე ჩვენც ხშირად ვფიქრობთ. თუკი მაშინ უნდოდათ, რომ რაღაც არ გაგეშუქებინა, ხელს ყველანაირად გიშლიდნენ, გემუქრებოდნენ და ა.შ. დღეს პირდაპირ უნდათ, რომ დაგხურონ და გაგაქრონ, უბრალოდ არ არსებობდე. ალბათ, ეს არის მთავარი სხვაობა. ასევე, დღევანდელ მმართველ პარტიას არ აინტერესებს არც ერთი პარტნიორი სახელმწიფოს აზრი. 

გასაგებია, რომ ასლან აბაშიძის რეჟიმი იყო რუსული, მაგრამ ლოკალური და ალბათ, ამიტომ გავუმკლავდით კიდეც. როდესაც ბათუმში ტოტალური წნეხი იყო, უსაფრთხოების განცდა არ არსებობდა, ჩემს სახლთან 24-საათიან რეჟიმში იდგა ვიღაც თანამშრომელი და ა.შ. თუმცა, ის მაინც ვიცოდით, რომ ასლან აბაშიძე ანგარიშს უწევდა თბილისს და ასევე, მაგალითად, დიპლომატიურ კორპუსსაც. აი, ეთერიც[თურაძე] ხშირად იხსენებს ამ ფაქტს, ასლანის დროს რომ დააკავეს ის და მზია, თან ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. მაშინ მზიამ პირველი მე დამირეკა  და არ დავუჯერე, მეგონა მაშაყირებდა, ამიტომ ვუთხარი, რომ არ მეცალა, გადაღებაზე ვიყავი. კიდევ კარგი მეორე, სადაც მზიამ დარეკა ამერიკის საელჩო იყო. ამის შემდეგ, მზია და ეთერი ერთ საათში გაათავისუფლეს.

ასევე, რაღაც პერიოდში, როდესაც ომბუდსმენი სოზარი[სუბარი] იყო, პირველი ვისთანაც ვრეკავდით, ის იყო. ანუ, ყველა დროში რომელიღაც ინსტიტუცია მაინც იყო ქმედითი, ვიღაც ერთი მაინც იყო, ვინც დაგიცავდა. ახლა სახელმწიფო აღარ გვაქვს, აღარ არსებობს კანონი, რომელიც დაგიცავს, აღარ გვყავს პოლიცია, არ არსებობს სასამართლო, არავინ არის, ვინც დაგიცავს და ამიტომ ხარ სრულიად შიშველი ამ სასტიკი და დაუნდობელი რეჟიმის პირისპირ, რომელსაც უნდა, რომ გაგანადგუროს და არ არსებობდე. ალბათ, ეს არის მთავარი სხვაობა. 

მაგალითად, აჭარის რევოლუციის პერიოდში, აქციებსაც არბევდნენ, ასლან აბაშიძემ კომენდანტის საათიც გამოაცხადა. მაშინ გვემუქრებოდნენ კიდეც, ჩემს ოპერატორს სცემეს, წაგვართვეს კასეტები. ერთი სიტყვით, საშინელ ტერორში ვიყავით. როდესაც ამის შესახებ ღიად ვილაპარაკე, [მიხეილ] სააკაშვილს დაურეკია გიორგი აბაშიძისთვის და უთქვამს, შენი პასუხისმგებლობაა მათი უსაფრთხოებაო. ამის შემდეგ გიორგი აბაშიძემ მე დამირეკა, შემხვდა და დაცვაც მოგვამაგრეს, რომელიც მე და ჩემს ოპერატორს ყველგან დაგვყვებოდა. ძალიან სასაცილო იყო. სადმე რომ მივდიოდით, ჯერ გვკითხავდა, სად მივდივართ, შემდეგ ამოიღებდა რაციას და გადასცემდა: „205, 205, მივდივართ აქა და აქ“. ეს სიტყვები და ხმა დღემდე მკაფიოდ მახსოვს.  

თუმცა, ერთხელ მაინც იყო ასეთი შემთხვევა: ბათუმის უნივერსიტეტში ვიყავით გადაღებაზე, რომ გამოვედით, მანქანაში ჩავსხედით, მათ შორის იყო ეს ჩვენი დაცვაც. მანქანა რომ დაიძრა, აღმოჩნდა, რომ ყველა საბურავი დაჭრილი იყო და შესაბამისად, დაშვებული, ამიტომ მანქანა გავაჩერეთ და იმ დროინდელმა, აბაშიძის „ტიტუშკებმა“ ალყაში მოგვაქციეს. მაშინ ამ დაცვამ გადაგვარჩინა. ასე რომ, ასლან აბაშიძის დროსაც კი არსებობდა თავდაცვის რაღაც მექანიზმები. 

ისეთი დაუცველობის განცდა, როგორიც შეიძლება დღეს გაქვთ, როდის გაჩნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს? 

- ალბათ, ჟურნალისტებისთვის პირველად ეს იყო ფოტოგრაფების საქმე. თუმცა, მაშინაც პროტესტის პარალელურად, ჟურნალისტების დიდი ჯგუფი ვანო მერაბიშვილს შეხვდა. ფაქტია, რომ ჩვენი პროტესტის, ამ მოლაპარაკებებისა და საერთაშორისო წნეხის შედეგად, ფოტოგრაფები მალე გაათავისუფლეს. 


2011 წლის 26 მაისის დარბევის დროს, როგორც მახსოვს, „ნეტგაზეთის“ ბევრი ჟურნალისტი დაშავდა, რა მოხდა მაშინ? 

- კი, ჩვენ პატარა რედაქცია ვიყავით. მახსოვს, ყველანი წავედით ერთი თანამშრომლის გარდა და თითქმის, ყველანი დავშავდით. ზოგს სცემეს, ზოგი გაზით მოიწამლა… ბოლოს, რუსთაველი რომ გაწმინდეს, მე ჯერ ისევ იქ ვიყავი, ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს ვეძებდი და თან ჩემი კამერით ვიღებდი. ვიღაცეები მომვარდნენ და კამერა წამართვეს. მაშინ ერთმა სპეცრაზმელმა გადამარჩინა. მოვიდა და მითხრა, რომ იქიდან უსაფრთხოდ უნდა გავეყვანე. მაგრამ, სხვაობა ის არის, რომ ამ ამბის გამოძიება მალე დაიწყო, მე და ჩემი კოლეგები, ვინც იმ დღეს დავშავდით დაზარალებულად მალევე გვცნეს და სახელმწიფომ ქონების ზიანი აგვინაზღაუარა. ასეთი რამე დღეს არ ხდება?! 

უკვე ვთქვი, რომ დღეს არც ერთი ინსტიტუცია აღარ არის, რომელსაც დახმარებისთვის მიმართავ. მახსოვს, მემგონი არჩევნებამდე პერიოდი იყო, ნოდარ მელაძემ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მათი ტელევიზიის ეზოში სუსი იყო მისული. იმ ღამეს მე და გელა მთივლიშვილი „ტვ პირველთან“ წავედით. მელაძეს პოლიცია  ჰყავდა გამოძახებული, მაგრამ პოლიცია არ მივიდა. მაშინ ვიფიქრე, რომ მორჩა, ჩვენ, ჟურნალისტებს სულ აღარავინ გვყავს ერთმანეთის გარდა, მხოლოდ ერთმანეთის იმედი შეიძლება გვქონდეს. 

რა იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი ნიშანი, როდესაც იფიქრე, რომ დემოკრატია ისევ მწვავე პრობლემების წინაშე დგას?

- ერთ-ერთი პირველი ნიშანი იყო, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში, წამების კადრების ჩვენებაზე დაგვიბარეს. მე წინა ხელისუფლების დროს პატიმართა უფლებებზე ვმუშაობდი და ჟურნალისტური გამოძიებებიც მქონდა. ჩვენ გვითხრეს, რომ სახეები ისე იყო გადაფარული, რომ ჩვენ იმ ადამიანების იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენდით. სულ რამდენიმე კადრი ვნახე, რადგან მაშინვე ამოვიცანი ისტორია და პატიმარი, რომლის შესახებაც მე ნამუშევარი მქონდა. იქვე ვუთხარი, რომ დაუშვებელი იყო ამ მასალის ასე ჩვენება და წამოვედი. მაშინვე ცხადი გახდა, რომ ამ ხალხისა და სისტემისთვის ადამიანი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა. 




ავტორი: ზურა ცერცვაძე


თქვენს გამოცემას რომ დავუბრუნდეთ, როგორ დაარსდა „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“? 

- „ბათუმელები“ ჟურნალისტიკით გულანთებულმა ადამიანებმა შექმნეს. არანაირი სპონსორი, დამფინანსებელი მას არ ჰყოლია. თავიდან მახსოვს, ნომერს რომ ვბეჭდავდით, „ვინჩესტერი“ მიგვქონდა სტამბაში. ის პირველი და ერთადერთი კომპიუტერი, რომელიც რედაქციაში გვქონდა მზიამ საკუთარი ფულით იყიდა. თავიდან გაზეთი 8-გვერდიანი იყო, ნელ-ნელა ემატებოდა გვერდები და ბოლოს 22-გვერდიანი გახდა. ორ კვირაში ერთხელ გამოშვებიდან, კვირაში ერთხელ ბეჭდვაზე გადავედით. უკვე თბილისში ვბეჭდავდით, შედარებით ნორმალურ სტამბაში. მიუხედავად ამისა, თითოეული ნომრის გამოცემა საწყის ეტაპზე პრობლემური იყო. 

მთავარი ძრავი მაინც მზია[ამაღლობელი] იყო, რომლის სწორი სტრატეგიის შედეგად, გამოცემას ბევრი საერთაშორისო პარტნიორი გაუჩნდა. მზია ამზადებდა ბიზნეს გეგმებს, ის ზრუნავდა იმაზე, რომ ჟურნალისტებს კარგი ტრეინინგები გაევლოთ, მას ჰქონდა ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან და ა.შ. ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე „ბათუმელები“ ერთადერთი მედია იყო, რომელიც MDIF-ის პარტნიორი გახდა.

მზია ჩემგან და ეთერისგან იმით განსხვავდება, რომ მისთვის არ არსებობს შეუძლებელი. ყოველთვის ასე იყო. რაღაც ახალ იდეას იტყვის, მე ვპასუხობ: არა, მზია, ამის რესურსი ჩვენ არ გვაქვს, ვერ შევძლებთ. არ დამეთანხმებოდა და იტყოდა, მაინც ვცადოთ და საბოლოოდ, გამოსდიოდა. მზიას ძალიან უყვარს ექსპერიმენტები. რაღაცას მოკრავს ყურს და თუ იდეა მოსწონს, კარგად შეისწავლის და განახორციელებს. მაგალითად, ჩეხეთიდან ჩამოიტანა პრესკაფეს იდეა. ერთ-ერთ იქაურ გაზეთს ჰქონდა პრესკაფეების ქსელი, რომელიც ამ გაზეთის ბიზნეს მოდელი იყო. ჩამოვიდა თუ არა, ამაზე მუშაობა დაიწყო და გავხსენით პრესკაფე ბათუმში, რომელმაც რამდენიმე წელი იმუშავა და ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო. ასევე, მზიას ჰქონდა აწყობილი უნიკალური დისტრიბუციის ქსელი. „ბათუმელების“ 90% გამოწერილი იყო, მათთვის გაზეთი სახლში მიჰქონდათ. 

თუკი თავიდან „ბათუმელები“ უფრო ლოკალური გამოცემა იყო, უმეტესწილად რეგიონის ამბებს აშუქებდა და აჭარას ფარავდა, სწორედ [2008 წლის] ომის შემდგომ პერიოდში უკვე გაფართოვდა და ვწერდით ყველაფერზე. შემდეგ ვიფიქრეთ, რომ „ბათუმელები“ დაბრუნებოდა თავის პირვანდელ სახეს, ძირითადი ფოკუსით აჭარაზე. ასევე ვფიქრობდით, რომ ის ჟურნალისტური სტანდარტი, რაც „ბათუმელებში“ გვქონდა, ნაციონალურ მედიაშიც უნდა ყოფილიყო. ამიტომ გავხსენით „ნეტგაზეთი“. თანაც იმ პერიოდში ინტერნეტის მომხმარებელი დღითიდღე იზრდებოდა. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ახალი ონლაინ გამოცემის დაარსება კარგი იქნებოდა და 2010 წელს უკვე „ნეტგაზეთი” დავაფუძნეთ. 

როგორც შეხვდა მზია ამაღლობელი რუსული კანონის ხელმეორედ ინიციირებსა და მიღებას?

- მისი პირველი სიტყვები იყო, რომ არ აპირებდა აგენტის სტატუსის ქვეშ მუშაობას და იპოვიდა გამოსავალს და იპოვა კიდეც. სულ მუშაობდა, ყველაფრისთვის მზად იყო და იმასაც მეუბნებოდა, გეგმა მაქვს უკვე და ზუსტად ვიცი, საბოლოოდ რომ ჩამოყალიბდება დიქტატურა, როგორ უნდა ვიმოქმედოთო.  

ვიღაცას წარმოუდგენია, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მართვა ადვილია. მედია, რომელსაც არ ჰყავს არანაირი დამფინანსებელი. ერთი გრანტის მოპოვებისას, სასწრაფოდ მეორეზე უნდა იფიქრო, რადგან ყველა ეს დაფინანსება ხანმოკლეა. მზიას ხელფასების გასასტუმრებლად პირადი სესხიც კი აუღია. ეს ძალიან მძიმე და დამღლელი საქმეა. 

მზია ყოველთვის და ყველა ჩვენთაგანისთვის ყველაზე დიდი იმედია. ვიდრე მას დაიჭერდნენ, მე და ჩემი მეგობარი ერთმანეთს ვეკითხებოდით, რომ დაგვიჭირონ, ვის დავურეკავთ პირველს. ორივემ ვთქვით - მზიას. იმიტომ რომ მზია ყველაფერს შეძლებდა. ჩვენ კი ახლა ვერაფერს ვაკეთებთ მისთვის. ასე მგონია, რომ ციხიდანაც ჩვენზე მეტს აკეთებს. 

რას აპირებთ?

- პირველ რიგში მეგობარი, კოლეგა, პარტნიორი გვყავს ციხიდან გამოსახსნელი. ვაპირებთ იმას, რაც მზიამ მოგვწერა - ბრძოლას სანამ შეგვიძლია. არ ვაპირებთ, არსად გაქცევას, არც დახურვას. დაგვხურავენ? დაგვიჭერენ? რამე გზას ვიპოვით და ინფორმაციას მაინც გავავრცელებთ. სხვა ეპოქაა, რამეს მოვიფიქრებთ. ახლა ჩვენ გვაქვს ბოლო შანსი, გადავარჩინოთ ეს ქვეყანა და ჩვენც გადავრჩეთ.

კატეგორია - ინტერვიუ

ფოტო : მინდია გაბაძე


„ქალბატონი ჟურნალისტის დაკავება სხვებისთვის მუქარის შემცველ მესიჯს წარმოადგენს და მთლიანად მედიის დაშინების ხასიათს ატარებს“, - როგორ აფასებს აფგან სადიგოვი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებას და რა მსგავსებას ხედავს აზერბაიჯანსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შორის წაიკითხეთ „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში. 

...............................................................................................................................................
აფგან სადიგოვი, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც 4 თვეზე მეტია შიმშილობს, ექსტრადიციის რისკის წინაშე დგას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. 2 თებერვლიდან სადიგოვმა აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა. 

Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი გასული წლის 3 აგვისტოს დააკავეს და მეორე დღეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს პატიმრობა მეორედ, კიდევ 3 თვით 2025 წლის 31 იანვარს გაუხანგრძლივა. 

15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საჩივარიც, სადიგოვისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ. ამ დროისთვის საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ აქვს აკრძალული. 

„მედიაჩეკერმა“ თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს რამდენიმე კითხვა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით გაუგზავნა, აფგან სადიგოვის წერილობითი პასუხები კი რედაქციამ მიმდინარე კვირაში მიიღო. 
...............................................................................................................................................

აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის დაწყებასა და საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს შორის რა მსგავსებას ხედავთ?

- საქართველოს დღევანდელი პრემიერ მინისტრი ჯერ თავისნაირ დამნაშავეებსა და სასტიკებს შეარჩევს, მისი გამგონე და დამორჩილებულ ჩინოვნიკთაგან  სახიფათო, მტაცებელ გუნდს მოამზადებს, თავის გარშემო „ბანდას“ შექმნის, მერე ხალხს ტკბილი რაღაცების დაპირებით მოატყუებს და დროს მოიგებს. ხალხის დროდადრო  სასურველი მიმართულებით წარმართვა არც ისეთი რთული იქნება. პრაქტიკაში ყოველთვის ეს ვარიანტი იჩენს თავს. „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკა.  სამსახურებში, თვით ოჯახებშიც კი კონფლიქტებს შექმნიან. აზრთას ხვადასხვაობის შექმნით სოციუმს ერთმანეთს დააპირისპირებენ, მათ გაერთიანებას, ურთიერთსოლიდარულობას ხელს შეუშლიან და დაბრკოლებებს შეუქმნიან. 

მთავრობა ძალოვან სტრუქტურებს დაეყრდნობა, მათ სრულ თავისუფლებას, კომფორტს შეუქმნის. მერე ბრძანება-მითითებების გამცემი, თავად მათ ზურგსუკან დაიმალება და პოლიციის კეტის ძალით ხალხის შიშით დათრგუნვას შეეცდება. რამდენადაც შეეძლება, ხალხს მატერიალურ პრობლემებს მოუმატებს, რადგან, როცა კი მოქალაქეებს სიღარიბის მარწუხები უჭერთ და არსებობისთვის ბრძოლას ცდილობენ,  გონება სხვაგან გადაერთვებათ ხოლმე. მხოლოდ საკუთარი ოჯახების შესანახავად, ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უწევთ სულ მეტი და მეტი მუშაობა. ამდენად,  მათ, პოლიტიკასა და მომავალზე საფიქრალად არც დრო რჩებათ და არც ძალა. მხოლოდ დღევანდელობისთვის მოფორთხიალე სოციუმის მართვა კი ძალზე იოლი და კომფორტულია. 

დღეს საქართველოში ორი დაკავებული ჟურნალისტი, თქვენ - აფგან სადიგოვი და მზია ამაღლობელი შიმშილობთ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- ქალბატონი ჟურნალისტის დაკავება სხვებისთვის მუქარის შემცველ მესიჯს წარმოადგენს და მთლიანად მედიის დაშინების ხასიათს ატარებს. 

სიმართლისმოყვარე და დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის, მედიის ყოველი წარმომადგენლისთვის მატერიალური შეთავაზებები ექნებათ. ვისაც ვერაფრით დაითანხმებენ, მათ წინააღმდეგ სერიოზული მუქარის, შანტაჟის, ცილის წამების, ცრუ ბრალდების კამპანიები, დაკავებები და სხვა სახის ზეწოლა დაიწყება. 

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დაკავებული ქალბატონი ჟურნალისტი უდანაშაულოა და იგი, ცრუ ბრალდებით, დაკვეთით არის დაკავებული. დაკვეთით დაკავებისადმი პროტესტის გამო მის მიერ წამოწყებულ შიმშილობას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და დიქტატურის ზღვარზე მყოფი საქართველოს მთავრობისგან ქალბატონი ჟურნალისტისა და აქციაზე დაკავებული სხვა მონაწილეების გათავისუფლებას მოვითხოვ!

როცა მეორედ დამაკავეს, დაკვეთით, აზერბაიჯანის საპატიმროში 242 დღე ვიშიმშილე. მართალ, სწორ, წრფელ გზაზე რომ ვიდექი, ვიცოდი. საკუთარ თავს დავპირდი, რომ მტარვალი და მტაცებელი, დიქტატორი ხელისუფლების წინაშე არ მოვიდრიკებოდი, არ დავმარცხდებოდი და საკუთარი შეუდრეკელობის წარმოჩენით მათ დავთრგუნავდი. კუჭი ცარიელი მქონდა, მაგრამ სული - ნაყროვანი. ვიცოცხლებდი, ღარიბ, უპატრონო, გასაჭირში ჩავარდნილ, უფლებაგათელილ ადამიანებს კვლავაც დავიცავდი, უმოწყალო ჩინოვნიკებისაგან, ხელისუფლებისაგან, დიქტატურის რკინის ხელისაგან მათ დაფარვას შევეცდებოდი. 

ქალბატონი ჟურნალისტისადმი ჩემი რჩევა ეს არის. შეუდრეკელობა და დაუმარცხებლობა. სიკეთე და სიმართლე იმარჯვებს ბოლოს. 

საქართველოს ხალხმა ქვეყანაში დიქტატურის გაბატონება არ უნდა დაუშვას, არ უნდა დაყაბულდეს, თვალი არ უნდა დახუჭოს, არ დაანებოს რომ ხელისუფლებამ მათ თავისუფლება, მომავალი წაართვას. ეს თავად ხალხისთვისაც შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი იქნება. დიქტატურა კიბოს სნეულებას ჰგავს. ორგანიზმს თანდათანობით წამლავს. მთავარი ისაა, მომავალმა თაობებმა მათთვის ასეთი მთავრობის მემკვიდრეობად დატოვების გამო არ გვლანძღოს და არ შეგვაჩვენოს. ამ პრობლემას ჩვენ შთამომავლობას ტვირთად ნუ დავუტოვებთ. 

რას ეტყოდით მზია ამაღლობელს?

- ძვირფასო ჟურნალისტო, ქალბატონო მზია. მოგესალმებით და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ამ მართალ, ღირსეულ და ჭეშმარიტ გზაზე სიარული კვლავაც გააგრძელეთ გამბედავად ისევე, როგორც ამას აქამდე მიზანსწრაფულად და ღირსეულად აკეთებდით. 

გამარჯვება თქვენ და თქვენნაირ დამოუკიდებელ, შეუქცეველ, უდრეკ და სიმართლისმოყვარე მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს! 

დიქტატურის ზღურბლზე მდგარ და დიქტატურის საზიზღარ გზაზე მჩოჩავ საქართველოს მთავრობას კი ამ მცდარი გზიდან უკან მობრუნებისკენ, დაწყებული რეპრესიების შეწყვეტისკენ, თუკი ხალხის ერთგულებითა და დემოკრატიით მსახურება არ ძალუძს, მაშინ გადადგომისკენ მოვუწოდებ. მოვითხოვ, ჟურნალისტ ქალბატონი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ქალბატონო მზია, როგორც აზერბაიჯანის ლეგენდარული მხედართმთავარი ბაბექი ამბობს: „40 წელი უღელქვეშ ხოხვას, ერთი დღით თავისუფლად ცხოვრება უფრო ღირსეულია, აღმატებულია“. 

რას ურჩევდით მზია ამაღლობელის კოლეგებს, ქართველ ჟურნალისტებს, რომელიც მის გათავისუფლებას ითხოვენ?

- მუდამ ასეთი სოლიდარულობა, ერთმანეთის ჭირში, სირთულეში, ამგვარ გამოცდაში მიუტოვებლობა, ერთურთისთვის, მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის ხელებში მტკიცედ ჩაჭიდება, მათი დაცვა. 

წარმატება, წინსვლა, გამარჯვება მხოლოდ იქაა, სადაც  ერთობა და სოლიდარულობაა. 

ვაშა თქვენ, - შეუდრეკელი, ღირსეული მედიის წარმომადგენლებს!

ძირს დიქტატურა!

საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კი, თავის იმ საზიზღარი გეგმების მომფიქრებელ და განმახორციელებელ ტვინში ჩაიბეჭდოს და არ დაივიწყოს, რომ ჩადენილი ყოველი დანაშაულებრივი ქმედებების გამო ერთ დღესაც კანონისა და ხალხის წინაშე, სწორედ რუმინეთის დიქტატორ ჩაუშესკუსავით მოუწევს პასუხის გაცემა! 

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას  შეწყვიტოს პროტესტების მონაწილეთა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა!

დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მშვიდი და მთელი შესაძლებლობებით ფუნქციონირებისთვის პირობები უნდა შეექმნათ!

და შეაჩეროს აზერბაიჯანის დიქტატორის, ილჰამ ალიევის პოლიტიკური დაკვეთების საქართველოში აღსრულებით ამოქმედებული რეპრესიები! 


ძირს დიქტატურა!!!

არა რეპრესიებს!!!

თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა  თითოეულ პოლიტიკურ პატიმარს!!!

აფგან სადიგოვი. თბილისის ნომერ მე-18 საპყრობილე.

04 თებერვალი 2025 წელი

შიმშილობის 137-ე დღე. მშრალი შიმშილობის მე-3 დღე. (ხელმოწერა)

 

აფგან სადიგოვის წერილი „მედიაჩეკერისთვის“ აზერბაიჯანული ენიდან თარგმნა ოქტაი ქაზუმოვმა












































კატეგორია - ინტერვიუ


მარიამ ცარელაშვილი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილებასა და ორი სხვადასხვა ხელისუფლების დროს ცენზურის შემთხვევებზე საუბრობს. მარიამი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს.

მარიამ, როდის და როგორ დაიწყე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მუშაობა?

- პირველი ტელევიზია, სადაც მივედი „რუსთავი 2“ იყო. რუსთავიდან ვარ და ვიდრე ეს ტელეკომპანია ამ ქალაქიდან მაუწყებლობდა, ტელევიზიაში, ბავშვობაში, მამას დავყვებოდი. მაშინდელ „რუსთავი 2“-ში მას გადაცემა ჰქონდა. ამიტომ არც მახსოვს, როდის გადავწყვიტე ჟურნალისტობა.

ეს არხი, ნიკა ტაბატაძისა [დირექტორი] და ეკა ხოფერიას [საინფორმაციო სამსახურის უფროსი] პერიოდში დამწყები ჟურნალისტებისთვის საოცნებო ადგილი იყო. მაშინდელ „კურიერში“ იმაზე მეტს ისწავლიდი, ვიდრე უნივერსიტეტში, ამიტომ გამიმართლა, რომ იქ მოვხვდი. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკანტი ვიყავი, სიუჟეტებს „კურიერისა“ და „პოსტ სკრიპტუმისთვის“ მაინც ვამზადებდი. 

იმ პერიოდს დაემთხვა „პირველი არხის“ საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნაც. თითქოს განსხვავებული ნიშაც დაიკავა. აქცენტი ისეთ თემებზე კეთდებოდა, რომლებიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. მათ შორის იყო ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების პრობლემები. მაშინ პირდაპირ მივედი მაუწყებლის იმ დროინდელ დირექტორთან, თამარ კინწურაშვილთან (რომელთანაც მანამდე ინტერვიუ მქონდა ჩაწერილი) და ვუთხარი, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მუშაობა მინდოდა. ასე გავხდი „მოამბის“ ჟურნალისტი. მას შემდეგ ტელევიზია არ შემიცვლია. 2018 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში წამოსვლის შემდეგაც, რამდენიმე წელი ისევ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ვამზადებდი სიუჟეტებს. ბოლოს უკვე, როდესაც საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა დაიძაბა და გაჩნდა ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ნიშნები, ამერიკიდან სიუჟეტები არხს, რა თქმა უნდა, აღარ აინტერესებდა. მახსოვს, ბოლო გადაღება, რომელიც რამდენიმე შტატს მოიცავდა, ბოლო მომენტში გამიუქმეს. 2021 წელს უკვე კონტრაქტის გაუქმება გადაწყვიტეს და შემომთავაზეს, განცხადება თავად დამეწერა. რა თქმა უნდა, დავწერე. საქართველოს დატოვების შემდეგ, თავს ისედაც ტელევიზიიდან წამოსულად მივიჩნევდი და აქ ვცდილობდი დამკვიდრებას.

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მუშაობის გამოცდილება ორი სხვადასხვა ხელისუფლების დროს გაქვთ. რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავთ მათი მხრიდან ტელევიზიაზე გავლენის მოხდენის მცდელობისას?

- ჩემი დაკვირვებით და პირადი გამოცდილებით, [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმმა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ისევე ჩაიგდო ხელში, როგორც წინა ხელისუფლებამ და ორივე შემთხვევაში, ეს თავად ტელევიზიამ დაუშვა. ცენზურა მაინც ჟურნალისტებზე გადის, ამიტომ სწორედ მათზეა დამოკიდებული, რამდენად მისცემენ კონტროლის საშუალებას.

ცხადია, წინა ხელისუფების დროსაც იყო კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ მე პოლიტიკურ თემებზე არ ვმუშაობდი, ცენზურა მეც შემეხო. ერთ ფაქტს გავიხსენებ. მაშინ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი იყო. მოულოდნელად სააკაშვილის მორიგი ღონისძიება დაიგეგმა, ნიუსრუმში თავისუფალი არავინ იყო და ამიტომ მე გამიშვეს. წავედი, გადავიღე და მოვამზადე მშრალი, ფაქტებზე დამყარებული სიუჟეტი. ტექსტი გადამოწმების დროს გადამიკეთეს, რაც არ მომეწონა. ჩასწორებული ვარიანტი კი წავიღე ხმის ჩასაწერად, მაგრამ მაინც ჩემი ვერსია დავტოვე და ის დავამონტაჟე. ეთერშიც ეს ვერსია გავიდა. ხათუნა ბერძენიშვილმა კაბინეტში დამიბარა. მეგონა, დავისჯებოდი, ან სამსახურს დავკარგავდი, მაგრამ მისი საუბრიდან ისეთი განცდა დამეუფლა, რომ თითქოს, ჩემი ეს პრინციპული გადაწყვეტილება მოეწონა. სამაგიეროდ, მას შემდეგ ჩემთვის მსგავსი სიუჟეტის მომზადება აღარავის დაუვალებია. 

დაკვეთის შემსრულებელი ჟურნალისტების სიმცირეს ეს არხი არასდროს უჩიოდა. მაგალითად, ლიკა ხურციძე. მას პრინციპში, მითითებაც არც სჭირდებოდა, რა გაეკეთებინა. პროდიუსერებს აქეთ აკვირვებდა. მახსოვს, რამდენიმე ჟურნალისტს გვრცხვენოდა კიდეც ეთერში მისი პროპაგანდისტული ტექსტების გამო. მე რომ ამერიკაში წამოვედი, ლიკა ისევ „მოამბეში“ იყო და კომპიუტერის გვერდით ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილის ფოტო ედო. არ ვამეტებ, მართლა ასე იყო, კომპიუტერთან ედო ივანიშვილის ფოტო. 

ასევე იყო ნინო თოლორდავა, „მოამბის“ წამყვანი. სამუშაო კომპიუტერთან პატარა მონიტორი ჰქონდა, რომელზეც სააკაშვილის გამოჩენისთანავე ლამის ეკრანს კოცნიდა. უკვე ბოლო მომენტში კი განცხადებები გააკეთა, ხათუნა ბერძენიშვილის მხრიდან ჩემზე ზეწოლა იყოო და „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროშიც კი დააწყებინეს მუშაობა. შემდეგ ისევ ტელევიზიაში, ოღონდ ამჯერად „იმედზე“ დაბრუნდა. ეს ერთეული შემთხვევა არ არის. სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ჟურნალისტი გადანაწილდა სამინისტროებში, ძირითადად პრესსამსახურებში. ახლა არა თუ დისკომფორტი არ აქვთ, იმ უსამართლობაზე რაც ქვეყანაში ხდება და რაზეც ერთ დროს სიუჟეტებსაც კი აკეთებდნენ, არამედ ისევ ოლიგარქის ამ ძალადობრივი რეჟიმის სამსახურში რჩებიან, რომელიც მათ ყოფილ კოლეგებსა და მეგობრებს პირდაპირი ჩართვის დროს სასიკვდილოდ იმეტებს. 

რა და როგორ შეიცვალა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?

- 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორად მალე გიორგი ბარათაშვილი დაინიშნა, გარკვეული პერიოდი ნამდვილად იყო თავისუფლება, არავინ ერეოდა, კრიტიკულ სიუჟეტებსაც ვამზადებდით… მაგრამ, როდესაც ვასილ მაღლაფერიძე მოვიდა, ივანიშვილმა საკუთარი ტელეკომპანია - GDS დახურა და იქიდან ჩვენთან „დესანტი გადმოსხა“, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მახსოვს, მანამდე გიორგი გვიმრაძე სულ გვეუბნებოდა, რომ საკმარისი ფული არ იყო, ჯერ ხელფასებს ვერ მოგვიმატებდნენ და ამ საუბრების ფონზე GDS-ის მთელი კოლექტივი გადმოიყვანეს, რომელთაც, როგორც ვიცოდით, ორმაგი ხელფასი დაუნიშნეს. 

GDS-დან გადმოსული ჯგუფი მენეჯმენტშიც გადანაწილდა. შეიქმნა ე.წ. „სუპერდესკი“, რომელშიც იყვნენ ია ანთაძე, ეკა შონია და სხვები. ძალიან მოკლე ხანში ჩვენი საინფორმაციო გამოშვება მთავრობის პრესცენტრად იქცა. სიუჟეტებში პრეს-რელიზები პირდაპირ გადმოჰქონდათ. ყველაფერი ის, რის გამოც ჩემთვის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იდეა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თითქოს უცებ გაქრა. მე მაინც ვახერხებდი და კრიტიკული სიუჟეტებიც მქონდა, თუმცა მთავრობის საპიარო სიუჟეტების შემდეგ უშვებდნენ და ისედაც დაბალი რეიტინგის პირობებში, ცხადია, აღარავინ ნახავდა. მაყურებლის ნდობას ისევ კარგავდა არხი. 

როგორი იყო ია ანთაძის როლი ამ პროცესებში?

- რაც დღეს „პირველ არხზე“ ხდება, ამაში ია ანთაძეს უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი. ჩარევის მცდელობა პირადად მასაც ჰქონია. მაგალითად, ერთხელ სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკაზე გავაკეთე სიუჟეტი, სადაც მთელი დინამიკა ჩანდა, 1999 წლიდან, როცა ქვეყანა ევროკონვენციას მიუერთდა, დღემდე როგორ აგებდა სახელმწიფო დავებს საკუთარ მოქალაქეებთან. რეპორტაჟის ბოლოს ვამბობდი, რომ ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იპოვეს დაზარალებულებმა სამართალი. ეს სიუჟეტი „სუპერდესკზე“ რომ შევიტანე, ია ანთაძემ მისაყვედურა, სიუჟეტში რატომ არ ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა რამდენი რამე გააკეთა და შეცვალა ციხეებში პატიმრებისთვისო. ნინო თარგმაძე იყო მაშინ „მოამბის“ პროდიუსერი, რომელიც გვერდში დამიდგა და კრიტიკული სიუჟეტი მაინც გავიტანე. ნინოს სიჩუმე დღეს ძალიან მიკვირს, რადგან მან ზუსტად იცის, რას აკეთებს და რატომ. 

კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ. თუ არ მეშლება, 2013 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უარს ამბობდა იმ ძვირადღირებულ მანქანებზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო შეძენილი. ამ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაშინ ნინო გიორგობიანი იყო. ამ თემაზე გამიშვეს, რომელიც უფრო საპიარო ამბავს კი ჰგავდა, მაგრამ მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ სამინისტრო ძველ მანქანებზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობდა, რომ ახლებს ყიდულობდა. ასევე გავარკვიე, რომ სამართალდამცავი უწყება კანონსაც კი არღვევდა, არ გასცემდა საჯარო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა თანხა იხარჯებოდა ამ ახალი ჯიპებისთვის ბიუჯეტიდან. საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად გამოთხოვილი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა და უარის მიღების გამო სამინისტროს სასამართლოში უჩიოდა კიდეც. მოკლედ, ჩემს სიუჟეტში ეს ყველაფერი ჩანდა. მაშინ პროდიუსერი მაკა გაფრინდაშვილი იყო, რომელიც დღეს „რუსთავი 2”-ზე მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი მჭირდებოდა, ამიტომ კომენტარის შესათანხმებლად პროდიუსერს დავარეკინე. სამთავრობო პრესსამსახურებთან სულ პრობლემა მქონდა, მათ შორის [მიხეილ] სააკაშვილის პერიოდშიც. გამიკვირდა კიდეც, რომ ნინო გიორგობიანმა პირადად გადმომირეკა. მითხრა, რომ სამინისტრო კომენტარს არ გააკეთებდა, მაგრამ მომცა მითითებება, რა უნდა მეთქვა მათ ნაცვლად ჩემს სიუჟეტში, მათ შორის ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი.  ბოლოს ასეთი ფრაზა მითხრა, რაც დღემდე არ მავიწყდება: „რა იყო, არ გაგიკეთებია“. ალბათ, საკუთარი ჟურნალისტური საქმიანობის დროს თავად ასე „აკეთებდა“, (ის შსს-მდე წლები სხვადასხვა არხზე ჟურნალისტად მუშაობდა) ალბათ, დაურეკავდნენ სამინისტროდან და ეს ჩაასწორებდა. არ ვიცი. რა თქმა უნდა, მის მითითებას არ დავემორჩილე. სიუჟეტში ყველაფერი დოკუმენტურად იყო ასახული და მაყურებელმაც სიმართლე გაიგო. 

ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნინო გიორგობიანი შემდეგ წლებში დააწინაურეს კიდეც და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდა. ამიტომ, ჩემს მაგალითზე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, უფრო გაზრდილი ძალაუფლებით როგორ ჩაერეოდა ის ჟურნალისტების საქმიანობაში. სხვათაშორის, ალბათ, გახსოვთ კვლევებიც ამ სტრატკომის გარშემო, რომელიც რუსული სტილის პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი აღმოჩნდა, რუსული ნარატივით, რომლის გვერდები „მეტამაც“ კი წაშალა საკუთარი პლატფორმიდან.

ჯიპების შესყიდვაზე გაკეთებული სიუჟეტის შემდეგ, უკვე ვიცოდი, რომ მე შსს-ს აღარავინ გამაკარებდა და როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისევე დაიწყო ჩემი პოლიტიკური თემებიდან ჩამოშორება. ბოლოს უკვე ხელფასს მიხდიდნენ და არაფერს მაკეთებინებდნენ. მხოლოდ უცხო ქვეყნების პრეზიდენტებისა თუ დელეგაციების ვიზიტების გაშუქება და მათთან ინტერვიუების ჩაწერა მებარა. 

საბოლოოდ, რა გახდა თქვენი „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ და ქვეყნიდან წასვლის მიზეზი?

- იმედგაცრუება. „პირველი არხი“ თითქოს ქვეყნის პატარა მოდელია. არხზე არ აღმოჩნდა ერთი ადამიანიც კი, ვინც იქ არსებულ მდგომარეობას ჩემთან ერთად ხმამაღლა გააპროტესტებდა. მეც არ ვიყავი „ცნობილი სახე“, რომ მარტოს მეხმაურა და ამას შედეგი მოეტანა.  

ის, რის გამოც მე „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მივედი და რასაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იდეა გულისხმობს, უმცირესობების უფლებების დაცვა და მათი პრობლემების გაშუქება, ბოლო წლებში უკვე სანატრელი გახდა. ამ თემებზე სამუშაოდ მივედი და საბოლოოდ, რასისტებით და ჰომოფობებით სავსე ტელევიზია დავტოვე. 

ამის მაგალითად მოვიყვან ინტერვიუს ერთ-ერთ საერთაშორისო დამკვირვებელთან. ცხადია, ისიც სადღაც ბოლოში ჩაიკარგა. კარგი ინტერვიუ იყო და გული მწყდებოდა, რომ ბევრი ვერ მოისმენდა. ამიტომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვებგვერდის რედაქტორთან, ირინა დეკანოიძესთან მივედი და მისი განთავსება შევთავაზე. როდესაც გაიგო, ვისთან იყო ინტერვიუ და რა საკითხებზე,  სიტყვა-სიტყვით ასე მიპასუხა: „წავიდეს, ერთი მაგის პიდ...სტი დედაც“. 

კიდევ იყო ერთი მსგავსი სიტუაცია. თუ გახსოვთ, ფერადკანიან ბიჭს რომ სცემეს ფეხბურთის მოედანზე. მაშინ, თათბირზე ეკა შონიამ, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თქვა, სიმართლე გითხრათ, არც მე მინდა ჩემმა შვილმა „ზანგთან“ ერთად ითამაშოსო. ასეთ რასისტებთან და ქსენოფობებთან ვმუშაობდი. 

2017-2018 წლებში ძალიან მარტო აღმოვჩნდი. კი, მყავდა მეგობრები, ვისთანაც საერთო ღირებულებები მაკავშირებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც „სუპერდესკზე“ ჩემთან ერთად შემოვიდოდა და იმაზე დამეთანხმებოდა, რასაც მარტო ვაპროტესტებდი. დამემოწმებიან ჩემი ყოფილი კოლეგები, რომ მაშინ სამსახურში სულ გაბრაზებული და აღშფოთებული დავდიოდი და არ ვერიდებოდი ხმამაღლა იმაზე საუბარს, თუ რას დაემსგავსა „მოამბე“. ეს ერთ დღეს საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ია ანთაძეს და ყველას, ვინც უფროსების ოთახში იყო, პირდაპირ ვუთხარი, „მოამბეს“ უყურებთ-მეთქი?! მათი პასუხი იყო: „რა სიუჟეტებზე ამბობ, აბა, ლინკები ჩაგვიგდეო“. ეს ფრაზაც არ მავიწყდება. წარმოუდგენელი იყო იმ გარემოში მუშაობა. დღესაც ბევრია, ვინც ჯერ ისევ არ ლაპარაკობს და პირიქით, ვნახეთ, რაც მოხდა შსს-ს გაურკვეველი დანაყოფის მიერ ნაცემი და სიკვდილს გადარჩენილი გურამ როგავას „პირველ არხზე“ ჩართვის შემდეგ. მხოლოდ ერთი ადამიანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გარდა „მოამბის“ მთელი გუნდი ირწმუნებოდა, მათ შორის იგივე ლიკა ხურციძე, რომ ეს ტელევიზია თურმე ობიექტურია, რომ არანაირი ჩარევა არ არსებობს და მათ ტექსტებს არავინ უსწორებს. ამ ადამიანებს, რომლებსაც კოლეგებსაც ვეღარ დავუძახებ, არ სჭირდებათ კარნახი. მათი თვითცენზურის დამსახურებაა ისიც, რომ დღეს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ხალხის ხმა მხოლოდ იმ შემთხვევაში ისმის, თუ ისინი აქციით და პროტესტით მოითხოვენ და დაიკავებენ სტუდიას. 

აქედან მინდა გავამხნევო „პირველი არხის“ ის ღირსეული თანამშრომლები, რომლებმაც უკვე გადადგეს ნაბიჯი და ცდილობენ, გვერდში დაუდგნენ რეჟიმის პატიმრებს, მათ შორის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, იმ ხალხს, ვისთანაც მთელი ერი ვალში  ვართ, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ. 

სამწუხაროდ, კონფორმისტები „პირველ არხზე“ ისევ უმრავლესობაში არიან. ახლახანს ვკითხულობდი ტიმოთი სნაიდერის წიგნს - „ტირანია: მე-20 საუკუნის ოცი გაკვეთილი“. პირველივე თავში ის სწორედ თვითცენზურაზე წერს: 

„ავტორიტარულ რეჟიმს ძალაუფლებას ძირითადად ლანგრით მიართმევენ ის ინდივიდები, რომლებიც წინასწარ ფიქრობენ, რა შეიძლება სურდეს რეპრესიულ მთავრობას - ისე რომ მათგან ამას არავინ ითხოვს - სთავაზობენ საკუთარ თავს. ეს ადამიანები რეჟიმს ასწავლიან, თუ რა შეუძლია მას და როგორ უნდა გააძლიეროს კონტროლი“. 

ვფიქრობ, ეს სიტყვები ზუსტად ერგება ქართულ რეალობაში მყოფ რეჟიმის მსახურებს. ია ანთაძის, ლიკა ხურციძის, გიორგი გვიმრაძისნაირმა ადამიანებმა ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლება თავად მიართვეს, რასაც, ალბათ, თვითონაც ვერ წარმოიდგენდა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა.

როგორი ირონიაა, რომ ამერიკელი ისტორიკოსი, თითქმის ყველა თავში, ტირანიაზე საუბრისას ძირითადად ფაშისტურ და საბჭოთა მაგალითებს იშველიებს და ამერიკელებს დიქტატურის არსსა და მისი აცილების გზებს მათი მეშვეობით ასწავლის. საქართველოში კი, სადაც საბჭოთა ტირანიის შედეგები თითქმის ყველა ოჯახზე აისახა, რანაირად შეიძლება არაფერი გვესწავლა და ასეთ შეცდომებს ისევ ვუშვებდეთ?!

 
კატეგორია - ინტერვიუ


სამეურვეო საბჭომ 5 დეკემბრის სხდომაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2025 წლის ბიუჯეტებიდაამტკიცა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2025 წლის მთლიანი ბიუჯეტი, მისი პროექტის მიხედვით, 123 368 234 ლარი იქნება, საიდანაც 82 727 885 ლარი სახელმწიფო ასიგნებაა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მომავალი წლის ბიუჯეტს კი 18 579  900 ლარი შეადგენს, საიდანაც 17 079 900 ლარი სახელმწიფო ასიგნებაზე მოდის.

ტელეკომპანიის მენეჯმენტის ცნობით, დაგეგმილია 400 თანამშრომლისთვის სახელფასო ზრდა და 14 პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეურვის, ლაშა ტუღუშის თქმით, დამტკიცებული ბიუჯეტი შესაბამისობაში არ არის იმ პროგრამულ პრიორიტეტებთან, რომელიც საბჭომ 2022 წელს განსაზღვრა. 5 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ტუღუში, სხვა წევრებთან ერთად, ბიუჯეტთან დაკავშირებულ დამაზუსტებელ შეკითხვებზე პასუხებს ითხოვდა, თუმცა სხდომა ამ საკითხების განხილვის გარეშე დასრულდა. 

9 დეკემბერს სამეურვეო საბჭოს წევრებმა: ლაშა ტუღუშმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ და ზაზა აბაშიძემ საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს წერილობით მიმართეს და სხდომის მოწვევა და მასში მენეჯმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობა სთხოვეს. მეურვეები, მათი თქმით, მაღლაფერიძისგან პასუხს ამ დრომდე ელოდებიან. 

რა ხარვეზები აქვს 2025 წლისთვის დამტკიცებულ ბიუჯეტს? 

ლაშა ტუღუში: აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დაირღვა კანონი, დებულება, მთელი ნორმატიული სისტემა, რომელიც არსებობს, აბსოლუტურად დაიმსხვრა. ის, რაც გააკეთა გენერალურმა დირექტორმა და მისმა ადმინისტრაციამ, ამაზე არ ვსაუბრობ. ვსაუბრობ იმაზე, რომ დამტკიცდა ბიუჯეტი, რომელიც ბუნდოვანია, არ არის გამჭვირვალე და მთავარი ფუნქცია, რაც აქვს სამეურვეო საბჭოს, არის ის, რომ მან დაამტკიცოს ბიუჯეტი, სწორედ, პროგრამული პრიორიტეტების მიხედვით. ანუ, მთავარი შინაარსობრივი ნაწილი, პროგრამები რაც არის, იმის შესაბამისი უნდა იყოს ბიუჯეტი და ის უნდა ასახავდეს, შინაარსობრივად რა არის მნიშვნელოვანი. 

ჩვენ ეს დაგვიმალეს. ამის თაობაზე გვქონდა 2-კვირიანი დისკუსიები, მაგრამ მიანც დამალეს. დამალეს რაღაცის გამო. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, მაგალითად რატომ დამალეს რუსეთის ოკუპაციაზე [ოკუპაციის საკითხის გაშუქებაზე] რა თანხას დახარჯავს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“… ეს რატომ შეიძლება დამალო. ან რატომ დამალეს მაგალითად, რამდენს დახარჯავენ ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაციაზე. 

ვალდებულები იყვნენ ეჩვენებინათ კონკრეტული გადაცემები, რა გადაცემა დაეთმობა, იქნება თუ არა დისკუსია, მივლინება და ა.შ. ძალიან ბევრი ასპექტია. ყველაფერი დამალეს, არაფერი გვითხრეს. დამალეს მაგილითად, პლურალიზმზე რას აპირებენ… რატომ არ გვეუბნებიან ამის თაობაზე? რატომ დამალეს მრავალფეროვნების საკითხები, როგორ იქნება გაშუქებული, მათ შორის უმცირესობების საკითხი. დამალეს, განათლებისა და კულტურის თემებში რას აპირებენ …თქვეს, რომ რაღაც ინფორმაციაზე ამდენს დავხარჯავთ, რაც აბსოლუტურად არასერიოზულია. ეს არ არის პროგრამული პრიორიტეტების მიხედვით ბიუჯეტის შექმნა, ამიტომ ჩვენ გავაპროტესტეთ და ვთქვით, რომ ამის შემდეგ, დირექტორი ნამდვილად არ შეესაბამება იმ პოზიციას, რომელიც მას უკავია.


რას გულისხმობს 2022 წელს დამტკიცებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტი


ლაშა ტუღუში: ჩვენ გვაქვს კონკრეტული დებულება, რომელიც დავამტკიცეთ, ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გამომდინარეობს კანონმდებლობიდან. ეს არის ერთიანი სისტემა და აი, ეს დაარღვიეს, იმიტომ რომ ამ დებულების მიხედვით, მას უნდა წარმოედგინა ბიჯეტი სწორედ პროგრამული პრიორიტეტების მიხედვით. მან ეს არ გააკეთა და მეტიც მან თქვა, რომ ეს არისო პროგრამული პრიორიტეტებიო. რომ არ ესმოდეთ, რა არის პროჰგრამული პრიორიტეტები, ნუ მაშინ რაღაცნაირად კიდე დავიჯერებდი, მაგრამ შეუძლებელია, არ ესმოდეთ, რა არის პროგრამული პრიორიტეტი იმიტომ, რომ პროგრამული პრიორიტეტები რა არის შავით-თეთრზე გაწერილია...ძალიან კონკრეტული ჩამონათვალი არსებობს, რა არის პროგრამული პრიორიტეტი, ეხლა მემგონი წერაც და კითხვაც იციან, თან ამ პროგრამული პრიორიტეტების დამტკიცება დასჭირდა დიდი დისკუსიები, დიდი ჭიდაობა. როგორც იქნა, მივიღეთ ეს და ეს იყო მათი მხრიდა, სხვათა შორის, მათ შორის დირექტორმაც თქვა, რა კარგიაო, რომ  დაამტკიცეთო პროგრამული პრიორიტეტებიო, მახსოვს მისი სიტყვები...ეხლაო ბევრად უფრო ადვილად გავაკეთებთ ამ ბიუჯეტსო. ძალიან გახარებული იყო...ეს ყველაფერი ავიწყდებათ. როცა უნდათ ახსოვთ, როცა უნდათ, არ ახსოვთ. როცა უნდა, კანონს კითხულობენ. როცა უნდა, კანონს არ კითხულობენ ან კითხულობენ ისე, როგორც თვითონ უნდათ.

სამეურვეო საბჭოს მთავარი ორი ძირითადი ამოცანაა, ერთი - ბიუჯეტი და მეორე პროგრამული პრიორიტეტები. ანუ ეს ორი იკვეთება, 2 მთავარი ფუნქცია იკვეთება, როდესაც შენ ბიუჯეტს ამტკიცებ და ბიუჯეტი უნდა, რა თქმა უნდა, დაამტკიცო პროგრამული პრიორიტეტების მიხედვით. ეს უფლება წაართვეს სამეურვეო საბჭოს...რატომ წაართეს, იმიტომ, რომ რაღაცას მალავენ...მალავენ როგორ, რას გააკეთებენ აი, ყველაზე მწვავე საკითხებთან დაკავშირებით, როგორ დახარჯავენ ფულს, რამდენს დახარჯავენ, რა გადაცემებს გააკეთებენ და ა.შ. ალბათ, აქვთ რაღაცა დასამალი. რაღაცა აქვთ ჩაფიქრებული, აი, ეს სიურპრიზები, რაც შარშან გაგვიკეთეს, დაამტკიცა ბორდმა ბიუჯეტი და მეორე თუ მესამე დღეს გაყარეს ხალხი და საუკეთესო გადაცემები რომ დახურეს...რაღაცას ეტყობა კიდე მსგავსს აპირებენ. მით უფრო როდესაც ვხედავთ ხო, რაღაც წინააღმდეგობებია შიგნით. ეს არის ამსოლუტურად მიუღებელი და  ძალიან კარგია, როდესაც საზოგადოება მობრუნდა „საზოგადოებრივი მაუწყებლი“ მიმართულებით, არის ეს მიტინგები და ამან რაღაცა გამოაცოცხლა მდგომარეობა, რაღაცა შანსი გააჩინა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას მადლობა მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ესე აპროტესტებს და ასეთი მკაფიო პოზიციები აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის, მათ შორის როგორც კრიტიკული, ასევე, მომავალთან დაკავშირებით. 

............................................................................................................
პროგრამული პრიორიტეტები, მაუწყებლის შინაარსობრივი პრიორიტეტები: 

3.1 გ) “საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები/პროცესები: ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობები, ქვეყნის განვითარებაზე დასავლეთთან ინტეგრაციის დადებითი გავლენა, ასოცირების ხელშეკრულებით მიღებული შესაძლებლობები, სხვა.;” 

3.2 “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს კვალიფიციური ინფორმაციის დროულად მიწოდება საზოგადოებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, მის მნიშვნელობასა და იმ ვალდებულებებზე, რაც ევროკავშირის კანდიდატობის მსურველ ქვეყანას ეკისრება.”
............................................................................................................


როგორ განისაზღვრა სახელფასო პოლიტიკა?

ლაშა ტუღუში: როდესაც გადაცემები დახურეს, გახსოვთ დიდი სკანდალი იყო, ცნობილი გადაცემა რომ დაიხურა. მაშინ თქვეს, პარლამენტმა მიიღო ცუდი კანონიო, ჩვენ ფული არ გვაქვს ბიუჯეტში და ამიტომ იძულებულები ვართ, დავხუროთ ეს გადაცემებიო. 

შემდეგ, ახლანდელ ბიუჯეტში უცბათ გაჩნდა მილიონნახევარი ლარი, რომელიც ხელფასების მატებისთვის არის განკუთვნილი, ჩვენ დავსვით შეკითხვა, კი, მაგრამ თქვე კარგო ადამიანებო, თუ ფული გქონდათ, რას უშვებდით ამ კარგ ხალხს. ის მაინც გეთქვათ, რომ ფული გვაქვს, მაგრამ ეს გათვლილია შემდეგ ხელფასების გასაზრდელად. ეს ერთი ძალიან ცუდი მახასიათებელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობის.

მეორე შეკითხვა რაც დავსვით, გვითხარით, როგორია პოლიტიკა, მესმის, კარგად გამოიყურება, როდესაც ხელფასს ზრდი ჟურნალისტისთვის, რა თქმა უნდა, ამას ზოგადად, მივესალმებით, მაგრამ რა პრინციპით ზრდით, ვის უზრდი, ვის არ უზრდი, როგორ უზრდი, რა დამსახურებისთვის, როგორია წახალისების პოლიტიკა. სხვათა შორის, ჩვენ ეს საკითხი დავსვით, სახელფასო პოლიტიკაზე, როგორია მაგალითად, რეკრუტირების პოლიტიკა, როგორ იყვან თანამშრომლებს, რა არის ამის წინა პერიოდი, პრინციპულ ადამიანებს იყვან, მომავალ ჟურნალისტებს, რომლებსაც თავისი პოზიცია აქვთ, თუ გირჩევნიათ ბრჭყალებში „მოქნილი ახალგაზრდობა“ აიყვანო, რომელსაც რასაც დაავალებ, იმას გააკეთებს, თუ ეს არ არის, გვაჩვენეთ, როგორ არის. ანუ პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სულ ამაზე გვაქვს საუბარი. სულ ამას ამბობენ, ახლა შევიმუშავებთ, ახლა წარმოვადგენთ და ბოლოს, როცა იგივე საკითხი დავსვით, გვითხრეს, რომ უბრალოდ ვზრდით ხელფასებსო.

ეს რა პოლიტიკაა, ეს არ არის პოლიტიკა, პოლიტიკა სხვა რამეა, მათ ეს ძალიან კარგად იციან. ამიტომ არის ეს სერიოზული საკითხი და პრობლემა, როგორც ჩანს, ამ რაღაცა სიბნელეში, გაურკვევლობაში, ამ ბუნდოვანებაში რაღაც საკუთარი ინტერესების გატარება, პოლიტიკური ინტერესის გატარება უფრო ადვილია, ვიდრე იყოს გამჭვირვალე პროცესი, განჭვრეტადი პროცესი, რაც აუცილებელია სახელფასო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში. თუმცა, ჩვენ ეს არ ვიცით, როგორც უკვე ვამბობდი, ბევრჯერ დავსვით ეს საკითხი, სულ გვეუბნებიან, რომ ახლა წარმოგვიდგენენ, მაგრამ ჯერ თვალით ვერ ვნახეთ ეს დოკუმენტი.

28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.

30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის მოთხოვნით დაიწყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც. ტელეკომპანიასტან აქცია 19:00 საათზე დაგეგმილია დღესაც. 
 
 


კატეგორია - ინტერვიუ


28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შსს-ს ძალები სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლიან, პროტესტანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ. პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიან და ძალადობენ მედიის წარმომადგენლებზეც. 

საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც. მოქალაქეებმა ტელევიზიასთან შეკრება და ღია ეთერის დათმობის მოთხოვნა 30 ნოემბრიდან დაიწყეს. 

რა როლი აქვს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და რატომ იქცა პროტესტის გამართვის ადგილად კოსტავას 68 - წაიკითხეთ ინტერვიუ მედიაექსპერტებთან.

ზვიად ქორიძე - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დემოკრატიის დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა. ის არ არის მხოლოდ მედია-იდეა, რომელიც იცავს პროფესიულ სტანდარტებს, მიუკერძოებლობასა და ეთიკურ ნორმებს და ამ პრინციპების დაცვით საზოგადოებას აჩვევს, როგორი უნდა იყოს კარგი მედია. 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ეხმარება საზოგადოებას ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების დაცვაშიც. ამიტომ გვხვდება ჩვენ საჯარო მაუწყებლობის პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში. აშშ-ში საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს და მათი პროგრამები მოქალაქეებს სკოლის ასაკიდანვე ეხმარებიან თანასწორობის, სამართლიანობის, კერძო საკუთრების დაცვის, კონკურენციისა და სხვა მნიშვნელოვანი ღირებულებების გააზრებასა და შეთვისებაში. 

ნინო დანელია - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ საზოგადოებას ჰქონდეს დამოუკიდებელი, ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური თუ ბიზნეს-ჯგუფების გავლენისგან თავისუფალი, ერთი მოქალაქისა და მოქალაქეთა ჯგუფების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ინფორმაცია. მისი მიზანია მოქალაქეებს მიუკერძოებლად და დროულად მიაწოდოს სანდო ინფორმაცია. ინფორმირების გარდა, მისი მიზანია მოქალაქეების განათლება ანუ შემეცნებითი ტიპის ინფორმაციის მიწოდება  და რა თქმა უნდა, ხარისხიანი გასართობი პროგრამების შეთავაზება.

როგორც ნებისმიერი დამოუკიდებელი მედიის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია არის ძალაუფლების კონტროლი და საზოგადოების წინაშე მისი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა. თუმცა, კომერციული მედიისგან განსხვავებით, მისი ფუნქცია ასევე სოციალურ და კულტურულ ინკლუზიურობაზე დაფუძნებული მრავალფეროვნების ჩვენებაა. 

იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეასრულოს დაკისრებული მისია, იყოს საზოგადოების ყველა ჯგუფისა და არა მხოლოდ უმრავლესობის ხმა, მისი შემოსავალი არ უნდა იყოს დამოკიდებული დიდ რეიტინგზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველა ჯგუფმა უნდა იცოდეს, რომ რაღაც პერიოდულობით, მათი ხმა გაიჟღერებს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და ისინი შეძლებენ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე საუბარს. 

ასევე, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უნდა იყოს მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიისა და მსჯელობის პლატფორმა, სადაც აზრთა მრავალფეროვნება უნდა ისმოდეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ პროტესტი მოქალაქეებს არაერთხელ გამო გამოუხატავთ. კრიზისულ პერიოდში, როგორც წესი, საზოგადოება თანადგომასა თუ ღია ეთერს სწორედ მაუწყებლისგან ითხოვს. რამდენად ამართლებს „პირველი არხი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას? 

ნინო დანელია - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებლობა დაცულია კანონით და მას, განსხვავებით კერძო ტელევიზიებისგან, აქვს გარანტირებული დაფინანსება. ის დამოკიდებული არც პოლიტიკურ ნებაზე და არც კომერციულ ბაზარზე არ არის, მისი ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით დგება. სწორედ ამიტომ ამბობს ხალხი, რომ ის ჩვენი გადასახადებით ფინანსდება. სწორედ ამიტომ აქვს მას ყველაზე მეტი, განსაკუთრებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა საკუთარი აუდიტორიის წინაშე.

ზვიად ქორიძე - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ არის პირდაპირი გაგებით საზოგადოების ტელევიზია. კი, ამ ტელევიზიის საფუძველი არის ეროვნული დოვლათი, რომელსაც მთელი საზოგადოება ქმნის, მაგრამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არსებობის მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ იგი ყოველთვის უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო ინტერესს. არა მოქალაქეთა ცნობისმოყვარეობას მისდევდეს, არამედ უნდა აკეთებდეს აქცენტს ნებისმიერი მოვლენისა თუ პროცესის საზოგადოებრივ ინტერესზე. დღეს ქართული საზოგადოება იბრძვის არა კონკრეტული ვიწროპარტიული ინტერესის გამარჯვებისთვის, არამედ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეის, დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული პერსპექტივისთვის. ეს საკითხები ეგზისტენციური მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, მათ მიმართ საჯარო ინტერესი არის ძალიან მაღალი. როდესაც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ეს ინტერესი ვერ განსაზღვრა, საზოგადოებამ ლოგიკურად გამოხატა თავისი პროტესტი და სცადა, დაებრუნებინა ის, რაც მისია და მიეღო ის სიკეთე, რაც უნდა მიიღოს საზოგადოებამ მისგან.

როგორ აფასებთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ამჟამინდელ საქმიანობას? 

ნინო დანელია - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვერაფრით გამოვიდა სახელმწიფო ტელევიზიის ჩრდილიდან. ვერ გაიგო, რომ მისი ფუნქცია საზოგადოების სამსახურია და არა ხელისუფლების. საბჭოთა კავშირის პირობებში ის სახელმწიფო ტელევიზია იყო, გათავისუფლების შემდეგ კი, არხი ჯერ [ედუარდ] შევარდნაძის ხელისუფლებას ემსახურებოდა, შემდეგ - [მიხეილ] სააკაშვილის და ახლა [ბიძინა] ივანიშვილის ხელისუფლების ინტერესებს იცავს. ის არის ხელისუფლების პროპაგანდისტი და არა ხალხის ხმა, განსაკუთრებით იმ ხალხის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, რომ მათი ხმა ისმოდეს. ნაცვლად იმისა, რომ ასახოს ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვნება და სამოქალაქო მშვიდობას, სოლიდარობას, ერთობას შეუწყოს ხელი, სამწუხაროდ, ის მუდმივად ხელისუფლების იმ ნარატივს იმეორებს, რომელიც ხლეჩს საზოგადოებას, ავრცელებს არასწორ ინფორმაციას და ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან აქცია 19:00 საათზე დაგეგმილია დღესაც. 

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე, რომელიც ტელევიზიის მენეჯმენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, წერს: „იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთერთან დაკავშირებით გონივრულ წინადადებას წარმოგვიდგენს“. 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ თავიდან ყოველდღიურ საგანგებო ეთერს დათანხმდა, საზოგადოების მიერ შეთავაზებულ რესპოდენტებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პირდაპირ ეთერში უნდა ესაუბრათ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ფორმატით მათ ეთერი პარასკევის, 6 დეკემბრის მერე აღარ დაეთმობოდათ. ვახუშტი მენაბდის თქმით, ტელევიზიის სურვილი განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანების ეთერში ერთად დასმა იყო.

„გუშინ ჩვენ მენეჯმენტს ასეთი რამ ვუთხარით: თქვენ იცით რაა ჩვენი წუხილი, რატომ არ გვინდა შემოთავაზებულ ფორმატში მონაწილეობა (სადაც კამათის ფორმატში პირისპირ უნდა დამსხდარიყვნენ ადამიანები), არ გვინდა დაპირისპირების მიზეზი და პოლარიზაციის კიდევ ერთი რგოლი გავხდეთ, ამიტომ თუ თქვენ შეგიძლიათ ამის გათვალისწინება, შემოგვთავაზეთ შესაბამისი ფორმატი და ჩვენ განვიხილავთ მას.

ასე რომ ბურთი გუშინს მერე მათ მოედანზეა და ჩვენ, როგორც ჯგუფს, ასეთი შემოთავაზება ამ დრომდე არ მიგვიღია“, - დაწერა სოციალურ ქსელში 7 დეკემბერს მენაბდემ.

 
კატეგორია - ინტერვიუ


ნათია კაპანაძე ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მისი გუნდი 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების გაშუქების მხარდასაჭერად ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სამართლებრივ დახმარებას უწევს, მუშაობს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების დასაცავად და საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს საქართველოს პარლამენტში მედიის სამუშაო პირობების არაკონსტიტუციურობას. 

ნათიას საქმიანობა 2003 წლიდან „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ უკავშირდება. ის ხელმძღვანელობდა საიას „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრსაც“. 2011 წლიდან აკვირდება კომუნიკაციების კომისიას. 2016 - 2019 წლებში იყო საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი, როდესაც „ეუთოს“ შეფასებით, ის ერთადერთი მიუკერძოებელი ტელეარხი გახდა საქართველოში. ნათია კაპანაძე 2020 - 2022 წლებში იყო მედიის ადვოკატირების კოალიციის კოორდინატორი. ამჟამად კი კოალიციის წევრია. კითხულობს ლექციებსა და ტრენინგებს მედიასამართალში ჟურნალისტებისა და იურისტებისათვის. 

როდის ან რა იყო თქვენთვის პირველი სიგნალი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც დემოკრატიის პრობლემები ექნებოდა?

მე მგონი, ყველა ძალაუფლებასჩაბღაუჭებული ხელისუფლების აგონია ბოლო ჟამის დღეებში ჟურნალისტების მიმართ აგრესიაში ითარგმნება. 2012 წელს მთავარ სამიზნედ მედია იქცა. დღესაც იდენტურად იგრძნობა მედიის დევნის ჟინიც.

მახსოვს, საპარლამენტო არჩევნებმა ეს სიტუაცია განმუხტა. ახალმოსული ხელისუფლება არ ემალებოდა კამერებს, ჯერ კიდევ არ იტაცებდნენ მიკროფონებს. თუმცა, 2012 წელსვე, ხელისუფლების გადაბარების პროცესში, ბევრი სახიფათო სიგნალი გამოჩნდა. ყველაზე მარტივ მაგალითად სტინგის და კრის ბოტის კონცერტების დაფინანსების შესახებ კვლევას გავიხსენებ. „სტუდია მონიტორს“ ვეხმარებოდი საჯარო ინფორმაციის შეგროვებაში. ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას გვიმალავდა. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო პირადი მონაცემები და არ იყო საჯარო. ხელისუფლების ცვლილებისთანავე დამირეკა იმავე ადვოკატმა და აღმოჩნდა, რომ „მოულოდნელად“ ღია გახდა ის, რასაც არჩევნებამდე მალავდა. ამ ამბავს მოჰყვა ერთგვარი ტალღა სხვა მსგავს საქმეებზე. სხვისი შეგროვებული მონაცემებისთვის იმდენად ფართოდ გააღო ახალმა ხელისუფლებამ კარი, ვხვდებოდი, ეს სივრცე მაშინვე დაიხურებოდა, როგორც კი მათი საქმიანობის შესწავლასა და შეფასებას დავიწყებდით. ცხადად მახსოვს, ძალიან დამაფიქრა ადვოკატების ქცევის ცვლილებამ და მასთან დაკავშირებულმა ამბებმა. 

საფრთხეების გამოვლენის ამბავი აქ არ შეწყვეტილა, ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის 22 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „მე-9 არხი“ დაიხურებოდა და მისი ქონება გადაეცემოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ასეთი საჩუქრის ჩუქება ძალაუფლების სათავეში მყოფი მდიდარი პოლიტიკოსისგან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანში ამოიღებას ჰგავდა. ასე საკუთარი ქონებით და გავლენით ვიღაცას შეეძლო შეეცვალა საზოგადოებრივი მაუწყებელის შინაარსი. ძალიან, ძალიან საეჭვო და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის შემარყეველი ნაბიჯი იყო.  

ცოტა ხნის წინ, ახალი შენობის გახსნისას, ვასილ მაღლაფერიძის მიერ ისევ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილი მადლობით, ჩემთვის ეს ორი ამბავი გაერთიანდა. პოლიტიკური წარსულის მქონე მაღლაფერიძე 2012 წელში „მე-9 არხის“ დირექტორის მოადგილე იყო. 

პარალელურად ერთი ამბავიც განვითარდა - ასე თითქმის საჩუქრად გამზადებული „მე-9 არხი“ ვასილ მაღლაფერიძესთან და ჟურნალისტებთან ერთად კახა ბექაურმა დატოვა. მახსოვს, სამოქალაქო საზოგადოების წევრები ვღელავდით იქ მომუშავე ყველა ადამიანზე. საგანგებოდ ჩანიშნულ მხარდამჭერ შეხვედრაზე სწორედ ბექაურს დავუსვით კითხვები, რატომ იხურებოდა არხი, რა ბედი ეწეოდათ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ა.შ. მან ძალიან მშვიდად შეგვატყობინა მისი კარიერის მარეგულირებელ კომისიაში გაგრძელების შესაძლებლობაზე. მახსოვს ის შოკი და იმედგაცრუებაც. ჩემთვის ნათელი იყო მეორე სამიზნე - კომუნიკაციების კომისია. კომისიას წლების მანძილზე ვაკვირდებოდი, არასდროს იყო ხელისუფლებისგან თავისუფალი და 2012 წელს ყველას თვალწინ ერთი ხელიდან მეორეში გადაინაცვლა. ბექაური კი დღეს კომუნიკაციების კომისიის მესამედ არჩეული თავმჯდომარეა.

კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალი 2016 წლიდან, აჭარის ტელევიზიის არჩეული დირექტორი რომ ვიყავი, იმ პერიოდიდანაა. თავიდანვე მჭიდრო კომუნიკაცია მქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ძალიან ბევრი საერთო გეგმაც გვქონდა, სამომავლო თანამშრომლობის იდეები…მოულოდნელად 21 ნოემბერს გავიგე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობა დატოვა. უცნაური იყო. ადამიანს, რომელსაც წინა კვირას სრულიად განსხვავებული გეგმები ჰქონდა, ეს ყველაფერი გაურკვეველი მიზეზით შეეცვალა. უარი თქვა საჯარო პასუხისმგებლობაზე. თანაც ვიცოდი მისი დამოკიდებულებები. გიორგი ბარათაშვილს ადვოკატი ვიყავი, როდესაც იმპიჩმენტს უპირებდნენ. 2012-2016 წლებში ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილება დაეტყო არხს. შეიძლება ითქვას, ძალიან კარგად მუშაობდა, ვითარდებოდა. ბარათაშვილის უეცარი გადადგომა უკვე პირდაპირი ნიშანი იყო - საზოგადოებრივი მაუწყებლის საიმედოდ მისაკუთრების გეგმა არსებობდა. 


2016 წელს აჭარის ტელევიზიის დირექტორად აგირჩიეს. როგორ მოხდა ეს ან როგორ დაუშვეს?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსში მონაწილეობა, ალბათ, ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიმიღია. პროცესი შედგებოდა უამრავი ფრაგმენტისგან, ამბებისგან, რომელსაც ვერც დაადასტურებ და ვერც უარყოფ - იყო საუბარი ხმების გაყიდვაზეც, ერთი ხმის ნაცვლად ოთხი ახლობლის დანიშვნის შეთანხმებაზე, პოლიტიკურ დაპირებებზე, ნეპოტიზმზე, ისე როგორც ჩვენ პოლიტიკურ ყოფას შეეფერებოდა 2016 წელს… ეს და სხვა მსგავსი ამბავი რაღაცნაირი ბიძგი გახდა, მინდოდა, პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო.  

მახსოვს, არჩევნების დღეს სუსის თანამშრომელი იდგა აჭარის რადიოს შენობასთან და სიტუაციას პირადად აკონტროლებდა.პირველ ჯერზე ხმების არასაკმარისი რაოდენობა მივიღე. ნელ-ნელა იკვეთებოდა სხვა ქვეტექსტები, სხვა ამბების კონტურებიც. გასაუბრებები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, კონკურსი ჩაშლის პირას იყო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც სამოქალაქო სექტორისგან, ასევე ჟურნალისტებისგან. ამან გარკვეულწილად იმოქმედა გადაწყვეტილების მიმღებებზე და მათთან დაკავშირებულ ადამიანებზეც. იმ დროისათვის სამოქალაქო სექტორიდან გადასული ადამიანების ნიღბად და შირმად გამოყენება ხელისუფლებისთვის მომგებიანი პრაქტიკა იყო. ალბათ, 31 წლის უფლებადამცველის გამოცდილების იურისტი გოგო არ ჩანდა საგანგაშო ვერსია ხელისუფლებისთვის. წლების შემდეგ ვფიქრობ, ქალი რომ არ ვყოფილიყავი, ისე მონდომებით არ გამისწორდებოდნენ ჯოგის ინსტინქტებით. თუმცა, მეორე მხრივ, ვიცი, ქალი რომ არ ვყოფილიყავი, ემოციურად ვერ გაუძლებდი იმას, რაც ჩემთან მიმართებაში დაგეგმეს დასაშინებლად, დევნისთვის. ბოლოს, იმპიჩმენტიც სამაგალითოდ დასჯის სპექტაკლად დადგეს. 

მე ვიცოდი, რაც წერია “მაუწყებლობის შესახებ” კანონში აჭარის ტელევიზიის და რადიოს ფუნქციების შესახებ. „ოცნების“ მოსვლის შემდეგ შეიქმნა საკანონმდებლო ჩარჩო და ნორმების ნაწილი ჩემი აკრეფილიც კია. მაშინ ამ საკითხზე „მედიის ადვოკატირების კოალიციაში“ ვმუშაობდით. მაგრამ კანონების ცოდნასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ერთგულებამ გადამარჩინა. ახლაც ასე მჯერა, კრიტიკული საზოგადოებრივი მაუწყებელის პირობებში ცუდი ხელისუფლება ვერ გვეყოლება. 

ის რომ მომავალში ბევრი არეულობა იქნებოდა, ბევრი კოცონი დაინთებოდა ჩემ გარშემო, იქნებოდა შერყევის მცდელობები, ინტუიციურად ყოველთვის ვგრძნობდი და ველოდი. ყველა შემოტევა ბოლოს ერთი წინადადებით მთავრდებოდა - ყველაფერი გასაგებია, მესმის, მაგრამ კანონში სხვაგვარად წერია. იმპიჩმენტის დღესაც ამასვე ვამბობდი, უბრალოდ სხვა დავალება ჰქონდათ და ჩემს არგუმენტებსაც კი არ მოუსმინეს. 

რას უკავშირებთ თქვენს იმპიჩმენტს დღევანდელი გადმოსახედიდან? 

ძალიან ბევრი ფაქტორი იყო. სულ იგრძნობოდა, რომ ხელისუფლება ცდილობდა კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა მაუწყებელი. ეს ბევრად უხეშად იგრძნობოდა 2018 წლიდან, როცა აჭარის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავდა. 

მე, ალბათ, კანონი სარედაქციო თავისუფლებისთვის ბრძოლაში იმაზე კარგად ვიცოდი, ვიდრე მათ წარმოედგინათ. იმპიჩმენტს 2016-2019 წლებში მიუკერძოებლად გაშუქებულ არჩევნებს უფრო ვუკავშირებ. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაში ჩანდა, რომ აჭარის ტელევიზია ყველაზე ობიექტური და მიუკერძოებელი ტელეარხი იყო. „ეუთოს“ ოფიციალური დასკვნის შემდეგ, ვფიქრობ, როგორც უფლებადამცველი მედიაში ამაზე დიდს ვეღარაფერს გავაკეთებ. სარედაქციო დამოუკიდებლობის შექმნის ნაწილში ზედა ზღვარი ეს იყო. დღემდე შენახული მაქვს ოფიციალური წერილის კონვერტიც კი. ცხადია, ვხვდებოდი, ეს აღიარება იყო, მიღწევაც და დამოკლეს მახვილიც ჩემს თავზე. 2018 წელს ტოლერანტობის ქომაგის წოდებაც მომანიჭა სახალხო დამცველთან არსებულმა საბჭომ. ეს ფაქტიც იყო გამოწვევა. აჭარის რელიგიური მრავალფეროვნების მიუხედავად, მომისმენია, რომ მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის უნდა ემუშავა არხის დირექტორს.  

კიდევ ბევრი რამ იყო, რის გამოც უკვე მიზანში ვიყავი ამოღებული. დიდი გაღიზიანების მიზეზი იყო რუსული გავლენებისა და პროპაგანდის შემოუღწევლობაც აჭარის ტელევიზიაში. ჩემი იმპიჩმენტის დღეს პირველი განცხადება რუსულმა გაერთიანებამ, „უკვდავმა პოლკმა“ გაავრცელა. ამბობდნენ, ადამიანი, რომელიც ებრძოდა „უკვდავ პოლკს“ გათავისუფლებულია და ჩვენ გავიმარჯვეთო. გაუგებარია, რას ზეიმობდნენ. მე ბრძოლა არ შემიწყვეტია. მართალია, ქვეყნის შიგნით კლანის სასამართლოს პირობებში სამართლიანობა არ აღდგა, მაგრამ ჩემი საქმე ახლა სტრასბურგშია.  


რას საქმიანობს ამჟამად თქვენი ორგანიზაცია - „მედიაომბუდსმენი“?

არც კი მჯერა, რომ 21 წელია გამოხატვის თავისუფლების დასაცავად უფლებადამცველებთან ერთად ვმუშაობ. ახლა ვცდილობ, ჩემი მძიმე წარსული გამოცდილება მედიის სამართლებრივი დახმარების კარგ რესურსებად გადაქცევაში გამოვიყენო. როგორც ყოველთვის, ახლაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ვიცავ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარეშე დემოკრატია ვერ იცოცხლებს. ვცდილობ დავეხმარო მედიას, ადამიანებამდე მრავალფეროვანი ინფორმაციის მიტანა შეძლონ. 

ჯერ ძალიან პატარა გუნდი ვართ, მე, ილონა დიასამაძე და ჯანო ჭკადუა. ჩვენ ვახერხებთ, რომ საკმაოდ ბევრ გამოწვევას გავუმკლავდეთ. სულ ახლახანს სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩვენი საქმეები, სადაც ე.წ. რუსული კანონის საქმეზე მორალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ. ასევე, ვმუშაობთ 2023 და 2024 წელს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების საქმეებზე. აგრეთვე ვაკვირდებით კომუნიკაციების კომისიის მუშაობას. 

ჩვენი მთავარი საქმე ახლა არჩევნებია. გვაქვს წინასაარჩევნო ცხელი ხაზი, ჩავატარეთ ტრენინგები ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის, გავავრცელეთ დეტალური გაიდლაინი რომ ნებისმიერი გამოცდილების მედიის წარმომადგენელს ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია გადაღების რეგულაციებზე. არჩევნების დღეს ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592

ზუსტად ვიცი, ამ არჩევნებით განახლდება ხელისუფლების სამი შტო და მედიაც დაიბრუნებს თავის საპატიო ადგილს ხელისუფლების დანაწილების დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად - იქნება გავლენიანი მაკონტროლებელი მეოთხე ხელისუფლება. მე პირადად ამისთვის გავაგრძელებ მუშაობას. 

 
კატეგორია - ინტერვიუ

 

როგორ მუშაობენ რეგიონული ტელევიზიები საქართველოში და რა გამოწვევებია მათ წინაშე - „მედიაჩეკერი“ „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორს, ნათია კუპრაშვილს ესაუბრა. 

„საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ ტელე და რადიო კომპანიების მიერ არის დაფუძნებული და მიზნად ისახავს რეგიონული მედიის განვითარების გზით, რეგიონში მცხოვრები აუდიტორიისთვის ხარისხიანი და შინაარსიანი აუდიო-ვიზუალური პროდუქტის მიწოდებასა და მოსახლეობის ინფორმირებას. ალიანსი 30-ზე მეტ ტელე-რადიო მაუწყებელს აერთიანებს. 


რა ფინანსური რესურსით არსებობს დღეს რეგიონული მედია? 

ფინანსების წყარო, ზოგადად, მედიისთვის არის სარეკლამო შემოსავალი, მასში ითვლება კერძო და სახელმწიფო დაკვეთიდან შემოსული თანხები და მეორე, ეს არის დონორთა მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში დონორად შესაძლებელია ადგილობრივი მოსახლეც კი იგულისხმებოდეს.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართული პოლიტიკა აწარმოა, რეგიონული მედიებიდან ადგილობრივი შემოსავალი რომ გაექრო. პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებით შეამცირა სარეკლამო ინვენტარი,  დრო და ასევე, კატეგორიები. მედიებს აეკრძალათ გარკვეული ტიპის რეკლამების გაკეთება, შეუმცირდათ რეკლამის გასაყიდი დრო და ბოლოს, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიეცა რეკლამის გაყიდვის უფლება. პირველ რიგში, სწორედ ამ უკანასკნელმა იქონია გავლენა, რადგან ამხელა დაფინანსების არხთან კონკურენცია რთული გახდა.  წარმოიდგინეთ, სად „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ რომ შექმნის კონტენტს თავისი რესურსებით და სად ეს პატარა მედიები. კონკურენციის კუთხით, ძალიან პრობლემური თემაა და ვფიქრობ, ეს სრულიად მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო. ასევე, შექმნეს ისეთი სისტემა, რომ რეგიონული მედიების რეიტინგი ციფრებში არ არსებობდეს, ესეც სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. „ქართული ოცნების“ მიერ ისიც წინასწარ განსაზღვრულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებულ ყველა კონსოლიდირებულ ტენდერში  რეგიონული მედიების მონაწილეობა აკრძალულია. ამის საფუძველზე რეგიონული ტელევიზიების დაფინანსება მინიმუმამდე დავიდა, რუსულმა კანონმა კი ეს დაფინანსება საბოლოოდ გააქრო. ამ კანონის შემდეგ უკვე ის მცირე აქტორებიც დაშინდნენ, რომელთა ფული ამ ტელევიზიებს ნაწილობრივ აცოცხლებდა. ცხადია, არავის უნდა, რომ იმ ე.წ. უცხო ძალასთან ერთად მოიაზრებოდეს ამ თუ იმ მედიის დამფინანსებლად. აქედან გამომდინარე, ეს ადგილობრივი ფული რეგიონულ მედიებში, ფაქტიურად, სულ ბოლომდე გაქრა. 


მაშინ რა არის თუნდაც ის მინიმალური შემოსავალი, რის ხარჯზეც ეს მედიები არსებობენ?

ერთადერთი ვინც დარჩა ერთგულ გადამხდელად, ეს არის ადგილობრივი მოსახლეობა. ეს არის განცხადებები. მათი წილი არ შემცირებულა. არსებობს სტერეოტიპი, რომ ეს განცხადებები მხოლოდ გარდაცვალების შესახებ ინფორმაციაა, ასე არ არის. საერთოდ ნეკროლოგი ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჟანრია, დასავლურ მედიაშიც ხშირად შეგხვდებათ და ძალიან საინტერესოა. გარდაცვლილებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მხარს უჭერდნენ და აფინანსებდნენ რეგიონში მედიებს და რაც მთავარია, სანაცვლოდ არაფერს ითხოვდნენ. მუდმივი მოგონება ძალიან კარგი ამბავია ყველასათვის და მათ შორის ადგილობრივი მედიისთვის. ეს მნიშვნელოვანი შემოსავალი იყო და ჯერჯერობით ისევ რჩება. არსებობენ კიდევ ადგილობრივი მოქალაქეები, ვისაც სურს, რომ რაღაც მოჰყვეს, გაუზიაროს თავის თანასოფლელებს ან მეზობლებს, რა ხდება მის თავს კარგი თუ ცუდი. ამის ტრადიციაც რჩება და ესეც მუდმივი შემოსავლია რეგიონული მედიისთვის. 

დონორების მხარდაჭერა არ აქვს რეგიონულ მედიას?

„ქართული ოცნების“ პირობებში დონორთა მხარდაჭერა გაქრა. ჩვენს წევრებს შორის 22 რეგიონული ტელევიზიაა და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას, 18-19 მედიას დონორთა მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ 2013 წლიდან მოყოლებული ნელ-ნელა დაცოტავდა და ბოლოსკენ მათი ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ სამ არხს ჰქონდა. 

რა იყო ამის მიზეზი?

ამ დონორებს გარე ძალა კი დაარქვეს, მაგრამ სინამდვილეში არც ერთი მათგანი არ ახორციელებს დამოუკიდებლად რაიმე ტიპის ინტერვენციას. ყოველთვის იყო და დღემდე არის პრაქტიკა, რომ ის ყველა პარტნიორს ეკითხება და იღებს რეკომენდაციას ვისი მხარდაჭერა ღირს, ქვეყანას რა სჭირდება, რომელი სფეროს განვითარებისთვის და ხელისუფლებაც ყოველთვის უზიარებს თავის რეკომენდაციებს. როგორც ჩანს რეგიონულ მედიაზე ეს რეკომენდაციები არ მიდიოდა. ჩემთვის ერთ-ერთი პირველი სიგნალი, რამდენიმე წლის წინ, „ლაივ პრესის“ დახურვა იყო. სამწუხაროდ, ეს ჩვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მიმხვდარიყავით, რა ხდებოდა ჩვენს თავს და დღევანდელ დღემდე ასეთი დასუსტებულები არ მოვსულიყავით. ახლა მხოლოდ ტელევიზიებზე არ ვსაუბრობ, ონლაინ მედიებშიც იგივე მდგომარეობაა. რაც ამ პოლიტიკის შედეგად ყველაზე მეტად შემცირდა, იყო ადგილობრივი ამბის წარმოება. ოლიგარქიზაციას რა კვებავს ყველაზე მეტად? ის რომ ვერ მოვახერხეთ (მედიის) დეცენტრალიზაცია. მთელი ჩვენი პრობლემა ცენტრალიზებული სისტემაა, სადაც რეალურად არ ისმის ხალხის ხმა, მათი რეალური პრობლემები. მედიამ ეს პრობლემები კიდევ უფრო მეტად გააღრმავა. დამოუკიდებელი მედია არის ყველაზე საშიში აქტორი ნებისმიერი ავტორიტარისთვის და ამიტომაც იყო, რომ სისტემამ ნელ-ნელა რეგიონში ეს ხმები გააქრო. რუსული კანონი უკვე საკონტროლო გასროლა იყო, რომელიც ასეთი მედიებისთვის დაიწერა. უნდა ვიფიქროთ და დავსვათ კითხვა, საიდან გაჩნდა კონკრეტულად 20-პროცენტიანი წილი მედიის ნაწილში? იმიტომ რომ ნაციონალურ მედიებში შეიძლება იყოს უცხოური ინტერვენცია, როგორც დასავლური, ისე ჩრდილოეთის მხრიდან, მაგრამ ბრუნვა იმდენად დიდია, რომ 20 პროცენტამდე რთულად ადის. იმხელა ფულზე არ არის საუბარი, რომ საერთო ბიუჯეტის 20%-მდე ავიდეს, ამიტომაც არის, რომ პირდაპირ მცირე და დამოუკიდებელ აქტორებს დაუმიზნეს.

ეს კანონი არ არის მხოლოდ ფინანსურ შემოსავალზე, როგორც ვთქვით, რეგიონულ მედიებს დღეს დონორები არ ჰყავთ, მაგრამ მაინც ეხებათ. ამ კანონის ქვეშ ნებისმიერი დაუსაბუთებელი შემოსავალი ხვდება. ასევე, ფული რომ საერთოდ არ აიღო და კონტენტი გქონდეს დასავლური, ესეც უცხოური ძალის ინტერესების გატარებათ ითვლება. მინდა გითხრათ, რომ რეგიონულ მედიაში, საბედნიეროდ, კონტენტი ძირითადად არის ამერიკული და ევროპული წარმოების. ესენია: შემეცნებითი გადაცემები, საგანმანათლებლო პროგრამები, დოკუმენტური ფილმები… რეგიონული მედიების ძირითადი მაყურებელი რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდობა აღმოჩნდა და მათ, სწორედ ეს ნაწილი აინტერესებთ, რაც შემეცნებას, განათლებას მოიცავს.  


კონკრეტულად რა იგულისხმეთ ჩრდილოეთის მხრიდან ინტერვენციაში?

როგორც კი გართულდა დასავლეთის ფული, გაიოლდა ჩრდილოეთის. პირველად ეს 2015 წელს ვიგრძენით, როდესაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მიმდინარეობდა, ტელევიზიების ტექნიკის გამოცვლა ხდებოდა, ამ დროს საიდანღაც გაჩნდნენ რუსული ბიზნესები, რომელნიც ყველას სთავაზობდნენ, ახალი გადამცემებისა და აპარატურის ყიდვას. ასევე, ამ მიგრაციის ტალღის დროს გაჩნდა ბევრი რეკლამის დამკვეთი, რომელსაც გეტყვით, რომ რეგიონული ტელევიზიების უმრავლესობამ უთხრა უარი, სხვათაშორის ცენტრალური ტელევიზიებისგან განსხვავებით. ეს მედიები არასდროს მოკიდებენ ხელს ისეთ ფულს, რომელმაც შესაძლოა, რეალური გავლენა შინაარსზე იქონიოს, ეს მათ წლების განმავლობაში დაამტკიცეს.

ტყუილია, რომ მედიას აღარ ენდობიან. მათ ურეკავენ, სთხოვენ მისვლას და დახმარებას, მაგრამ აღარ აქვთ ამის საშუალება, მათ შეიძლება ბენზინიც კი არ ჰქონდეს. თავისი მიზანმიმართული პოლიტიკით ხელისუფლებამ მათ ეს საშუალებები გაუქრო. ბოლოს უკვე ისიც გაუკეთა, რომ თავისი ფუნქციიდან გამოიყვანა და ბარიკადებთანაც დააყენა. წარმოიდგინეთ, კომუნისტების დროს რომ ტელევიზიას შექმნი მიწისქვეშეთში, იმ დროიდან მოყოლებული დამოუკიდებლობისთვის იბრძვი, დღეს ისევ ქუჩაში გაყენებენ. ეს ადამიანები ჟურნალისტიკას თავს არასდროს დაანებებენ, ეს უკვე მათი ოჯახური ტრადიციაა. სწორედ ეს ტრადიცია და ბრაზის გრძნობაა, რაც მათ აძლიერებს. ამიტომ დღეს ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მაუწყებლობა არ შეაჩერონ. 


ადგილობრივი თვითმმართველობიდან არ აქვს დაფინანსება რეგიონულ მედიას? 

ჩვენთან შემავალი ტელევიზიებიდან 6-7 არხი იყო, რომელსაც მუდმივად ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება. მაგრამ ეს ფული მათი არსებობისთვის გადამწყვეტი არასდროს იყო. ჩვენ მაინც სულ ვსაუბრობდით, რომ შესაძლებელია, ეს ყოფილიყო გავლენის მომტანი და სიფრთხილე იყო საჭირო. რეალურად ეგრე ფუნქციონირებს დასავლური რეგიონული მედია. პრინციპში, ვიდრე პირველი რუსიფიკაცია მოხდებოდა, ჩვენც ეგეთი მოდელებით ვარსებობდით. მაგალითად, იმერეთში მეაბრეშუმეებმა გააკეთეს პირველი გამომცემლობები, რომელსაც თვითონვე აფინანსებდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობა კრებდა ფულს და გაზეთს გამოსცემდა. 

დღევანდელ დღეს რომ დავუბრუნდეთ, არის რამდენიმე ტელევიზია დარჩენილი, რომელსაც აქვს თვითმმართველობის ფული, მაგრამ იქ სახელისუფლო გავლენა ძალიან მაღალია. აქამდე ამ მუნიციპალურ ფულს აბალანსებდა სხვა შემოსავლებიც, ბიზნესის, დონორის და ა.შ. 


შექმნილი მდგომარეობის გამო დაიხურა რომელიმე ტელევიზია? 

ეთერი არავის გაუჩერებია, მაგრამ დაახლოებით 10 ტელევიზია ვეღარ ამზადებს საინფორმაციო გამოშვებას, ანუ ადგილობრივი ამბავი აღარ იქმნება. აი, გუშინ ჩვენ გავაკეთეთ ასეთი ამბები, ბათუმში ჩამოვარდა ლიფტი და კაცი გარდაიცვალა, ქუთაისში წყლის ავზი გადმოვარდა, ქალს დაეცა და სერიოზულად დააზიანა, სვანეთში, მაგალითად, ხანძარი იყო და ბევრი სახლი და კაფე დაიწვა, რადგან სახანძრო, დროულად ვერ მივიდა. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი პრობლემები  რეგიონებში უამრავია და ამ რამდენიმე დღის წინ კასპის მერი გამოვიდა და მოსახლეობას ესაუბრებოდა, რომ კასპში ერთნაირ სქესიანთა ქორწინება არ იქნებაო.

უამრავი პრობლემაა რეგიონებში და ეს არსად ჩანს. ახლა ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემა ე.წ. ინვესტორთა საკითხია, მთავრობასთან დაახლოებულ ინვესტორსა და მოსახლეობას შორის არსებული კონფლიქტები. ეს კონფლიქტი ყველა რეგიონშია და ადგილობრივმა მოსახლეობამ არც ერთი პოლიტიკური ძალის პოზიცია არ იცის. მაგალითად, პრემიერ მინისტრის პოზიცია ვიცით, რომელმაც გვითხრა, რომ ეს არ არის ჩვენი საქმე და არ ვერევით ბიზნესისა და ადგილობრივი მოსახლეობის კონფლიქტშიო. არ ერევა "ჯორჯიან მანგანეზის" საქმეში, შუქრუთელები აქ ჩამოვიდნენ, რამდენი ხანია აპროტესტებენ და მათ არავინ არ იმჩნევს. ასეა ყველგან, ყველა რეგიონში.   


როგორ ეხმარება თქვენი ორგანიზაცია რეგიონულ მედიას? 

ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ რეგიონულ ტელევიზიებს დღეს საკუთარი საინფორმაციო ნაწილის კეთება უჭირთ. ამიტომ მუდმივად ვთხოვ  ყველას, მხარი დაუჭირონ ამ მედიებს, რომ მათ ინტენსიური საინფორმაციო სიუჟეტების მზადება დაიწყონ. თუმცა, მანამდე ვცდილობთ და ვახერხებთ, ერთი მხრივ, რეგიონში არსებული საკითხები დღის წესრიგში აქეთ შემოვიტანოთ, კითხვები დავსვათ, ხალხი ვალაპარაკოთ. ერთი სიტყვით, ვცდილობთ მაყურებელს ვაჩვენოთ, რა ხდება რეგიონებში. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური გარემო ძალიან პოლარიზებულია და ყველაფერი მხოლოდ პარტიულ ჭრილში განიხილება, მედიაში ძალიან ბევრი და პრობლემატური თემა გამოტოვებულია. ჩვენ ვცდილობთ, რომ პირველ რიგში სწორედ ასეთი თემები შემოვიტანოთ. ამიტომ გვაქვს ყოველდღიური პირდაპირი ეთერი, პროგრამა, რომელსაც ჰქვია „ამასობაში“. სახელწოდება შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ აქ ის იდეა დევს, რომ მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება ერთი მიმართულებით არის, ამასობაში რა ხდება. მე და ნინა ხელაძეს მიგვყავს ეს გადაცემა, რომელიც 20 რეგიონულ ტელევიზიაში და ასევე, ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში ვრცელდება. ყველა რეგიონს ვაძლევთ ამ კონტენტს და ისინიც სრულიად უსასყიდლოდ უშვებენ ეთერში. ჩვენ ამ გადაცემას, ფაქტიურად, მათთან ერთად ვამზადებთ. ისინი გვამარაგებენ ჩვენ თემებით, გვეუბნებიან რაზე გავამახვილოთ ყურადღება, სად რა მოხდა და .ა.შ. როდესაც ამ ფორმატის გადაცემას ვიწყებდით, ჩვენი იდეა იყო, ბლოკებად ყოფილიყო დაყოფილი, ვთქვათ, დაიწყებოდა გურიის ბლოკით, შემდეგ იმერეთის ბლოკი, ასე გაგრძელდებოდა და ბოლოს შემოვიდოდა თბილისის ბლოკი ჩვენთან ერთად. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონული ტელევიზიები თავიანთ მედიაპროდუქტს ვერ ქმნიან, დავრჩით მხოლოდ ჩვენ და ვცდილობთ, რეგიონებში არსებულ პრობლემებზე ვილაპარაკოთ. 

 
 
კატეგორია - ინტერვიუ


გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელი და რედაქტორი. არის არაერთი გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიების ავტორი. მისმა საგამოძიებო ფილმმა - დანაშაული შოვში“ მიიღო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ჯილდო წლის საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის, საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის მთივლიშვილს გადაეცა „ევროპის ფონდის“ ჯილდოც ფილმისთვის - რაჭის ტყეების ოკუპაცია“.

საგამომძიებლო საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო ჩართულობისთვის წლების განმავლობაში მთივლიშვილი არაერთხელ გახდა ხელისუფლების მხრიდან ძალადობის სამიზნე. 



განათლებით იურისტი ხართ, როდის და როგორ აღმოჩნდით ჟურნალისტიკაში? 

2005 წლიდან ვმუშაობდი „ადამიანის უფლებათა ცენტრში“, რომლის ხელმძღვანელი ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი იყო. როგორც რეგიონული კოორდინატორი, ძირითადად უფლებადაცვით საქმიანობაში ვიყავი ჩართული. ვამზადებდი მასალებს, მათ შორის ვიდეო მასალებს, ვწერდი სტატიებს, მევალებოდა დარღვევების გამოკვეთა, იდენტიფიცირება, ადამიანებთან შეხვედრა და ა.შ. 

ამის შემდეგ ვიყავი სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი. 2012 წელს როდესაც ის ცნობილი ვიდეომასალა გავრცელდა, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა დაეფუძნა, მაშინ შეიქმნა ეს მონიტორინგის ჯგუფი, რომლის წევრებსაც უფლება გვქონდა შევსულიყავით სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში და შესაბამისად, პატიმრების უფლებების მონიტორინგს ვატარებდით. დაახლოებით 2 წელი ვიყავი ამ ჯგუფში. ის პერიოდი ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ამავდროულად, ძალიან საინტერესო და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ძალიან ბევრის მომცემი. ამ წლებში, ცხადია, ჟურნალისტური საქმიანობითაც ვიყავი დაკავებული.

 

დამოუკიდებელ ჟურნალისტად მუშაობა როდის დაიწყე?

2010 წელს გავაკეთე „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“. ეს იყო ერთ-ერთი პირველი რეგიონული ონლაინ მედია საქართველოში. ამ პროექტმა იმდენად კარგად იმუშავა, რომ იმავე პერიოდში, ძალიან მალე, ასეთი ტიპის მედიები სხვა ბევრ რეგიონში შეიქმნა: სამეგრელოში, შიდა ქართლში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში. „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ძალიან კარგი მოდელი იყო და საკმაოდ ეფექტურად იმუშავა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მაგალითად, ლაფანყურის საქმე, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია. ყველა ამბობდა, რომ დივერსანტები შემოვიდნენ დაღესტანიდან და აპირებდნენ დივერსიული აქტების მოწყობას. ეს გადამწყვეტი მომენტი იყო კახეთის რეგიონული ორგანიზაციისთვის, ჩვენ მაშინ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ხალხისთვის სიმართლე გვეთქვა. გვეთქვა, რომ ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ყველაფერი სხვაგვარად იყო. მოვამზადეთ არაერთი სიუჟეტი, სადაც მოვყევით, სინამდვილეში რა ხდებოდა, როგორ შეიქმნა ეს ჯგუფი საქართველოში, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ იყო მომზადებაში ჩართული, რა მოხდა და რატომ წავიდა ეს ხალხი ლოპოტას გავლით, რას აპირებდა, ვინ იყვნენ ლიკვიდირებული ადამიანები, რა კავშირი ჰქონდა ამას პანკისის ხეობასთან და ა.შ. 

ამ მასალებზე მუშაობის დროს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდეს. მაშინდელი უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული კონტროლის და ზეწოლის ქვეშ ვიყავით, მაგრამ ამ ყველაფერს გავუძელით და ჩვენს პროფესიულ მოვალეობას მაინც ვასრულებდით. 

2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი იყო და მახსოვს, როგორ აქტიურად იყენებდა ამ ლაფანყურის ამბავს დღევანდელი მმართველი პარტია, ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე კახეთში დადიოდნენ და ამ საქმის გამოძიებასა და შესაძლო დამნაშავე პირთა დასჯას ჰპირდებოდნენ. 12 წელია ხელისუფლებაში არიან და ეს საქმე ჯერაც არავის გამოუძიებია და არავინ დასჯილა. ამ საქმეს სულ მივყვებოდი, ბევრი ინფორმაციით აღვიჭურვე და გეტყვით, რომ ყველა ცოცხალი მოწმე, რომელიც იმ ოპერაციის დროს გადარჩა, მათგან ფაქტობრივად ცოცხალი აღარავინ არის. ზოგი მათგანი დაიღუპა, ზოგი კი, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოკლეს. ერთ-ერთი მათგანი ზელიმხან ხანგოშვილი იყო, რომელიც გერმანიაში რუსეთის მიერ გაგზავნილმა სპეცსამსახურის თანამშრომელმა მოკლა. ეს უმნიშვნელოვანესი საქმე გამოუძიებელი დარჩა. 


2012 წლამდე რა სახის ზეწოლას განიცდიდით ხელისუფლებისგან? მახსოვს, რომ დაკავებულიც იყავით. 

დაკავებული ვიყავი, მაგრამ არაოფიციალურად, რადგან დაკავების ოქმი არ შეადგინეს. მაშინ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ 3 რეგიონში ოპერირებდა, ძირითადად ეს იყო კახეთი, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ საქართველოს ვფარავდით. 2012 წლის შემოდგომა იყო, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მთიანეთში სერიოზული წნეხის ქვეშ იყვნენ. პრინციპში, ყველგან ასე იყო. ისევე, როგორც დღეს არის, ამ კუთხით, არაფერი იცვლება. ადამიანებს იბარებდნენ პოლიციაში, ავიწროვებდნენ, მათზე ზეწოლას ახდენდნენ, სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ და ა.შ. ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ორგანო იყო ჩართული. მახსოვს, ერთ დილას დამირეკეს და მითხრეს, რომ მთელი ეს ჯგუფები პოლიციაში ისევ დაიბარეს. მაშინვე ჩავედი. თიანეთის პოლიციის შენობასთან დაახლოებით 50-60 მეტრის დაშორებით დავდექი ჩემი კამერით და გარედან ვიღებდი. ის პოლიციის შენობაც შუშის იყო, ამიტომ კარგად ჩანდა, ვინ შედიოდა და გამოდიოდა. უცებ გამოვარდა იქიდან პოლიციელი, ჩემი კამერიანად გამიტაცა და შიგნით შემათრია. წამართვეს კამერა, წამიშალეს მთელი გადაღებული მასალა, ვიდეო მტკიცებულებები და დაახლოებით ორი საათი ვიყავი პოლიციის შენობაში დაკავებული. მერე, როდესაც ეს ამბავი გახმაურდა და თბილისიდან ჩვენი კოლეგა ჟურნალისტები და სხვადასხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ემზადებოდნენ ჩამოსასვლელად, ეს რომ გაიგეს, გარეთ გამომაგდეს და როგორც გითხარით, დაკავება არ გააფორმეს. 

„ქართული ოცნების“ დღევანდელი მაღალი თანამდებობის პირები მაშინ ამბობდნენ, რომ უკანონოდ დააკავეს ჟურნალისტი, რომელიც ჩვენს აქტივისტებზე ზეწოლას აშუქებდაო. 12 წლის თავზე, 29 იანვარს უკვე თავად დამაკავეს სრულიად უმიზეზოდ.  

იანვრის ბოლო რიცხვები იყო, ოფისიდან ვადევნებდი თვალს კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების პროცესს. როდესაც ვნახე, რომ ჟურნალისტი გადმოაგდეს მანქანის სახურავიდან და კინაღამ მოკლეს, მაშინვე ავიღე კამერა, ავდექი და წავედი გადასაღებად. ავედი თუ არა კეკელიძეზე, დავინახე, ერთი დაკავებული მიჰყავდა პოლიციას, კამერის ჩართვაც ვერ მოვასწარი, ამოვიღე ტელეფონი და დავიწყე გადაღება. საკმაოდ უხეში ფორმით მიჰყავდათ დაკავებული, ამიტომ უკან გავყევი, 4-5 მეტრის დისტანცია მეჭირა და არც კომუნიკაციაში შევსულვარ მათთან, უბრალოდ ვიღებდი. როდესაც ეს დაკავებული უკვე მანქანაში ჩასვეს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვინმე თათარაშვილი მობრუნდა, მტაცა ხელი და მანქანაში ჩამსვა. არაფრის გულისთვის დამაკავეს

მაშინ არც მითქვამს და არც მიფიქრია, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება შოვის ტრაგედიის გაშუქების გამო. დღევანდელი გადმოსახედიდან, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დამსაჯეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად მცნო სისხლის სამართლის საქმეში, ჩემი დაკავების მთლიანი ჩანაწერები აქვს ამოღებული საგამოძიებო სამსახურს, სადაც ჩანს, რომ სრულიად უკანონოდ ვარ დაკავებული. არა მხოლოდ თავისუფლება აღმიკვეთეს უკანონოდ, არამედ პროფესიულ საქმიანობაშიც შემიშალეს ხელი. გარდა ამისა, მანქანაში გავხდი პოლიციელებისგან სერიოზული ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ყელში ხელს საშინლად მიჭერდნენ. აგრესია, რაც მათ ჩემ მიმართ მანქანაში გამოიჩინეს, ვფიქრობ, იმაზე მიუთითებს, რომ ეს ანგარიშსწორებაც იყო. 

პოლიციის განყოფილებაში 6 საათი ვიყავი დაკავებული და შემდეგ ცნობილმა მოსამართლე სჩერბაკოვმა სრულიად უსაფუძვლოდ 2 000-ლარიანი ჯარიმაც შემიფარდა. ეს საქმე რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. საქართველოს ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ვედავებით. 


ამ კითხვას ყველა ჩვენს რესპოდენტს ვუსვამთ, ვისაც რამდენიმე ხელისუფლების პირობებში უმუშავია, რა განასხვავებს მათ დამოკიდებულებას მედიის მიმართ? 

2005 წლიდან, როდესაც უკვე ჟურნალისტური მასალების მომზადება დავიწყე, მახსოვს, კონტრაბანდული საწვავის საქმეს და ძირითადად ისეთ საკითხებს ვიკვლევდით, რაც მაღალი თანამდებობის პირებს უკავშირდებოდა. 2006-2007 წლებში სახლში ორჯერ შემომიგდეს ხელყუმბარა და მესამედ მესროლეს. 2006-ში ეზოში შემოგდებული ხელყუმბარით სახლის კარ-ფანჯარა სულ ჩაიმსხვრა და მთელი ეზო დაილეწა. 2007-ში უკვე სახლის სამზარეულოს ესროლეს, რომელშიც გაზის ბალონი იდგა, ცხადია, აფეთქდა და ყველაფერი დაანგრია. გვერდით ოთახებში მე, დედაჩემს, ჩემს დისშვილებს გვეძინა... არც მინდა ამის გახსენება, რადგან მაგ შემთხვევიდან ძალიან მძიმე ტრავმები დაგვრჩა. დედამ ძალიან მძიმედ გადაიტანა ეგ ამბავი და მას შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. 

არ ვიცი, ენა როგორ უბრუნდებათ ურცხვებს და შუბლზე ძარღვგაწყვეტილებს, რომლებიც ჩვენ გვეძახიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. 

მახსოვს 2013 წელს, სანამ ხელისუფლებაში ახალი მოსულები იყვნენ, სისტემატურად აწყობდნენ ბრიფინგებს. მაშინ ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მის ბრიფინგზე დავსვი კითხვა დაღესტნიდან ჩამოსული ჩრდილო კავკასიელი აქტივისტების გაუჩინარების თაობაზე, მაშინ პირველად იყო, რომ ღარიბაშვილმა გაბედა და „ნაციონალი“ მიწოდა. 


რატომ გაბრაზდა მაშინ ღარიბაშვილი?

იმიტომ რომ, სინამდვილეში ჩვენმა სუსმა მოიტაცა ის ორი აქტივისტი და რუსეთისთვის გადაცემას აპირებდა. მაშინ ერთის გადარჩენა მოვახერხეთ და ის ადამიანი დღემდე საქართველოში ცხოვრობს, მეორეს ვერ მივუსწარით და რამდენადაც ვიცი, აფხაზეთის გავლით გადასცეს რუსეთს. 

2012 წელს, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, გარკვეული სახის ზეწოლა იყო ღარიბაშვილის ოჯახის წევრებზე, რომლებიც დედოფლისწყაროში ცხოვრობდნენ. ცხადია, არც ერთი არხი მაშინ ამას არ აშუქებდა. ჩვენ არაერთხელ, ღამის 12 ან 2 საათზეც კი ავსულვართ გადასაღებად და „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ პრაქტიკულად ერთადერთი იყო, ვინც ამას სისტემატურად აშუქებდა. ამიტომ ღარიბაშვილის მშობლებს, განსაკუთრებით მამას, ტარიელ ღარიბაშვილს სულ ჰქონდა კომუნიკაცია ჩვენთან. არავის არაფერს ვაყვედრი, რადგან მაშინაც და ახლაც ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით, უბრალოდ, რბილად რომ ვთქვა, უხერხულია მათი მხრიდან, მე რომ დღეს  „ნაციონალს“ მეძახიან. 


უსაფრთხოების თუ საფრთხის განცდა - რომელი გქონდა მაშინ და გაქვს ახლა?

ჩვენი მედიის შემთხვევაში, ჩვენ არც მაშინ ვიყავით დაცულები და არც ახლა ვართ. მაგრამ სხვაობა ერთია, მაშინ თუკი ფაქტზე ინფორმაციას ვავრცელებდით, ამას რეაგირება მოჰყვებოდა, ანგარიშს უწევდნენ. რა ხდება ახლა? ნებისმიერი ფაქტი, მოვლენა, პრობლემა თუ მათ არ ეხებათ, არ რეაგირებენ. ნებისმიერი რეკომენდაცია, განცხადება თუ რჩევა ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხრიდან თუ საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული სრულიად შეგნებულად აქვთ დაიგნორებული.  

ფიზიკური საფრთხის მიუხედავად, რომლის წინაშეც მე მაშინ აღმოვჩნდი, თავად ორგანიზაცია ახლა გაცილებით უფრო დიდი საფრთხის წინაშეა და ახლა უფრო მეტი სტრესი მაქვს. 

ახლა პირდაპირ ღირსებაზე შეგვდგნენ, გვაცხადებენ „აგენტებად“ და გაქრობას გვიპირებენ. ვინც ეს კანონი მიიღო, შესაძლებელია, მათთვის სიტყვების ეს ნაკრები - „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი“ არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე მძიმე იარლიყია. ჩემი ცხოვრების 20 წელი, მას შემდეგ რაც ვმუშაობ, დავხარჯე აქტივიზმში, ჟურნალისტიკაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, იმიტომ რომ აქ ვცხოვრობ, სულ აქ ვაპირებ ცხოვრებას და ეს სტატუსი არის დამღა ღირსებაზე. 

შეიძლება ჩვენს შთამომავლებს მოუწიოთ მომავალში იმის მტკიცება, რომ ჩვენ უცხო ქვეყნის ინტერესები არასდროს გაგვიტარებია. ამიტომ, ვიდრე ცოცხალი ვარ და ვიდრე ამის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი მაქვს, მე ამ სტატუსს ნებით არასდროს დავიკრავ. გამორიცხულია. 

მე არასდროს დავემორჩილება რუსულ კანონს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ კი მიიღო, მაგრამ მთელი თავისი სულისკვეთებით რუსულია. წინ გვიდევს მაგალითი რა მდგომარეობამდე მიიყვანა ამ კანონმა მეზობელი რუსეთი, სადაც აღარ დარჩა თავისუფალი მედია, სადაც ჟურნალისტები, აქტივისტები, უფლებადამცველები ან მოკლეს, ან დააპატიმრეს, ან ქვეყნიდან გააქციეს. ამიტომ დღეს რუსეთში დაჩაგრულ ადამიანს არ ჰყავს მხარდამჭერი, ის, ვინც გააშუქებს ან მისი პრობლემის მოგვარებისთვის იბრძოლებს. ზუსტად იგივე გველის ჩვენ და შესაძლებელია კიდევ უფრო უარესი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და ამის გაკეთება ბევრად მარტივად შეიძლება.


როგორი მოლოდინი გაქვს?

წინააღმდეგობა იქნება ბოლომდე, ვიდრე ბრძოლას შევძლებთ. ძალიან იმედიანად ვარ, ჩვენი მკითხველისა და მაყურებლების მხარდაჭერით, ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ არც საფინანსო დეკლარაციის წარდგენას ვაპირებთ და არც ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდას. ჟურნალისტურ საქმიანობას ბოლომდე გავაგრძელებთ. არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ჩვენს აუდიტორიას ობიექტური ინფორმაციის გარეშე არ დავტოვებთ. არც ჩვენ მაღალმთიან რეგიონებს თუ ყველა სხვა რეგონს მივატოვებთ უყურადღებოდ. ყველგან ვიქნებით, სადაც აქამდე ვიყავით და შეიძლება უფრო მეტიც, შეიძლება ბევრი ახალი აქტივობაც წამოვიწყოთ, რადგან ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას ჩვენი გვერდში დგომა და მსახურება. 

როდესაც ასეთი ნიშური მედია ხარ, კიდევ უფრო ახლოს ხარ შენს აუდიტორიასთან, რადგან როცა მათ რაიმე უჭირთ, იციან, რომ ჩვენ არ დავტოვებთ უყურადღებოთ. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენ, მთელი რედაქცია საპროტესტო აქციების დროს ქუჩაში გავედით და ეს იყო კანონის წინააღმდეგ ბრძოლა. აქამდე არასდროს გავსულვართ, რადგან ჩვენთვის პროფესიული სტანდარტები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა არის სერიოზული წყალგამყოფი, დიდი წითელი ხაზი და ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ, ვერ გადავრჩებით და თუ ჩვენ ვერ გადავრჩებით, ჩვენი აუდიტორია ყველაფრის მიღმა დარჩება. ამიტომაც არის, რომ ძალიან აქტიურ მხარდაჭერას ვგრძნობთ, არა მხოლოდ ჩვენი მაყურებლებისგან. შიში ნამდვილად არის რეგიონებში, ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ მაინც ცდილობენ გვაჩვენონ, რომ ჩვენთან არიან, ჩვენი სჯერათ და მათი იმედი უნდა გვქონდეს. თითოეული ასეთი სიტყვა ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს!


აღწერა: მაისში, რუსული კანონის საკანონმდებლო განხილვის პარალელურად კანონის საწინააღმდეგო აქციებში ჩართულ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და აქტივისტებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გაუკრეს. სახლთან ღირსების შემლახველი პლაკატები და წარწერები დახვდა გელა მთივლიშვილსაც. 


 
კატეგორია - ინტერვიუ


როგორც წესი, ქართული სატელევიზიო მედიის შინაარსი არჩევნების მოახლოებასთან ერთად იცვლება, ჩნდება გამოგონილი და იმალება ნამდვილი ამბები. იცვლება და მძაფრდება მედიის ენა. თინა სტამბოლიშვილთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში იმ გზავნილების შესახებ წაიკითხავთ, რაც მმართველი პარტიისგან და სამთავრობო მედიიდან ისმის. 

თინა სტამბოლიშვილი სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტია, რომელსაც  სხვადასხვა [საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, მედია] ინდუსტრიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სტამბოლიშვილი ქცევის მეცნიერებებისა (behavioral science) და კომუნიკაციების მკვლევარია და უნივერსიტეტებში მარკეტინგს, საკომუნიკაციო სტრატეგიას, კორპორაციულ პასუხისმგებლობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას ასწავლის.

თინა, რა მთავარ გზავნილს ატარებს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია? 

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციის მთავარი ამოცანა ამ პირობებში, ვგულისხმობ კვლევების შედეგებს, სადაც პარტიის რეიტინგი ჯამურად აღებული ოპოზიციის საერთო რეიტინგზე დაბალია, იმ შთაბეჭდილების შექმნაა, რომ გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ისინიც ატარებენ გამოკითხვებს და ზომავენ რეიტინგს, ამიტომ მათ აქვთ ინფორმაცია რეალური ციფრების შესახებ. 

თავად იმის აფიშირება და მტკიცება, რომ - „ჩვენ 60% გვიჭერს მხარს“ არის უკვე იმ ტექნიკის ნაწილი, რომელიც აჩვენებს, თითქოს უმრავლესობა მათ მხარესაა და ამას სხვადასხვა გზით აკეთებენ. ციფრების გაზრდა და ამის პროპაგანდა ერთია, მაგრამ არსებობს სხვა სქემებიც. ერთ-ერთია ტროლ-ბოტების აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ მათი კონტენტი გამრავლდეს, გამოჩნდეს თითქოს ბევრი მოწონება, გაზიარება, პოზიტიური გამოხმაურება აქვთ. ასევე, ტროლ-ბოტები აქტიურად იყნებენ ე.წ. დაჰაჰავების, როგორც დაცინვის ან პირიქით, გაბრაზებულ ემოჯის ოპოზიციონერების ან ოპოზიციური შინაარსის პოსტებზე სოციალურ ქსელებში, ესეც იმისთვის, რომ მათი სიმრავლე გამოჩნდეს.   

„ქართული ოცნება“ არა მხოლოდ დადებით რეიტინგს ზომავს, არამედ უარყოფითსაც, რაც იმ მოქალაქეებს გულისხმობს, რომელთაც ივანიშვილის პარტია არ მოსწონთ. უარყოფითი რეიტინგი კიდევ სხვა მაჩვენებელია, რომელიც ძალიან მაღალი აქვთ. რადგან იციან, რომ მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება საკმაოდ დიდია, უფრო დიდი, ვიდრე დადებითი, ისინი ცდილობენ, ძირითადი აქცენტი პოზიტიურ, ანუ კარგ ამბებზე გააკეთონ. 

რა ხდება ცუდ ამბებთან დაკავშირებით? მაგალითად, „იმედმა“ და Postv-იმ 3 სექტემბერს საქართველოს რკინიგზაზე მომხდარი ავარია, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არ გააშუქა. არ გააშუქეს 12 აგვისტოს, ზუგდიდის ერთ-ერთ კორპუსში გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვის ამბავიც. რა არის ამის მიზეზი და მიზანი? 

დიახ, სწორედ ამ ნეგატიური რეიტინგის და რეალური პრობლემების პირობებში, მათ არაფერში სჭირდებათ ე.წ. ცუდი ამბების გაშუქება. ისინი ცდილობენ აქცენტი მხოლოდ დადებითზე, ე.წ. კარგ ამბებზე გააკეთონ. ყველამ ვიცით, რომ მედიის ყურადღების ცენტრში ყოველთვის არის კრიმინალური ქრონიკა და თუ მედიას აქვს მასალა, საინფორმაციო გამოშვებას ყოველთვის ამით იწყებს. თუკი მაყურებელს პირველ ჯერზე ხვდება ასეთი შემზარავი ამბავი ანუ ნეგატიური ინფორმაცია, მაშინვე უჩნდება შთაბეჭდილება, რომ კრიმინალი, ტრაგედია, განუკითხაობა, უბედური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. მაყურებელმა რაც არ უნდა ნახოს ამ პირველი ე.წ. ნეგატიური ხასიათის სიუჟეტის შემდეგ, შთაბეჭდილება, განცდა ნეგატიური რჩება. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ ეთერიდან ისეთი ამბები, რომელიც მაყურებელს აფიქრებინებს, რომ ქვეყანაში ცუდი რაღაცეები ხდება, გააქრონ.  

შეიძლება თქვათ, რომ სოციალური მედიის ეპოქაში ასეთი ამბების მიჩქმალვა რთულია. რა თქმა უნდა, სრულად ვერ გააქრობ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოში მთავარი ინფორმაციის წყარო ჯერ ისევ ტელევიზიაა და ამიტომ გავლენაც ყველაზე დიდი აქვს. ტელევიზიებსაც თუ დააკვირდებით, რაღაც იერარქიასავით არის, თითქოს, არსებობს ერთი ცენტრი, ერთი ადამიანი, რომელიც გეგმავს და ის სხვადასხვა მედიებში იშლება. ყველაფერი გათვლილია, მათ შორის ისიც, რომ არსებობს მეტნაკლებად თავისუფალი „რუსთავი 2“, „პირველი არხი“, შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ და სულ ბოლოს Postv. ამ უკანასკნელზე ისეთი ინფორმაცია გადის ხოლმე, რომელიც ხანდახან მეინსტრიმ მედიაში სულ ვერ ხვდება. ვინც ამერიკულ მედიასაც ადევნებს თვალ-ყურს, დაინახავს, რომ Postv-ის მსგავსი ნიუსები მხოლოდ ძალიან ყვითელ, ოდიოზურ მედიებში შეიძლება მოხვდეს. ასე ნაწილდება ყველგან როლები. ამის შემდეგ მოდის მათ მიერ კონტროლირებადი სოცმედია ანგარიშები - ჯგუფები და გვერდები, რომლებიც სასურველ ინფორმაციას ავრცელებენ. 

რაც შეეხება ცენტრალიზებას, ვინც რუსულ მედიას იცნობს, იცის, რომ ასეა რუსულ მედიაშიც. ყველა საინფორმაციო სააგენტო აბსოლუტურად იდენტურ ინფორმაციას ავრცელებს. იქ არის ერთი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TACC-ი , რომელიც გადასცემს მასალას და ის უცვლელი სახით ყველა სხვა საინფორმაციო საშუალებაში ხვდება. ამიტომ ჩვენთან პატარა სხვაობა ჯერ არის, რადგან ე.წ. იერარქიასავით შეიქმნა და არსებობს მეტად და ნაკლებად პროსახელისუფლო არხები. 

თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, რასაკვირველია, ამ ტელევიზიების საშუალებით ცდილობენ, რომ არ წარმოაჩინონ პრობლემები, ნეგატიური ამბები და მაყურებელი დაარწმუნონ, თითქოს ყველაფერი კარგად არის. 

თავად პოლიტიკოსები თუ საუბრობენ რეალურ პრობლემებზე სატელევიზიო გამოსვლებისას ან საარჩევნო პროგრამებში? 

საქმეც ამაშია, რომ არც საარჩევნო პროგრამებში საუბრობენ რეალურ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, რაც ძალიან გამიკვირდა. მათზე რომ ისაუბრო, უნდა აღიარო, რომ გაქვს პრობლემა და ეს არ უნდათ. მაგალითად, სიღარიბის დაძლევა, ინფლაციასთან გამკლავება, სამუშაო ადგილები - ეს თემები ჯერჯერობით არ ჩანს. ამიტომაც ყველანი ვართ იმის მოწმეები, რომ აქცენტი სრულიად არ არსებულ პრობლემებზე აქვთ. იმაზე, რომ ვითომ ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარი პრობლემა სქესის შეცვლა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ომის საფრთხეა, რომელსაც გადაგვარჩინეს და ა.შ. ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ რეალურ პრობლემებზე არ ისაუბრო და საარჩევნო პროგრამაში მათი მოგვარების გზები არ შეიტანო. 

მხოლოდ ნეგატიურ და არარსებულ პრობლემებზე რომ არ იყოს საუბარი, გვხვდება ასევე, ე.წ. დადებითი მესიჯები. თუმცა, ცალკე რომ განიხილო, გეგონება, რომ ასეთი კამპანია ისეთ პარტიას აქვს, რომელიც ხელისუფლებაში არასდროს ყოფილა - „ჩვენ ავაშენებთ ასეთ და ასეთ ქვეყანას...“ სასაცილოდაც კი ჟღერს მსგავსი კომუნიკაცია მამრთველი პარტიისგან, რომელიც 12 წელია უკვე ხელისუფლებაშია. 

ერთ-ერთი მესიჯია - „მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ!“ კონკრეტულად რას ეუბნებიან ამომრჩევლებს ამ სიტყვებით? 

ძალიან საინტერესოა, რომ მესიჯბოქსში დარჩა სიტყვა „ევროპა“, რადგან მათი ამომრჩევლების უმრავლესობა მაინც პროდასავლურადაა განწყობილი. ამ სლოგანით სურთ, ეს ხალხი დაარწმუნონ, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთისთვის ზურგი არ შეუქცევია. 

სიტყვები - „ღირსებით ევროპისკენ“ ნიშნავს, რომ არის სხვა (ცუდი) ევროპა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ იდენტობას, რომლისგანაც ჩვენ „ქართული ოცნება“ გვიცავს, თითქოს არიან ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში თავს „უღირსად“ გრძნობენ. ამიტომ, ისინი ჩვენ არა მხოლოდ ომის საფრთხისგან, არამედ გადაგვარების საშიშროებისგანაც გვიცავენ. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ არ შუქდება ვთქვათ, სხვადასხვა დელეგაციის ვიზიტი დასავლეთიდან, სადაც საუბარი იმ რეალურ პრობლემაზეა, რომლის წინაშეც ვდგავართ და ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. ამიტომ „ღირსებით ევროპისკენ“ ნიშნავს, რომ არსებობს განსხვავებული გზებიც, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი, თითქოს ჩვენ ევროპაში მიგვიყვანს. 

ისინი ახერხებენ ლავირებას ორ დისკურსს შორის. ერთი მხრივ, მთელი საარჩევნო კამპანია დგას ანტიდასავლურ რიტორიკაზე და მეორე მხრივ, გვეუბნებიან, რომ დასავლეთისკენ აქვთ გეზი. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ 2 დასავლეთი და გვითხრან, რომ ჩვენ ევროპას კი არ ვერჩით, არამედ ვერჩით „ცუდ ბიძიებს” ევროპაში, რომლებიც გვაიძულებენ დავთმოთ ჩვენი ეროვნული იდენტობა. მეტსაც გეტყვით, რომ უფრო შორსაც მიდიან. ისინი გვეუბნებიან, რომ არა მხოლოდ საქართველო უნდა გადავარჩინოთ ამ „ცუდი ბიძებისგან“, არამედ თავად ევროპა და ამერიკაც. 

„ღირსებით ევროპისკენ“ არ გულისხმობს იმას, რომ ევროპულ ოჯახში ჩვენი წესებით შევალთ და არა იმით, რასაც ევროპა გვკარნახობს? 

რა თქმა უნდა, ეს ხაზიც არის. მაგრამ ისინი, თითქოს ცდილობენ დასავლეთს გამოაცალონ ის იდეა, რისთვისაც ჩვენ, ყველას გვინდა დასავლეთში ინტეგრირება. მაგალითად დემოკრატია, პლურალიზმი, აზრის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა... გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი გადასაყრელია. ისევე, როგორც პუტინს, რომელსაც  სასაცილოდაც არ ჰყოფნის დემოკრატიის მთავარი პრინციპი, რომ ძალა არის ხალხში. პუტინი თავიდანვე ამ რწმენით მოვიდა ხელისუფლებაში, რომ მსოფლიოს ფარული ძალები მართავენ, ხალხი რეალურად არაფერს წყვეტს და მისი მანიპულირება სრულად არის შესაძლებელიც და აუცილებელიც. ასე მოქმედებს დღემდე პუტინის რუსეთი და მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველ პირებსაც ასეთი წარმოდგენა აქვთ დემოკრატიაზე. 

ისევ მედიას რომ დავუბრუნდეთ. უკვე ვისაუბრეთ გამოტოვებულ თემებზე, ნეგატიურ ინფორმაციაზე, რომელსაც სამთავრობო მედია არ აშუქებს. ამის პარალელურად, აქტიურად გაშუქდა წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წევრის დაღუპვის ამბავი, რომლის გარდაცვალებაც ჯერ "ნაციონალურ მოძრაობას", შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ დონორებსაც კი დაბრალდა. რა მოხდა ამ შემთხვევაში?

ის, რომ უბედურ შემთხვევას თუ კრიმინალს, როგორც რეალურ პრობლემას არ აშუქებენ, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ამბავი მათ ეთერში საერთოდ არ მოხვდება. უნდა ვიცოდეთ, რომ ასევე, აქტიურად გაშუქდება, მაგალითად, ოპოზიციაზე ძალადობის ფაქტები იმისათვის, რომ სუსტებად წარმოაჩინონ. თვითონ კი წარმოჩინდნენ დომინანტად, რომელთაც აქვთ ძალა და ოპოზიციას ჩაგრავენ. ერთი სიტყვით, ეს ამომრჩეველთან საკუთარი ძალის დემონსტრირებაა. 

ანუ აქცენტი „ქართული ოცნების“ ძალის დემონსტირებაზე იქნება და არა, ვთქვათ, „მოძალადე, ბოროტ“ ოპოზიციაზე, რომელიც მმართელ პარტიას თავს ესხმის?

კი, მე მჯერა, რომ იქნება ორგანიზებული თავდასხმებიც, რომელსაც მედია წარმოაჩენს ერთი მხრივ, როგორც ხალხს, რომელიც ოპოზიციას თავად უპირისპირდება და მეორე მხრივ, როგორ ჩაგრავს მათ მმართველი გუნდი, როგორი ძლიერები არიან. 

ასევე საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის ტყვიაგაუმტარი შუშის კოლბით გადაადგილებას, რომელიც სინამდვილეში შეშინებული ადამიანის საქციელია, პროპაგანდა წარმოაჩენს, როგორც სიძლიერეს. მას სპეციალურად უტოლებენ დონალდ ტრამპს, რობერტ ფიცოს (ვისზეც თავდასხმები  მოხდა) და გვეუბნებიან, რომ ივანიშვილიც ამ რანგშია, იმ ლიდერთა კლუბშია, რომელსაც სამყაროს გადარჩენა გლობალური ომის პარტიისგან უნდა. მისი განეიტრალება სურთ და ამიტომ ვიცავთ მის უსაფრთხოებას. ისინი სისუსტეს და შიშსაც გვიფუთავენ, როგორც ძალას და ძლიერებას.

 კიდევ რას უნდა ველოდოთ 26 ოქტომბრამდე?

 იქნება  გამოგონილი, პროპაგანდის მიერ შეთხზული ისტორიები ოპოზიციონერებზე. ასევე, ბოლო 2 კვირაა ქართულ სოციალურ ქსელებში თვალში მომხვდა, როგორ აფასებენ საქართველოს რუსი ბლოგერები თუ ინფლუენსერები. ისინი გვაქებენ, როგორი ისტორიისა და კულტურის ქვეყანა ვართ, რომ სად იყო რუსეთი, როდესაც საქართველო უკვე განვითარებული ქვეყანა იყო და ამ ქვეყანას ეხლა დასავლეთის მხრიდან ამ ისტორიის თუ კულტურის გადაგვარება ემუქრება. ზუსტად იგივე თქვა ლავროვმა. მოკლედ, ამ მესიჯით ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსები პატივს სცემენ ჩვენს ისტორიას, კულტურას თუ ადათ-წესებს და მეორე, რომ რუსები „ევროპული გადაგვარებისგან“ გვიცავენ. 

ეს მესიჯი კიდევ უფრო გააქტიურდება იმის პარალელურად, რომ კაპიტალი არის კაპიტალი, გინდ დასავლური იყოს ის და გინდ - ჩინური. სინამდვილეში, ჩვენ ვიცით, რომ დასავლურ კაპიტალს მოჰყვება სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნა, რადგან სხვანაირად ის ვერ იფუნქციონირებს, აგრეთვე მოჰყვება თავისუფალი გარემოს მოთხოვნა, რადგან თუ არ იქნება თავისუფალი ბაზარი, ვერც დასავლური კაპიტალი იარსებებს. მაშინ, როდესაც სხვა, არადასავლურ კაპიტალს ასეთი მოთხოვნები არ აქვს. ის მთლიანად დგას კორუფციაზე და ცხადია, არანაირი გარემოს დაცვა თუ შრომითი უფლებები მათ არ აინტერესებთ. ასეთი კაპიტალი პოზიტიურად აისახება მხოლოდ ვიწრო წრეზე და აქედან გამომდინარე, სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

სამწუხაროდ, ეს ყველამ არ იცის და ამიტომაც "ქართული ოცნების" პროპაგანდა ამ არადასავლურ კაპიტალს, როგორც ალტერნატივასა და „კეთილდღეობის“ საფუძველს თამამად წარმოგვიდგენს. 

 
კატეგორია - ინტერვიუ


ნინო ზურიაშვილი 1997 წლიდან ჟურნალისტად მუშაობს. 2005 წელს მან კოლეგებთან ერთად დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიაორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“ დააფუძნა და დღემდე მისი რედაქტორია. 

"სტუდია მონიტორის" გამოძიებებს მოპოვებული აქვს: ჯიპა ფრიდმანის (8-ჯერ), ევროკავშირის (7-ჯერ), ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის (11-ჯერ), ევროპის ფონდის (2-ჯერ) პრიზები. ზურიაშვილს კი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებებისთვის მიღებული აქვს IRE-ის, ჯიპა ფრიდმანის და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზები.

თითქმის 25-წლიანი გამოცდილების მქონე გამომძიებელ ჟურნალისტთან ინტერვიუში წაიკითხავთ კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლებების დამოკიდებულებას შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე.
 

როგორც ვიცით, განათლებით ეკონომისტი ხართ, როგორ მოხვდით ჟურნალისტიკაში? 

ხომ იცი, როგორც ხდებოდა?! 90-იანი წლები იყო და უმუშევარი ვიყავი, ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა ერთ-ერთ გაზეთში სწორედ, ეკონომიკის თემებზე წერა. ამის შემდეგ სხვადასხვა გაზეთში ვწერდი, რადგან მაშინ ასეთი გამოცემები მალე იხურებოდა ხოლმე. დავიწყებდი სადღაც მუშაობას, დაიხურებოდა, წავიდოდი სხვაგან, შემდეგ ისიც იხურებოდა და ასე… ბოლოს აღმოვჩნდი გაზეთ „კავკასონში“, სადაც შედარებით დიდხანს გავჩერდი. სწორედ მაშინ, 1998 წელს "კავკასიის ინსტიტუტმა", გია ნოდია ხელმძღვანელობით, გამოაცხადა კონკურსი  ჟურნალისტური გამოძიების გრანტის მისაღებად, რომელიც მოვიგე. ნიუსების კეთება არ მომწონდა, იყო სისწრაფე და ზედაპირულობა, ახალი ამბების ჟურნალისტებს საკითხში ჩაღრმავებისა და მასალის კარგად მოძიების დრო არ აქვთ. სწორედ ამ გრანტის მეშვეობით პირველად გავაკეთე  ჟურნალისტური გამოძიება და ამის შემდეგ - კიდევ რამდენიმე. 2000 წლის ივლისში აკაკი გოგიჩაიშვილმა „60 წუთში“ მიმიწვია. მანდ უკვე საბოლოოდ, მივხვდი, რომ ეს საქმე ძალიან მაინტერესებს. 

როგორი იყო ჟურნალისტისთვის შევარდნაძის მთავრობის პირობებში მუშაობა? რა დაბრკოლებებს გიქმნიდათ “მოქალაქეთა კავშირი”? 

შევარდნაძის მთავრობა ჩვენ ვერაფრით გვიშლიდა ხელს. მუქარები მაშინაც იყო, სიკვდილითაც კი გვემუქრებოდნენ მე და ჩემს მეგობრებს, მაგრამ იმ წლებში ძალა ჩვენს ხელში იყო და ეს ძალა ძალიან დიდი რეიტინგი იყო, რაც ცალსახად, გავლენასა და ნდობას ნიშნავდა. დღესაც კი ბევრი მიცნობს როგორც „60 წუთის“ ჟურნალისტს და არა როგორც „სტუდია მონიტორისას“. ეს არის ის ერთადერთი, რაც იმ პერიოდიდან მენატრება. ამ რეიტინგისა და ნდობის  გამო იყო, რომ არავითარი მუქარის ჩვენ არ გვეშინოდა. ერთხელ ამერიკის საელჩოში ვიყავით და ელჩს ვუამბეთ მუქარების შესახებ, მან პირდაპირ გვითხრა: Go public.  ეს იყო ჩვენი დაცვა, ყველაფერზე ღიად ვლაპარაკობდით და ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ხალხში. პოლიციასაც ყოველთვის მივმართავდით, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთი ხელისუფლების პირობებში მე არ მახსოვს მხარდაჭერა და დაცვა პოლიციისგან. ალბათ, ისე წავალ ჟურნალისტიკიდან, შეგრძნება, რომ ჩემი სახელმწიფო  მიცავს, არ მექნება. 

იმ პერიოდში, საგამოძიებო ჟურნალისტიკა თქვენთვის ყველასთვის სიახლე იყო. შეცდომები თუ იყო თქვენი მხრიდან? 

ამაზეც აუცილებლად ვიტყვი. კი, რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა ადრეულ ეტაპზე და მათ შორის, ძალიან უხეში შეცდომებიც. მაშინ ეთიკის კოდექსიც კი არ არსებობდა და არც ადამიანი არსებობდა, ვინც ამას გვასწავლიდა. ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს მე პირადად სტუდენტებს ვასწავლიდი ხოლმე, როგორც მაგალითს, რატომ და რა ტიპის შეცდომა იქნა დაშვებული კონკრეტულ შემთხვევაში. 

ცხადია, ეს იყო და ამიტომაც, შემდეგ უკვე მე თვითონ აქტიურად ვიყავი ეთიკის ქარტიის შექმნაში ჩართული, იმისათვის რომ დაწერილი კოდექსი გვქონოდა. ახლა, უკვე "სტუდია მონიტორში", გარდა იმისა, რომ ხელს ვაწერთ ეთიკის კოდექსს, რამდენიმე დამცავი მექანიზმიც გვაქვს.

წარმოიდგინეთ, როდესაც "სტუდია მონიტორში" მზადდება მედიაპროდუქტი იმას ამოწმებს: იურისტი, სამი რედაქტორი, შიდა ფაქტჩეკერი და იურისტი - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“. ისინი ყველა რიცხვს, თარიღს, დოკუმენტს თავიდან ბოლომდე ამოწმებენ, რომ სადმე რამე შეცდომა არ გაიპაროს. 

როგორი ვითარება იყო, რა შეიცვალა ვარდების რევოლუციის შემდეგ? 

რომ წარმოიდგინოთ, მაშინ, 2003-2004 წლებში მწვერვალზე ვიყავით, საიდანაც გადმოგვაგდეს. მიშამ[სააკაშვილმა] პრაქტიკულად დაშალა ტელევიზია. 2005-ში კი ქიბარ ხალვაშმა უკვე გადაცემა „60 წუთი“ დახურა.  

რა იყო "60 წუთი"-ის დახურვის ოფიციალური მიზეზი? და თუ გახსოვთ, რომელმა გამოძიებამ გააღიზიანა ყველაზე მეტად არხის მაშინდელი ხელმძღვანელობა? 

ასეთი რამე ითქვა, რომ ბევრი რეფორმაა გასატარებელი და ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთო. თან ახლა ხალხს გართობა უფრო აინტერესებსო. 

მახსოვს, მაშინ გორში ჩავედით, სადაც აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანები ბიზნესებს ტოვებდნენ და სახელმწიფოს „ჩუქნიდნენ“. სწორედ ამ თემაზე გააკეთა მაშინ ნანა ბიგანიშვილმა ჟურნალისტური გამოძიება, რაც შესაძლებელია, უკანასკნელი წვეთი იყო. ეს სიუჟეტი ცხადია, ეთერში არ გაუშვეს. ჩვენ ის შემდეგ, "სტუდია მონიტორის" მეშვეობით გავავრცელეთ. 

მიუხედავად ამისა, მაშინ ჩვენ თავს უფლება არ მივეცით, რომ ამ საქმიდან გავსულიყავით და ჟურნალისტური გამოძიება აღარ გვეკეთებინა. უკვე ბევრ ადამიანთან გვქონდა კავშირი, ბევრი იყო ჩვენს იმედზე და არ გამოვიდოდა, რომ ამ პროფესიიდან გავპარულიყავით. იმ პერიოდში იყო ფაქტები, როცა ბიზნესმენებს ართმევდნენ ქონებას და ამ ხალხს კომუნიკაცია ჩვენთან ჰქონდა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ხალხს გაეგო მათი პრობლემების შესახებ. ამიტომ მეგობრებმა 2005 წელს დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“. ნანა ბიგანიშვილმა, მაგდა მემანიშვილმა და მე დავიწყეთ მონიტორში ჟურნალისტური გამოძიებების კეთება. 

თუმცა, ძალიან რთული იყო მუშაობის დაწყება, არც პროექტების წერა ვიცოდით, არც დამოუკიდებლად მუშაობა. მანამდე საათივით აწყობილ ორგანიზაციაში ვიყავით, სადაც ჩვენი საქმე მხოლოდ გამოძიება, გადაღება და მონტაჟი იყო. ახლა უკვე არც ფული გვქონდა, არც ოფისი, კამერები, სამონტაჟო, მანქანა, ბენზინი… ყველაფერი ჩვენი საზრუნავი იყო. 

3 ძირითადი რამე სჭირდება დამოუკიდებელ ჟურნალისტს: ფინანსური რესურსი რომ პროდუქტი შექმნას, მიიღოს ინფორმაცია და შემდეგ გაავრცელოს ეს ინფორმაცია. სამივე მიმართულებით პრობლემები გვქონდა. მაინც ვამზადებდით მასალას, მაგრამ ვერ ვავრცელებდით. წარმოიდგინეთ, რომ ერთი პერიოდი კინოს სახლის პატარა დარბაზში ვუშვებდით ჩვენს ფილმებს. თუმცა, საბოლოოდ, ეს პრობლემებიც გადავლახეთ.

რა არის ის, რაც სამივე ხელისუფლებას აერთიანებს? 

მესამე ხელისუფლებაა, რომლის პირობებშიც მიწევს მუშაობა და სამივე მათგანი რამდენიმე წლის თავზე, როგორც კი ვერ აღწევენ მიზნებს, არ ატარებენ რეფორმებს, იწყებენ ტყუილების გავრცელებას. სწორედ ამ ტყუილების მასიურად გავრცელების შემდეგ კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ აგრესიულიები ხდებიან. ეს დიაგნოზივით არის. სულ რომ არაფერი იცოდე ამა თუ იმ ხელისუფლების შესახებ, როგორც კი დაინახავ მის აგრესიას კრიტიკული მედიის მიმართ, ეს ნიშნავს, რომ მას ძალიან ბევრი აქვს დასამალი და ტყუილი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება. 

აი, მაგალითად, რით განსხვავდება "ქართული ოცნების" პირობებში მუშაობა მისი წინამორბედების პერიოდისგან? როგორი იყო მედიისთვის სამუშაო გარემო “რუსულ კანონამდე”?

პირველ წლებში, თითქოს, გადაულახავი პრობლემა არ ყოფილა და მეტნაკლებად გვქონდა მუშაობის საშუალება. ფინანსური სტაბილურობა მეტწილად გარანტირებული გვქონდა, მაგრამ პირველი, საიდანაც დაიწყეს პრობლემების შექმნა, ეს არის ის, რომ ინფორმაციის მოწოდება ჩაკეტეს. 

იყო ასეთი ამბავი, ერთი ძალიან უწყინარი ინფორმაციის გამოთხოვის დროს, ჩვენმა კოლეგამ სხვა ორგანიზაციიდან NCDC-ის პრესცენტრის უფროსისგან შეცდომით მიიღო სხვისთვის განკუთვნილი ელექტრონული წერილი, სადაც ეწერა, რომ ჩვენთვის ინფორმაცია არ მოეწოდებინათ. 

ამჯერად "ქართული ოცნების" რეიტინგი შემცირდა და ის იბრძვის ძალაუფლების გასახანგრძლივებლად. შესაბამისად, გაიზარდა მისი აგრესია დამოუკიდებელი მედიის მიმართ. ისინი ჩვენ არ გვაძლევენ კომენტარს, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შენობაშიც კი არ გვიშვებს, შემთხვევით ვინმე რომ არ დაგველაპარაკოს... 

აქაც ამოვდივარ იმ 3 კომპონენტიდან, რომელიც ჟურნალისტს სჭირდება - ფინანსური სტაბილურობა, ინფორმაციის მიღება და შექმნილი პროდუქტის გავრცელება. აქამდე ისინი ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას ვერ უპირისპირდებოდნენ, რადგან საერთაშორისო დონორები გვყავს, ვერც ინფორმაციის გავრცელებაში შეგვიშალეს ხელი, რადგან საბედნიეროდ, არა ერთი კრიტიკული ტელევიზიაა და ჩვენ „მთავარ არხზე“ გავდივართ, ამიტომ ერთადერთი, რაც დარჩათ, იყო ის, რომ ხელს გვიშლიდნენ ინფორმაციის მიღებაში. თუმცა, ცხადია, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მუშაობა შეგვეწყვიტა. 

ბოლო პერიოდში მთავრობამ დაიწყო ინფორმაციული შეტევა დონორებზე, რომ არ დავეფინანსებინეთ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია. ანუ შეეცადნენ, რომ ფინანსურად შევერყიეთ. ცხადია, დონორებმა არ შეგვიწყვიტეს დაფინანსება და ამ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, უკვე შემოიტანეს “რუსული კანონი”, რომელიც პირველ რიგში, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ არის მიღებული.
 

„სტუდია მონიტორი“ და პირადად თქვენ ერთ-ერთი ხართ მათ შორის, ვისაც ოფისსა და სახლთან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გაუკრეს, შეღებეს თქვენი პირადი ავტომობილიც, იყო უცხო ნომრებიდან მუქარის ზარებიც. როგორ აფასებთ ამ მოვლენებს?



რუსული კანონი ეს არის რუსული სცენარის დასაწყისი, იარაღი, რომელსაც იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ არსებობს ხალხი, ვისაც ალბათ, ჯერ ისევ სჯერა, რომ ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა. გამჭვირვალების მომხრე მეც ვარ და საჯარო ინტერესის საგანი მათ მიერ, კორუფციის გზით მოპოვებული ფულის გამჭვირვალობა უფროა. ჩვენს საქმიანობაში ყოველი თეთრი არის გამჭვირვალე, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, მაგრამ თუკი მათი მიზანი მართლაც გამჭვირვალობაა, გაემკაცრებინათ კანონი სწორედ ამ მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში, სადაც გვეტყოდნენ, იქ დავრეგისტრირდებოდით. ამ ფულის მოსაპოვებლად ჩვენ კონკურსებში ვმონაწილეობთ და ვიმარჯვებთ. მაგრამ რა შუაშია უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი?! 

აგენტის სტატუსს რისთვის გვანიჭებენ? განცდა მაქვს, რომ უდიდესი ძალადობისა და წნეხის ქვეშ ვარ მეც და ჩვენი ორგანიზაციაც. არ დავუშვებთ, რომ ამ გაკოტრებულმა ხელისუფლებამ ასე იძალადოს ჩვენზე. ეს არის ღირსების შემლახავი კანონი, რომელსაც ჩვენ არ დავემორჩლებით. თავად წერონ და იკითხონ ის კანონები, რომელსაც საკუთარი თავის გადარჩენისთვის აკოპირებენ რუსებისგან. 

ხე ხომ ნაყოფით იცნობა? ამიტომ ნახონ ჩვენი ფილმები, 250-მდეა და გვაჩვენონ ერთი ნამუშევარი მაინც, სადაც უცხო ქვეყნის ინტერესებს ვატარებთ.  

რას აპირებთ, როგორ მომავალს ხედავთ ამ კანონის პირობებში?

ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან მღვრიე გარემო შეიქმნა და მომავლის განჭვრეტა რთულია. თუმცა, ერთი ვიცი, საქართველოს მოსახლეობამ დაინახა ხელისუფლების რეალური სახე და დარწმუნებული ვარ, გონივრულად მოიქცევა. ჩვენ, ცხადია, არსად დავრეგისტრირდებით. არაფრის გვეშინია არც მათი პლაკატების, დახვედრების, ზარებისა თუ მოხატული მანქანების. ჩვენ ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაგრძელებთ!

 
კატეგორია - ინტერვიუ


TV 24-ში განვითარებული მოვლენების შესახებ "მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში  ტელევიზიის ახალი ამბების ტოქშოუს პროდიუსერმა, ირაკლი აბსანძემ ისაუბრა.


როგორ დაიწყო თქვენი და TV 24-ის თანამშრომლობა?


როცა მე არხზე მუშაობის დაწყების წინადადება მივიღე, რა თქმა უნდა, თავიდანვე მოვიკითხე, რა პოლიტიკური სარჩული შეიძლებოდა ჰქონოდა ამას, რა მიზნები ამოძრავებდა შალელაშვილსა და მის ოჯახს. მათ შორის, პოლიტიკოსებში, მედია სფეროში და ყველა მეუბნებოდა, რომ ქართული პოლიტიკის ტოქსიკური პოლუსებიდან არცერთს არ ეკუთვნის და ამ პოლუსებს მიღმა აპირებს ეს კაცი ოპერირებასო. ასეც იყო სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ ეს ამბები დატრიალდებოდა. მართლა გვქონდა სასურველი, გამორჩეული ვითარება ქართულ ტელემედიაში, როცა ფაქტობრივად არცერთი პოლიტიკური ძალის მედია გაგრძელებას არ წარმოვადგენდით და თანაბარი კრიტიკულობითა თუ კეთილგანწყობით შეგვეძლო ყველა პოლიტიკური პროცესის შესახებ მოგვეყოლა.

როგორც შემდეგ გაირკვა, ესეც რაღაც თაღლითური ფანდი იყო ამ დროის განმავლობაში, სანამ ჩვენ ვმუშაობდით და ამ ტელევიზიის რაღაცისთვის დამსგავსებას ვცდილობდით, ძალიან მწირი ტექნიკური და ადამიანური რესურსით. როგორც ჩანს და უკვე დადასტურებულად გაირკვა, შალელაშვილი და სანდრო თოფურია დადიოდნენ პოლიტიკურ მოთამაშეებთან და თავის თავს სთავაზობდნენ, როგორც ამ დაბალანსებული ტელევიზიის გარანტებს.


რას გულისხმობთ ფრაზაში  - "სანამ ეს ამბები დატრიალდებოდა". რა შეიცვალა ერთ დღეს? 

ეს დაიწყო ნანას [ლეჟავა] შეხვედრით მფლობელთან, შოთა შალელაშვილთან. მანამდე დირექტორის მხრიდან რამდენიმე ისეთი პასუხისმგებლობა დაგროვდა, რომელიც შეთანხმებული იყო შალელაშვილის მარჯვენა ხელთან, სანდრო თოფურიასთან და შემდეგ მან ამ ყველაფერზე უტიფრად თქვა უარი. მაშინ გაჩნდა პირველი განსაკუთრებული შეკითხვა და დასაბუთებული ეჭვი იმის შესახებ, რომ რადგან პოლიტიკური თამაში არ გამოუვიდათ, აპირებდნენ ტელევიზიის მილევად რეჟიმში გადაყვანას. მაგალითად, მფლობელმა დირექტორს მოსთხოვა, რომ სტაფი მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო, როცა ისედაც ერთი ადამიანი ხუთის საქმეს აკეთებდა.

მაშინვე აშკარა გახდა, რომ ეს არ იყო კონსტრუქციული წინადადება და ეს არ შეიძლებოდა ტელევიზიის გაგრძელების მოტივით ახსნილიყო. ეს უკვე ტელევიზიის მილევად რეჟიმში გადაყვანისთვის ხდებოდა. სინამდვილეშიც ასე აღმოჩნდა. 


თქვენი სტატუსიდან გამომდინარე, იყავით ჩართული მოლაპარაკებებში?

არხის მენეჯმენტს მე არ წარმოვადგენდი, უბრალოდ ეს ყველაფერი ვიცი, იმიტომ რომ ფაქტობრივად, ყველამ ყველაფერი იცის იქ, ტელევიზიაში. ნანამ გადაწყვიტა ასე ღიად წასვლა, როცა მიხვდა, რომ თაღლითობას ჰქონდა ადგილი.


როგორ განვითარდა და დასრულდა ნანა ლეჟავას შოთა შალელაშვილთან შეხვედრა?

ნანას შეხვედრა შოთასთან ძირითადად ემსახურებოდა იმის გარკვევას, მხოლოდ სანდრო იყო ის, ვინც ამას უტიფრად უარყოფდა, თუ შალელაშვილსაც იგივე პოზიცია ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, ისიც ამ პოზიციაზეა.
ის ბოლომდე უარყოფს, რომ მიმდინარე პროცესების შესახებ ყველაფერი იცოდა, მათ შორის შესყიდვების შესახებაც, მაგრამ როგორც საქმე აჩვენებს და როგორი პათოსითაც ის ნანაზე ლაპარაკობს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ინფორმირებული ყველაფერზე იყო და სიტყვიერი თუ კონტრაქტის შეთანხმებების უარყოფაც მისი გადაწყვეტილება იყო.

ეს შეხვედრა ძალიან მძიმედ დასრულდა და ნანამ თქვა, რომ მათთან ბრძოლას სამართლებრივად გააგრძელებდა. მე, ისევე როგორც ჩემმა ბევრმა კოლეგამ, ამ შეხვედრის 22-წუთიან ჩანაწერს მოვუსმინეთ. იქ ჩანს, რომ შოთა შალელაშვილი აშკარად სანდრო თოფურიას უფრო ენდობა, ვიდრე ნანას. მის მხარესაა და შესაბამისად, მასთან რაიმე სახის არგუმენტების თქმას აზრი აღარ ჰქონდა. აბსოლუტურად შეთანხმებული წყვილი და ერთობლივად დაგეგმილი სპეცოპერაციაა. ახლა, მთელი ამბავი ისაა, რომ თურმე ნანამ არია ყველაფერი.

ძალიან საინტერესოა, როგორი იყო ჩვენი წამოსვლიდან მეორე დღესვე ნიუსის მუშაობის მთავარი ხაზი. დილიდან დააანონსეს TV24-ის ექსკლუზივი სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ახალი პარტიის შექმნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას შალელაშვილიც მიიღებდა. ეს არხმა საკუთარ ექსკლუზივად გაასაღა. მომდევნო გამოშვებაში კი შოთა შალელაშვილმა ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო და უარყვეს სხვებმაც.

ჩემი აზრით, ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს მაყურებლის მანიპულირების მცდელობა იყო. ძალიან უცნაურია, როდესაც არხი ავრცელებს ექსკლუზივს თავისი მფლობელის პოლიტიკური გეგმების შესახებ და შემდეგ ეს პოლიტიკური პირი ამ გაჟღერებულ ინფორმაციას უარყოფს. ეს შალელაშვილის მხრიდან ვითარების დაზვერვის ან ვა-ბანკზე წასვლის მცდელობას უფრო ჰგავდა, ვიდრე ექსკლუზივის მოპოვებას და მაყურებლისთვის იმის განმარტებას, რატომ შეიძლებოდა ეს მათთვის საინტერესო ყოფილიყო.


როგორი იყო არხის სარედაქციო პოლიტიკა ან თუ ჰქონდათ მისი შეცვლის მცდელობა?

ისედაც სამი კვირა ვიმაუწყებლეთ. მცდელობაც არ ჰქონიათ და ამასაც თავისი ახსნა აქვს. როდესაც სავაჭროდ ტელევიზიით დადიხარ და პოლიტიკურ ჯგუფებს ეუბნები, მე მათგან, რამდენიმესგან პირადად მაქვს ინფორმაცია, რომ ნახეთ, როგორი დაბალანსებული, მიუკერძოებელი ტელევიზია გვაქვს და როგორი მედია კულტურით გვინდა, შემოვიდეთ პოლიტიკურ სივრცეშიო, იქ შალელაშვილის კონტენტში მითითებების ადგილი არ იყო. ზუსტად იმიტომ შეარჩია მან ის დირექტორიც და შემდეგ ის ადამიანებიც, ვინც იქ მუშაობენ. სხვათაშორის, ყველა ადამიანი სანდრო თოფურიას და შესაბამისად, შალელაშვილის აქტიური თანხმობით იყო დასაქმებული. ალბათ, ზუსტად ამიტომ სჭირდებოდათ ეს სტაფი, რომ სხვებისთვის ეჩვენებინათ ტელევიზია, რომელიც არ იქნებოდა, როგორც მინიმუმ, სამარცხვინო.

ერთ დღეს ნანამ უკვე ყველა თანამშრომელს გაანდო, თუ რა ხდებოდა. როგორც თვითონ წერს, ვითარება უკვე 20 ივნისიდან შეიცვალა. ეს, ალბათ, უკვე ის თარიღია, როცა  შალელაშვილი დარწმუნდა, რომ ტელევიზიას პოლიტიკურად ვერ გამოიყენებდა და გადაწყვიტა, რომ გაჩერების რეჟიმზე გადაეყვანა. მაშინ დაიწყო წუწუნი, რომ მაგალითად, საინფორმაციო არხს, როგორც შალელაშვილი პოზიციონირებდა, რაში სჭირდება „როიტერსი“, საიდანაც მსოფლიო ახალ ამბებს ვგებულობთ. ძვირია და გააუქმეთო. ასევე, საუბრები იყო კამერაზე, სამონტაჟოებზე. ზუსტად ამ მემონტაჟეების ხარჯზე ეთერს არ ეტყობოდა, რომ ასეთ კუსტარულ ვითარებაში გავდიოდით ეთერში. აღარ ჩანდა ახალი შენობა, სადაც უნდა გავსულიყავით. მანამდე იყო საუბარი, რომ დიღომში, საიდანაც ადრე დიდი გადაცემებით „ტვ პირველი“ მაუწყებლობდა, შალელაშვილი აკეთებდა დიდ სატელევიზიო სტუდიას ახალი ამბების ტელევიზიისთვის.

პოლიტიკოსებისთვის ისიც კი ნათქვამი აქვს, რომ შევისყიდე და ეს იქნება ჩვენი ცენტრალური ოფისიო. თანდათან ჩნდებიან ადამიანები, ვისაც ამ სტუდიის მოწყობას უკვეთავდა და შემდეგ გაქრა. ძალიან კარგად ჩანს სურათი, რომ ყველაფერი, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა, იყო უბრალოდ ხმაურის შესაქმნელად. იმისთვის, რომ როცა მივიდოდა ვინმესთან სალაპარაკოდ, მას დახვედროდა ქალაქში მოარული ამბები, რომ შალელაშვილი დიდ ტელევიზიას აკეთებს, არემონტებს შენობას, აჰყავს სტაფი და ა.შ.

შემიძლია დავადასტურო, რომ 20 ივნისის შემდეგ, ყოველდღე ახალ-ახალი ეგეთი პრობლემა ჩნდებოდა. სანდრო თოფურია მაშინ საქართველოში არ იყო, შტატებში იყო თუ არ ვცდები და ხან ხმოვანი შეტობინებით, ხან წერილობით, ხან მეილით მუდმივად, ყოველდღიურად ახალ-ახალი უარყოფა მოდიოდა იმის, რაც შეთანხმებული იყო. მაგალითად, იურისტები, რომლებიც მისი სურვილით დასაქმდნენ, თურმე არ ყოფილა მასთან შეთანხმებული. ფილმები, რომელიც თვითონ აარჩია, თურმე მას არ უნდოდა და ა.შ.


როგორ განვითარდა პროცესები ნანა ლეჟავას მფლობელთან შეხვედრის შემდეგ? 

სტაფმა დაიწყო ფიქრი, როგორ შეიძლებოდა ემოქმედათ სამომავლოდ. იმ არხზე ადამიანები სამუშაოდ სხვა ტელევიზიებიდან წამოვიდნენ. შეიძლება ზუსტად იმის გამოც, რაც მე მაღლა ვთქვი. გამორჩეული ვითარება იყო, როცა ამ პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად, თავისუფლად მუშაობა შეგვეძლო. უფრო სწორად, გვეგონა, რომ ასე იყო. ადამიანებმა დატოვეს სამსახური და ახლა მუშაობენ იქ და ხელფასსაც არ აძლევენ.

შესაბამისად, თანამშრომლებშიც დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორ მოვიქცეთ? დაიწყეს იურისტებთან, მედია უფლებების დაცვით ორგანიზაციებთან, პროფკავშირებთან კონსულტაციები.პირველი რეაქცია იყო, რომ არ მივცეთ რაიმე ხელშესახები საბაბი, რომ საბოტაჟში დაგვადანაშაულონ, ამიტომ პირველი დღეები, მე არა, მე იმ დღიდან არ მივსულვარ ტელევიზიაში, მაგრამ ადამიანები მუშაობდნენ, ეთერში გადიოდა გადაცემა. ხარისხზე იქ ვერ დადებდა ვერავინ თავს, ადამიანებს ისეთ ფსიქოლოგიურ ვითარებაში უწევდათ მუშაობა, მაგრამ როცა უკვე ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ ხელფასის გადახდასაც არ აპირებდნენ, ამ ხელფასის მძევლებად აპირებდნენ ადამიანების მოქცევას. ჩვენ კონტრაქტში გვიწერია, რომ პირველიდან ხუთამდე უნდა მიგვეღო ანაზღაურება. ახლა უკვე აღარ არის ხუთი, კარგახანია გადაცდა.

ჩვენ ვიცით, რომ წინა თვეში ადამიანებს ჩარიცხული აქვთ ზუსტად ის ხელფასი, რაც კონტრაქტში წერია. ამის შემდეგ შოთას რიტორიკაში გაჩნდა ის, რომ თურმე საშემოსავლო დაქირავებულის გადასახდელი ყოფილა. აქ კურიოზი ისაა, რომ წინა თვეში ჩარიცხულია ზუსტად ის, რაც კონტრაქტში წერია, უბრალოდ ახლა კანონიერად როგორ უნდა დაასაბუთონ ის, რომ ამ თვეში სხვა ხელფასი უნდა ჩაერიცხოს ადამიანებს, ეგ არ ვიცი. ეს უკვე შოთას გადასაწყვეტია.


ტელევიზიის თანამშრომლებს თუ შეხვდა შოთა შალელაშვილი ან მისი მეუღლე? როგორ ხდება მათ შორის კომუნიკაცია?

შალელაშვილს მანამდე ნანასთანაც არ ჰქონდა შეხვედრა. მისი საკონტაქტო პირი სანდრო თოფურია იყო. შემდეგ მან [ლეჟავამ] ითხოვა, რომ იქნებ თანამშრომლებს მაინც შეხვდეთ და გაარკვიოთ, რა ხდებაო. თუ არ ვცდები, სანდრო თოფურია თანამშრომლებს ერთხელ შეხვდა, შალელაშვილი კი მათ დღემდე არ შეხვედრია.


ვინ ასრულებს ახლა TV 24-ის დირექტორის მოვალეობას და რატომ არ გადის საინფორმაციო გამოშვებები ტელევიზიის ეთერში?

საინფორმაციო იმიტომ არ გადის ეთერში, რომ საეთეროს პერსონალმა თქვა, თუ ხელფასს არ გვაძლევთ, არ გავუშვებთ ეთერშიო. ნანა იმიტომ ინარჩუნებდა სიჩუმეს, რომ ადამიანებისთვის, თუნდაც კუთვნილი ანაზღაურების მიღებაში, ხელი არ შეეშალა.
მის სამუშაო ოთახში ახლა ტექნიკური დირექტორი ზის, რომელიც სხვათაშორის, იმავე სანდრო თოფურიამ არაკეთილსინდისიერების გამო ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გაუშვა. ამბობდა, რომ „ატკატებს“ აკეთებდა, მკვდარ სულებს ხელფასებს უხდიდა და ასე შემდეგ. ანუ, ფაქტობრივად სისხლის სამართლის დანაშაულზე ლაპარაკობდა. ახლა ეს ადამიანი მოაბრუნეს და დირექტორის კაბინეტში ზის, ტექნიკური დირექტორის სტატუსით.

როგორც ვიცი, ტელევიზიაში თანამშრომლების ნაწილი დადის და ელოდებიან, როდის იქნება ხელფასი. ეთერში არ გადის არაფერი. რაც ვიცი ისაა, რომ ადამიანები კითხულობენ, როდის მოგვარდება ეს პრობლემა, რომ გაიგონ მაინც, ამ თვის ხელფასი ექნებათ თუ არა.


თუ გაქვთ ინფორმაცია, რას აპირებენ ჟურნალისტები?

როგორც კი ნანამ ეს ამბები გაასაჯაროვა, ვთქვი, რომ ამ თაღლითებთან თანამშრომლობას აღარ ვაპირებდი. ეს ცხადი გახდა მათთვისაც და იმის გამო, რომ გადაწყვეტილების ფორმირებაში არ ჩავრეულიყავი, ვცდილობ, რაც შეიძლება შემცირებული მქონდეს ურთიერთობაც, რომ რაიმე ზეწოლად არ აღიქვან. ეს ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს, უბრალოდ არჩევანს არ უტოვებენ. როგორ შეიძლება მუშაობა გააგრძელო, როცა ხელფასზე გაწუწუნებენ და თითქოს, ჯილდო უნდა ჩაგირიცხონ, ისეთ  რანგში აიყვანეს კუთვნილი ანაზღაურების ჩარიცხვა.

თანამშრომლებს აქვთ კითხვები, ამ კითხვებს ვერავინ ვერ პასუხობს, მათ შორის ვერც საინფორმაციო სამსახურის უფროსი, იმედა დარსალია. ვიცი, რომ დარსალია ცდილობს, შეხვედრები ჰქონდეს მათ შორის შოთასთანაც. არ ვიცი, შეხვდა თუ არა, მაგრამ ის რომ რაიმე გასაგები გზავნილი მოსულიყო მფლობელების მხრიდან, რომელიც ამ ადამიანებს დააკვალიანებდა, აგრძელებენ მუშაობას თუ არა, ასეთი არ ყოფილა, თორემ ნამდვილად მეცოდინებოდა.


როგორ შეაჯამებდით, TV 24-თან თანამშრომლობას?

ბევრს ვიცნობდი, ბევრს არ ვიცნობდი, საინტერესო და ძალიან კარგი ახალგაზრდა კოლეგები გავიცანი. მართლა იყო შესაძლებლობა, მიუხედავად ტექნიკური და კადრობრივი სიდუხჭირისა, შემოქმედებითად გვემუშავა. კარგი შეგრძნება იყო, როცა ახალ ამბებს მხოლოდ მაყურებლის ინტერესის და მათთვის ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობის პრიზმაში ატარებდი.

ბოლო მომენტამდე ერთ გუნდად ვმუშაობდით, ერთმანეთს ვეწუწუნებოდით: დავიღალე ძალიან, რამდენი ადამიანის საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ის, რომ ექსპერიმენტი ესე დასრულდებოდა, ვერ წარმოვიდგენდით.




როგორ განვითარდა მოვლენები TV 24-ში


ცნობილი, რომ TV 24 დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა წამყვანმა, ნანა ლეჟავამ დატოვა 8 ივლისს გახდა. თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ლეჟავა დირექტორობის თანამდებობიდან 6 ივლისს გათავისუფლდა და TV 24-ის დირექტორი ისევ ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, შოთა შალელაშვილის მეუღლე, ირა ფიჩხაძე გახდა. ტელევიზიის ამ გადაწყვეტილებას ხელს როგორც მესაკუთრის მინდობილი პირი, შალელაშვილი აწერს. ლეჟავამდე ტელეკომპანიის დირექტორი სწორედ ფიჩხაძე იყო.



შოთა შალელაშვილის მეუღლემ TV 24 მიმდინარე წლის 29 იანვარს 50 000 აშშ დოლარად იყიდა. შალელაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და მილიონერი ბიზნესმენია. მან IX მოწვევის პარლამენტი 2019 წელს დატოვა. ამჟამად ის პარტიის - „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 

TV 24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. 1 თვის შემდეგ, 10 ივლისს კი, დაახლოებით 19:54 წუთზე ტელევიზიის ეთერში გაჩნდა წარწერა: „საცდელი მაუწყებლობის ეტაპი დასრულდა, მალე დაგიბრუნდებით“. ეთერში არ გასულა მთავარი საინფორმაციო გამოშვება, მაუწყებლობა არ განახლებულა დღესაც.

TV 24-დან დირექტორის წასვლის მიზეზებზე საუბრისას შოთა შალელაშვილის ასისტენტმა, სანდრო თოფურიამ იმავე დღეს, 8 ივლისს „მედიაჩეკერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ნანა ლეჟავამ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან მფლობელისგან შეთავაზებულ თანამშრომლობის ფორმატზე კატეგორიული უარი თქვა, ფინანსურ ნაწილთან მისი დაკავშირება კი გამორიცხული იყო.  

TV 24-ის ყოფილმა დირექტორმა კი 10 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე ტელევიზიიდან მისი წამოსვლის მიზეზების შესახებ ვრცელი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

„მედიაჩეკერმა“ შოთა შალელაშვილთან ინტერვიუ TV 24-ის მაუწყებლობის დაწყებამდე, 2024 წლის აპრილში ჩაწერა. მაშინ შალელაშვილმა მეუღლის მიერ ტელეკომპანიის ყიდვა საკუთარ პოლიტიკურ გეგმებსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს არ დაუკავშირა და თქვა, რომ ტელევიზია მისი და მისი მეუღლის პირადი მომსახურეობისთვის არ იქნებოდა. 

„დამერწმუნეთ, სიტყვას გაძლევთ, რომ ბოროტად არ გამოვიყენებ. მე საერთოდ ბავშვობიდან მაქვს ობიექტურობის განცდა და ვერ ვიტან აი ზედმეტად პიარს, ზედმეტად დაუმსახურებლად გამოჩენას...ეს მე თვითონ ადამიანურად არ მახასიათებს, ამიტომ გპირდებით, რომ ჩვენი ტელევიზია იქნება ობიექტური, ხალხის სამსახურში და თუ ის დაკარგავს მის დანიშნულებას, რო ის ობიექტური იყოს, ჩემი მეუღლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ გააგრძელოს და ამით მორჩება ეს“, - თქვა შალელაშვილმა. 

„მედიაჩეკერმა“ შოთა შალელაშვილთან დაკავშირება 11 ივლისსაც სცადა, თუმცა, მან ჩვენს ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხა.

ნანა ლეჟავამ კი, გუშინ საღამოს კიდევ ერთი ფეისბუკ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „თაღლითები. დღე მეორე. ხელფასები ჩაურიცხეს მხოლოდ 17 თანამშრომელს. რა კრიტერიუმით, ვერ ვხვდები. პარტიის ოფისიდან  შემოუთვალეს ხალხს, კონტრაქტებშიო სამსახურის დაწყების ვადები არეულია და ვასწორებთო. თითოეულმა ადამიანმა იცის, როდის დაიწყო მუშაობა და ზუსტად ეგ თარიღები  უწერიათ კონტრაქტებშიც და მეორე, ადამიანმა აიღო წინა თვეში ხელფასი! და მათთვის ივნისი მეორე თვეა და მათ არ აძლევთ ხელფასს! ანუ წინა თვეში კარგად იყო ყველაფერი და ახლა აირია თარიღები??? რა ვადებს ამოწმებთ,ჩლუნგებო???  დააბოლეთ „თაობები საქართველოსთვის“ წევრები (ორნი ხართ სულ) და ხალხს მიეცით კუთვნილი ანაზღაურება. არ გავჩერდები!!! ხო, კიდევ  რეორგანიზაცია გამოუცხადებიათ))) კომპენსაციების გაცემა არ უნდათ. დანარჩენს ხვალ მოვყვები ზეგაც და ყოველ დღე, სანამ ყველა არ მიიღებს იმას, რისი ღირისაცაა!!“

 

linked icon styling WI