ჩვენი მთავარი საქმე ახლა არჩევნებია
25.10.2024


ნათია კაპანაძე ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მისი გუნდი 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების გაშუქების მხარდასაჭერად ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სამართლებრივ დახმარებას უწევს, მუშაობს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების დასაცავად და საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს საქართველოს პარლამენტში მედიის სამუშაო პირობების არაკონსტიტუციურობას. 

ნათიას საქმიანობა 2003 წლიდან „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ უკავშირდება. ის ხელმძღვანელობდა საიას „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრსაც“. 2011 წლიდან აკვირდება კომუნიკაციების კომისიას. 2016 - 2019 წლებში იყო საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი, როდესაც „ეუთოს“ შეფასებით, ის ერთადერთი მიუკერძოებელი ტელეარხი გახდა საქართველოში. ნათია კაპანაძე 2020 - 2022 წლებში იყო მედიის ადვოკატირების კოალიციის კოორდინატორი. ამჟამად კი კოალიციის წევრია. კითხულობს ლექციებსა და ტრენინგებს მედიასამართალში ჟურნალისტებისა და იურისტებისათვის. 

როდის ან რა იყო თქვენთვის პირველი სიგნალი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც დემოკრატიის პრობლემები ექნებოდა?

მე მგონი, ყველა ძალაუფლებასჩაბღაუჭებული ხელისუფლების აგონია ბოლო ჟამის დღეებში ჟურნალისტების მიმართ აგრესიაში ითარგმნება. 2012 წელს მთავარ სამიზნედ მედია იქცა. დღესაც იდენტურად იგრძნობა მედიის დევნის ჟინიც.

მახსოვს, საპარლამენტო არჩევნებმა ეს სიტუაცია განმუხტა. ახალმოსული ხელისუფლება არ ემალებოდა კამერებს, ჯერ კიდევ არ იტაცებდნენ მიკროფონებს. თუმცა, 2012 წელსვე, ხელისუფლების გადაბარების პროცესში, ბევრი სახიფათო სიგნალი გამოჩნდა. ყველაზე მარტივ მაგალითად სტინგის და კრის ბოტის კონცერტების დაფინანსების შესახებ კვლევას გავიხსენებ. „სტუდია მონიტორს“ ვეხმარებოდი საჯარო ინფორმაციის შეგროვებაში. ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას გვიმალავდა. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო პირადი მონაცემები და არ იყო საჯარო. ხელისუფლების ცვლილებისთანავე დამირეკა იმავე ადვოკატმა და აღმოჩნდა, რომ „მოულოდნელად“ ღია გახდა ის, რასაც არჩევნებამდე მალავდა. ამ ამბავს მოჰყვა ერთგვარი ტალღა სხვა მსგავს საქმეებზე. სხვისი შეგროვებული მონაცემებისთვის იმდენად ფართოდ გააღო ახალმა ხელისუფლებამ კარი, ვხვდებოდი, ეს სივრცე მაშინვე დაიხურებოდა, როგორც კი მათი საქმიანობის შესწავლასა და შეფასებას დავიწყებდით. ცხადად მახსოვს, ძალიან დამაფიქრა ადვოკატების ქცევის ცვლილებამ და მასთან დაკავშირებულმა ამბებმა. 

საფრთხეების გამოვლენის ამბავი აქ არ შეწყვეტილა, ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის 22 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „მე-9 არხი“ დაიხურებოდა და მისი ქონება გადაეცემოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ასეთი საჩუქრის ჩუქება ძალაუფლების სათავეში მყოფი მდიდარი პოლიტიკოსისგან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანში ამოიღებას ჰგავდა. ასე საკუთარი ქონებით და გავლენით ვიღაცას შეეძლო შეეცვალა საზოგადოებრივი მაუწყებელის შინაარსი. ძალიან, ძალიან საეჭვო და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის შემარყეველი ნაბიჯი იყო.  

ცოტა ხნის წინ, ახალი შენობის გახსნისას, ვასილ მაღლაფერიძის მიერ ისევ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილი მადლობით, ჩემთვის ეს ორი ამბავი გაერთიანდა. პოლიტიკური წარსულის მქონე მაღლაფერიძე 2012 წელში „მე-9 არხის“ დირექტორის მოადგილე იყო. 

პარალელურად ერთი ამბავიც განვითარდა - ასე თითქმის საჩუქრად გამზადებული „მე-9 არხი“ ვასილ მაღლაფერიძესთან და ჟურნალისტებთან ერთად კახა ბექაურმა დატოვა. მახსოვს, სამოქალაქო საზოგადოების წევრები ვღელავდით იქ მომუშავე ყველა ადამიანზე. საგანგებოდ ჩანიშნულ მხარდამჭერ შეხვედრაზე სწორედ ბექაურს დავუსვით კითხვები, რატომ იხურებოდა არხი, რა ბედი ეწეოდათ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ა.შ. მან ძალიან მშვიდად შეგვატყობინა მისი კარიერის მარეგულირებელ კომისიაში გაგრძელების შესაძლებლობაზე. მახსოვს ის შოკი და იმედგაცრუებაც. ჩემთვის ნათელი იყო მეორე სამიზნე - კომუნიკაციების კომისია. კომისიას წლების მანძილზე ვაკვირდებოდი, არასდროს იყო ხელისუფლებისგან თავისუფალი და 2012 წელს ყველას თვალწინ ერთი ხელიდან მეორეში გადაინაცვლა. ბექაური კი დღეს კომუნიკაციების კომისიის მესამედ არჩეული თავმჯდომარეა.

კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალი 2016 წლიდან, აჭარის ტელევიზიის არჩეული დირექტორი რომ ვიყავი, იმ პერიოდიდანაა. თავიდანვე მჭიდრო კომუნიკაცია მქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ძალიან ბევრი საერთო გეგმაც გვქონდა, სამომავლო თანამშრომლობის იდეები…მოულოდნელად 21 ნოემბერს გავიგე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობა დატოვა. უცნაური იყო. ადამიანს, რომელსაც წინა კვირას სრულიად განსხვავებული გეგმები ჰქონდა, ეს ყველაფერი გაურკვეველი მიზეზით შეეცვალა. უარი თქვა საჯარო პასუხისმგებლობაზე. თანაც ვიცოდი მისი დამოკიდებულებები. გიორგი ბარათაშვილს ადვოკატი ვიყავი, როდესაც იმპიჩმენტს უპირებდნენ. 2012-2016 წლებში ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილება დაეტყო არხს. შეიძლება ითქვას, ძალიან კარგად მუშაობდა, ვითარდებოდა. ბარათაშვილის უეცარი გადადგომა უკვე პირდაპირი ნიშანი იყო - საზოგადოებრივი მაუწყებლის საიმედოდ მისაკუთრების გეგმა არსებობდა. 


2016 წელს აჭარის ტელევიზიის დირექტორად აგირჩიეს. როგორ მოხდა ეს ან როგორ დაუშვეს?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსში მონაწილეობა, ალბათ, ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიმიღია. პროცესი შედგებოდა უამრავი ფრაგმენტისგან, ამბებისგან, რომელსაც ვერც დაადასტურებ და ვერც უარყოფ - იყო საუბარი ხმების გაყიდვაზეც, ერთი ხმის ნაცვლად ოთხი ახლობლის დანიშვნის შეთანხმებაზე, პოლიტიკურ დაპირებებზე, ნეპოტიზმზე, ისე როგორც ჩვენ პოლიტიკურ ყოფას შეეფერებოდა 2016 წელს… ეს და სხვა მსგავსი ამბავი რაღაცნაირი ბიძგი გახდა, მინდოდა, პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო.  

მახსოვს, არჩევნების დღეს სუსის თანამშრომელი იდგა აჭარის რადიოს შენობასთან და სიტუაციას პირადად აკონტროლებდა.პირველ ჯერზე ხმების არასაკმარისი რაოდენობა მივიღე. ნელ-ნელა იკვეთებოდა სხვა ქვეტექსტები, სხვა ამბების კონტურებიც. გასაუბრებები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, კონკურსი ჩაშლის პირას იყო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც სამოქალაქო სექტორისგან, ასევე ჟურნალისტებისგან. ამან გარკვეულწილად იმოქმედა გადაწყვეტილების მიმღებებზე და მათთან დაკავშირებულ ადამიანებზეც. იმ დროისათვის სამოქალაქო სექტორიდან გადასული ადამიანების ნიღბად და შირმად გამოყენება ხელისუფლებისთვის მომგებიანი პრაქტიკა იყო. ალბათ, 31 წლის უფლებადამცველის გამოცდილების იურისტი გოგო არ ჩანდა საგანგაშო ვერსია ხელისუფლებისთვის. წლების შემდეგ ვფიქრობ, ქალი რომ არ ვყოფილიყავი, ისე მონდომებით არ გამისწორდებოდნენ ჯოგის ინსტინქტებით. თუმცა, მეორე მხრივ, ვიცი, ქალი რომ არ ვყოფილიყავი, ემოციურად ვერ გაუძლებდი იმას, რაც ჩემთან მიმართებაში დაგეგმეს დასაშინებლად, დევნისთვის. ბოლოს, იმპიჩმენტიც სამაგალითოდ დასჯის სპექტაკლად დადგეს. 

მე ვიცოდი, რაც წერია “მაუწყებლობის შესახებ” კანონში აჭარის ტელევიზიის და რადიოს ფუნქციების შესახებ. „ოცნების“ მოსვლის შემდეგ შეიქმნა საკანონმდებლო ჩარჩო და ნორმების ნაწილი ჩემი აკრეფილიც კია. მაშინ ამ საკითხზე „მედიის ადვოკატირების კოალიციაში“ ვმუშაობდით. მაგრამ კანონების ცოდნასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ერთგულებამ გადამარჩინა. ახლაც ასე მჯერა, კრიტიკული საზოგადოებრივი მაუწყებელის პირობებში ცუდი ხელისუფლება ვერ გვეყოლება. 

ის რომ მომავალში ბევრი არეულობა იქნებოდა, ბევრი კოცონი დაინთებოდა ჩემ გარშემო, იქნებოდა შერყევის მცდელობები, ინტუიციურად ყოველთვის ვგრძნობდი და ველოდი. ყველა შემოტევა ბოლოს ერთი წინადადებით მთავრდებოდა - ყველაფერი გასაგებია, მესმის, მაგრამ კანონში სხვაგვარად წერია. იმპიჩმენტის დღესაც ამასვე ვამბობდი, უბრალოდ სხვა დავალება ჰქონდათ და ჩემს არგუმენტებსაც კი არ მოუსმინეს. 

რას უკავშირებთ თქვენს იმპიჩმენტს დღევანდელი გადმოსახედიდან? 

ძალიან ბევრი ფაქტორი იყო. სულ იგრძნობოდა, რომ ხელისუფლება ცდილობდა კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა მაუწყებელი. ეს ბევრად უხეშად იგრძნობოდა 2018 წლიდან, როცა აჭარის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავდა. 

მე, ალბათ, კანონი სარედაქციო თავისუფლებისთვის ბრძოლაში იმაზე კარგად ვიცოდი, ვიდრე მათ წარმოედგინათ. იმპიჩმენტს 2016-2019 წლებში მიუკერძოებლად გაშუქებულ არჩევნებს უფრო ვუკავშირებ. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაში ჩანდა, რომ აჭარის ტელევიზია ყველაზე ობიექტური და მიუკერძოებელი ტელეარხი იყო. „ეუთოს“ ოფიციალური დასკვნის შემდეგ, ვფიქრობ, როგორც უფლებადამცველი მედიაში ამაზე დიდს ვეღარაფერს გავაკეთებ. სარედაქციო დამოუკიდებლობის შექმნის ნაწილში ზედა ზღვარი ეს იყო. დღემდე შენახული მაქვს ოფიციალური წერილის კონვერტიც კი. ცხადია, ვხვდებოდი, ეს აღიარება იყო, მიღწევაც და დამოკლეს მახვილიც ჩემს თავზე. 2018 წელს ტოლერანტობის ქომაგის წოდებაც მომანიჭა სახალხო დამცველთან არსებულმა საბჭომ. ეს ფაქტიც იყო გამოწვევა. აჭარის რელიგიური მრავალფეროვნების მიუხედავად, მომისმენია, რომ მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის უნდა ემუშავა არხის დირექტორს.  

კიდევ ბევრი რამ იყო, რის გამოც უკვე მიზანში ვიყავი ამოღებული. დიდი გაღიზიანების მიზეზი იყო რუსული გავლენებისა და პროპაგანდის შემოუღწევლობაც აჭარის ტელევიზიაში. ჩემი იმპიჩმენტის დღეს პირველი განცხადება რუსულმა გაერთიანებამ, „უკვდავმა პოლკმა“ გაავრცელა. ამბობდნენ, ადამიანი, რომელიც ებრძოდა „უკვდავ პოლკს“ გათავისუფლებულია და ჩვენ გავიმარჯვეთო. გაუგებარია, რას ზეიმობდნენ. მე ბრძოლა არ შემიწყვეტია. მართალია, ქვეყნის შიგნით კლანის სასამართლოს პირობებში სამართლიანობა არ აღდგა, მაგრამ ჩემი საქმე ახლა სტრასბურგშია.  


რას საქმიანობს ამჟამად თქვენი ორგანიზაცია - „მედიაომბუდსმენი“?

არც კი მჯერა, რომ 21 წელია გამოხატვის თავისუფლების დასაცავად უფლებადამცველებთან ერთად ვმუშაობ. ახლა ვცდილობ, ჩემი მძიმე წარსული გამოცდილება მედიის სამართლებრივი დახმარების კარგ რესურსებად გადაქცევაში გამოვიყენო. როგორც ყოველთვის, ახლაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ვიცავ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარეშე დემოკრატია ვერ იცოცხლებს. ვცდილობ დავეხმარო მედიას, ადამიანებამდე მრავალფეროვანი ინფორმაციის მიტანა შეძლონ. 

ჯერ ძალიან პატარა გუნდი ვართ, მე, ილონა დიასამაძე და ჯანო ჭკადუა. ჩვენ ვახერხებთ, რომ საკმაოდ ბევრ გამოწვევას გავუმკლავდეთ. სულ ახლახანს სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩვენი საქმეები, სადაც ე.წ. რუსული კანონის საქმეზე მორალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ. ასევე, ვმუშაობთ 2023 და 2024 წელს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების საქმეებზე. აგრეთვე ვაკვირდებით კომუნიკაციების კომისიის მუშაობას. 

ჩვენი მთავარი საქმე ახლა არჩევნებია. გვაქვს წინასაარჩევნო ცხელი ხაზი, ჩავატარეთ ტრენინგები ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის, გავავრცელეთ დეტალური გაიდლაინი რომ ნებისმიერი გამოცდილების მედიის წარმომადგენელს ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია გადაღების რეგულაციებზე. არჩევნების დღეს ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592

ზუსტად ვიცი, ამ არჩევნებით განახლდება ხელისუფლების სამი შტო და მედიაც დაიბრუნებს თავის საპატიო ადგილს ხელისუფლების დანაწილების დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად - იქნება გავლენიანი მაკონტროლებელი მეოთხე ხელისუფლება. მე პირადად ამისთვის გავაგრძელებ მუშაობას. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ