საქართველო
კატეგორია - საქართველო


აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, როის ლამბერტმა პრეზიდენტ დონალდ  ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, აღედგინა ყველა სამუშაო ადგილი და დაფინანსება „ამერიკის ხმისა“ და აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი სხვა საინფორმაციო საშუალებებისთვის.

მოსამართლის შეფასებით, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სამსახურის გაუქმების მცდელობა კანონისა და კონსტიტუციის დაარღვევით მოხდა.

როის ლამბერტის თქმით, „ამერიკის ხმის“ გაჩუმებამ პირველად 80 წლის განმავლობაში, ასობით მილიონი მსმენელი დატოვა ახალი ამბების სანდო წყაროს გარეშე მსოფლიოს იმ ნაწილებში, რომლებსაც თავისუფალი პრესა არ გააჩნიათ.

26 მარტს, შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნაც დააკმაყოფილა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.

15 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორც „ამერიკის ხმას“, ისე „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას“ და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

 
კატეგორია - საქართველო


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება „ქართული ოცნების“ აშკარა მცდელობაა ჩაახშოს კრიტიკული ხმები.

„მზიას დაკავება არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აშკარა მცდელობა, რომ ჩაახშოს კრიტიკული ხმა, შეაშინოს დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგურონ ყველაფერი, რაც ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიისგან დარჩა. მიუხედავად მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებისა, ქართველი ჟურნალისტები, მათ შორის მზიაც, ბრძოლას აგრძელებენ. 

კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და გამოვხატავთ ჩვენს სრულ სოლიდარობას მისი ოჯახისა და კოლეგების მიმართ. შემოგვიერთდით მზიას გათავისუფლების მოთხოვნით ,“ - აღნიშნულია IPI-ის განცხადებაში.

მზია ამაღლობელის 100-დღიან პატიმრობას გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.

„დღეს ასი დღე შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. მზია ამაღლობელის საქმეში "დაზარალებულ" პოლიციელებს მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო კეთილდღეობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის მიმართ.

საზოგადოება იდგება სიმართლის მხარეს, ისევე, როგორც მზია ამაღლობელი, რომელმაც, როგორც ჟურნალისტმა, სიმართლის ძიება და მისი გახმოვანება პროფესიად და ცხოვრების წესად აირჩია“, - წერს კოალიცია. 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა.

კატეგორია - საქართველო


დღეს, 17 აპრილს „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ აფგან სადიგოვთან ერთად, რომელიც საპატიმროდან გუშინ გაათავისუფლეს, პრესკონფერენცია გამართა.


აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, რომელიც თბილისში, გასული წლის აგვისტოში დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, შეხვედრაზე საუბარი ქართველი ჟურნალისტებისადმი მადლიერების გამოხატვით დაიწყო:

„მოგესალმებით გაბედულ, მამაც ჟურნალისტებს. დიქტატორ კობახიძეს და განგსტერ, მაფიოზ ივანიშვილს ბედმა არ გაუღიმა, რადგან თქვენნაირი ჟურნალიტები და მედიის  წარმომადგენლები ჰყავთ საქართველოში. ასევე, ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩემთან დაკავშირებულ ამბებს ყოველთვის აყენებდით დღის წესრიგში და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამყოფებდით“. 

აფგან სადიგოვის თქმით, ის 2024 წლის 3 აგვისტოს ილჰამ ალიევის შეკვეთით და საქართველოში ირაკლი კობახიძის დავალებით დააკავეს.

„საქართველოში დამაკავეს დიქტატორი ალიევის შეკვეთით და საქართველოში დიქტატორობის გზაზე ახლადშემდგარი კობახიძის დავალებით…უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება აფგან სადიგოვი დაიჭირონ, შეიძლება მოკლან კიდეც, მაგრამ მათ ნაცვლად აუცილებლად სხვები გამოჩნდებიან. აზერბაიჯანში უკვე 400-მდე პოლიტიკური პატიმარია და არსებული რეჟიმის სიველურე და სიმხეცე პიკს აღწევს. ბევრი ქალი ჟურნალისტია დაკავებული ცილისწამებით. 

აზერბაიჯანში ყოველ ჯერზე როცა მაკავებდნენ, ჩემს ოჯახს აშანტაჟებდნენ და მცირეწლოვანი შვილების მკვლელობით მემუქრებოდნენ. ყოველ ჯერზე მივმართავდი ალიევს, რომ ეს ჩვენი ბრძოლაა და ოჯახს უნდა შეშვებოდა, კრიტიკოსების გაჩუმებას კი ვერ მიიღებდა. სამწუხაროდ, დიქტატორები არასდროს გამოსწორდებიან“. 

სადიგოვმა სოლიდარობა გამოუცხადა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტროს, მზია ამაღლობელსაც და აღნიშნა, რომ ის ცილისწამების საფუძველზეა დაკავებული.

გუშინ, 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა. სადიგოვი პატიმრობიდან გუშინვე გათავისუფლდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს, რომელიც აფგან სადიგოვისთვის 3 მაისს იწურებოდა, რის გამოც პროკურატურა იძულებული გახდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, სასამართლოსთვის მიემართა.  

„თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის მიმართ აღნიშნული განჩინება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული  სასამართლოს მიერ 2025 წლის 27 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას დააფუძნა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აეკრძალა. აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს - პროცესი კი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს,“ - წერს ორგანიზაცია. 

Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი თბილისში, გასული წლის 3 აგვისტოს დააკავეს და მეორე დღეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს პატიმრობა მეორედ, კიდევ 3 თვით 2025 წლის 31 იანვარს გაუხანგრძლივა.

ვრცლად აფგან სადიგოვის საქმის შესახებ გაეცანით „მედიაჩეკერის“ სტატიას - სადიგოვის საქმე ვრცლად: საექსტრადიციო პატიმრობა სააპელაციოში გასაჩივრდა

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, მედიაგარემოს უწყვეტი და სისტემური გაუარესების შედეგად როგორც მედიასაშუალებებს, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს საქართველოში ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრებათ. 

ქარტია ყველა იმ საკითხსა და ბოლოდროინდელ შემთხვევას აჯამებს, რაც ამ უკუსვლას ადასტურებს და საერთაშორისო საზოგადოებას მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად „ქართული ოცნების“ მიმართ წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.  

მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები ერთიმეორის მიყოლებით განახორციელა:

„დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის კამპანია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღებით დაგვირგვინდა. მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა თვითრეგულირების მექანიზმები დაასუსტა და საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას შინაარსობრივი საკითხების გამო ტელე და რადიო კომპანიების დასანქცირების მანდატი მიანიჭა. მაუწყებლებმა დასავლურ ფინანსებსა და ექსპერტიზაზე წვდომაც დაკარგეს. ცვლილებებით კანონში გრანტების შესახებ „ქართულმა  ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის განკუთვნილ საგრანტო რესურსებზე  სრული კონტროლი მიიღო“.  

მზია ამაღლობელის დაკავება

ქარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკანონო პატიმრობაში რჩება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

„ამჟამად ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პოლიციელები სასამართლოს ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ, ხოლო მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რომლითაც მზია ამაღლობლის უდანაშაულობა დასტურდება, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმიდან ამორიცხულია. მანამდე, 18 მარტს, გაყალბებული ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2,000 ლარით დააჯარიმეს“.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა მთელი ძალისხმევა არხის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების პროტესტის დათრგუნვისკენ მიმართეს. 

„მათ გაუმჭვირვალე შიდა მოკვლევა იმ ჟურნალისტებზე თავდასასხმელად და მათი დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს, ვინც დღემდე არხის ხელმძღვანელობისგან პოლიტიკურ მიუკერძოებლობას, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარებასა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას ითხოვს. პროცესის კულმინაცია აღმოჩნდა 11 აპრილს ორი მაღალი სანდოობის ჟურნალისტის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის, სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური სასჯელი დაუწესეს კიდევ ოთხ ჟურნალისტს - თამარ მშვენიერაძეს, სოსო კაციტაძეს, კახაბერ მელიქიძეს და ირმა ჩუბინიძეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოება „ქართულ ოცნების“ მიმართ დაადასტურა როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, ისე ეუთო-ოდირის  მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მონიტორინგმა. სწორედ არხის ხელმძღვანელობის მიერ მათთვის გაზიარებული კრიტიკული შენიშვნების უგულვებელყოფის გამო დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებელი მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თეა კახიანმა“. 

ქარტიის განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც „საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა და დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას განაგრძობს“, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ მეორედ, ახლა უკვე 6-წლიანი ვადით, აირჩია ვასილ მაღლაფერიძე, რომლის მჭიდრო კავშირებიც „ქართულ ოცნებასთან“ დადასტურებულია და რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები უკვე დიდი ხანია სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ედავებიან. 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმასაც, რომ ღია ეთერის მოთხოვნით საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვლავინდებურად იკრიბებიან მოქალაქეები და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები. 

ჟურნალისტების დაჯარიმება და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტების დასაშინებლად პოლიცია ფინანსურ ბერკეტებსაც იყენებს:

„პოლიციამ 5,000-ლარიანი ჯარიმა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 20-ზე მეტ ჟურნალისტს გამოუწერა მაშინ, როცა ისინი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მართალია, ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელებმა საჩივარი უკან გაიხმეს მას შემდეგ, რაც მათ ჟურნალისტებმა შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგინეს, ყველა საქმე მარტივად არ დასრულებულა. ზოგიერთი ჟურნალისტი ახლაც სასამართლო პროცესის მოლოდინშია“. 

ორგანიზაცია წერს, რომ , „ქართული ოცნება“ საქართველოში შემოსვლის საშუალებას ისევ არ აძლევს იმ უცხოელ ჟურნალისტებსაც, რომლებიც პროევროპულ აქციებს აშუქებდნენ. მათ შორის არიან ფრანგი ჟურნალისტები კლემენტ ჟირარდო და ჟერომ შობო.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, ძალადობრივი გარემო ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველია იმ დროსაც, როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და მაშინაც, როცა სხვა საქმით არიან დაკავებული: 

  • „6 აპრილს პოლიციამ მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ეჭვის საფუძველზე ჯერ გააჩერა, ხოლო შემდეგ „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით“ დააკავა „ინდიგოს“ ფოტოჟურნალისტი საბა სორდია. პოლიციელებმა საბა სორდიას მიმართ ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენეს და მას კამერის დამტვრევით დაემუქრნენ. სასამართლოში გადაყვანამდე საბა სორდია იზოლატორში 48 საათით დააყოვნეს. დღეს, 17 აპრილს კი სასამართლომ ის  2500 ლარით დააჯარიმა.  
  • 8 აპრილს „ტვ პირველის“ ოპერატორს ლაშა ჯიოშვილს პოლიციამ ფეისბუკ პოსტის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. პოლიცია ჯიოშვილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. 
  • 22 მარტს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ „აჭარა თაიმსის“ დირექტორს, სულხან მესხიძეს და საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტს, ლია ტოკლიკიშვილს, რომლებიც ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მივიდნენ, რათა სამშენებლო უსაფრთხოების საკითხები გაეშუქებინათ. მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. 

როგორც ქარტია წერს, ჟურნალისტებს ადგილობრივი მთავრობის, საკრებულოსა და კომისიების სხდომებზე წვდომას უკანონოდ უზღუდავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ჟურნალისტების მიმართ რეპრესიულ ზომებს იღებს პარლამენტიც.

სასამართლო პროცესები

ქარტია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო ის ჟურნალისტები, რომლებიც ნოემბრის ბოლოს, პროევროპული აქციების გაშუქებისას პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა:

„ეს იმ ფონზე, როცა დამნაშავე პოლიციელებს, რომელთაც ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს და უფლებამოსილებას გადაამეტეს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც ბევრმა ჟურნალისტმა მისცა ჩვენება, ვერ მიაგნო“.  

  •  გამოცემა „პუბლიკას“ ფოტორეპორტიორს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, პოლიციელებმა 28-29 ნოემბრის ღამეს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, თავისა და სახის არეში. ჟურნალისტს, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ჯანმრთელობის პრობლემები დღემდე აწუხებს. იმ დღეს ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციელებმა სამუშაო აპარატურაც წაართვეს. შსს ჟურნალისტს, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა. მოსამართლემ 17 მარტს ალექსანდრე ქეშელაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. 
  • შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა „რადიო თავისუფლების“ პროდიუსერს, ბექა ბერაძესაც, რომელმაც 12 მარტს მოსამართლისგან სიტყვიერი შენიშვნა მიიღო. ჟურნალისტი პოლიციელებმა 1 დეკემბრის ღამეს პროევროპული აქციის დროს ინგოროყვას ქუჩის მიმდებარედ დააკავეს და სცემეს. 
  • 10 თებერვალს სასამართლომ სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამრღვევად ცნო „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. ბარამის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში სამართალწარმოება შეწყდა. ის პოლიციამ 19 ნოემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მელიქიშვილის გამზირზე აქციიის გაშუქებისას ძალის გამოყენებით დააკავა. მიყენებული დაზიანებების გამო ოპერატორს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 154-ე (პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა) მუხლებით საქმის გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც

ორგანიზაცია იხსენებს 20 მარტს მომხდარ შემთხვევასაც, როდესაც მოსამართლემ, საჯაროდ შენიშვნის მიცემის შემდეგ, სხდომათა დარბაზიდან გააძევა „ტვ პირველის“ ჟურნალისტები მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია, რომელთაც მანამდე არ მისცა ფოტოგადაღების უფლება, რის თაობაზეც მოთხოვნა მათ წინასწარ, კანონით გათვალისწინებული პროცედურით ჰქონდათ გაგზავნილი. 

ქარტია წერს, რომ შექმნილი მძიმე პირობების გამო ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებენ რეგიონული მედიასაშუალებები. მაგალითად, აჭარაში მოქმედმა ერთადერთმა კომერციულმა ტელემაუწყებელმა, „ტვ 25“-მა საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური ტოქშოუები იანვრიდან შეაჩერა. 16 აპრილს კი ტელეკომპანიის პარტნიორთა კრებამ მისი 100%-იანი წილი გასაყიდად გაიტანა. 

კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გადაცემა „რეალური სივრცის“ რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, „შაბათ-კვირის შოუს“ კორესპონდენტი ანა აბაკელია და ამავე გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერი თამარ ჭინჭარაულიც გააფრთხილა. 

დისციპლინარული სანქციის შესახებ ბრძანებით, რომელიც სამივე მათგანის შემთხვევაში იდენტურია, თინათინ ბერძენიშვილმა თანამშრომლებს „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 11 აპრილს, სამსახურიდან ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გაათავისუფლა, კიდევ 4 თანამშრომელი: „რეალური სივრცის“ კორესპონდენტი და წამყვანი, თამარ მშვენიერაძე და იოსებ კაციტაძე, პულტის რეჟისორი და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი, კახაბერ მელიქიძე და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი, ირმა ჩუბინიძე კი შესაძლო გათავისუფლების შესახებ მსგავსი საფუძვლით გააფრთხილა. 

ტელევიზიის შეფასებით, „მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული“.

ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ტელევიზიის გენერალური დირექტორის მიერ გაფრთხილებული თანამშრომლები „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.

 
კატეგორია - საქართველო


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებას გმობს, მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებიც „პოლიტიკური კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გააჩუმეს“ და არხზე მათ აღდგენას მოითხოვს.

„პირველი არხიდან“ ჟურნალისტების გათავისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შესახებ უსამართლოა. ქარტია საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ არაჯანსაღ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძესა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს აკისრებს. 

„მათ მიერ გატარებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ დააპირისპირა თანამშრომლები, ტელევიზიაში შექმნა მტრული გარემო, სადაც ჟურნალისტებს და ტექნიკურ პერსონალს არ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმისა და პროფესიული სტანდარტების დაცვით მუშაობის შესაძლებლობა. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ასახავდეს საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვნებას. ამის საპირისპიროდ, სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა ტელევიზია გადააქცია პარტიულ ორგანოდ და დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების წყაროდ“.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის ტელეკომპანიიდან  გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრიც“. 

SJC-ის განცხადებით, მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო და ეს ჟურნალისტების შრომის, გამოხატვისა და თანასწორობის უფლებებს ღიად არღვევს. 

„მთლიანობაში, მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციით დაცულ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური კონტროლის მოპოვების და მიტაცების უმძიმეს რეალობას აჩვენებს, რაც საქართველოში მედიის გაუარესებული მდგომარეობის ფონზე, ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის შემაშფოთებელი ტენდენციის გამოვლინებაა“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით კი, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პროფესიონალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტების უკანონო გათავისუფლება „ქართული ოცნებისა“ და მაუწყებლის ხელმძღვანელობის რეპრესიული პოლიტიკის შედეგია.

კოალიცია „ევროპის მაუწყებელთა კავშირს“ (EBU) მოუწოდებს დაუყოვნებლივ იმოქმედოს საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის დასაცავად და სათანადო რეაგირება მოახდინოს შექმნილ ვითარებაზე.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა, კიდევ 4 თანამშრომლის: „რეალური სივრცის“ კორესპონდენტისა და წამყვანის, თამარ მშვენიერაძისა და იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ კი სხვა სახის დისციპლინური სანქცია გამოიყენა. 

თინათინ ბერძენიშვილმა მათ „მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭქვეშ დაყენებითა და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების” გამო საყვედური გამოუცხადა და თანამშრომლები 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში” შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.

ტელევიზიის შეფასებით, „მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული“. მენეჯმენტის გადაწყვეტილებას კი „სევდიანად კომიკურს“ უწოდებს „რელური სივრცის“ წამყვანი, სოსო კაციტაძე. 

„რაც „მოამბეში“ ხდება და როგორც შუქდება ამბები, ეგ არის საზიანო რეპუტაციისთვის და არა ის, რომ თანამშრომელმა ილაპარაკოს იმაზე, რალურად რა პრობლემის წინაშე დგას არხი, რომელსაც ძალიან დიდი ფინანსები აქვს და აქვს ის მხარდაჭერა, რომ საზოგადოების დაფინანსების გამო, სრულიად დამოუკიდებელი იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან თუ ბიზნესინტერესისგან, მაგრამ ამას არ აკეთებს“.

ტელევიზიის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძისთვის. 

„გაოცებული ვუყურებდი მე თვითონაც ჩემს გვარს, განცხადებაში რომ აღმოვაჩინე. ერთნაირი წერილი მივიღეთ. იქ ასეთი რამე წერია, რომ 12 თვის განმავლობაში დაგვაკვირდებიან, აწი როგორც მოვიქცევით და ამის მიხედვით შესაძლებელია გაგვაგდონ სამსახურიდან. ეს ყველაფერი, ალბათ, იმის ანარეკია, რაც ქვეყანაში ხდება“, - ამბობს ჩუბინიძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. 

მეორე დღეს, 12 აპრილს განცხადება გაავრცელა „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმაც“. ისინი მენეჯმენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენას მოითხოვენ:

„დაშინების და მუქარის მცდელობების მიუხედავად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ვაგრძელებთ ბრძოლას საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად - მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ანა მეტრეველის სამსახურში აღდგენას. მოვითხოვთ თანამშრომლებზე ზეწოლის შეწყვეტას, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში, სწორედ ამ მიზეზით რამდენიმე ადამიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. მოვითხოვთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დაბრუნებას „მოამბის“ წამყვანის პოზიციაზე და „რეალური სივრცის“ სატელევიზიო ეთერში დაბრუნებას ნინო ზაუტაშვილთან ერთად, ვინაიდან „რეალური სივრცე“ არხზე ერთადერთი გადაცემაა, რომელიც სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებდა საზოგადოებაში და ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს, სადაც ისმოდა თქვენი, ხალხის ხმა“.

---------------
„საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ტელევიზიის თანამშრომელთა გაერთიანებაა. ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, თამარ მშვენიერაძე, სოსო კაციტაძე და სხვები ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.
---------------

12 აპრილს არხიდან გათავისუფლებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა  საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან. პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, გოტა ჭანტურიამ „პირველი არხის“ თანამშრომლებს კოლეგებისადმი სოლიდარობისკენ მოუწოდა:

„30 ნოემბრიდან ჩვენ აქტიურად, ყოველდღიურად ვაპროტესტებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, რომ ეს ტელევიზია გადაქცეულია უკვე ძალიან ცხადად, ძალიან ნათლად „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ მანქანად და შეფარვით, „იმედისგან“ და „პოსტვისგან“ განსხვავებით, სხვა სტრატეგია, სხვა ტაქტიკები აქვთ, შეიძლება ითქვას კიდევ უფრო მავნებლურიც კი, რაღაც მხრივ“.

ჟურნალისტ თამუნა ილურიძის შეფასებით კი, მისი ახალი კოლეგები, რომლებიც ახალ საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობენ, მენეჯმენტთან ერთად, წარმატებით ატარებენ რუსულ ნარატივს და პრორუსული ინტერესებისთვის მუშაობენ.

„ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, როგორ წარმოუდგენიათ 1, 10 წლის შემდეგ, არ ეშინიათ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას რომ გადახედავენ, რისთვის მუშაობენ, ვისთვის მუშაობენ, სად მივალთ მათი ასეთი მუშაობით? მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ის ნაწილი მაინც, ვინც საზოგადოებრივ მაუწყებელში ასე პრინციპულად იცავს, იბრძვის ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, პროფესიული ეთიკისა და ღირსებისთვის, გაიტანს ამ ბრძოლას და დავძლევთ ამ სირთულეს არამხოლოდ მედიაში, არამედ ზოგადად, საზოგადოებასა და ქვეყანაში“.

12 აპრილსვე საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა ტელევიზიის მონიტორინგის მენეჯერმა თეა კახიანმა და „პირველი არხის“ რადიო გადაცემის წამყვანმა, დავით ველიჯანაშვილმა

„საქართველოს პირველი არხის შიდა მონიტორინგის ფარგლებში წარმოებული კვლევების და ეუთო-ოდირის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ანგარიშის დასკვნების მიხედვით, საქართველოს პირველი არხი ავლენს მიკერძოებას მმართველი პარტიის მიმართ და შესაბამისად, ვეღარ პასუხობს კანონით დადგენილ ინსტიტუციურ მოთხოვნებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესში თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია რადგან არ აღმოჩნდა ვითარების გამოსწორების საფუძველი და არც სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის, მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ჩემს მიერ გაგზავნილი ვრცელი წერილი გახდა სათანადო რეაგირების საგანი, იძულებული ვარ მივიღო ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება.

ვთვლი, რომ არსებულ ვითარებაში მონიტორინგის სამსახურმა დაკარგა მისთვის მინიჭებული ფუნქცია და მოცემულ პირობებში მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება არა მხოლოდ აზრს მოკლებულია, არამედ ინსტიტუციური ღირებულებების უარყოფის თანამონაწილეობას ნიშნავს.

გამომდინარე აქედან, გთხოვთ, 2025 წლის 17 მაისიდან, გამათავისუფლოთ დაკავებული პოზიციიდან პირადი განცხადების საფუძველზე“, - წერს თეა კახიანი თინათინ ბერძენიშვილისთვის გაგზავნილ განცხადებაში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ე.წ. მოკვლევა, რომლის ჩატარებაც ტელევიზიის იურისტს, ელენე მიხაილოვას სამეურვე საბჭოს თავმჯომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დაავალა. ტელევიზიაში დაწყებული „მოკვლევის“ შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა სამუშაო შეხვედრა 21 მარტს გამართა. მათ თქვეს, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან გაჟღერებული კრიტიკული განცხადებებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსს ამ დრომდე არ ანიჭებენ. 

გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 12 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას შეეხება, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს.

„მზია ამაღლობელს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. საიას ადვოკატის ყველა წერილობითი მიმართვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ უპასუხოდ დატოვა, რის შემდგომაც პროკურატურის უმოქმედობა გასაჩივრდა სასამართლოში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და ამდენად, უარი განაცხადა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე“. 

როგორც საია განმარტავს, საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს და არაა დაკმაყოფილებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოძიების სტანდარტი.

„კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ დრომდე მოწმის სახით მხოლოდ სამართალდამცავი პირები არიან გამოკითხულნი, რომლებიც ირაკლი დგებუაძესთან სამსახურებრივად არიან დაკავშირებულნი ან დაქვემდებარებულნი, რის გამოც არიან სუბიექტურები და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში გამოძიების შედეგით დაინტერესება იკვეთება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღემდე არ გამოუკითხავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე წუთში შეხვდა მზია ამაღლობელს. მას შესაძლოა ჰქონდეს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაცია. აღნიშნული პირი მზია ამაღლობელს შეხვდა იმ პერიოდში, როდესაც მის ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში სრულიად უკანონოდ არ ეძლეოდათ მასთან გასაუბრების შესაძლებლობა.

საქმეში დღეის მდგომარეობით მხოლოდ ორი კამერის ჩანაწერია, რომელთა დაფარვის არეალშიც ხვდება დეპარტამენტის ის შესასვლელი, რომლიდანაც, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ. შესაბამისად, აღნიშნულ ჩანაწერებში მზია ამაღლობელის არათუ უფლებადარღვევის, არამედ დეპარტამენტში შეყვანის კადრებიც კი არ ჩანს“.

ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ ექსპერტიზების დანიშვნიდან თითქმის 3 თვე გავიდა, საქმის მასალებში კი მისი დასკვნები დღემდე არ მოიპოვება.

გარდა ამისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს, რომელმაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, იქვე არსებულ ბოძზე გარე სათვალთვალო კამერა  აღმოაჩინა და ბათუმის მერიას მისი ჩანაწერები მოსთხოვა, ეცნობა, რომ კამერა მზია ამაღლობელის დაკავების შემდგომ დამონტაჟდა. თუმცა, როგორც საია წერს, საქმეში კი ამ ეტაპზე არ მოიპოვება კამერის მოგვიანებით დამონტაჟების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

„აღსანიშნავია, რომ გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა იმით, თუ რატომ ედო მზია ამაღლობელს ხელბორკილები რამდენიმე საათის განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, როდესაც ოთახში მასთან ერთად არაერთი პოლიციელი იმყოფებოდა, რატომ უტარდებოდა მას საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ბორკილებდადებულს, მაშინ როდესაც პოლიციელებისვე ჩვენებით, მზია ამაღლობელი მათთან თანამშრომლობდა და არანაირ საფრთხე მისგან არ მომდინარეობდა.

საქმის მასალების გაცნობისას ასევე გამოვლინდა, რომ ამ დრომდე საქმის მასალებს არ ერთვოდა მზია ამაღლობელის საიას ადვოკატების მიერ გაგზავნილი მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ასახავს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს. მასალების გაცნობისას აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიის დაფიქსირების შემდეგ, გამომძიებელმა ადვოკატს აღნიშნული მასალები მატერიალური სახით წარუდგინა, თუმცა ფორმალური და პროცედურული თვალსაზრისით კვლავ უცნობია, რატომ არ არის ეს მტკიცებულებები დართული საქმეზე სხვა მასალების მსგავსად“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ეს გარემოებები მიანიშნებს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებული გამოძიება არ არის ეფექტიანი და უგულებელყოფილია გამოძიების ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად წარმოების საკანონმდებლო სტანდარტი.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. 

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

პოლიცია მზია ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, თუმცა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამაღლობელი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა.

 
კატეგორია - საქართველო


Amnesty International-ი მზია ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით კამპანიას იწყებს. ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელისთვის, კოკა კაციტაძისთვის გაგზავნილ წერილს ავრცელებს და ყველას მოქმედებისკენ მოუწოდებს, მიმართონ კაციტაძეს თავიანთი სიტყვებით ან გამოიყენონ წერილის შაბლონი. 


Amnesty International-ის წერილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს:

________________________________

კოკა კაციტაძეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს
მისამართი: მ. ასათიანის №09, თბილისი, საქართველო

ბატონო კოკა,

წინამდებარე წერილით მოვითხოვ სამართალს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისათვის. ასევე მოვითხოვ, რომ სამართლებრივად აგონ პასუხი პოლიციის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს ძალადობას და სხვა სამართალდარღვევებს მიმართეს ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. კერძოდ, პასუხი აგოს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და ასევე იმ პირებმა, ვინც დაკავებულთა მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაში არიან ეჭვმიტანილნი.

როგორც კარგად მოგეხსენებათ, მზია ამაღლობელი სასამართლოს წინაშე წარდგა ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით და მას პატიმრობა ემუქრება დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში.

არსებობს ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ ამაღლობელი დგებუაძეს სახეში სილას აწნავს, თუმცა ამას წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან ბათუმის ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა და მზია ამაღლობელის იმ ღამით პირველი, სრულიად დაუსაბუთებელი დაკავება. არსებობს ვიდეომასალა, სადაც ირაკლი დგებუაძე აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტს. ასევე მრავლად არის ინფორმაცია, რომ იგი ძალადობდა ან ჰქონდა ძალადობრივი მეთოდების გამოყენების მცდელობა დაკავებულ მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ შორის მზია ამაღლობელთან მიმართებით პოლიციის განყოფილებაში.

შემაშფოთებელია, რომ მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს მოსამართლის სწრაფი გადაწყვეტილებით, როდესაც მან გაიზიარა პროკურატურის მტკიცება, თითქოს ამაღლობელს შეეძლო მიმალვა, დანაშაულის განმეორებით ჩადენა და გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენა, თუ საპატიმროს გარეთ იქნებოდა. მას არ ჰქონია საშუალება, რომ მიეღო ადეკვატური სამედიცინო სერვისები და მკურნალობა იმ დაზიანებებზე, რომლებიც, მისი თქმით, პოლიციამ დაკავებისას მიაყენა. მისი სასამართლო პროცესისას, ადვოკატების თითქმის 50-მდე შუამდგომლობიდან მოსამართლემ არ გაიზიარა არცერთი. დაცვის მხრიდან დაიკითხა მხოლოდ სამი მოწმე. სასამართლომ უარი თქვა, რომ ჯვარედინი დაკითხვისთვის დაებარებინა პოლიციელები, რომელთა ჩვენებებსაც ბრალდება ეყრდნობა. იმავენაირად მოიქცა სააპელაციო სასამართლო, თუმცა საქმეში მტკიცებულებად დაუშვა გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც მზია ამაღლობელის მონაწილეობას ასახავს 11 იანვრის აქციაზე.

არც პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს და არც სხვა პოლიციელებს არ შესჩერებიათ უფლებამოსილება, მიუხედავად მტკიცებულებებისა და ბრალდებებისა მათ წინააღმდეგ.  სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნომინალურად აღძრა საქმე ამ ბრალდებების გათვალისწინებით და არ გამოუვლენია არცერთი ეჭვმიტანილი, დაზარალებულად არ უცნია არცერთი მომჩივანი. საჯაროდ არ გაუკეთებია არანაირი განცხადება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ეს არა მხოლოდ აყოვნებს ან აჩერებს სამართლებრივ რეაგირებას პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობრივ ქმედებებზე, არამედ სრულიად საპირისპირო პროცესია, რაც მზია ამაღლობელთან მიმართებით მიმდინარეობს. ის, თუ როგორ წარიმართება მზია ამაღლობელის საქმე, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, რომლის მიზანიც მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯაა, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს, და ასევე კონკრეტული სიგნალია სხვა დემონსტრანტებისთვის.

მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძესა და ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფუძვლო დაკავებასა და მათ მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ, სანამ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ იქნება სწრაფად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოძიებული. ეს ეხება 11-12 იანვრის ღამის მონაწილე პოლიციელებს და არამარტო მათ. ამასთან, შესაბამისი დისციპლინური, ადმინისტრაციული თუ კრიმინალური სამართალწარმოება უნდა ითვალისწინებდეს მათ უფლებას სამართლიან სასამართლოზე.

მოვითხოვ, რომ დაცული იქნას ადამიანის უფლებები მზია ამაღლობელისა და ყველა ქართველი დემონსტრანტის შემთხვევაში, მათ შორის მათი უფლებები სამართლიან სასამართლოზე, გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე. [წერილის თარგმანი ეკუთვნის „ბათუმელებს“]

 
კატეგორია - საქართველო

ფოტო: „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები"


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” განცხადებით ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთა საბჭოს მიერ მთავარი საინფორმაციო გამოშვების, „მოამბის“, წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის, საზოგადობრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებასა და საზოგადობრივი მაუწყებლის ოთხი თანამშრომლის - გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორისა და შეთავსებით სპორტული გადაცემების რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის - მიმართ დისციპლინარული სანქციების გამოყენებას.

ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთა საბჭოს ამ გადაწყვეტილებას კრიტიკული აზრისთვის დევნად და კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებზე შურისძიებად აფასებს, მას უმკაცრესად გმობს და ექვსივე კოლეგას სოლიდარობას უცხადებს.

„ნინო ზაუტაშვილის თქმით, 11 აპრილს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ისე აცნობეს, რომ მისთვის დისციპლინური მოკვლევის შედეგები არ გაუცნიათ. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს უთხრეს, რომ მას დასაბუთებული გადაწყვეტილება მოგვიანებით ჩაბარდება.

გაუმჭვირვალე დისციპლინური მოკვლევა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა კრიტიკული აზრის ჩასახშობად და თანამშრომლების დასაშინებლად გამოიყენა.

მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები ტელევიზიის ხელში ჩაგდების მიზნით კოორდინირებულად მოქმედებაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაადანაშაულა და პროკურატურას მათი ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ერთი ნაწილი უკვე თვეებია, პროტესტს გამოთქვამს ტელევიზიის მიერ „ქართული ოცნების“ მიმართ აშკარად მიკერძოებული პოლიტიკის გატარებისა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის გამო, მათ შორის, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის, მხრიდან. თანამშრომლები წუხდნენ იმის გამო, რომ პრო-ევროპულ აქციებს საზოგადოებრივი მაუწყებელი საკმარის ყურადღებას არ უთმობდა და ფაქტებს ჩქმალავდა და რომ ტელევიზიამ დროულად და სათანადოდ არ გააშუქა პოლიციის მიერ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები, მათ შორის, მათივე თანამშრომელზე ძალადობის ფაქტი და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თანამშრომელზე, ზვიად ქორიძეზე, თავდასხმა.

ნინო ზაუტაშვილი 40 წელია პირველი არხის თანამშრომელია. მას წლების განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა „რეალური სივრცე“, რომელიც პრაქტიკულად ბოლო გადაცემა იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც მწვავე სოციალურ პრობლემებზე მსჯელობდნენ, სადაც ისმოდა განსხვავებული აზრი, და სადაც იწვევდნენ იმ ექსპერტებს, რომლებთანაც პრო-სამთავრობო მედია არ თანამშრომლობდა. ბოლო თვეებში გადაცემა მხოლოდ რადიოს ეთერში გადიოდა.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი თავისი სარედაქციო პოლიტიკით არ პასუხობს საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ის მზია ამაღლობელს ყოველი საინფორმაციო გამოშვების დაწყებისას, პირდაპირი ეთერით უცხადებდა სოლიდარობას. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ეთერს 4 თებერვლიდან ჩამოაშორეს, რის მიზეზადაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომლებთან დაძაბულობის პრევენცია დაასახელა.

პროევროპული აქციების პარალელურად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან პრაქტიკულად ყოველდღიურად იკრიბებიან მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები, და საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდებენ. საზოგადოების მოთხოვნას ხმას უერთებდნენ ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი.

ქარტია საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ არაჯანსაღ ვითარებაზე სრულ პასუხიმგებლობას აკისრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს, და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს. მათ მიერ გატარებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ დააპირისპირა თანამშრომლები, ტელევიზიაში შექმნა მტრული გარემო, სადაც ჟურნალისტებს და ტექნიკურ პერსონალს არ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმისა და პროფესიული სტანდარტების დაცვით მუშაობის შესაძლებლობა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ასახავდეს საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვნებას. ამის საპირისპიროდ, სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა ტელევიზია გადააქცია პარტიულ ორგანოდ და დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების წყაროდ.

ქარტიის მეორე პრინციპის თანახმად, „დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ''', - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო


„ევროპის ფონდმა“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და მედიის მაკონტროლებელი ფუნქციის გამორჩეული ერთგულებით შესრულებისთვის „აი, ფაქტი“, „ბათუმელები“, „პუბლიკა“, „სამხრეთის კარიბჭე“, „საქართველოს ამბები (მთის ამბები)“, „სტუდია მონიტორი“ და „ტელეკომპანია პირველის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი დააჯილდოვა.

ფონდის განცხადებით, კონურსის მიზანი იმ მედიაორგანიზაციების დაჯილდოება იყო, რომლებიც დაუღალავად აშუქებენ მნიშვნელოვან მოვლენებს და სისტემური კორუფციისა და არაეფექტიანი მმართველობის შემთხვევებს ამხელენ.

„ეს მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის დაცვაში. ისინი აშუქებენ მნიშვნელოვან მოვლენებს, ამხელენ სისტემურ კორუფციას და საჯარო პირების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, აქვეყნებენ მტკიცებულებებზე დამყარებულ ინფორმაციას. ფონდმა ამ კონკურსით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მედიის მრავალფეროვნებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაძლიერების მნიშვნელობას. დაჯილდოებული ორგანიზაციები მოიცავენ როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ მედიას, მათ შორის ტელევიზიასა და ონლაინ პლატფორმებს. ფონდი აღიარებს ამ მედიასაშუალებების წვლილს საზოგადოებისთვის ობიექტური და კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებასა და მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებაში.  ჯილდო აღიარებს მათ მიღწევებს და ხელს უწყობს მათ მნიშვნელოვანი საგამოძიებო საქმიანობის გაგრძელებაში“, - წერს „ევროპის ფონდი“. 

მარკ ჰორვიტის, მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორის შეფასებით, რომელიც კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო, ეს მედიასაშუალებები თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საგამოძიებო ჟურნალისტიკამ მოახდინოს რეალური გავლენა, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დგანან ჟურნალისტები საქართველოში. 

„გარემოსდაცვითი საკითხებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემაში არსებული დარღვევების გამოძიებით დასრულებული,  მათი მასალები უშიშრად ამხელენ უსამართლობას. მათი საქმიანობა შთააგონებს მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებს, რომლებსაც უწევთ მსგავს სირთულეებთან გამკლავება. ისინი ამტკიცებენ, რომ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, სიმართლის დაუღალავი ძიება საბოლოოდ მოიტანს სასურველ შედეგს“.

გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის (GIJN) თანადამფუძნებელი და ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი, ბრანტ ჰიუსტონი კი ამბობს, რომ ჟურნალისტები, მათზე გახშირებული ფიზიკური თავდასხმებისა და მედიის შეზღუდვისკენ მიმართული კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, უშიშრად განაგრძობენ საქართველოს დემოკრატიის განადგურებისკენ მიმართული ქმედებების მხილებას:

„ეს მედიასაშუალებები სრულად იმსახურებენ ამ ჯილდოებს, რადგან მათ გაბედულად და შეუპოვრად გამოამჟღავნეს სახელმწიფო უწყებებსა და საჯარო პირებში გავრცელებული კორუფციული პრაქტიკები. მიუხედავად ჟურნალისტებზე გახშირებული ფიზიკური თავდასხმებისა და მედიის შეზღუდვისკენ მიმართული კანონმდებლობის გამკაცრებისა, ისინი უშიშრად განაგრძობენ საქართველოს დემოკრატიის განადგურებისკენ მიმართული ქმედებების მხილებას“. 

 
კატეგორია - საქართველო


პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) საქართველოში ორი ფრანგი ჟურნალისტის არშემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გმობს საქართველოს ხელისუფლების შემაშფოთებელ ტენდენციას, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელი მედიის მიერ მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებას.

„საქართველოში სადავო არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროტესტების გაშუქებით ცნობილი ორი ფრანგი ჟურნალისტისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა მედიის დაშინებისკენ მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილია. RSF მკაცრად გმობს ასეთ შეურაცხმყოფელ გაძევებებს, მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაიცვას საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები მედიის თავისუფლების კუთხით და ამავდროულად, მოუწოდებს საფრანგეთსა და ევროკავშირს ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე,“ - განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟანა კავლიემ.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, ჟურნალისტი კლემენტ ჟირარდო, რომელიც საერთაშორისო გამოცემებისთვის: Le Monde, Society და Al Jazeera მუშაობს, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს ​აშუქებდა. 12 თებერვალს კი, როცა ის საფრანგეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, საპასპორტო კონტროლზე გააჩერეს, შემდეგ კი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს.

ჟირარდომ 10 აპრილს Facebook-პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ქვეყნიდან გაძევების ზუსტი მიზეზი არ იცის, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს:

„2012 წლიდან ვწერ საქართველოზე. ამ წლების განმავლობაში შევხვდი სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური ფენის ადამიანებს. თითქმის ყველა კუთხეში ვიმოგზაურე და ყველგან თბილად მიმიღეს. 28 ნოემბრის შემდეგ, ჩემი სამუშაო ძირითადად კონცენტრირდა რეპრესიების მსხვერპლებზე — მჯერა, რომ როგორც ჟურნალისტმა და როგორც საქართველოს მეგობარმა, ჩემი მოვალეობა შევასრულე.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამიკრძალა საქართველოში შემოსვლა, რადგან სურს, რომ თავისი ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა საზოგადოების თვალისგან მოშორებით განახორციელოს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ, ქართული ოცნება ვერ მიაღწევს მიზანს. მე გავაგრძელებ საუბარს ქართველი ხალხის ბრძოლასა და მათ ტკივილზე. და, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდები თბილისში“.

მეორე ჟურნალისტი ჟერომ შობო იტალიური სააგენტო NurPhoto-ს ფოტოგრაფია. როგორც RSF-ის განცხადებაში ვკითხულობთ, შობო საფრანგეთში დაბრუნებამდე, თითქმის ორი თვის განმავლობაში, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს აშუქებდა. ის 30 მარტს საქართველოში ხელახლა შემოსვლას ცდილობდა, რა დროსაც ჯერ აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში გააჩერეს, შემდეგ კი ათენში გააძევეს.

კატეგორია - საქართველო


„არ იქნება მედია - არ იქნება თავისუფალი სიტყვა, სიმართლე და სამართლიანობა!“ - ამ ლოზუნგით 8 აპრილს მედიის სოლიდარობის მარში გაიმართა. ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ.

მარშის დაწყებამდე დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებმა ფილარმონიასთან შეკრებილებს ერთობლივი განცხადება გააცნეს: „მედიის ბრძოლა თავისუფლებისთვის, გრძელდება. ჩვენ არ შევწყვეტთ სიმართლის თქმას, უკანონობის მხილებას და კრიტიკას. ჩვენი ეთერებიდან და პლატფორმებიდან გახმიანებულ სიმართლეს არასოდეს ჩაანაცვლებს სიჩუმე“.



მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულ მედიის შემზღუდავ კანონებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გადარჩენისთვის ბრძოლას აპირებენ. 

„ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა არის მედიის განადგურება…ახლა რაღაც ფინალურ სტადიამდე მივიდნენ, რომ ჩაგვიკეტონ არსებობის საშუალება, ყველანაირი წყარო გადაგვიკეტონ, რეკლამა ისედაც გადაკეტილია. დიდად ტელევიზიები გრანტებს ისედაც ვერ ვიღებდით, მაგრამ თეორიული ალბათობაც კი გამორიცხეს და ახლა ყველას ყველაფერი აუკრძალეს. მათი მიზანი ვიცით, ჩვენ რას ვაპირებთ, ის უნდა ვთქვათ. მე ვაპირებ, რომ არ დავემორჩილო მათ გადაწყვეტილებებს და ვიბრძოლო გადარჩენისთვის,“ - განაცხადაTV კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა.

„TV პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე კი დარწმუნებულია, რომ მედიის წინააღმდეგ „ოლიგარქის რეჟიმის“ ბრძოლის მიუხედავად, არ არსებობს არცერთი მისი კოლეგა კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიაში, რომელსაც ეშინია:

„წარმოუდგენელ ამბებს იგონებენ, ოღონდ ჩვენ არ ვიყოთ, ოღონდ დისკომფორტი არ შეექმნათ და ვინმემ კრიტიკული კითხვა არ დაუსვას, მაგრამ ჩვენ ვარსებობთ და ვიდრე ვარსებობთ, ამ ქვეყანაში ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი მედიის ხმა, ყოველთვის იქნება ოლიგარქიის გავლენებისგან თავისუფალი ხმა, რომელსაც ვერ გააკონტროლებს ერთი მდიდარი კაცი…ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის ოლიგარქის რეჟიმი და იბრძვის პირდაპირი მნიშვნელობით. ისინი ცდილობენ, რომ ფიზიკურად აღარ ვარსებობდეთ ბევრ შემთხვევაში. არ გამოუვიდათ, არავის შეეშინდა ამისი და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არ არსებობს არცერთი ჩემი კოლეგა კრიტიკულ, დამოუკიდებელ მედიაში, რომელსაც ეშინია“.

„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის ხისტი ავტოკრატია, სადაც დამოუკიდებელი მედიის ადგილი არ არის. 

„რუსმა ინსტრუქტორებმა ვერ გათვალეს ქართული ხასიათი. ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართ და საქართველოს ისტორია თუ რამეს ადასტურებს, ესაა მუდმივად თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამის ნაწილი ვართ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ჟურნალისტებიც. რამდენი კანონიც არ უნდა მიიღონ, ჩვენ არ გავჩერდებით, არ შევწყვეტთ მუშაობას და არ შევწყვეტთ სიმართლის ლაპარაკს და მხილებას. ვერ გაგვაჩუმებენ“.

„რეალურად, ეს არის „ქართული ოცნების“ იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც წლებია უკვე თანმიმდევრულად ახორციელებს… პირველად მივედით, ალბათ, ბოლო 30 წლის მანძილზე იმ ზღვარზე, როცა შეიძლება ხვალ, ერთ თვეში, კრიტიკული, დამოუკიდებელი მედია საერთოდ აღარ იყოს და შეწყვიტოს არსებობა“, - მბობს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს თავმჯდომარე და „სტუდია მონიტორის“ რედაქტორი, ნანა ბიგანიშვილი.

ჟურნალისტთა საქმიანობის უსაფრთხოების ხარისხის გაუარესებაზე გაამახვილა ყურადღება ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „მოამბის“ წამყვანობიდან 4 თებერვალს მოხსნა: 

„არსებულ გაუარესებულ ვითარებაში აუცილებელია, ჟურნალისტებმა ერთმანეთს გამოვუცხადოთ სოლიდარობა. აუცილებელია, ჩვენ ერთმანეთი გავამხნევოთ და შევჯერდეთ იმაზე, რომ ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებმაც პროფესიად მეტი ჟურნალისტიკა ავირჩიეთ, ვერავინ შეგვიზღუდავს საშუალებას, კეთილსინდისიერად ვიმუშაოთ სიტყვის თავისუფლებისთვის და ვემსახუროთ სიტყვის თავისუფლებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველას ვაჩვენოთ, მოქალაქეებსაც, რომ ჩვენ აქ ვართ მათი სიტყვის თავისუფლებისთვის“.

მედიის სოლიდარობის მარშის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელსაც, რომელიც თითქმის სამი თვეა პატიმრობაში იმყოფება. 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------




„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 1 აპრილს მესამე მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ის ცვლილებები, რომლებიც მაუწყებლებისთვის „უცხოეთიდან დაფინანსების“ აკრძალვას, თვითრეგულირების მექანიზმის შემცირებასა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების ზრდას ითვალისწინებს.

1 აპრილსვე მიიღეს FARA-ც, რომელსაც „ქართული ოცნება“ აშშ-ში, 1938 წელს მიღებული კანონის პირდაპირ თარგმანს უწოდებს. 100-ზე მეტი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციის შეფასებით, აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოეხმაურნენ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, „კორუფციის შესახებ" კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.