საქართველო
კატეგორია - საქართველო


დღეს, 11 ოქტომბერს სამთავრობო მედიამ, POSTV-იმ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე - „POSTV - ანალიტიკა“ არმენოფობიური შინაარსის მასალა გაავრცელა. 

გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში POSTV-ის ჟურნალისტი კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მისი წარმომავლობის შესახებ უსვამს კითხვებს. „ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ ამისი აღიარება?" - მიმართავს ჟურნალისტი ხაზარაძეს და ამატებს: "სომხები ხო ჩვენი მოძმე ერი არიან, საუკეთესო ხალხი, რატომ გრცხვენიათ ამისი აღიარება". 

42-წამიან ვიდეოს თან ახლავს შემდეგი ტექსტიც: „მალავს თუ არა ხაზარაძე საკუთარ წარმომავლობას?! - კავშირს იმ ერთან რომელთანაც ქართველებს მრავალსაუკუნოვანი ძმობა და ისტორია აკავშირებს, ხოლო თბილისელი სომხები ქალაქის განსაკუთრებულ კოლორიტს წარმოადგენენ?!“

10 ოქტომბერს „ძლიერი საქართველო“ ამომრჩევლებთან შეხვედრას კახეთში, ქალაქ თელავში მართავდა, სწორედ იქაა ჩაწერილი ეს ვიდეოც. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტია. POSTV კი, ამ ვიდეოს გამოქვეყნებით ეთნიკური წარმომავლობის მამხილებელ კომპრომატად გამოყენებას ცდილობს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის შეფასებით, „ეთნიკური უმცირესობების უცხოდ მონიშვნა, მათი მოქალაქეობის გაუქმება, არმენოფობია, ეთნო-ცენტრიზმი - 90-იანი წლების რეპრესიული და შავი ქართული ნაციონალიზმის მთავარი დისკურსების გაცოცხლებას უშვებს ქართული ოცნების ხელისუფლება“.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, 10 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ აზერბაიჯანელი თემი „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრის გაშუქების დროს „დიასპორად“ მოიხსენია. 

„მედიის განვითარების ფონდის“ კვლევის  მიხედვით, არმენოფობია წლებია ძირითადად სომხური იდენტობის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ცალკეულ პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებთან მიმართებით ცდილობს, ყველაზე ხშირად სომხური იდენტობის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა კი, საანგარიშო პერიოდში, ინდივიდუალურ პირებთან მიმართებით ხდებოდა.

უახლოეს წარსულში მსგავსი ნარატივები ხშირად ისმოდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. არმენოფობიური კომენტარები ვრცელდებოდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილის, მსახიობ ნატალია ყიფშიძის წინააღმდეგაც.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მე-7 პრინციპი განსაზღვრავს:

„ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მიხედვით კი, „მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე“.

 
კატეგორია - საქართველო


პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივის. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს რეკლამის განთავსების საშუალებს არ აძლევს, ვინც განათავსა კი, მათ დასჯის მიზნით, სამართალდამრღვევად ცნობს. 

„კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური აგრძელებს ზეწოლას იმ ეროვნულ მაუწყებლებზე, რომლებმაც გვაღიარეს კვალიფიციურ სუბიექტად და მოგვანიჭეს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება. 

დღეს ჩვენმა გუნდმა - პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, კომისიის და ბექაურის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, ოფიციალურად მიმართა სასამართლოს.  

კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს არ აძლევს რეკლამის განთავსების საშუალებას, ხოლო ვინც განათავსა, მათ სამართალდამრღვევად ცნობს მათი დასჯის მიზნით. კომისიის აღნიშნული ქმედება გვართმევს საარჩევნო კამპანიის სამართლიან მედიაგარემოში წარმართვის შესაძლებლობას“. 

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტია დაბლოკილი ჰყავს ტელეკომპანია „იმედსაც“, „ეს მაშინ, როცა უდიდეს საეთერო დროს უთმობენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეთერში შეუფერხებლად გადმოსცემენ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან“.

მეზვრიშვილის შეფასებით, ეთერების დახურვა მოქალაქეებს ართმევს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და უსამართლო საარჩევნო გარემოს ქმნის. 

„მოვუწოდებთ, „ოცნებას“ და მის პარტიულ ტელევიზიას „იმედს“, სასწრაფოდ გახსნან ეთერები და დაგვისხდნენ დებატებში, როგორც საარჩევნო დაპირებების განსახილველად, ისე წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად. 

მოვუწოდებთ სასამართლოს - არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა. დროულად მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და მოგვეცით მედიასივრცით სარგებლობის შესაძლებლობა.

კახა ბექაურს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, ყველა მსგავს უკანონობაზე პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული“.

ComCom-მა გუშინ, 10 ოქტომბერს „ გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. 

კომისიის გადაწყვეტილებას გუშინვე გამოეხმაურა გიორგი გახარია, რომელმაც თქვა, რომ ComCom-ი პარტიას უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე წვდომას უზღუდავს. გახარიამ პერსონალურად მიმართა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარესაც:

„ძალიან კარგად მესმის, რომ მონური დამოკიდებულება ძალიან მარტივი და სწრაფი გზაა გამდიდრებისკენ, მაგრამ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელი უწყებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უნდა ემსახურებოდეს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში და ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ. მინდა, გავაფრთხილო, პირადად მე, გიორგი გახარიამ, რომ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა და ვერავისთვის უკან გასასვლელი კარი ვერ იქნება".

გიორგი გახარიას განცხადება მუქარად და შანტაჟად მიიჩნია კახა ბექაურმა: „გახარიას მცდელობა აქვს მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა მოახდინოს მუქარის და შანტაჟის გზით. ეს არ არის ის გზა, რომელიც სასურველ შედეგს მიაღებინებს. 

გახარიას მსგავსი დიქტატორული მიდრეკილების პოლიტიკური ელემენტები ჩემს ცხოვრებაში მრავლად შემხვედრიან, მათ შორის წინა ხელისუფლებაშიც. გახარია არც პირველია და არც უკანასკნელი. მსგავს მუქარებს ჩემს საქციელზე და გადაწყვეტილებებზე გავლენა არც წარსულში მოუხდენია და ვერც მომავალში მოახდენს“.

გიორგი გახარიამ მიმართა ტელეკომპანია „იმედსა“ და „რუსთავი 2-საც“, რომ მათი პოლიტიკური რეკლამა ეთერი გაუშვან. „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრეს „ძლიერ საქართველოსაც“. კოალიცია მათ წინააღმდეგ ComCom-ს მიმართავს. 

 
კატეგორია - საქართველო


თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 11 ოქტომბერს „TV პირველსა“ და მის ჟურნალისტს, სოფიკო ნიაურს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის, ალექსანდრე ჭიკაიძისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. 

ჭიკაიძე სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, „TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

ტელეკომპანიის იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, „TV პირველი“ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. 

„TV პირველის“ სადავო სიუჟეტი პროკურატურის მიერ 2024 წლის 3 თებერვალს თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით დაკავებულებს ეხებათ.

სასამართლო დავას - „ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ე.წ. SLAPP საქმედ მიიჩნევს. SLAPP საქმეების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ 25 ივნისის სტატიაში
კატეგორია - საქართველო


ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა, კოალიციას მათ წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივრები შეაქვს. 

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რასაც ეს ტელეკომპანიები  აკეთებენ, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ წასვლა, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევაა. 

„როგორც ჩანს, ხელისუფლების პანიკა, რომ არჩევნებში მარცხდება, მის მიერ კონტროლირებად მედიებსაც გადაედო. სამწუხაროდ, ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“  საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლასაც აღარ ერიდებიან იმისთვის, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ხმა დაბლოკონ და ხელი შეგვიშალონ, საქართველოს მოქალაქეებს მთავრობის შესახებ სიმართლე ვესაუბროთ - სიმართლე, იმ დანაშაულების შესახებ, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა“.

ნაცვლიშვილის თქმით, წინასაარჩევნო გარემო და არჩევნები თავისუფლად ვერ შეფასდება, თუ ის თავისუფალ მედიაგარემოში არ ჩატარდება.

კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს ფასიანი პოლიტიკური რეკლამების განსათავსებლად რამდენიმე დღის წინ მიმართეს. გუშინ, 10 ოქტომბერს კი, „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებს. 

„იმედმა“ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარი 1 ოქტომბერსაც უთხრა.

„"ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დაპირებები. ხელისუფლება რუსეთს მიემხრო და მან იძალადა მშვიდობიან მომიტინგეებზე,“ - ამ სიტყვებით იწყება ის ფასიანი ვიდეორგოლი, რომლის განთავსებაზეც ტელეკომპანიამ უარი თქვა.
კატეგორია - საქართველო


„იმედი“„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს აღარ განათავსებს, სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებს. ტელეკომპანიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა და ასე დაასაბუთა: „ყველა მაუწყებელი ვალდებულია გამორიცხოს დისკრიმინაციული მიდგომა და თავისი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოს კონკურენტული საარჩევნო გარემო ქვეყანაში“.


„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მედიასაშუალებები, „მთავარი“, ტვ პირველი”და „ფორმულა“ აგრძელებენ საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. ისინი, მოგონილი არგუმენტებით, უარს ამბობენ თავიანთ ეთერებში განათავსონ კანონის მოთხოვნების დაცვით მომზადებული ვიდეორგოლები. ამ ვიდეორგოლების განთავსებას მათ კანონი პირდაპირ ავალდებულებს, რაც ასევე დადასტურებულია კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მათ საჯარო განცხადებებიც გააკეთეს და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ამტკიცებენ, თითქოს ომის საწინააღმდეგო ვიდეორგოლი ომის პროპაგანდაა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, „თავისუფალი მედიის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს...“.

მიუხედავად იმისა, რომ „ტელეიმედს“ აქვს მკაფიოდ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა - არ დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში, რაც ქვეყანას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, ჩვენ დღემდე ვუშვებდით მათ მიერ მოწოდებულ ვიდეორგოლებს. ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტილების საფუძველი რეკლამების განთავსების თუ მის განთავსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით - ყველა მაუწყებელი ვალდებულია გამორიცხოს დისკრიმინაციული მიდგომა და თავისი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოს კონკურენტული საარჩევნო გარემო ქვეყანაში, რაც დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

სწორედ აქედან გამომდინარე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ნაციონალური მოძრაობის მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დისბალანსი (რეიტინგების, მათ მიერ რეკლამის გაუშვებლობით გაცდენილი საათების და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით) და უზრუნველყოფილი არ იქნება კონკურენტული საარჩევნო გარემო ამ მიმართულებით, ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს“, - წერს ტელეკომპანია. 

„იმედის“ განცხადებას იზიარებს და ეთანხმება ტელეკომპანია „POSTV-იც“:

„იქიდან გამომდინარე, რომ „ნაცმოძრაობას“ დაქვემდებარებულმა „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ თავხედურად, სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებით უარი თქვეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო რგოლების განთავსებაზე, საარჩევნო სუბიექტების მიმართ შექმნა შერჩევითი, დისკრიმინაციული მიდგომა. 

„საარჩევნო პროცესში ადგილი აქვს დისბალანსს, რომლის გამო ყველა პოლიტიკურ სუბიექტს არ ეძლევა საშუალება, თანაბრად ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუწყოთ პოლიტიკურ პარტიებს შორის დისკრიმინაციული და არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას, უფრო მეტიც - მიგვაჩნია, რომ თავიდანვე შეცდომა იყო კოლექტიური "ნაცმოძრაობის" საარჩევნო რეკლამის ჩვენს ეთერში განთავსება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „POSTV-მ“ მიიღო გადაწყვეტილება, ეთერში აღარ განათავსოს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალი პარტიების საარჩევნო რგოლები“.

გუშინ, 9 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო ტელეკომპანიებს („მთავარი არხი“, „TV პირველი“, „ფორმულა“) სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლო კი მათ ხვალ, 11 ოქტომბერს, 15:00 საათზე  განიხილავს.

„ქართული ოცნება“ ამ ტელევიზიებისგან იმ უფასო პოლიტიკური რეკლამის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“)  ეთერში გაშვებას ითხოვს, რომელშიც საქართველოს საპირწონედ, შავ-თეთრ ფერებში რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის სხვადასხვა ადგილია ნაჩვენები. ტელეკომპანიებმა 5 ოქტომბერს ამასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს. მათ მხარი არაერთმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ დაუჭირა.

წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებლებს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვს, ვიდეორგოლის შინაარსზე პასუხისმგებელი კი, ტელევიზია არ არის.

„ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკურ რეკლამის განუთავსებლობის გამო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“, კომუნიკაციების კომისიამ ამ სამ ტელევიზიას სამართალდარღვევის ოქმები ორჯერ გამოუწერა, სასამართლომ კი ისინი 5-5 000 ლარით დააჯარიმა და სადავო ვიდეორგოლის ეთერში განთავსება დაავალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „იმედმა“ რამდენიმე დღის წინ უარი კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო რეკლამის განთავსებაზე უთხრა. 

 
კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო ტელეკომპანია „ფორმულა“ სამართალდამრღვევად სცნო და ოქმი შეუდგინა.

კომისიის განცხადებით, „ფორმულამ“ შესაბამისი წერილით 1 ოქტომბერს მიმართა. ტელეკომპანიამ კომისიას „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული 5 კვლევის შედეგი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, „გახარია საქართველოსთვის“ 4%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობებით, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ხუთი, ან არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული ერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით.

ამასთან, მაუწყებელი ვალდებულია გადაამოწმოს, რომ კვლევა ჩატარებულია „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად“, - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.

როგორც ComCom-ი წერს, „ფორმულას“ კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მან შეისწავლა ან გადაამოწმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და დარწმუნდა, რომ ის კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, არ წარუდგენია.

აქედან გამომდინარე, კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებელმა „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი კანონდარღვევით მიანიჭა და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

 
კატეგორია - საქართველო


სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს.

„სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შეწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალური ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ის კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია - კონსტიტუციის დაცვა.“ 

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აგრძელებენ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ. 

„ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საერთაშორისო ინსტიტუტებში, და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას“.

სამოქალაქო საზოგადოება მადლობას უხდის იმ ორ მოსამართლესაც [გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში] განსხვავებული აზრისთვის, რომლებმაც რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი ნაწილობრივ განსახილველად მიიღო.

 
კატეგორია - საქართველო

კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ საჩივარი „მთავარი არხის“, „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ტელევიზიებს მმართელი პარტიის უფასო საარჩევნო რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს. 

კომუნიკაციების კომისიამ არ დააკმაყოფილა „მთავარი არხის“, „TV პირველისა“ და „ფორმულას“ შუამდგომლობა, სხდომა ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე გადადებულიყო. ტელეკომპანიებმა ცესკოს „ქართული ოცნების“ რეკლამის მიერ საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის დასადგენად მიმართეს.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მესამე ნაწილი გულისხმობს, რომ „საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას“.

„ქართული ოცნება“ ამ ტელევიზიებისგან იმ უფასო პოლიტიკური რეკლამის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“)  ეთერში გაშვებას ითხოვს, რომელშიც საქართველოს საპირწონედ, შავ-თეთრ ფერებში რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის სხვადასხვა ადგილია ნაჩვენები.

5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო:

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.“

„მედიაომბუდსმენის“ მიერ გასაჯაროვებული წერილებიდან ირკვევა, რომ ტელეკომპანიებმა („მთავარი არხი“, „TV პირველი“, „ფორმულა“) „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებამდე, 4 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიას მიმართეს. 

ტელეკომპანიები ითხოვდნენ, ComCom-ს მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული ვიდეორგოლის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და განთავსების შესახებ.

კომუნიკაციების კომისიამ სამივე ტელევიზიას იდენტურად უპასუხა: „კომისია მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესის მიღმა, შეაფასოს კონკრეტული მასალა და გასცეს მის ეთერში განთავსების/განუთავსებლობის შესახებ რეკომენდაცია“.

ტელეკომპანიების გადაწყვეტილებას არაერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გამოეხმაურა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „საქართველოს ევროპული ორბიტამ“ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ტელევიზიების გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ და „მედიის ადვოკატირების კოალიცია“.

„ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკურ რეკლამის განუთავსებლობის გამო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“, კომუნიკაციების კომისიამ ამ სამ ტელევიზიას სამართალდარღვევის ოქმები ორჯერ გამოუწერა, სასამართლომ კი ისინი 5-5 000 ლარით დააჯარიმა და სადავო ვიდეორგოლის ეთერში განთავსება დაავალა.

წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებლებს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვს, ვიდეორგოლის შინაარსზე პასუხისმგებელი კი, ტელევიზია არ არის.

 
კატეგორია - საქართველო


„სამართლიანი არჩევნებისა და  დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მედიაგარემოზეცაა საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაგარემო კვლავ პოლარიზებულია. მმართველი პარტიის კანდიდატები არ მონაწილეობენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების საინფორმაციო გადაცემებში, ხოლო პროსახელისუფლებო მედია არ იწვევს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მის სატელევიზიო გადაცემებში.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებიც შეისწავლა და გამოვლინდა, რომ ComCom-ის მიერ იმ მედიაორგანიზაციებისთვის სამართალდარღვევის ოქმის შედგენა თუ დაჯარიმება, რომლებმაც უარი განაცხადეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მადისკრედიტირებელი შინაარსის მქონე პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, ახალისებს ძალადობას და ქმნის პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების რისკებს. 

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, „ვიდეორგოლი ამძაფრებს არასამთავრობო და მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და შესაძლოა, მან წაახალისოს ვიდეოში ასახული პირების მიმართ ძალადობა“.

ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, ასევე, პრობლემური და რისკის შემცველია, სასამართლოსა და ComCom-ის მიერ განვითარებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება სხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც პარტიაში რეორგანიზაცია ან/და შერწყმა არ განხორციელებულა, საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტის აქტივობა, სხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ იქნას მიჩნეული. „კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები აჩენს კითხვებს მის დამოუკიდებლობასთან მიმართებით, კერძოდ, არსებობს რისკები მმართველი პარტიის ინტერესების გატარებასთან დაკავშირები“.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ მედიაგარემოს შესწავლისას გამოვლინდა, რომ კომუნიკაციების კომისიამ მონიტორინგისა თუ საჩივრების განხილვის გზით შეისწავლა 14 მედიაორგანიზაცია, რომელთაგან 3 მედიაორგანიზაცია მონიტორინგის, ხოლო 11 მედიაორგანიზაცია საჩივრის საფუძველზე შეისწავლა. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებების შესახებ ISFED-ის შეფასება წაიკითხეთ ვრცლად ორგანიზაციის  ანგარიშში.
კატეგორია - საქართველო


თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მისი მეუღლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, მას ციხიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სადიგოვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„აფგანი ძალიან ცუდად არის. ციხიდან დამიკავშირდა მამაკაცი და მითხრა, რომ თქვენი მუეღლე საავადმყოფოში გადაიყვანესო. მისი მდგომარეობა მძიმეა. ეს არის უკანასკნელი ცნობა. დაახლოებით ერთი საათის წინ დამირეკეს. ახლა არ ვიცი, სად არის, როგორ არის. მასთან დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ უფლებას არ მაძლევენ - გვიანია. მითხრეს, რომ ზეგ შევძლებ დალაპარაკებას. მე ვკითხე, რატომ არ შეიძლება ხვალ. არ ვიცი, შეიძლება ძალიან ცუდად არის და ლაპარაკი არ შეუძლია. მე ვიცი, რომ ცუდად არის. 4 ოქტომბერს ვნახე და ცუდად იყო. ახლა მგონია, რომ საერთოდ გონზე არ არის“, - ამბობს სადიგოვა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელიც. 

„როგორც მოსალოდნელი იყო, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი.

არაადამიანურია, რაც ამ პატიოსანი ჟურნალისტის და მისი ოჯახის თავს ხდება. ორივე მთავრობას დანაშაულებრივად აქვს პირი შეკრული ჟურნალისტების ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერს კადრულობს.

მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ ერთსულოვანი სოლიდარობა ვაჩვენოთ სადიგოვების ოჯახის მიმართ“, - წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.

სადიგოვს საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი წინა დღეს, 3 აგვისტოს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს.

აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: 

კატეგორია - საქართველო


„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ახალი სეზონი განსხვავებული ფორმატით დაიწყო. მისი გადაცემების ნაწილი რადიოში ინტეგრირდა, „რეალური სივრცე“ კი, „საქართველოს რადიოს“ ეთერში უცვლელი სახით გადის.

ტელევიზიის მიერ „მედიაჩეკერისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დილის და შუადღის გადაცემები ( „ახალი დღე“, „ამ შაბათ-კვირას“) რადიოს დილის, შუადღის და საღამოს „პიკის საათში“ ინტეგრირდა. დილის „პიკის საათშია“ ინტეგრირებული გადაცემა „პირადი ექიმი მარი მალაზონიაც“. 1TV-ის ეთერში გასული გადაცემების ნაწილი [საინფორმაციო, საარჩევნო და სპორტული გადაცემების გარდა] კი, ჩაწერილია წინსწრებით.

„საზოგადოებრივი მაუწყებელის“ პრესსამსახურის წარმომადგენლის, დეა გველებიანის თქმით, ამ ცვლილებების მიზეზი ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლის პროცესია. 

„მშენებლობა დასრულდა აგვისტოში. ახლა მიმდინარეობს ტექნიკის გადატანა. შემდეგ უკვე ადამიანური რესურსიც გადავა და ეს ეტაპი არის გარდამავალი“.

ეთერში განახლებული ფორმატით გავა გადაცემა „აკუსტიკაც“, რომელსაც გიორგი ასანიშვილი (პროექტის ავტორი, მთავარი პროდიუსერი) და სოფო გორელაშვილი (მსახიობი) წაიყვანენ.

„აკუსტიკის“ წამყვანები მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი იყვნენ, თუმცა, 26 ივლისს ნუცუბიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა".

რაც შეეხება წინასაარჩევნო გადაცემებს, „არჩევნები 2024“ მაკა ცინცაძესთან ერთად ხვალიდან, 8 ოქტომბრიდან დაიწყება. კვირაში ორჯერ გადის გადაცემაც - „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ჯერ არ გადის წინასაარჩევნო დებატები, რომლის ანონსიც, ტელევიზიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მალე დაიდება. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: „საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები“.

ტელევიზია აწარმოებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების შიდა მონიტორინგსაც.

„ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის წარმოება, პირველ რიგში, ხაზს უსვამს პოლარიზებული პოლიტიკური და მედიაგარემოს პირობებში მიუკერძოებელი და დაბალანსებული გაშუქების ობიექტურ და ფაქტობრივ მონაცემებზე დაფუძნებული მონიტორინგის აუცილებლობას,“ - ვკითხულობთ „პირველი არხის“ განცხადებაში. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ ივლისში, პარლამენტში გამართული ტელევიზიის 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ თქვა, რომ არხს ახალი შენობა (პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში) 2024 წლის 28 აგვისტოს ჩაბარდებოდა, პროცესი კი დეკემბერში დასრულდება.

BMG-ის ინფორმაციით, კოსტავას 68-ში მდებარე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი, 2022 წლის სექტემბერში, 65 100 000 ლარად გაიყიდა. მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ შეიძინა.

ახალი შენობის ღირებულება კი, როგორც ვასილ მაღლაფერიძემ 2023 წელს, საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 85 263 621 ლარია.

 
კატეგორია - საქართველო


საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს სოლიდარობას უცხადებენ და „ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლებისთვის იმ საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვების დავალდებულებას, რომელშიც „უკრაინელი ხალხის ტრაგედია სპეკულაციურად, საარჩევნო მიზნებისთვის არის გამოყენებული“, კრიტიკულად აფასებენ. 

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით, იმავე შინაარსის საარჩევნო ბანერების განთავსება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო და საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც მძაფრად გააკრიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კამპანია კიდევ უფრო გაააქტიურა და მაუწყებლებს ვიდეორგოლის ეთერში განთავსება მოსთხოვა. კრიტიკული ტელევიზიები - „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ - უარს ამბობენ მის გაშვებაზე, პროსამთავრობო ტელევიზიებმა - „იმედმა“, „პოსტვ-მ“ და „რუსთავი 2-მა“ - ის ეთერში უკვე გაუშვეს. ვიდეორგოლი გაუშვა, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც.“

როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, ეს  პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი პარტია თავის საარჩევნო კამპანიაში უკიდურესად „მიუღებელ ხრიკებს“ მიმართავს და კონკრეტული ჯგუფების მიმართ ძალადობას აღვივებს. 

„სექტემბრის თვეში, მმართველმა პარტიამ მაუწყებლებს ასევე მოსთხოვა საარჩევნო რეკლამის განთავსება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები, უკიდურესად არაეთიკურ და არაკეთილსინდისიერ კონტექსტში არიან წარმოჩენილნი. რეკლამის ეთერში გაშვებაზე უარისთვის, კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ კრიტიკული მაუწყებლები უსამართლოდ დააჯარმა“. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“ მმართველ პარტიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით მანიპულირებისა და „ღირსებისშემლახავი, არეთიკური შინააარსის რეკლამის“ გამოყენებისგან. 

ორგანიზაციები კომუნიკაციების კომისიასაც მიმართავენ, გაითვალისწინოს კონტექსტის სიმძაფრე და საკუთარი გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, არ შეაფერხოს მაუწყებლების ფუნქციონირება, მეორე მხრივ კი, ხელი არ შეუწყოს და არ გახდეს მმართველი გუნდის „პროპაგანდის ინსტრუმენტი“.

5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა: „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ ერთობლივ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ „ამორალური“  ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე,“ - აღნიშნულია ტელეკომპანიების ერთობლივ განცხადებაში.

ტელევიზიების გადაწყვეტილებას „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“ გამოეხმაურა. ორგანიზაცია დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს სოლიდარობას უცხადებს და გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, რომელიც „ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის“ და მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი მედია საშუალებების („მთავარი არხის“, „TV პირველი“ და „ფორმულას“) მიმართ მმართველი პარტიის პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.

ორგანიზაციის თქმით, მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას ასახავს. „კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც „აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს“.           

ტელეკომპანიების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ორგანიზაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც „კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას“. 

„მედიაომბუდსმენის“ მიერ გასაჯაროვებული წერილებიდან კი ირკვევა, რომ ტელეკომპანიებმა („მთავარი არხი“, „TV პირველი“, „ფორმულა“) „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებამდე, 4 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიას მიმართეს. 

ტელეკომპანიები ითხოვდნენ, ComCom-ს მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული ვიდეორგოლის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და განთავსების შესახებ.

კომუნიკაციების კომისიამ სამივე ტელევიზიას იდენტურად უპასუხა: „კომისია მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესის მიღმა, შეაფასოს კონკრეტული მასალა და გასცეს მის ეთერში განთავსების/განუთავსებლობის შესახებ რეკომენდაცია“.

ტელეკომპანიების განცხადებას გუშინ, 6 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, „ტელევიზიებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი არ გაუშვან“. პაპუაშვილმა აღნიშნა, ისიც რომ: „კანონის დარღვევა, რა თქმა უნდა, იწვევს შედეგს“.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კი, 4 ოქტომბერს თქვა, რომ  „ისინი [ბანერები] იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი”. 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები წარწერებით - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ 26 სექტემბერს გამოჩნდა. ამავე ბანერებზე საქართველოს პარალელურად, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის სხვადასხვა ადგილია ნაჩვენები. მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა ამავე შინაარსის ვიდეორგოლიც.

„ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკურ რეკლამის განუთავსებლობის გამო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“, კომუნიკაციების კომისიამ სამ ტელევიზიას: „მთავარი არხი“, „TVპირველი“, „ფორმულა“ სამართალდარღვევის ოქმები ორჯერ გამოუწერა, სასამართლომ კი ისინი 5-5 000 ლარით დააჯარიმა და სადავო ვიდეორგოლის ეთერში განთავსება დაავალა.