საქართველოს პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა
13.01.2025


„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორის, მზია ამაღლობელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების სახეზე უახლოეს 24 საათში იმსჯელებს. 

ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

„ბათუმელების“ დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ დააკავეს.

მზია ამაღლობელთან ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს კი მონახულობის დროს მან უთხრა, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ.

„ბათუმებელის“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ. 

„მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო. უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო, დაიწყო ჭყლეტა და სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი“, - წერს გამოცემა

„ბათუმელების“ დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გუშინ ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს. მათი განცხადებით, ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაციაა.  

„დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად, სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ.  არაერთი მოთხოვნისა და საჯარო მოწოდებების მიუხედავად, დაკავებულთან სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს, რითაც დაარღვიეს მისი დაცვის კონსტიტუციური უფლებები“.

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გუშინ მთავრობის კანცელარიასთან ამაღლობელის მხარდასაჭერი აქციაც გამართეს. მათ სიმბოლურად იმ შინაარსის სტიკერები გააკრეს, რის გამოც „ბათუმელების“ დირექტორი 11 იანვარს პირველად დააკავეს. 



გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი, გურამ მურვანიძეც. როგორც გამოცემა წერს, ოპერატორმა ადვოკატს, მირზა მამულაძეს უთხრა, რომ გაიგონა, თუ როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, ვინ იღებდა.

„ადვოკატის თანახმად, გურამ მურვანიძემ პოლიციელს უთხრა, რომ „ბათუმელებიდან“ იყო, რასაც მოჰყვა გინება დგებუაძის მხრიდან და მისი უშუალო მოწოდება, წაერთმიათ ტელეფონი“. ადვოკატს გურამ მურვანიძემ უამბო ისიც, რომ დაკავების შემდეგ, ტელეფონის კოდს სთხოვდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მირზა მამულაძეს თქმით, ოპერატორის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე-173 მუხლებით განიხილება.

„ბათუმელების“ თანამშრომლების დაკავებას გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გურამ მურვანიძე და მზია ამაღლობელი. ქარტია მიიჩნევს, რომ "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის და დირექტორის და  ოპერატორის  დაკავება გამოხატვის თავისუფლების და მედიაზე ზეწოლის მოტივით მოხდა.

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება და ბრალეული პირების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც“.

„მოგვიანებით „ტვ იმედზე“ გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელზე ხელის გარტყმის ეპიზოდი. ვიდეოს ხმა არ ახლავს და ის სრულად არ ასახავს მომხდარს. მიუხედავად ამისა, სამთავრობო პროპაგანდისტული მედია მას ავრცელებს ისე, რომ არ განმარტავს მოვლენების წინმსვლელობას და აღნიშნული ეპიზოდის კონტექსტს. 

თვითმხილველების მიერ ჩვენთვის მიცემული განმარტებით, აღნიშნულ ეპიზოდს წინ უძღოდა პოლიციელების მხრიდან ადგილზე მყოფი მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების, მათ შორის მედია გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის ნათესავების, თვითნებური და აგრესიული დაკავება, რასაც ჭყლეტაც ახლდა თან. ეს ქმედებები მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ ადგილზე გააპროტესტეს. ამ დროს პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელს შეაგინა და როგორც ქალს, უხამსი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მზია ამაღლობელის რეაქცია, როგორც ჩანს, პოლიციელების მხრიდან უკანონო, თვითნებური და ღირსების შემლახავი ქმედებების შედეგად იყო პროვოცირებული. 

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის 16 დეკემბერს, ერთ-ერთი საპროტესტო შეკრების დროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბესელიამ, და ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, დაკავებით დაემუქრნენ „ბათუმელებს“ და მის რედაქტორს, ეთერ თურაძეს, ხოლო კომუნიკაცია ხორციელდებოდა უხეშ და უპატივცემულო ტონალობაში. 

როგორც ჩანს, „ბათუმელების“ მუშაობა, რომელიც სისტემატურად ააშკარავებს პოლიციის საქმიანობაში კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკებს და უფლებების დარღვევებს, გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ადგილობრივი პოლიციის მენეჯმენტისთვის, რაც ამ უკანასკნელთა განსაკუთრებულ ინტერესს განაპირობებდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში

„მედიაომბუდსმენის“ განცხადებით კი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, დაკავების პროცესში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა და დირექტორის უფლებების დარღვევის ფაქტები შეისწავლოს.

ორგანიზაცია მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევის ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლასთან ერთად, მოითხოვს, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაისაჯონ მასზე ძალადობის განმახორციელებელი პირები, მათ შორის, აჭარის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე. მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“. 

11 იანვრის ღამესვე თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ მედიის წარმომადგენლები. 



დღეს, 19 საათზე მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენბათუმის იზოლატორთანაც (გრიბოედოვის 4).

„მედიაჩეკერს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ მზია ამაღლობელს გამომძიებელი გუშინ შეხვდა, თუმცა იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ