“Caliphate”,
ანუ “ხალიფატი”, New York Times-ის 2018 წლის, 12-ეპიზოდიანი
პოდკასების სერიაა, რომელიც წელს გამოაქვეყნა და რომელიც ისლამური
სახელმწიფოს შიდა სამზარეულოს ყველაზე სასტიკ მხარეებს ახალგაზრდა,
რადიკალიზებული კანადელის თვალით დაგვანახებს.
ამბავს გამოცდილი პულიცერის პრემიის ორგზის ნომინანტი ჟურნალისტი
რუკმინი კალიმაჩი ყვება. კალიმაჩიმ მრავალი წელი იმუშავა კონფლიქტურ
ზონებში და რედაქციის სპეციალური კორესპონდენტი იყო ტერორიზმის
თემაზე. ის პოდკასტის წამყვანთან საუბრობს, როგორ გაიცნო კანადელი
ახალგაზრდა “აბუ ჰუზაიფა ალ-კანადი”, რომელმაც ოცი წლის ასაკში
თურქეთის გავლით გადავიდა სირიაში გადავიდა, „ისლამურ სახელმწიფოს“
შეუერთდა ადამიანების წამებასა და მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
ბოლოს კი, სინანულით შეპყრობილმა, დატოვა სირია და კანადაში
დაბრუნდა.
პოდკასტი მოისმინეთ აქ:
პოდკასტის 7 ეპიზოდში აბუ ჰუზაიფა დეტალურად ამხელს, როგორ მუშაობს
ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდა, რა გზას გაივლიან პოტენციური
მებრძოლები კომპიუტერის ეკრანიდან ბრძოლის ველამდე და როგორ მუშაობს
ტერორისტული ორგანიზაციის ბიუროკრატია.
გულის ამაჩუყებელია იდეოლოგიის მარწუხებში გახლართული ბიჭის ამბავიც,
რომელიც ცხოვრების ბოლომდე ინანებს ჩადენილს და სურს, თავისი ამბის
მოყოლით ოდნავ მაინც შეიმსუბუქოს დანაშაულის ტვირთი.
მოკლედ, ამბავს არც ინფორმაციულობა აკლია და არც დრამატურგია და, რა
გასაკვირია, პოდკასტს ათასობით მსმენელი ყავდა და პრესტიჟული ჯილდო,
Peabody Award-იც ერგო.
თუმცა, ამ პოდკასტს მხოლოდ ერთი ნაკლი აღმოაჩნდა - მისმა მთავარმა
გმირმა ამბის უდიდესი ნაწილი გამოიგონა.
როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს წამყვანი მედია ორგანიზაცია
მოტყუვდა და უამრავი მსმენელი შეცდომაში შეიყვანა?
ალბათ, აჯობებს ეს ამბავი რუკმინი კალიმაჩიდან დავიწყოთ. კალიმაჩი
ველზე წლების განმავლობაში მუშაობდა და სახელი გაითქვა, როცა სირიაში,
2016 წელს „ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ქალაქებში ერაყელ
კოლეგებთან ერთად შეაგროვა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ დატოვებული,
15 000-ზე მეტი საბუთი.
ეს საბუთები იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ ახლა საჯაროდაც არის
ხელმისაწვდომი. ამ სამუშაოსთვის „ნიუ იორკ თაიმისის გუნდმა პულიცერის
პრემიაც მიიღო, კალიმაჩის კი ტერორიზმს დაპირისპირებული, მამაცი
ჟურნალისტის რეპუტაცია ჩამოუყალიბდა.
ასეთია კალიმაჩი პოდკასტის პირველ ეპიზოდებშიც - ის თამამად აღწერს
თავის სამუშაო მეთოდებს და ყვება, როგორ სძულთ ის ისლამურ
სახელმწიფოში და როგორ შეურაცხყოფს პირადად მას, ტერორისტული
პროპაგანდა. ფაქტია, ამ ავტორს ენდობა რედაქციაც და მკითხველიც.
კალიმაჩიმ კანადელი „აბუ ჰუზაიფა“ ერთ-ერთი მკვლევარის მინიშნებით,
ინსტაგრამზე აღმოაჩინა, სადაც ის სირიაში ყოფნის დროს გადაღებულ
ფოტოებსა და იარაღის სურათებს აზიარებდა. ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია
NYT-ს საგამომძიებო გუნდს გადასცა, მათ კი ჰუზაიფას LinkedIn-ის
საშუალებით მისი საკონტაქტო მონაცემები მოიპოვეს. და როდესაც მას
დაუკავშირდა, ჟურნალისტის გასაკვირად, ახალგაზრდა კაცი, ანონიმურობის
პირობით, ინტერვიუზე დათანხმდა.
რუკმინი კალიმაჩი მას კანადაში, სასტუმროს ოთახში შეხვდა, სადაც
“ხალიფატის” ეპიზოდების ძირითადი ნაწილიც ჩაიწერა. პოდკასტის
დასაწყისში კალიმაჩი ამბობს, იმდენად მარტივად მოხდა ყველაფერი, ვერ
ვიჯერებდი, რომ შეიძლება სიმართლე ყოფილიყოო. მაგრამ „აბუ ჰუზაიფას“
მონათხრობში იმდენი დეტალი იყო, და “მისი ქცევის მახასიათებლები
იმდენად ჰგავდა ისლამური სახელმწიფოს წევრის ქცევას”, რომ ჟურნალისტი
რესპონდენტს ენდო.
პოდკასტის მეექვსე ეპიზოდში კი ვიგებთ, რომ აბუ ჰუზაიფას
მონათხრობში რამდენიმე შეუსაბამობაა:
- მაგალითად, ის ყვება რომ სირიაში ხალიფატის გამოცხადების დღეს
იმყოფებოდა. NYT-ს გუნდმა კი აღმოაჩინა, რომ ამ დროს პაკისტანში იყო,
სადაც უნივერსიტეტში სწავლობდა.
- პაკისტანში მყოფმა კორესპონდენტმა გაარკვია, რომ აბუ ჰუზაიფა
უნივერსიტეტს ხშირად აცდენდა, რაც პატარა ფანჯარას აძლევდა იმისთვის,
რომ თურქეთში ჩასვლა, იქიდან კი სირიაში გადასვლა მოესწრო.
- მაგრამ მის პასპორტში არსად იყო თურქეთის შტამპი, ამიტომ იქ ყალბი
დოკუმენტით უნდა ჩასულიყო.
კალიმაჩიმ ჰკითხა ჰუზაიფას, რატომ მოატყუა, მან კი თავი იმით იმართლა
- არ მინდოდა, ხალხს გაეგო, სირიაში ხალიფატის გამოცხადების შემდეგ,
სრულიად გააზრებულად ჩავედიო.
პოდკასტის ამ მონაკვეთში ჟურნალისტი ყვება, რომ ერთადერთი გზა,
რესპონდენტის სიმართლეში დასარწმუნებლად ერთადერთი გზა იქნებოდა,
მოეძებნა ადამიანი, ვინც მის სირიაში ყოფნას დაადასტურებდა.
ჟურნალისტებმა მოახერხეს რომ ჰუზაიფას ფოტოები ეჩვენებინათ ისლამური
სახელმწიფოს ჩინოვნიკისთვის. მან ჰუზაიფა გაიხსენა და თქვა, რომ მან
ტერორისტულ ორგანიზაციაში ცოტა ხანს დაჰყო, შემდეგ კი გაქრა.
ეპიზოდის ბოლოს რუკმინი კალიმაჩი ფაქტობრივად ამბობს - სანამ ამ
ინფორმაციას არ დავადასტურებ, ამბავს არც უარვყოფ და არც
ვამტკიცებო.
პოდკასტში მოთხრობილია ისიც, რომ აბუ ჰუზაიფას ამბით პოლიციაც
დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, ინტერვიუს ჩაწერის მომენტისთვის, მასზე
გამოძიება უკვე დაწყებული იყო.
პოდკასტის გამოსვლის შემდეგ, კანადის ხელისუფლებას
მიმართა კონსერვატიული
პარტიის ლიდერმა კანდის ბერგენმა, მოთხოვნით, დაეკავებინათ ისლამური
სახელმწიფოს წევრი, რომელიც მათ მიწაზე თავისუფლად ცხოვრობდა.
პოდკასტის გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ კანადის პოლიციამ დააკავა
შეჰროზ ჩაუდრი, მეტსახელად „აბუ ჰუზაიფა“ და ის ტერორისტულ
ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა. კანადურმა დაზვერვამ თითქმის ოთხწლიანი
მუშაობის შემდეგ დაადგინა, რომ ბრალდებული სირიაში არასდროს
ყოფილა.
ამის შემდეგ ნიუ იორკ ტაიმსის გუნდმა კიდევ ერთხელ გადახედა
მტკიცებულებებს, და აღმოაჩინა შეჰროზ ჩაუდჰრის „სირიაში გადაღებული“
სულ მცირე ერთი ფოტო, სინამდვილეში, ფოტოების ღია პლატფორმა, Getty
Images-დან იყო აღებული. სხვები კი რამდენიმე წლით ადრე, ტვიტერზე
იდო.
გარდა ამისა, გაჩნდა კითხვა, სულ რამდენიმე კვირაში რამდენად
შეძლებდა ახლად გაწევრიანებულ ადამიანს, ისლამურ სახელმწიფოში
ტრენინგიც გაევლო, "პოლიციაში" მსახურობაც დაეწყო და ადამიანის
მკვლელობაშიც მიეღო მონაწილეობა?
მოკლედ, რედაქციას ნამდვილი განსაცდელი დაუდგა.
მთავარმა რედაქტორმა, დინ ბაკეტმა
წერილიც
გამოაქვეყნა, სადაც გამოაცხადა რომ
“ხალიფატის” ეპიზოდები ვერ აკმაყოფილებს Times-ის სიზუსტის
სტანდარტებს, რომ პროექტში თავიდანვე გამოცდილი რედაქტორი უნდა
ჩართულიყო და რომ პროექტზე მომუშავე გუნდი ზედმეტად მზად იყო,
დაეჯერებინათ ის, რაც სურდათ.
მან ისიც აღნიშნა რომ მთელი პოდკასტის თხრობა ერთ, ცენტრალურ გმირს არ
უნდა წაეყვანა. რუკმინი კალიმაჩიმ ტვიტერზე
დაწერა, რომ გმირი ტყუილის მხოლოდ
ნაწილზე გამოიჭირა. მსმენელს ბოდიში მოუხადა და დაჰპირდა, რომ
მომავალში უკეთ იმუშავებდა. ჩაიწერა პოდკასტის ერთი დამატებითი
ეპიზოდიც.
NYT-მ პოდკასტის ჯილდოები დააბრუნა, ხოლო რუკმინი კალიმაჩი ტერორიზმის
კორესპონდენტის პოზიციიდან მოხსნა. ჟურნალისტი ახლაც ნიუ იორკ ტაიმსში
მუშაობს, ბოლო წლის განმავლობაში მან სტატიები ძირითადად, ამერიკულ
კოლეჯებს მიუძღვნა.
მიუხედავად იმისა, რომ “ხალიფატის” დიდი ნაწილი სიცრუეა, რედაქციამ ის
ღია წვდომაში დატოვა, რაც ალბათ, სწორი გადაწყვეტილებაცაა. ეს
საკუთარი შეცდომის აღიარებაც არის და შესაძლებლობა აუდიტორიისთვის,
დაინახოს, როგორ შეიძლება მოტყუვდეს გამოცდილი ჟურნალიც კი, “ზედმეტად
კარგი” ამბით.
ამ პოდკასტის მოსმენა ნამდვილად ღირს - ის ალბათ პირველ რიგში იმას
გვასწავლის, რაც უფრო მომხიბვლელ და ექსკლუზიურ წყაროს მივაგნებთ, მით
უფრო ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ იგი. და იმასაც, რომ ერთი ადამიანის
მონათხრობზე აგებული ამბავი ჟურნალისტისთვის პოტენციური ნაღმია.