ნარკომომხმარებელთა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე
ადამიანთა სტიგმატიზება/დისკრიმინაცია და პაციენტის პერსონალური
მონაცემების გასაჯაროება - ასე გაშუქდა ბათუმში, ერთ-ერთ
კოვიდსასტუმროში პაციენტის მხრიდან ექთანზე თავდასხმის ფაქტი. მედიამ
მომხდარი ზედაპირულად, კონტექსტისა და პრობლემის ჩვენების გარეშე
გააშუქა, რითაც ნარკომომხმარებელთა მიმართ სტიგმის გაძლიერებას შეუწყო
ხელი.
შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც კოვიდსასტუმროდ არის
გადაკეთებული, 25 ნოემბერს გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული
ინფორმაციით, პაციენტმა, რომელიც ერთ-ერთი სახელმწიფო პროგრამის
ბენეფიციარია, ექთანს, სავარაუდოდ გატეხილი თერმომეტრით, დაზიანებები
მიაყენა, შემდეგ კი, თვითდაზიანება სცადა. პაციენტი ექთანს, როგორც
სამედიცინო პერსონალმა განმარტა, კონკრეტულ მედიკამენტს სთხოვდა.
ბათუმში მომხდარი შემთხვევა მედიის ფოკუსში მოხვდა და ფართოდ გაშუქდა.
ამბის გაშუქებისას, თითქმის ყველა მედიამ, (როგორც სამაუწყებლო,
ასევე, ონლაინ მედიამ) რამდენიმე გამონაკლისის გარდა (მათ შორის,
„რადიო თავისუფლება“, ტელეკომპანია „იმედი"), დაასახელა ის პროგრამა,
საუბარია მეტადონის პროგრამაზე, რომლის ბენეფიციარიც აღნიშნული პირია,
და ასევე, დეტალურად აღწერა როგორ მოხდა თავდასხმა.
რა იყო მედიის მთავარი აქცენტი
მედიამ მომხდარი ფრაგმენტულად და ზედაპირულად გააშუქა, როგორც ბათუმში
მომხდარი ინციდენტი, რომელშიც მეტადონის პროგრამის ბენეფიციარი
მონაწილეობდა. მასალების აქცენტი არ იყო იმის ჩვენება, რამდენად
სრულყოფილად იღებს საჭირო მომსახურებას ამ კონკრეტული სახელმწიფო
პროგრამის ბენეფიციარი და მისი ქცევა, ხომ არ იყო განპირობებული
უყურადღებობით, ან საჭირო სერვისების ვერმიღებით. მედიამ მისი
პროგრამის ბენეფიციარობა მხოლოდ იმის საჩვენებლად გამოიყენა, რომ
“სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი არის ნარკოდამოკიდებული და ის იყო
აგრესიული”, რამაც ნარკოდამოკიდებულთა მიმართ საზოგადოებაში ისედაც
არსებული სტიგმის გაძლიერებას შეუწყო ხელი.
პროგრამა დაასახელეს შემდეგმა მაუწყებლებმა:
პირველი არხი, (15:00, 18:00 და 21:00 საათიან
გამოშვებებში. ყველა გამოშვებაში ახსენეს პროგრამის დასახელება),
აჭარის ტელევიზია, (რომელმაც ეს ამბავი გააშუქა სამ
გამოშვებაში, 15:00, 18:00 და 20:00 საათზე და ამათგან, 20:00 საათიან
გამოშვებაში სიუჟეტს შემდეგი სათაური ჰქონდა: “პაციენტი ექთანს თავს
ნარკოტიკის გამო დაესხა”),
TV ფორმულა (17:00
საათიან გამოშვებაში), "
რუსთავი 2” (18:00 საათიან
გამოშვებაში),
“მაესტრო” (15:00, 17:00 და 18:00
საათიან გამოშვებებში).
ორმა მაუწყებელმა,
“მთავარმა არხმა” და
“ტვ
პირველმა” კი მომზადებულ მასალებში პაციენტის პერსონალური
მონაცემებიც გაასაჯაროვა.
“მთავარმა არხმა” 25 ნოემბერს შემთხვევა ორ, 15:00
და 18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში გააშუქა. 15:00 საათიან
გამოშვებაში წამყვანმა დეტალურად აღწერა როგორ დაესხა პაციენტი თავს
ექთანს და იქვე თქვა, რომელი პროგრამის ბენეფიციარია იგი. ამის შემდეგ
კი, ჟურნალისტმა, ჩართვაში დაასახელა პაციენტის სახელი და გვარი,
პროგრამა და ხაზი გაუსვა, რომ “როგორც ამბობენ, ეტაპობრივად
კოვიდპაციენტი აგრესიული იყო ხოლმე”. მანვე დაამატა, რომ “რომ არა
დაცვის სამსახურის სწრაფი და დროული რეაგირება, შემთხვევა ფატალურად
დასრულდებოდა” და კიდევ ერთხელ, დეტალურად აღწერა, როგორ აპირებდა
მომხდარის შემდეგ პაციენტი თვითდაზიანებას. 18:00 საათიან გამოშვებაში
ინფორმაცია შედარებით მშრალი იყო, პაციენტის პერსონალური მონაცემები
აღარ გაუსაჯაროებიათ, თუმცა, ექთანს მაინც დეტალურად მოაყოლეს, როგორ
მოხდა მასზე თავდასხმა.
პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვეს
“TV პირველის”
15:00 საათიან გამოშვებაშიც. ჟურნალისტმა ჩართვაში ხაზი გაუსვა, რომ
მათ გაარკვიეს, ვინ არის პაციენტი. ასევე, “მთავარი არხის” მსგავსად,
“TV პირველზეც” დეტალურად აღწერეს როგორი აგრესიული იყო პაციენტი.
მომდევნო, 18:00 საათიან გამოშვებაში, არხს პაციენტის პერსონალური
მონაცემები აღარ გაუსაჯაროებია, მაგრამ, ამჯერადაც მთავარი აქცენტი
პაციენტის მეტადონზე დამოკიდებულება იყო და ასევე, კვლავ დეტალურად
აღწერეს თავდასხმის ხერხები. აღსანიშნავია, რომ ამ გამოშვებაში იყო
იმის მცდელობა, ეჩვენებინათ კოვიდპაციენტები რამდენად სრულყოფილად
იღებენ საჭირო სერვისებს და მუშაობენ თუ არა მათთან ფსიქოლოგები.
თუმცა, ეს აქცენტი ეხებოდა ზოგადად ყველა კოვიდინფიცირებულს.
სამაუწყებლო ეთერში არ ჰქონია, თუმცა, ვებგვერდისთვის მომზადებულ
მასალაში პაციენტის პერსონალური მონაცემებიც გასაჯაროვდა და მისი
მეტადონის პროგრამის ბენეფიციარობაც
Imedinews.ge-ს
მასალაში. ასევე, მეტადონის პროგრამის გარდა, პერსონალური მონაცემები
გაასაჯაროვეს გამოცემებმა
რეზონანსმა და
ნიუპოსტმა.
პაციენტის იდენტიფიცირება არ მოუხდენიათ, თუმცა, მეტადონის პროგრამის
ბენეიციარობა ნახსენები იყო სხვა ონლაინგამოცემების ნაწილის მიერ
მომზადებეულ მასალებშიც. მათ შორის, ასეთი სტატიები გამოქვეყნდა:
“
ბათუმელებზე”, გურიანიუსზე, პრაიმტაიმზე და სხვა,
არაერთ საიტზე, როგორიცაა:
მედიამოლი,
დრონი, დიანიუსი და ა.შ.
როგორ უნდა გაეშუქებინა მედიას მომხდარი
შემთხვევა
ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი, რომელიც
წლებია მუშაობს ნარკომომხმარებელთა თემაზე, ამბობს, რომ ამ ინციდენტის
ასე გაშუქება და პაციენტის მდგომარეობის და ქცევის კონტექსტში მისი
მეტადონის პროგრამაში ყოფნაზე ხაზგასმა, სტიგმისშემცველი იყო.
“თითქოს იკითხებოდა ისე, რომ ამ ადამიანის აგრესიულობა
დამოკიდებული და კავშირში იყო მხოლოდ მის
ნარკომომხმარებლობასთან”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ეს
გასნკუთრებით პრობლემურია იმ დამოკიდებულების ფონზე, რაც წლებია
არსებობს ნარკოდამოკიდებულთა მიმართ და რაც იმაში გამოიხატება, რომ
მათ აგრესიულობას პირდაპირ აკავშირებენ მათ მდგომარეობასთან.
ნათია ამბობს, რომ ამ ამბის გაშუქებისას მედიას სხვა კონტექსტი უნდა
ჰქონოდა: “ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის და როგორც
ჟურნალისტისთვისაც, საინტერესო იყო რატომ მოხდა შემთხვევა, მიიღო თუ
არა ამ ადამიანმა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, საჭირო და
ადექვატური მკურნალობა და პრეპარატი. აუცილებლად უნდა გარკვეულიყო და
გვცოდნოდა იღებდა თუ არა ის საკმარის დოზას. თუ ვთქვათ, ადამიანს,
დოზა არ ჰყოფნის და მას გლიცინს შესთავაზებენ, ის რა თქმა უნდა იქნება
ძალიან ცუდად. ეს არის ჩვეულებრივი, ერთგვარი ჩანაცვლებითი სამკურნალო
პროგრამა და ამ ადამიანებს სჭირდებათ ადექვატური და სწორი მოვლა,
სწორი დოზის შერჩევა და ამ დოზის კონტროლი”.
კიდევ ერთი დეტალი, რაზეც ჟურნალისტი ამახვილებს ყურადღებას,
იზოლაციაში მყოფი, კოვიდპაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობაა:
“სულ რომ არ ყოფილიყო ამ მომსახურების მიმღები ეს ადამიანი, ისედაც
ვიცით, რომ აგრესია, ფსიქიკური პრობლემები მეტად მწვავდება ასეთ
პერიოდში და როდესაც ამგვარი, დამატებითი საჭიროების მქონე პაციენტი
ხვდება ასეთ იზოლაციაში, მის ქცევას დამატებით უნდა მიექცეს ყურადღება
სახელმწიფოსგან, პერსონალისა და ზოგადად, მეტადონის პროგრამის
განმახორციელებლისგან. უნდა გვცოდნოდა გათვალისწინებული იყო თუ არა
მისი საჭიროებები, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. მე ვფიქრობ,
რომ ყველა ეს დეტალი უნდა გვცოდნოდა ჩვენ ამ მასალებიდან”.
ასოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირება
პრობლემურად მიაჩნია ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს. “მედიაჩეკერს” ამ
თემაზე მასთან
ვრცელი ინტერვიუც აქვს
მომზადებული, რომელშიც იგი ამბობს, რომ სგავსი შემთხვევების
გაშუქებისას მედიამ ყოველთვის უნდა აჩვენოს კონტექსტი: “მედიამ
დანაშაულის შემთხვევები არ უნდა გააშუქოს ისე, როგორც ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი ქცევა.
როდესაც ჟურნალისტი აშუქებს ასეთ პრობლემას, ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ განზოგადებას და სტიგმატიზებას თავი აარიდოს და ისაუბროს სისტემურ
პრობლემაზე.
პერსონალური მონაცემების
გამჟღავნება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე‐10 პრინციპის მიხედვით,
“ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და
არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული
საზოგადოებრივი ინტერესი”.
სამედიცინო დიაგნოზი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია
ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილია. შესაბამისად, ქარტიის ეს
პრინციპი ცალსახად ავალდებულებს ჟურნალისტს, არ გაამჟღავნოს პირის
ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, თუკი არ არსებობს განსაკუთრებული
საზოგადოებრივი ინტერესი.
“მოერიდეთ ინფიცირებული პირის ვინაობის გასაჯაროებას, თუ ეს
არ არის მაღალი საჯარო ინტერესის საგანი და არ გაქვთ სარედაქციო
დასაბუთება, რატომ არის მოცემულ შემთხვევაში ამა თუ იმ პირის
იდენტიფიცირება აუცილებელი”, - ვკითხულობთ კორონავირუსის
გაშუქების
გზამკვლევში, რომელიც საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერაა მომზადებული. იმ მასალებიდან,
რომლებშიც პაციენტის პერსონალური მონაცემები გასაჯაროვდა, გაუგებარია
ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გარდა, სხვა რა საინფორმაციო
ღირებულება ჰქონდა პაციენტის ვინაობის გასაჯაროებას.
სარედაქციო განმარტება: სტატიას შეგნებულად არ
ერთვის არცერთი ბმული (ე.წ. ჰიპერლინკი), იმისათვის, რომ განმეორებით
არ შევუწყოთ ხელი მასალების ტირაჟირებას და შესაბამისად,
ნარკომომხმარებელთა სტიგმატიზებას.